ქართლოს კასრაძე და რუსის „ნაშა“

ქართლოს კასრაძე და რუსის „ნაშა“

დღეს კვირაა და ქართველი ხელოვანების მორიგი სახალისო ამბები უნდა წარმოგიდგინოთ. სიმართლე გითხრათ წერის ხალისი ნამდვილად არ მაქვს, რადგან გუშინ, მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვის ვერაგულმა მკვლელობამ ამ სტრიქონების ავტორზე თავზარდამცემად იმოქმედა. რა ხდება ხალხო, საითქკენ მიექანება მსოფლიო? იქით „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების სისხლიანი მოქმედებები, აქეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ჯერჯერობით საქართველოში „შედარებითი სიწყნარეა“, მაგრამ „ჯერჯერობით“.

საქართველოზე ჩამოვარდა სიტყვა და ერთ მოსაზრებასაც მოგახსენებთ. წინა კვირას ლოს-ანჯელესში ტრადიციული „ოსკარების“ ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. სამწუხაროდ ფილმმა „მანდარინები“ მთავარი პრიზი ვერ აიღო, მაგრამ თავისთავად ქართული მხატვრული ფილმის უცხოენოვან სურათთა საუკეთესო ხუთეულში დასახელება ფრიად მისასალმებელი და საამაყო ფაქტია. ამ დროს ქართულ მას-მედიაში ფილმში მონაწილე მსახიობებსა და მთავარი რეჟისორის მიმართ „შაყირების“ მთელი კორიანტელი წამოვიდა. მიშა მესხი კარგი მსახიობია და ზემოთდასახელებულ სურათშიც ერთ-ერთი მთავარი როლი კარგად შეასრულა. რა ვუყოთ რომ ამ ცხოვრებაში ქცევის თავისებური მანერა გააჩნია და მისი ყოველდღიური იმიჯი ზოგიერთებს აღიზიანებს. იმის ნაცვლად რომ ჩვენი საზოგადოება ამ აქტიორებს მიფერებოდა, ჯიბრში ჩაუდგნენ და რა ქება, გავრცელებულ სასირცხვილო პასკვილებს თავი რომ დავანებოთ, მათი ლოს-ანჯელესური თითოეული ნაბიჯი განსაკუთრებული ქილიკის საგანი გახდა. რა, თუნდაც „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე იგივე დასტინ ჰოფმანი ან რობერტ დე ნირო ყოველთვის იდეალურად იქცევიან? დავიჯერო რომ რომელიმე პოპულარულ ჰოლივუდელ კინომსახიობს რომელიმე საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობისას დარბაზში ერთხელ მაინც არ ჩაეძინა? დაეძინა მიშა მესხს და რა ვქნათ. მოხდა ეს ფაქტი და ამისთვის მსახიობი ანათემას უნდა გადავცეთ?  საბედნიეროდ იგივე „ფეისბუქი“ რამდენიმე ათეული წლის წინ არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დროზე, თუნდაც დღევანდელი წერილის გმირებს რამდენი სისაზიზღრის ამოკითხვა მოუწევდათ.

გამიგრძელდა „წინასიტყვაობა“ და დროა საქმეზე გადავიდეთ. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ქართლოს კასრაძე იქნება.

ერთი ზაფხულის ულამაზესი, თბილისური საღამოა. თბილისში ჩამოსული „კრასნორეჩინსკელი“ „ნაშა“ დაითრია ქართლოსმა – სვეტლანა ლოგინიოვა. უცოლო კაცია, ბინა აქვს ვერაზე და ადვილი მისახვედრია – სახლში წააგოგმანა. სვეტლანას რომ სახლში ქართლოს კასრაძე კროსვორდის ამოსახსნელად არ წაიყვანდა მაგას პირველკლასელი, არც თუ ისე განვითარებული ბავშვიც მიხვდებოდა.

წაიყვანა და ნიაზ დიასამიძესთანაც მივიდა „ქსივა“ - ქართლოსასო, ნაშა ჰყავს, ტო, „გნეზდოშიო“. დატრიალდა და რა დატრიალდა ამბები! ნიაზ დიასამიძე იმის ჩიტი არ იყო, რომ ქართლოსს პირდაპირ ბინაზე დადგომოდა – არადა, ხოხმის იშტაზეა.

ქართლოსმა ეს კრასნორეჩინსკელი სვეტლანა ფუმფულა სავარძელში ჩასვა. ახლა მაცალეო, იქვე გასტრონომში ჩავიდა, კონიაკი და მისი მოწყობილობა ამოიტანა და... ღამის 10 საათია.

ორ ჭიქას მესამე მოჰყვა და „აცუნდრუკებული“ ქალი რუსულად ეუბნება:

– „კარტლოს, პოტანცუემ“.

ცეკვა და მოლხენა ხომ ქართლოსის მოგონილი იყო?!

– „პოტანცუემ, მაია ჟელანნაია, ვ ლოგინ!” აჰყვა და

შეცურდნენ მელოდიაში. უცებ მოულოდნელად  ტელეფონის ზარმა იქუხა და იზრიალა ერთბაშად.

– ალო! – ცალი ხელი წელზე აქვს შემოხვეული ქართლოსს და მეორეთი „ნეჟნად” აიღო.

– ალო!

– ნიაზი ვარ, ბიჭო...

– ხო, ნიაზ, რა გინდა?

– რაცხა არ მეძინება და ხო არ გამოხვალ ჩემთან? ჭადრაკი დავცხოთ.

– არა, არა, ნიაზ... სხვა დროს, ძმაო, სხვა დროს... – გააგრძელა ცეკვა, ყურმილი რომ დადო ნაზად.

სვეტლანამ ქართლოსი ლოგინისკენ ცააცეკვა. ესეც მიჰყვა... მიჰყვა და ისევ ზარი ტელეფონზე.

– რა გინდა, ნიაზ? დამაძინე რა, მეძინება, კაცო!

– ბიჭო... კაი ახლა... არ მოდიხარ, არ მოდიხარ... არ გინდა ჭადრაკის თამაში და რა გიყო, ნუ გინდა... რაა, ბიჭო, იცი? – ჩემს თავს ნარდს ვეთამაშები ახლა...

– მერე, ჩემგან რა გინდა, კაცო! მომეშვი რა! იყვირა ქალის კოცნა რომ იგრძნო კისერთან.

– რა და... ბიჭო, ერთი ქვა მაქვს „იაგანის“ კარში. „დუშაში“ გავაგორე და რაფრა მოვიქცე, ხო არ იცი?

– მომეშვი! – გადაირია ქართლოსი და ლოგინსაც მიადგნენ ესენი ახლა ქართლოსი და „კრასნორეჩინსკელი“.  „წაქცევაზე“ არიან გადასულები ნებაყოფლობით და კიდევაც ჩაიმუხლეს, როგორც გეგმით იყო გათვალისწინებული.

მაგის ჩიტი იყო ზუსტად ნიაზი.

ზრრრ! – ისევ ზარი.

– რა გინდა, რა? – გადაირია ვნებამორეული თბილისელი კოლორიტი.

– არ მეძინება, ამის დედა ვატირე და ლექსი მინდა დავწერო, მარა, „პასტა“ არ მაქ და შენ ხო არ გაქ პასტა?

ასეთ დროს კაცი გადარეულ ლომს ჰგავს.

– არ მაქ, ბატონო, პასტა, არ მაქ... არც უჯრაშია, არც არსად... არ მაქვს... აღარ დარეკო!

„შესავლიდან“ „საქმეზე“ რომ უნდა გადავიდნენ ლამაზსაბანწაფარებულები, ისევ გაისმა ზარის ხმა... ოღონდ, ამჯერად კარზე.

ტრუსიკიანი აღებს ქართლოსი კარს და ზღურბლზე ნიაზი დგას.

– რა ჯანდაბა გინდა?

– რომ მითხარი, პასტა არ მაქვსო, მოგიტანე... მოგიტანე, იცი, რა კაი პასტაა?

– ღმერთი არ გწამს? არ გწამს, ბიჭო, შენ ღმერთი? – იბღავლა ქართლოსმა. დახედე ერთი საათს, რომელი საათია ახლა?

– ღამის 3 საათია, ჩემო ქართლოს.

– მერე და ახლა მოსვლა, რაა, შენი ჭკუით?

– ე, ტო... ქართლოს, იჭრები, ძმაო.. ე! ძმაკაცობა, ბიჭო, კრუგლოსუტოჩნია, ე! – ალალად გაუღიმა ნიაზმა.

– ბრის! მოუსვი... „ნაშა“ მყავს აქ! – ვეღარ დამალა ქართლოსმა.

– ეგრე გეთქვა, ტო... ხო... წავედი, ტო...

ქართლოსი უილაჯოდ წავიდა ლოგინისკენ. ნატაშკა გულიანად ხვრინავდა...

ჩვენი მომდევნო სტუმარი მსახიობი ვიქტორ ნინიძე გახლავთ.

„დათა თუთაშხიას“ ვიღებდით გუდაუთის რაიონში. ქართველ კინომაყურებლებს კარგად ემახსოვრებათ ის ეპიზოდი, ზვამბა რომ კლავს თოდუას და მის ფულებს ითვისებს. ზვამბას როლს მე ვასრულებდი, თოდუას – ზესტაფონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, გვარად შავგულიძე. სცენარის მიხედვით, ვკლავ ამ კაცს და მერე წამოსწრებული დათა თუთაშხია მაიძულებს, ცხედარი მდინარის ნაპირიდან ამოვათრიო გზაზე. საერთოდ, უარყოფითი პერსონაჟების როლების შემსრულებლები ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში და ასე მოხდა ამჯერადაც.

მთავარი ის იყო, რომ შავგულიძე მაშინ 130 კილოგრამს იწონიდა, მე – 70-75-ს. როგორი წამოსაკიდებელია? წამოვიკიდე ამოდენა დევი ამ ჩია კაცმა (ჩემი ცოდვა მიეცეს ჩვენს რეჟისორს) და მოვათრევ 40-50 მეტრის სიმაღლე აღმართზე – როგორია? ვის ესმის ჩემი – როლია და უნდა შეასრულო. დაიწყო ეპიზოდი.

 – აიკიდე, ზვამბა ძაღლისშვილო! – მიბრძანა თუთაშხიამ.

– არ შემიძლია... მეშინია მე კვდრის, – ვპასუხობ.

– ტკაც! – გავარდა მაუზერი.

ხვნეშით წამოვიკიდე ცხედარი.

ცოდვას ვერ ვიტყვი, მიცვალებულიც მეხმარება, როგორც შეუძლია – აიმჩატა ტანი, მაგრამ, წონა წონაა...

საერთოდ, გადაღების დროს ყოველთვის იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა მედპერსონალით. მივათრევ და ვფიქრობ: რა მოხდებოდა, მე ვყოფილიყავი „მკვდარი“ და გავჯგიმულიყავი შავგულიძის ზურგზე? მაგრამ, ბედი უნდა ყველაფერს, ძმაო! დამასხა ოფლმა შუბლზე, მეკეცება მუხლები... არადა, კამერა მუშაობს (არაფერი „ბლეფი“ ამ სცენაში არ ყოფილა). როგორც იქნა, ამოვაჯახირე ჩემი „ცხედარი“, დავასვენე მიწაზე და მივუწექი გვერდით გონდაკარგული.

 – არიქა, მკვლელი გვიკვდებაო, – მეცა მედპერსონალი. შემასხეს „კაპლი“ ცხვირ-პირში, კინაღამ გამეჩხირა აბი ყელში... ხელოვნურად მკლავდნენ.

გიგა ლორთქიფანიძემ დუბლის გამეორება ითხოვა. ძლივს მობრუნებულს, ისევ წამივიდა გული, მაგრამ, ვინ გაცლის?! გამიყარეს ანალგინის ნემსი ძვლებში (აბა, ხორცი სად მქონდა) და დამალევინეს რაღაც სტიმულატორი.

– მატოორრრ! – დაიჩხავლა მეგაფონმა.

ისევ დავიკავე საწყისი პოზიცია და ავიკიდე ჩემი „მკვლელი“, არადა, ჩემი „მოკლულია“. ამოვაბორძიკე მუხლების კანკალით და ისევ წავიქეცი. მადებენ ცივ ტილოებს მთელ ტანზე, ბუღი ამდის. ვარაუდით ვიხედები... კინოც მძულს და ამირეჯიბიც...

– ისევ დუბლი! – დაიძახა რეჟისორმა.

გავგიჟდი! მინდა ვიყვირო, მაგრამ, სადღაა ხმა?

მესამე დუბლსაც (რომელიც უკანასკნელი იყო და კინაღამ ჩემთვისაც უკანასკნელი გამოდგა) გავუძელი და დაწოლილმა ავწიე ხელები.

სიკვდილს, ნამდვილ სიკვდილს გადავურჩი. კურიოზი ის იყო, რომ შეწუხებული შავგულიძე გამემასხრა:

– მრიცხველი რომ გქონდეს, კაი იქნებოდა.

– რატომ? – ვერ მივხვდი.

– კაცო, გავიგებდი მაინც, რამდენი დაწერა ჩემს ტარებაში და გადაგიხდიდი ფულსო.

ზესტაფონელი მაინც ზესტაფონელია.

მე კი მართლა კინაღამ შევეწირე ამ დიდებულ ფილმს, მაგრამ, ახლა ყველაფერს სიამოვნებით ვიხსენებ“.

დღევანდელი წერილის დასასრულს ბატონი ზურაბ ქაფიანიძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„რუსთაველის თეატრში უშტატო ახალგაზრდები ბევრნი ვიყავით და ვამხანაგობდით ერთმანეთთან. ვიდრე ინსტიტუტში გამოცდები დაიწყებოდა, ერთმა მითხრა, ეროსი მანჯგალაძემ უნდა შემამოწმოს და თუ გინდა, წამომყევიო. წავყევი. ეროსიმ გასინჯა, შენიშვნები მისცა, გაასწორეო. მერე მე მომიტრიალდა: შენც აბარებო? – კი, ბატონო-მეთქი. სადაური ხარ? – რაჭველი-მეთქი და რამე თუ იცი, წამიკითხეო. წავუკითხე. თუ მიღებაა, შენ უნდა მიგიღონო, კმაყოფილი ღიმილით მითხრა და ამის შემდეგ ეროსის უსალმოდ აღარ ჩაუვლია ჩემთვის – რაჭველს გაუმარჯოსო. მიხაროდა, ან კი იმ საქართველოში ვის არ უხაროდა ეროსის ნაცნობობა.

თეატრალურ ინსტიტუტში სიების სანახავად ჩამოვიდა მამა. ნახა ლექციებზე მესამე დასვენება ნახევარსაათიანი იყო. მე და მამა საჭმელად წავედით რესტორან „თბილისში“. თეატრის წინ ეროსი იდგა. ოო, რაჭველს გაუმარჯოსო! – მეც გახარებული  მივესალმე, რადგანაც მამასთან ერთად ვიყავი. მამამ მითხრა, რა ნაცნობი ხმა ჰქონდა, ვინ არისო. ეროსია მანჯგალაძე-მეთქი.  რას ლაპარაკობ, მიდი, ერთი, სთხოვე, რესტორანში თუ იკადრებს, ჩემთან ერთი ჭიქა ღვინის დალევასო. მე ეროსისთან მივედი: ბატონო ეროსი, მამაჩემი რაჭიდან ჩამოსული კაცია, კოლმეურნეობის თავმჯდომარე და გთხოვათ, თუ იკადრებს ჩემთან ერთი ჭიქა ღვინის დალევასო. სად არის? – აგერ. გაიცნეს ერთმანეთი.

ეროსი მომიტრიალდა და შენ აღარა ხარ საჭირო, წადი ლექციებს მიხედეო. ლექციების შემდეგ ჩავედი რესტორანში. არის ერთი გნიასი. ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო ღლონტი და ნოდარ ჩხეიძე – მამა სიცილისგან დაოსებული იყო. ცალკე გამიყვანა და მითხრა: შვილო, ფული არ გადამახდევიეს, შუა ქეიფის დროს მივედი და მებუფეტეს ფული მივეცი. ის აიღე, რასაც დავხარჯავთ, დანარჩენი დამიბრუნე-მეთქი! მაგათ მითხრეს, ამ კაცს რომ ფული გადაახდევინო, ხვალიდან მოხსნილი იქნებიო. იზამენ ეგენი მაგას! სუფრასთან მაგრად დაძმაკაცდნენ.

წამოსცდენიათ, რაჭული ლორი გვიყვარსო და სანამ მამა ცოცხალი იყო, უგზავნიდა ყოველ წელს ეროსის და რამაზს ლორს და საოცარი მეგობრობა გააგრძელეს.

ეროსი რომ გარდაიცვალა, ოფიციოზის სუფრა ცალკე იყო, რაც ძალიან არ მიყვარდა. ეროსის უახლესი მეგობრები ცალკე სუფრაზე გაგვიყვანეს და თამადად დამსვეს, ასე დაიბარა ამ ცხონებულმაო“.