„ეროვნული ბანკი, ვფიქრობ, საერთოდ ვერ ხვდება რას აკეთებს - ყველაზე მავნე ინსტიტუტიაა, რაც კი არსებობს“

„ეროვნული ბანკი, ვფიქრობ, საერთოდ ვერ ხვდება რას აკეთებს - ყველაზე მავნე ინსტიტუტიაა, რაც კი არსებობს“

ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნება“ ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ უამრავ დაპირებას გასცემდა, თუმცა შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობამ საკმაოდ მძიმე მგომარეობაში ჩააყენა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ლარის კურსის გაუფასურება კი უარესი მოლოდინისთვის განგვაწყობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ივანიშვილი თვლის, რომ ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხში დიდი როლი შეასრულა და სწორედ გიორგი ქადაგიძის უმოქმედობამ გამოიწვია, რომ 1აშშ დოლარის ღირებულებამ 2 ლარს გადააჭარბა.

მხოლოდ ეროვნული ბანკის შეცდომების შედეგს ვიმკით თუ სხვა ფაქტორებიც არსებობს, რის გამოც ხელისუფლებას ლარის კურსი „გაექცა“, ამ თემაზე ექსპერტი პაატა შეშელეძე გვესაუბრება.

ბატონო პაატა თქვენი შეფასებით, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ ლართან მიმართებაში?

- უკვე მაშინ დაუშვეს შეცდომები, როდესაც იაფ ფულსა და უფასო სეხებზე დაიწყეს ლაპარაკი. მთელი ტრაგედია ის არის, რომ მერე ამ დაპირებების შესრულებას შეეცადნენ და ბევრი ისეთი ვალდებულებით დაიტვირთა ბიუჯეტი, რომელიც არ უნდა ჰქონოდა. ამ პოლიტიკით შეიზღუდა ბიზნესგარემო; ძალიან ბევრი ფუნქცია კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორზე გადანაწილდა; გაიზარდა ბიუროკრატია და მისი ხარჯები; მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომ უცხოელებისთვის მიწის კერძო საკუთრება უნდა შეზღუდულიყო; მოკლედ, სრულიად ცარიელ ადგილზე ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები წარმოშვა.

რჩება შთაბეჭდილება რომ წარმოდგენა არ აქვთ, საერთოდ როგორ მუშაობს მონეტარული სისტემა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც ჩანს, ვერ გაარკვია, რა ხდებოდა და საქმე მიიყვანა იქამდე, რომ დევალვაციამ საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. ჩემი ღრმა რწმენით, საქმეში ჩაუხედავები აღმოჩნდნენ. მათი გადაწყვეტილებები საკმაოდ შეზღუდულია - არასაბაზრო, არასამეწარმეო, არ არის ორიენტირებული ეკონომიკის გაფართოებაზე, ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე.

ხელისუფლების ერთადერთი გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრის გახსნა იყო, რომელიც თავიდანვე საეჭვო გახლდათ, რადგან ეს ბაზარი ისედაც პრობლემებით არის დატვირთული, თანაც ეს იყო პოლიტიკური და არა ეკონომიკური გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, სუბსიდიები მისცეს ისეთ დარგებს, სადაც ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგალითად, მევენახეობას - პრაქტიკულად, ეს გაკეთდა სხვა ქვეყნის მოსახლეობისთვის, რადგან შემდეგ ჩვენს ნაწარმოებ პროდუქციას ისინი იაფად ყიდულობენ.

ჩემი აზრით, ამ მთავრობას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ რამე შეცვალოს და ერთადერთი გამოსავალი მისი წასვლაა.

ეროვნულ ბანკს შეეძლო მდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდე არ მიეყვანა?

- ეროვნული ბანკი, ვფიქრობ, საერთოდ ვერ ხვდება რას აკეთებს - ყველაზე მავნე ინსტიტუტიაა, რაც კი არსებობს. ჩვენ არ გვჭირდება ის მოდელი, რომელიც ეკონომიკას ფულით ტენის.

ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ვარდნა პირველად 2002 წელს დაფიქსირდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული პროცესი, რომელიც შემდეგ, მალევე შეჩერდა. როგორც ფიქრობთ, ახლაც ხელოვნურად იყო გამოწვეული ეროვნული ვალუტის გაუფასურება? უკვე ჩანს რომ ხელისუფლებას დასტაბილურების სურვილი აქვს, მაგრამ ვეღარ ახერხებს, ეს როგორ მოხდა?

- ლარი არ არის საბაზრო პროდუქტი, ის ცენტრალური ბანკის პროდუქტია, შესაბამისად, გამყარდება თუ გაუფასურდება, თავიდან ბოლომდე ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და თავისით დასტაბილურდება, აბსურდია.

ის, რაც ლართან მიმართებაში ხდებოდა, ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 2002, 2004 თუ 2007 წლებში, რაც ლართან მიმართებაში ხდებოდა, ყოველთვის იყო პოლიტიკური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

ეროვნულ ბანკს ყველანაირი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ის კურსი, რასაც ჩათვლის საჭიროდ. ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა, როგორც წვიმა ან ქარიშხალი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს.

ეროვნული ბანკის ჩარევით, როგორც ჩანს, მოხდა ემისია - ამ ფულით ბიუჯეტის შეივსო დეკემბერში, რაც გაგრძელდა იანვარშიც და შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს.

ცნობილია, რომ ეროვნული ბანკი თავის პოლიტიკას სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინენით ახორციელებს. იყო საუბარი, რომ სავალუტო ფონდისთვის დახმარებაც ეთხოვათ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია სავალუტო ფონდს ამ ეტაპზე დახმარების გაწევა?

- იდეა იყო, რომ სესხი აეღოთ და ინფრასტრუქტურაში დაეხარჯათ - სავალუტო ფონდს ფული რომ სთხოვო ინფრასტრუქტურაში დასახარჯად, სრული აბსურდია. ინფრასტრუქტურაში ფულს მაშინ ხარჯავ, როდესაც შენს ეკონომიკაში გროვდება ეს ფული. დღეს სხვისი ფულის ამ სფეროში დახარჯვა და მომავალი თაობისთვის ვალის დატოვება სწორად არ მიმაჩნია. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორსაც წაართვა ინფრასრტუქტურაში ფულის ჩადების საშუალება. თანაც, სავალუტო ფონდი ამ ტიპის სესხებს არ იძლევა, თუ მაინც და მაინც ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, მაშინ მსოფლიო ბანკისთვის უნდა მიემართათ.

მაგრამ, თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, ასეთი მიდგომა სრული არაკომპეტენტურობაა - იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მონეტარულ პოლიტიკაზე, კრიზისიდან კი არ გამოვდივართ, არამედ უფრო ღრმად ვეფლობით. ამ ადამიანების თანამდებობაზე შენარჩუნება კი კიდევ უფრო დიდ შეცდომაა, რადგან არ ესმით რა ხდება და შესაბამისად, გამოსავლის მოძებნაც არ შეუძლიათ.

თქვენ აღნიშნეთ რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებებია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამჯერად ის დამოუკიდებლად მოქმედებს თუ მთავრობის გავლენის ქვეშაა? ყოფილმა პრემიერმა ეროვნული ბანკი დაადანაშულა და არა მთავრობა...

- სხვადასხვა დროს სხვადასხვა მომენტი შეიძლება ყოფილიყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავადაც აღიარებს, რომ მთავრობის გავლენის ქვეშ მოქმედებდა - მან თქვა, რომ ის არ მიესალმება ბიუჯეტის დაფინანსებას და ეს აღარ განმეორდება ისე, როგორც ეს შარშან მოხდა - ეს ნიშნავს, რომ მოხდა ჩარევა, რადგან კანონით ეროვნულ ბანკს ეკრძალება ბიუჯეტის დაფინანსება.

ვინმე შანტაჟირებას ახდენს, თუ რა ფორმით ხდება ჩარევა, ნამდვილად არ ვიცი, შესაძლოა, შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ფულის მასა რომ შემოვიდა ეკონომიკაში, ეს ცხადია.

გამოდის, რომ თუ ვიღაც კარნახობს ეროვნულ ბანკს, იმ ვიღაცას აწყობს სიტუაციის ამგვარად განვითარება - ვინ რჩება მოგებული ასეთი პოლიტიკით?

- აქ არის კომბინაცია. ჯერ ერთი, მთავრობა და მისი მომხრე ექსპერტები ამბობენ, რომ ლარი ხელოვნურად გამყარებულია და ინფლაცია კარგი იქნება ეკონომიკისთვის, თითქოს ეს ექსპორტისთვის კარგია. ამით 5-6 კაცი თუ იხეირებს მხოლოდ, თქვენ თვითონვე შეაფასეთ, ვისთვისაა კარგი და ვისთვის - არა.

გარდა ამისა, არის ტენდენცია, რომ დავეხმაროთ ამას, ფული მივცეთ იმას, - საიდან უნდა მისცე ეს ფული? - უნდა ადგე და დაბეჭდო - ამას აკეთებენ კიდევაც. რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავინახოთ სად არის პრობლემის წყარო - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეროვნულ ბანკს ამისი უფლება აქვს.

ინფლაციის კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. როდესაც ხელოვნურად ინარჩუნებ ფასებს - პროდუქციის დეფიციატია და ფასი არ იცვლება, მეწარმეს ხომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ იმუშავოს? როდესაც არ იცი, ეს პროცესები როგორ მართო, ცხადია შეცდომით მიიღებ გადაწყვეტილებას. ამიტომ ვამბობ, ეს ხალხი ინტელექტუალურად არ არის მზად იმისთვის, რასაც აკეთებენ, თუმცა ამაში ხელფასს იღებენ.