რატომ არ იკისრა ეროვნულმა ბანკმა მარეგულირებლის ფუნქცია, რომელ ოფშორებშია ჩადებული საქართველოს ეროვნული სიმდიდრე და რატომ ვერ ეწევა მთავრობა ეროვნული ვალუტის გაქცეულ კურსს?! For.ge-ს შეკითხვებს ექსპერტი ლია ელიავა პასუხობს.
- საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დიდი წილი, რომელსაც განკარგავს ეროვნული ბანკი, განთავსებულია ისეთი ფირმების ფასიან ქაღალდებში, რომელთა წარმომავლობის შესახებ საქართველოში არავინ არაფერი იცის. ასევე, არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ფირმები არის რეგისტრირებული ოფშორში. ამ ფასიანი ქაღალდებიდან ეროვნულ ბანკს აქვს ძალზე მცირე შემოსავალი, ანუ პრაქტიკულად, ეროვნულმა ბანკმა გადასცა საქართველოს ეროვნული სიმდიდრე უცნობი ფირმების მეპატრონეებს და ისინი ატრიალებენ ამ ფულს. საქართველო ამით არ ხეირობს.
როგორ გგონიათ, 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ოფშორებში ჩადება გამიზნულად მოხდა?
- საერთოდ, სავალუტო რეზერვების მართვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაკარნახევი პროცესია და ამაში ინტენსიურად იყო ჩართული საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ერთობლივად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუ მარტო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაა, თუკი დადგება გამოძიების დრო, ამას, ალბათ, გაარკვევენ სამართალდამცავი ორგანოები. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში არის ასეთი მუხლი, რომ აუდიტის სამსახურს (ყოფილ კონტროლის პალატას) ეკრძალება ეროვნულ ბანკში, ბუღალტრული აუდიტის გარდა, ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ეს მუხლი ამოიღონ ორგანული კანონიდან და ეროვნულ ბანკში შეუშვან აუდიტის სამსახური, რომელიც ბუღალტრულ აუდიტთან ერთად ჩაატარებს ეფექტიანობის აუდიტს. იქ შეიძლება გამოვლინდეს ასეთი სახის საინტერესო გარემოებები, რომლებიც კითხვის ნიშანს ბადებენ მთელ საზოგადოებაში.
ნაციონალების დროს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესაჩერებლად საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდა, ახლა ეროვნულ ბანკს შეუძლია იმით იმართლოს თავი, რომ მას რეზერვები არ გააჩნია. თქვენი აზრით, რატომ არ დგება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი? ვინ იცავს მას?
- საქმე ისაა, რომ კრიზისულ სიტუაციაში, ჩემი ღრმა რწმენით, არ შეიძლება ხელისუფლების გამოცვლა, რადგან ეს ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს მთლიანად ეკონომიკაზე. ვგულისხმობ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და, ასევე, მთავრობას. ნებისმიერი გამოძიება, ან რადიკალური ქმედება მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც სიტუაცია დაწყნარდება და ეკონომიკური პროცესები დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს. დღეს ქვეყანას ასე სჭირდება, თორემ ის, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
მთავრობის მსგავსად, თქვენც ელით, რომ მაისისთვის ეკონომიკური პროცესები ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ლარი გამყარდება? გიორგი ქადაგიძეს თუ ვენდობით, არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს.
- რაც შეეხება ლარის დასტაბილურებას, თუ ეროვნულმა ბანკმა არ მოახდინა სავალუტო ინტერვენციები და არ დააკმაყოფილა კომერციული ბანკების მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაში, ლარის დასტაბილურება ძალიან რთული ამოცანა იქნება. არ მესმის, რისი მოლოდინი აქვს მთავრობას, როცა მას რეალურად არ გააჩნია ლარის ვარდნის შემაჩერებელი ინსტრუმენტები, ეს გააჩნია მხოლოდ ეროვნულ ბანკს.
მთავრობის სამომავლო გეგმები ექვსი თვის მერე დღევანდელ სიტუაციას ნამდვილად ვერ გამოასწორებს და, რაც დღეს და ხვალ მოხდება, ეს იმდენად დიდ ზარალს მიაყენებს ეკონომიკას, რომ იმის იქით უკვე რაღაც გეგმების დასახვა ნამდვილად არ იქნება ეფექტური. ასე რომ, ზომები დღესვე უნდა მიიღონ. ის, რაც გააჩნია ეროვნულ ბანკს ხელთ, ის 600-700 მილიონი დოლარი, უნდა იქნას გამოყენებული, რომ სასწრაფოდ შეწყდეს სპეკულაციური ზეწოლა ლარის კურსზე.
გიორგი ქადაგიძემ ბანკებს უკვე მისცა ერთკვირიანი გაფრთხილება, რომ დოლარში სესხის მქონე კლიენტებისთვის პირობები შემსუბუქდეს. ხომ არ არის ეს დაგვიანებული გადაწყვეტილება და, ზოგადად, მისი ადრინდელი მოღვაწეობის შესახებაც გიჩნდებათ შეკითხვები?
- ჩემი ვარაუდით, კომერციული ბანკები არ შეუმცირებენ მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთს. დიდი ალბათობით, ისინი დროში გაუწელავენ საკრედიტო დავალიანებას საერთო თანხის შემცირების გარეშე, ანუ პრაქტიკულად, თუ ადამიანი ორი წლის განმავლობაში იხდის სესხს, მას ეს ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 3-4 წლით, ეს არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი, როდესაც შენ ვალში ხარ ბანკის მიმართ. ეს არ არის პრობლემის შემსუბუქების გზა. რაც შეხება გიორგი ქადაგიძის მოღვაწეობას, მე ვარ ეკონომისტი და, რასაც ვხედავ, რა ნაბიჯებსაც დგამს ეროვნული ბანკი, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობ ხოლმე. პირადი პრეტენზიები არავისთან მაქვს.
დაგვიანებული ხომ არ იყო მისი განცხადება ერთკვირიანი ვადის თაობაზე?
- უკანასკნელი სამი თვე თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად ყველა რეაქცია დაგვიანებულია. ნოემბერშივე რომ დაეწყო ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციები, მაშინვე ჩაახშობდა ლარის ვარდნის პროცესს, ეს ყველაფერი არ დამძიმდებოდა და არ მიიღებდა აჟიოტაჟურ ხასიათს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ არ მიიღო თავის დროზე ზომები, მაშინ როცა ანალოგიურ სიტუაციაში წინა წლებში ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურად ერეოდა ლარის კურსის მართვაში? კითხვები ბევრია და მათ პასუხი უნდა გაექცეს, რადგან ზარალობს ეკონომიკა, მოსახლეობა, ბიზნესი და ღატაკდება ჩვენი ქვეყანა.
ჩვენთან ინფლაცია არის დაბალი, საბანკო კრიზისი ჯერ არ არის დამდგარი, თუმცა მსოფლიო გამოცდილების თანახმად, 95%-შემთხვევაში, სავალუტო კრიზისს მოყვება საბანკო კრიზისი და ამას ჰქვია ორმაგი კრიზისი.
რაც შეეხება ინფლაციას, მასთან დაკავშირებით საქართველოში საერთოდ კატასტროფული სიტუაციაა, ეს არის პირდაპირ ეროვნული ბანკის ბრალი, რადგან ეროვნულ ბანკს კანონში უწერია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. მან თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ მიაღწევს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და შეასრულებს ამ მაჩვენებელს. 2009 წლიდან დღემდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 6%, წელს გახდა 5%. არცერთხელ ეროვნულ ბანკს არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება და საქართველოში ინფლაცია არ ყოფილა 6%. ინფლაცია საქართველოში 6% რომ ყოფილიყო, ჩვენ უფრო მაღალი ზრდა გვექნებოდა და საქართველოს ეკონომიკა ბევრად წინ წავიდოდა. ეროვნული ბანკი ამ პროცესს ვერ ერევა.
ვერ ერევა, თუ ეს არის საბოტაჟი ეს არის ხელოვნურად შექმნილი პროცესი?
- ნამდვილად არ ვიცი, არის თუ არა ეს საბოტაჟი. ეროვნული ბანკი გულში რას ფიქრობს და რა აქვს გამიზნული, არ ვიცი. უბრალოდ, მათი ქმედებების შედეგად ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა.
ლარის 30%-იანი გაუფასურებით ვინ დარჩა მოგებული? ჩვენ ვხედავთ კომერციული ბანკები რას საქმიანობენ, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევიან, ვის სასარგებლოდ მიემართება „აჟიოტაჟური“ ლარის კურსი?
- საქართველოში არ არსებობს სავალუტო ბირჟა. აქ ლარის კურსი ყალიბდება ბლუმბერგის პლატფორმაზე კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად, ანუ როდესაც კურსი ვარდება, კომერციული ბანკები ამით სიგნალს აძლევენ საზოგადოებას, რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი ვალუტა. ამ პროცესში ყველაზე მეტ მოგებას ღებულობს ის, ვინც ვაჭრობს ვალუტით და ვისაც დიდი ფული აქვს, თორემ ვინც ხელფასზე ზის, ის ამისგან ზარალდება.
და ამის უკან შესაძლებელია, კონსპირაციულად იდგეს ეროვნული ბანკი?
- რეალურად არ გამაჩნია ხელთ ინფორმაცია, თუმცა არაფრის გამორიცხვა ამ ქვეყანაზე არ შეიძლება. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ბანკების მიერ სპეკულაციურ პროცესებს, ვალუტის კურსის სპეციალურ ვარდნას, რადგან ეროვნულმა ბანკმა მათ უფლება მისცა, სავალუტო ვაჭრობისას ანგარიშსწორება განახორციელონ არა იმ საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით, რომლებიც კომერციულ ბანკებს გახსნილი აქვთ ეროვნულ ბანკში, არამედ პირდაპირ, უშუალოდ, ბლუმბერგის სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, თვალი ადევნოს, დადებული გარიგებები კომერციულ ბანკებს შორის ნამდვილია თუ ფიქტიური, მართლა სრულდება თუ არა მათზე ვალუტის გადარიცხვა. ეს მომენტი იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შესაძლოა, არსებობს სავალუტო სპეკულაციების დიდი შანსი ბლუმბერგში.
ნოდარ ხადური ბიუჯეტის გადახედვაზე საუბრობს. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესმენებს წარუდგინა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. ეს ყველაფერი შეაჩერებს რთულ პროცესებს? უკვე საუბრობენ, რომ ფქვილის ფასმა ერთ ღამეში 4-5 ლარით მოიმატა, მოასწავებს ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებას?
- ობიექტების გაყიდვა და, განსაკუთრებით, ლეონიძეზე მდებარე ეროვნული ბანკის უნიკალური შენობის გაყიდვა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას უნდოდა, იმიტომაც გადაასახლეს სანაპიროზე. ვინაიდან ეროვნულ ბანკს არ გააჩნია საკმარისი რეზერვები, ის იმედოვნებს, რომ ამ ქონების გაყიდვის შედეგად მის ანგარიშებზე დაილექება დამატებითი სავალუტო რეზერვები. ეს არის მათი ძირითადი ინტერესი, მთავრობის ინტერესი კი ისაა, რომ შეწყდეს აჟიოტაჟური სიტუაცია ლარის კურსთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით. რის გაკეთებასაც აპირებს მთავრობა, ეფექტს რამდენიმე თვის შემდეგ მოგვცემს. რამდენიმე თვე რომ ველოდოთ ლარის კურსის ვარდნას და ქვეყნის გაუბედურებას, ამის უფლება არ აქვს არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას. მათ სასწრაფო ზომები უნდა მიიღონ ლარის კურსის შესაჩერებლად. ლარის კურსი ვარდება არა იმიტომ, რომ ბიუჯეტი ცუდად შედგენილია, ან იმიტომ, რომ სამთავრობო ხარჯები მაღალია, სამთავრობო ხარჯი ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ ლარი პერიოდულად ვარდებოდა. წინა წლებში არც სავალუტო შემოდინებები იყო დაკლებული, მაგრამ ლარი მაინც ვარდებოდა. ლარის ვარდნა არის წმინდა სპეკულაციური ხასიათის და ამას სჭირდება ფინანსური გადაწყვეტა და არა ქონების გაყიდვა ან განიავება.
თუ ფლობთ ინფორმაციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადასაყენებლად რა პროცედურები არსებობს და თვითონაც ხომ არ უნდა გადამდგარიყო, როცა ლარის კრიზისი შეიქმნა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, არსებობს შინაგანი დაუწერელი კანონები?
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. პროცედურები რთულია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ისეა დაწერილი, რომ ეროვნული ბანკი ხელშეუხებელია. ანუ, იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა ყოფილიყო მთავრობის წნეხის ქვეშ და დამოუკიდებლად უნდა ეზრუნა ეკონომიკისთვის.
როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გიორგი ქადაგიძეს ნიჭიერი ახალგაზრდა შეარქვა, ანუ პრაქტიკულად, დატოვა თანამდებობაზე. ამის მერე რაღა უნდა ვთქვათ და მივიღეთ კიდეც შედეგი.