მარტიდან დედაქალაქში გაზი გაძვრდება, მართალია მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, მაგრამ იგი საბოლოო ჯამში მოსახლეობაზე მაინც აისახება. გაძვირდება სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, მომსახურება და ეს ყოფით პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელის, გია ბენაშვილის ინფორმაციით, გაზის ტარიფის გადახედვა მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხება. სხვა გამოსავალი არ დარჩა, რადგან კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზის 100%-ს ყიდულობს.
„გაზის საყიდლად ჩვენ ვიხდით დოლარს და ვყიდით ლარებში. ტარიფი, რომელიც დღეს მოქმედებს არის დადგენილი 2007-08 წლებში. მას შემდეგ ლარმა განიცადა ცვლილება. კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ შიდა რეზერვებით მოეხერხებინა პრობლემის მოგვარება და ეს ტარიფებს არ შეხებოდა“, - განაცხადა გია ბენაშვილმა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ოქტომბრიდან მოყოლებული მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, თითქმის 11 მილიონ ლარამდე დაკარგა. „კომპანიას აღარ დარჩა შიდა რეზერვი, რის ხარჯზეც შეიძლება გააკეთოს ყველაფერი – იყიდოს გაზი და თბილისს გაზმომარაგების პრობლემა არ ჰქონდეს“, - აღნიშნა მან.
ბენაშვილის თქმით, დღესდღეობით სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, თუმცა კომპანიამ უკვე მიმართა მას, რასთან დაკავშირებითაც შექმნილია კომისია, რომელსაც დეტალური ინფორმაცია გადაეგზავნა.
ბუნებრივი აირის შესაძლო გაძვირების თაობაზე თებერვლის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც „ყაზტრანსგაზმა“ და „სოკარმა“ ერთად განაცხადეს ტარიფის გაზრდის შესახებ. მთელი საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირის გაძვირებამ ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. ენერგეტიკის მინისტრმა ამავე პერიოდში განაცხადა, რომ ყველაფერი 1-ელ მარტამდე გაირკვეოდა.
„სოკარის“ საკითხი მართლაც მალევე გაირკვა. კომპანიამ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ გაზის გაძვირებას აღარ აპირებს. „ყაზტრანსგაზი“ კი ბოლო დღემდე დუმდა. ბოლოს, ყაზახურმა კომპანიამ აღაირა, რომ ფინანსურ პრობლემებს ვეღარ უმკლავდება და იმ შემთხვევაში, თუ ტარიფს არ გაზრდის, დედაქალაქის მომარაგებას ვეღარ შეძლებს.
საქართველოში ბუნებრივი გაზის იმპორტიორი „სოკარია“, რომელიც ბუნებრივ აირს რეგიონებს აწვდის, ხოლო თბილისში „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ოპერირებს, რომელიც თავის მხრივ გაზს „სოკარისგან“ ყიდულობს. ბუნებრივი აირის საბითმო ფასი მას ლარის გაუფასურების გამო მაინც უძვირდება.
კომპანიის ცნობით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ სემეკს შესაბამისი წერილით უკვე მიმართა, წარუდგინა ანგარიში სადაც დაასაბუთა, რომ მას არ შესწევს ძალა ტარიფი შეინარჩუნოს, რათა სპეციალურმა კომისიამ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს - ან გამოიყოს რაიმე ტიპის დოტაცია, ან აზერბაიჯანულ მხარეს ესაუბრნონ და „სოკარი“ გარკვეულ შეღავათებზე წამოვიდეს. სხვა შემთხვევაში კომპანიას მოუწევს ტარიფის ზრდა.
ბენაშვილის ინფორმაციით, საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუმცა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან და კონკრეტულად რა და როდის იქნება არ იციან.
აღსანიშნავია, რომ, კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი სემეკის მიერ არ რეგულირდება, ეს დერეგულირებული სექტორია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დროებითი მმართველია, ის ანგარიშვალდებულია, სემეკში ყოველთვიურად წარადგინოს ანგარიში, სადაც ყველაფერი გაწერილია - რამდენი იხარჯება გაზის შესყიდვაზე, რამდენია საოპერაციო ხარჯი, რამდენი იხარჯება კრედიტის მომსახურებაზე და ა.შ.