ქართული ეკონომიკის ნეოკოლონიური მდგომარეობა და უცხოელთა გამოცდილება

ქართული ეკონომიკის ნეოკოლონიური მდგომარეობა და უცხოელთა გამოცდილება

სახელმწიფოს ეკონომიკის ეფექტური მართვა მთავრობის ფუნქციათა შორის ერთ-ერთი ურთულესია. მისი სირთულე იმითაც არის გამოწვეული, რომ მსოფლიოში არ არსებობს აღიარებული ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც მთლიანად მსოფლიოსა და ცალკეულ სახელმწიფოთა წარმატებული ეკონომიკური განვითარების გარანტია იქნებოდა. ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის განზრახვის მქონე პოლიტიკური ძალების ვალდებულებაა შექმნან და ხალხს გააცნონ ისეთი ეკონომიკური პროგრამა, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის ორიენტირები თვალსაჩინოდ იქნება ჩამოყალიბებული იმ დადებით გამოცდილებათა საფუძველზე, რომელიც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს გააჩნიათ.

საკუთარი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის მქონე ამომრჩეველთა ვალდებულება კი ის არის, რომ გაეცნონ ზემოაღნიშნულ პროგრამებს და იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი, რომლის პროგრამაშიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკეთეს პერსპექტივას დაინახავენ. პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩეველთა სწორედ ამგვარი მიდგომა განაპირობებს ქვეყნის ნამდვილ დემოკრატიულ განვითარებას, კლანური, ოლიგარქიული მმართველობისათვის სოციალური დასაყრდენის მოსპობას და სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

ეკონომიკაზე არაეკონომისტთა მსჯელობისას ეკონომიკური განათლების დიპლომებისა და სამეცნიერო ხარისხების მქონე ექსპერტებისგან ქილიკური დამოკიდებულება უცხო არ არის და მათ, როგორც წესი, არაკომპეტენტურობაში დებენ ბრალს, მაგრამ როცა გვახსენდება ლიბერალისტ ეკონომისტთა უშუალო ხელმძღვანელობითა და მათი რჩევებით საქართველოს ეკონომიკის 25 წლიანი მმართველობის კატასტროფული შედეგები, მასობრივი უმუშევრობა, სიღატაკე და ამით გამოწვეული მკვიდრი მოსახლეობის უცხო ქვეყნებში ემიგრაციის მასშტაბი, ამ თემაზე მსჯელობის გაბედულება გვემატება, მითუმეტეს, ცნობილია, რომ არც სამხრეთ კორეის, ტაივანისა და სინგაპურის ეკონომიკურ სასწაულთა ავტორები იყვნენ პროფესიით ეკონომისტები, რითაც დაამტკიცეს, რომ კარგი შედეგების მომტან ეკონომიკურ რეფორმებს სწორი ეკონომიკური ხედვები სჭირდება და არა ოფისის კედლებზე ეკონომიკური განათლების მოწმობების გამოფენა.

უბრალოდ, ჩვენ იმის დამტკიცება გვინდა, რომ ქართული ეკონომიკის პროგრესის გზაზე დაყენებასა და მოდერნიზებას ველოსეპედის თავიდან გამოგონება არ სჭირდება და ეკონომიკური რეფორმების სწორედ ის კონცეფცია უნდა იქნას გამოყენებული, რომელთა საფუძველზე მოხერხდა ძალიან მოკლე ხანებში აზიის ჩამორჩენილ ქვეყნებში ეკონომიკური სასწაულების გამხორციელება, რის გამოც მათ აზიის ვეფხვებიც კი უწოდეს.

1943 წელს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინზი აცხადებდა - „ცენტრალური ბანკის საკრედიტო ექსპანსია სასწაულებს ახდენს, ქვას პურად აქცევსო”. კეინზი გულისხმობდა წარმოების განვითარებისათვის იაფი ანუ დაბალპროცენტიანი საკრედიტო რესურსის რეგულირებად გამოყენებას.

პირველად აქტიურად ეს მეთოდი იაპონიამ გამოსცადა. 1953 წელს იაპონიაში ამერიკის ოკუპაციური ხელისუფლების რეფორმები გაუქმდა. გადასახადები შემცირდა და ცენტრალიზებული დაგეგმვა გაძლიერდა, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელმაც პროდუქციის წარმოება გააფართოვა, ასევე ფოლადის, ელექტროხელსაწყოების, ავტომობილების წარმოებასა და გემთმშენებლობაზე დიდი სუბსიდიები გამოიყო.

აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად 1959-61 წლებში იაპონიის მშპ-მ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 15 პროცენტიანი ყოველწლიური მატება მიიღო და 1965 წლიდან მომდევნო ხუთ წელს მშპ წელიწადში 10 პროცენტზე მეტით იზრდებოდა. იაპონიის ეკონომიკა მუდმივად რომ ამგვარი ტემპით ვერ განვითარდებოდა, ეს არც არის გასაკვირი. მას უკვე გააჩნია განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი მაჩვენებლები, რაც წლიურად 1-2%-ს შეადგენს. ეკონომიკის ზრდის შემცირებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის მასობრივად წარმოებული იაფი საქონლის მიმართ სხვა ქვეყნების საქონლის ნაკლებმა კონკურენტუანარიანობამაც, მაგრამ ფაქტია, რომ იაპონია თავისი ეკონომიკის სიძლიერით მსოფლიოს ხუთეულში შედის.

ამ დროს არსებობენ ე.წ. ნეოლიბერალისტული იდეოლოგიის მიმდევარი ეკონომისტები, რომლებიც ეკონომიკაში სრული ინდივიდუალიზმის, უკონტროლო საბაზრო თავისუფლებისა და სახელმწიფოს მაქსიმალურ შეზღუდვის მომხრეები არიან, რადგან ეკონომიკის განვითარებაში მის პოზიტიურ როლს საერთოდ უარყოფენ. ერთ-ერთი მათგანია ჯეფრი ჰერბნერი, გროუვის კოლეჯის პროფესორი და ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. აი, როგორ აფასებს ეს პატივცემული მეცნიერ-ეკონომისტი იაპონიის არნახულ ეკონომიკურ ბუმს : ”იმედი ვიქონიოთ, რომ იაპონიის კრიზისის გამოცდილება მაგალითად გამოგვადგება. ლუდვიგ ფონ მიზესი ჯერ კიდევ 1912 წელს ამბობდა: ცენტრალური ბანკის სავალუტო ინფლაციისა და საკრედიტო ექსპანსიის კეინზისეული სასწაული სიყალბეა და მას კრიზისი და დეპრესია მოსდევსო”.

სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის რაციონალური დაგეგმვის წინააღმდეგ განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულება პოსტსოციალისტურ ქვეყნებში დამკვიდრდა და თავისთავად, მათ შორის საქართველოშიც. არადა, ფაქტები საწინააღდეგოს ამტკიცებს, რომ სწორედ იმ ქვეყნებმა განიცადეს ნახტომისებური სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა, სადაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მეტ ჩარევას ეკონომიკაში და სახელმწიფოს გაზრდილ ფინანსურ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო როლს. ასეთ ქვეყნებს “განმავითარებელ სახელმწიფოებს” უწოდებენ და სწორედ მათ რიგებს მიეკუთვნება იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, ჰონკონგი, ჩინეთი, ნაწილობრიც თურქეთი, ბრაზილია და მექსიკა.

“განმავითარებელი სახელმწიფოების” მთავარი მახასიათებლებია: 1. ადგილობრივი წარმოების დაცვა, რაც კავშირშია ეკონომიკურ ნაციონალიზმთან; 2. სკეპტიკური დამოკიდებულება ნეოლიბერალისტური ინსტიტუტების მიმართ (იგულისხმება მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 3. კორპორაკრატიული კავშირები სახელმწიფოს, მეწარმეებსა და დასაქმებულებს შორის.

წარმოების სახელმწიფო რაციონალური დაგეგმარების წარმატებული ექსპერიმენტის გამორჩეული მაგალითია სამხრეთ კორეა. 60-იანი წლების დასაწყისში იგი იყო ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა და ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 80 დოლარის შემოსავლით ჩამორჩებოდა ნიგერიასა და ეთიოპიას. მას არც მდიდარი წიაღისეული გააჩნდა. დედაქალაქში კი ერთი მრავალსართულიანი შენობაც კი არ იყო, არ არსებობდა წყალგაყვანილობა და ელექტროენერგიაც მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა ქალაქებს.

ყველაფერი კი 1961 წელს დაიწყო, როცა სამხედრო გადაატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი პან ჩონჯ ხი, რომელმაც რეალურად დიქტატურა დაამყარა სახელმწიფოში. მან ჯერ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას შეუწყო ხელი და მალე კორეულმა საფეიქრო ნაწარმმა და ტანსაცმელმა მსოფლიო დაიპყრო თავისი სიიაფითა და ხარისხით. ამის შემდეგ განვითარდა მეტალურგია, მანქანათ და გემთ მშენებლობა, რომელიც მსოფლიო ბაზრის 45%-ს ფლობს, ხოლო მობილური ტელეფონების ბაზრის ნახევარს.

შეიქმნა პრივილეგირებული კომპანიები, რომელთა შერჩევა ხდებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ. ამ კომპანიებს ეძლეოდათ შეღავათიანი კრედიტები და დიდი სახელმწიფო შეკვეთები. ასე ჩამოყალიბდა დიდი კორეული ინდუსტრიული კორპორაციები: ჰუნდაი, სამსუნგი, დაევო, ლჯ და სხვა. ისინი ძირითადად ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულნი და ექსპორტის 30%-იან ყოველწლიურ ზრდასაც კი აღწევდნენ, ხოლო მშპ-ის ყოველწლიური ზრდა 10% იყო. ამავე დროს, საწყის ეტაპზე უცხოური საქონლის ექსპანსიისგან საკუთარ ბაზარსაც იცავდნენ.

სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაულის მთავარი შემადგენელი იყო ასევე კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა. ამ ბრძოლის მსხვერლნი გამხდარან პრეზიდენტებიც, მინისტრებიც და დეპუტატებიც.

კორეაში დიდი ფული იხარჯება განათლებასა და სამეცნიერო გამოკვლევებზე, რომლითაც ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

სამხრეთ კორეის მსგავსი სოციალურ-პოლიტიკური სისტემა გააჩნდათ სინგაპურს, ტაივანსა და ჩინეთს, რაც სრულიად არ ჯდება დასავლური დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში, მაგრამ ფაქტია, რომ ტაივანის ჩან კაი შის, სინგაპურის ლი კუან იუს რეჟიმებსა და ჩინეთის ერთპარტიულ სისტემას ხელი არ შეუშლია ამ ქვეყნების დიდ ეკონომიკურ პროგრესში, რომლის სიკეთეებითაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს.

ეკონომიკის რეფორმირების აზიური გამოცდილების პარალელურად კი არსებობს სამრეთ ამერიკაში, აფრიკასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განხორციელებული ე.წ. ”შოკური თერაპიის” დოქტრინა, რომელიც ცნობილი ეკონომისტის, ე.წ. ჩიკაგოს სკოლის წევრის, ნობელის პრემიის ლაურეატის მილტონ ფრიდმანის ეკონომიკური რეფორმების თეორიაა, რომელმაც თავის დროზე მასობრივ სიღატაკეში ჩააგდო ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოსახლეობა.

აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ანალოგიური რეფორმების განხორცილებას მოჰყვა ის, რომ მოსახლეობის 70% სამუშაოს გარეშე ხელფასების გარეშე დარჩა, 70 ათასი მოქმედი ქარხანა-ფაბრიკა კი დაიხურა. ეს ყველაფერი ხდებოდა ერთი მუჭა ოლიგარქების არნახულად გამდიდრების ფონზე, მიზანი კი ერთადერთი იყო, რომ ამერიკულ-დასავლურ ევროპულ ჰეგემონიზმს გაჩანაგებული და დასუსტებული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სახით კონკურენტი არასოდეს ჰყოლოდა. ამის შესახებ გვამცნობს ამერიკული დოკუმენტური ფილმი ”შოკის დოქტრინა” - https://www.youtube.com/watch?v=1J9GnhZXh3g

ის რაც ამჟამად უკრაინაში ხდება, ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც უკვე დამაჯერებლად ადასტურებს უკრაინის ეკონომიკის ფლაგმანების: საავიაციო, სარაკეტო და მანქანათმშენებლობის დარგების გაკოტრებისა და დახურვის პირას მიყვანა.

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი ამბობს: ”საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველა იმედოვნებდა დემოკრატიასა და ეკონომიკურ რეფორმებზე, მაგრამ შედეგები იყო გულამაცრუებელი. აშშ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტები დაჟინებით ურჩევდნენ რუსეთსა და სხვა ძველ კომუნისტურ სახელმწიფოებს გამოეყენებინათ ”შოკური თერაპია,” რომლის შედეგადაც მოსახლეობის უმრავლესობა მნიშვნელოვნად გაღატაკდა. ამგვარად, იმედი რომ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები მოიტანს კეთილდღეობას, დაინგრა. ამასთან ერთად, აშშ მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობას, რომელმაც მთელი ნაციონალური სიმდიდრე გადასცა ხელში ოლიგარქებს, რამაც გააძლიერა უთანასწორობა რუსეთში.” წყარო: http://www.voanews.com/russian/news/Stiglitz-Comments-2012-03-22-143771756.html

შემდგომში, სწორედ ეს ოლიგარქები და მათი მსახურნი დასავლეთის დირექტივებით მთელი წლების მანძილზე ძარცვავდნენ საკუთარ ქვეყნებს, ანგრევდნენ მის ეკონომიკას, ინდუსტრიულ ობიექტებს ჯართად ჰყიდდნენ, შიმშილის სამსხვერპლოდ წირავდნენ მოსახლეობას და ამას ყველაფერს აკეთებდნენ დემოკრატიის სახელით.

სწორედ ანალოგიური ანტისახელმწიფოებრივი რეფორმები ჩატარდა საქართველოშიც, რომელმაც უამრავი ადამიანური ტრაგედია და ეროვნული კატასტროფა მოუტანა ქართველ ხალხს, რისი მოწმეც თითოეული ჩვენთაგანი ვართ.

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ნოამ ჩომსკი პირდაპირ აცხადებს, რომ: ”ეს კორპორაციები ამერიკის მთავრობის შემადგენელი ნაწილია, მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხშირად ამ კორპორაციების რიგებიდან ირჩევაო”.

ამიტომაც არის, რომ ამერიკული კორპორაციების ინტერესების დასაცავად იბრძვის მთელი ამერიკული სახელმწიფო სისტემა, რასაც ზოგჯერ არ ემორჩილებიან სუვერენული ქვეყნების მთავრობები, რომელთაც საკუთარი ეროვნული რესურსები საკუთარი ხალხის სამსახურში სურთ რომ იყოს. სწორედ ამ ვითარებაში ამერიკის ხელისუფლება იყენებს უკანონო მეთოდებს, რომ დაამხონ ამგვარი დაუმორჩილებელი საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მმართველები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი უილიამ ბლამი ამბობს: ”უკანასკნელი 60 წლის მანძილზე აშშ-ის მთავრობამ სცადა მსოფლიოს 50 ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და აქედან ნახევარში მან ეს მოახერხა კიდეც.”

ამ ვითარების გაცნობიერებით ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოს არანაირი რეალური სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი არ გააჩნია და ძირითადი სტრატეგიული გადაწყვეტილებები ან ბრიუსელში მიიღება, ან ნიუ-იორკში, ან და მათ წამომადგენელ საელჩოებში. ეს ხშირად წამოსცდებათ კიდეც ქართული მთავრობისა და პარლამენტის წევრებს - შევათანხმებთ საკითხს ჩვენს მეგობრებთან და მერე გადავწყვეტთო და ხშირად ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რომ არის, ამის არც განსჯა და არც ანალიზი არ ხდება, რადგან ზემდგომთა ბრძანება, როგორც წესი, უსიტყვოდ უნდა შესრულდეს.

ამ დროს კი საქართველოს სჭირდება ზემოთ აღნიშნული მარიონეტული, ნეოკოლონიური მმართველობის თავიდან მოშორება და ეროვნული აღმშენებლობის რეალური პროგრამის განმახორციელებელი ეროვნული ხელისუფლება. სწორედ ამგვარ ხელისუფლებას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზების პროექტების შემუშავება და მათ განსახორცილებლად საინვესტიციო ფონდების შექმნა, როგორც ეროვნული ბიუჯეტიდან თანხების მობილიზებით, ასევე საბანკო სისტემის რეგულირების საფუძველზე მისი ეროვნული ინდუსტრიის სამსახურში ჩაყენებით, უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვით, ქართული პროდუქციისთვის ტრადიციული ბაზრების აღდგენითა და ახალი ბაზრების მოპოვებისათვის ზრუნვით.

ამასთან, ტრადიციულ პარტნიორებთან კორპორაციული წარმოების განვითარებით აღსადგენია ქართული საავიაციო, ქიმიური, მეტალურგიული, სამხედრო-სამრეწველო და სხვა დარგები.

არაფერს ვამბობთ კვებისა და მსუბუქი მრეწველობის დარგებზე, რომლის ნედლეულის წარმოება კარგად გააზრებული პროექტებით ქართული რესურსებითაც შესაძლებელია, რადგან ამის მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი თავად საქართველოსაც გააჩნია.

ლარის კურსის დაცემას მისტირის დღეს მთავრობა, მაგრამ მის რეალურ მიზეზებზე და გამოსწორების გზებზე არანაირი ანალიტიკური მსჯელობა არ მიმდინარეობს. არადა, ძალიან მარტივი საკითხია. გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 11 მილიარდ 453 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი იყო 2 მილიარდ 861 მილიონი დოლარის საქონელი, ხოლო იმპორტი - 8 მილიარდ 576 მილიონი დოლარის საქონელი. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ შეადგინა 5 მილიარდ 117 მილიონი დოლარი. საქართველოში უცხოეთიდან დამატებით კერძო პირებზე გზავნილებით დაახლოებით მილიარდი დოლარი შემოდის, რაც გარკვეულწილად აბალანსებს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეკონომიკის გაჯანსაღების ერთადერთი ხსნა არის ეროვნული წარმოების, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის განვითარება, რომელიც სისტემატური კაპიტალდაბანდებების გარეშე ვერ გამოცოცხლდება.

თითქოს, ეს ესმის კიდეც ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელსაც თავად გაუკეთებია ხშირად რეზონანსული განცხადებები ე.წ. საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო პორტფელის შესახებ, რომელშიც 6 მილიადი დოლარია მობილიზებულიო, მაგრამ, სამწუხაროდ, კონკრეტულად აშენებული ან მშენებლობაში მყოფი საწარმოების შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია, თუ, რა თქმა უნდა, თვალებში ნაცრის შესაყრელად საწარმოებს არ უწოდებენ რომელიმე გლეხისთვის ორიოდე მეწველი ძროხის ან მოზვერის შეძენას.

ვიდეოჩანაწრებს სად გაექცევიან, სადაც კონკრეტრულად თავად ივანიშვილისა და მის მეოცნებე ლიდერთა მშვენიერი დაპირებებია აღნუსხული, რომლებიც მმართველი პარტიის მხრიდან დავიწყებას ისე მიეცა, თითქოს, საყოველთაო ამნეზიას ჰქონდეს ადგილი. იხილეთ და დატკბით: https://www.youtube.com/watch?v=Wa9c-HggSl0#t=34

მითითებული დაპირებების შესრულების ნაცვლად კი ნეოლიბერალისტი ეკონომისტები გამოსავალს უცხოური ემიგრაციის მოზღვავებაში ხედავენ. ამავე დროს, კვლავ გაურკვეველია რა არის დაგეგმილი თბილისის ზღვაზე ჩინური კომპანიის მიერ აშენებულ დიდ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ცრუნაციონალისტთა მიერ ასიათასობით ჩინელის ჩამოსახლების ანტიეროვნული მოღალატური პროექტის განხორციელება იგეგმებოდა.

ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს იმ სტრატეგიული დარგების, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს გამგებლობაში უნდა იყოს მოქცეული, საკონტროლო პაკეტების ნაციონალიზაცია და სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში ჩაყენება. ეს ეხება ელექტროენერგიის, გაზის და წყალ გამანაწილებელ სისტემებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც მათ რეალურ ღირებულებასთან შედარებით კაპიკების ფასში აქვთ ჩაგდებული ხელში უცხოელ ვითომ ინვესტორებს და ქართველი ხალხი ამის შედეგად მათი ძარცვის ობიექტია. ეს ასევე ეხება ელექტროსადგურებს, პორტებს, აეროპორტებს, კომუნიკაციის საშუალებებს, წიაღისეულის დიდ ნაწილს, რომელთა ექსპლოატაციით ასობით მილიონი დოლარის მოგება არა სახელმწიფო ყულაბაში, რამედ ერთეული ოლიგარქების ჯიბეში მიდის.

ქართული ეკონომიკის თემაზე ხანგრძლივად შეიძლება საუბარი, მაგრამ ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ეკონომიკა ის ბაზისია, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობა და ერის მომავალი დგას. ამიტომ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების ვალია ამ მძარცველური, ანტიეროვნული სისტემისგან განმათავისუფლებელ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა, რადგან საქმე ჭეშმარიტად საქვეყნო მნიშვნელობისაა და ჩვენი შვილების კეთილდღეობას განსაზღვრავს.