თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობოდან გაათავისუფლეს. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიაში ეკონომიკური მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ამ მიზნით მარტის პირველ ნახევარში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. ნარმანიას თქმით, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დაეხმარება მეწარმეებს სამეწარმეო უნარების განვითარებაში, წაახალისებს მათ საქმიანობას და სამეწარმეო პროექტების კოორდინაცის საკითხებს განიხილავს.
დავით ნარმანია დღეს აცხადებს, რომ ცენტრის საქმიანობის ამოქმედების შემდეგ, ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ მარგიშვილის და ვიცე-მერი გიორგი ხელაიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა, მერიის პრესსამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
მეტიც, იმ დღეს მერიაში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან საინვესტისიო პროექტთან დაკავშრებით ჰქონდა საუბარი. სესიაშვილი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, მერის მოადგილეების გადადგომის შესახებ და აცხადებდა, რომ ეს საკითხი აშკარად პროვოკაციული და მიზანმიმართულად გავრცელებული იყო. დღეს კი სესიაშვილს ამ საკითხზე საუბარი უკვე, აღარ სურს.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თბილისის მერიაში „კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი“ მარგიშვილი იყო. მისივე თქმით, მარგიშვილს უკავშირდება უკანონო გათავისუფლებები მერიაში და ასევე გამონათქვამები - „წმენდა“, „აწი ნახეთ დაჭერები“ ფეისბუქის გვერდზე.
„მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია და ჯოკია ბოდოკიას საქმე ამ თვალსაზრისით მხოლოდ პირველი მერცხალია. დიახ, მარგიშვილი იყო კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი თბილისის მერიაში“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, მარგიშვილი მხილებულია დანაშაულების შემცველ მოქმედებებში, როგორიც არის თანამშრომლების იძულებით გაყრა თბილისის მერიიდან და კორუფციული გარიგებები.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახეთ შეშინებული მერი, რომელიც აშკარად სხვის მითითებებს ასრულებს და გადაწყვეტილების მიღების უფლება მას არ აქვს. ვნახეთ, როგორ სტუმრობდნენ მას უმრავლესობის ლიდერები და როგორც ჩანს, მსჯელოდნენ იმაზე, როგორ გადეფარათ სკანდალი და საზოგადოებისთვის როგორ მიეწოდებინათ სხვაგვარი შეფუთვით მარგიშილის გადაყენება.
თავად პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ალექსანდრე მარგიშვილი კულტურის მინისტრის ძალიან ცუდი მოადგილე იყო. პირველი დღიდან ვაფრთხილებდით ნარმანიას, რომ ის იქნებოდა ძალიან ცუდი ვიცე-მერი და სამწუხაროდ, ჩვენი ნათქვამი გამართლდა“, - აცხადებს აბესაძე.
მისივე განცხადებით, მიუხედავად მათ მიერ გამოქვეყნებული არა ერთი მტკიცებულებისა, რაც კორუფციის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს, სანამ შსს-მ ერთი კონკრეტული ფაქტი არ გამოავლინა, მანამ რეაგირება არ ყოფილა კონკრეტულ კორუფციულ ფაქტებზე.
„2013 წლის პირველი იანვირდან, 2014 წლის 1 სექტემბარმე თბილისის ყოფილმა მთავრობამ გააფორმა 5 მილიონ 500 000-მდე ღირებულების კონტრაქტები, დავით ნარმანიას მთავრობამ 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 5-ჯერ ნაკლებ პერიოდში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გააფორმა 12 მილიონის სამუშაოები. ვნახოთ, რომელ კომპანიებთან ფორმდება ხელშეკრულება.
საგზაო სამუშაოების მწაროებელი კომპანიას, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი მხოლოდ იმიტომ გაუფრომეს, რომ მისი დამფუძნებელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სერგო ხაბულიანია. კომპანისა სამუშაოები დღემდე შესრულებული არ აქვს, რომელიც შეასრულა, ისიც უხარისხოა. ეს მაშინ, როდესაც თანხის უმეტესი ნაწილი უკვე ანგარიშზე უდევს. ეს არის კორუფცია, როდესაც თანხა წინასწარ ბიუჯეტიდან ირიცხება კომპანიების ანგარიშზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი აბესაძე.
ყოფილი ვიცე-მერი კი ოპონენტების ბრალდებას რჩევით პასუხობს და კორუფციასთან დაკავშირებით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს უარყოფს.
„კორუფციასთან დაკავშირებით რა პასუხი უნდა გავცე. ერთ რჩევას მივცემ უმცირესობას, რომ საქმეს მიხედონ. რეალობა არის ის, რომ თბილისის მერიაში დამუშავდა პროგრამა მეწარმეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია იქნება და მხვდა პატივი, რომ ამ ცენტრს სწორედ მე ვუხელმძღვანელო“, - განაცხადა ალექსანდე მარგიშვილმა.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა იძულებულია შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები, ცინიზმია ახალი უწყების შექნა იმისათვის, რომ იზრუნონ ინვესტიციებზე. მისივე თქმით, თბილისის მერიაში ცალკე არის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური, მათ სხვა ფუნქცია გარდა ინვენტორების და მეწარმეების მხარდაჭერისა, არ გააჩნიათ.
„ასე რომ, ეს არის პიარულად შეფუთული, იმისათვის, რომ გადაიფაროს კორუფციული ფაქტები. თუმცა, ეს ფაქტი დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დადასტურდება და მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ბატონი ბოდოკია არ იყო ამ კორუფციულ საქმეში ჩართული. კარგად იცით, რომ გავრცელდა შსს-ს ოფიციალური წერილი, რომლითაც გაიხმეს ზედამხედველობის უფროსის პირველი მოადგილის და კიდევ ერთი თანამშრომლის პირადი საქმე, რაც უკვე ადასტურებს, რომ მერიაში არსებობდა
კორუფციული ქსელი, ამ ქსელში ნამდვილად არ გამიკვირდება მარგიშვილის მონაწილეობა“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
გამოითხოვა თუ არა შსს-ს ოფიციალურად დედაქალაქის მერიიდან ზედამხედველობის უფროსის პირველი მოადგილის და კიდევ ერთი თანამშრომლის პირადი საქმე, ამ ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. for.ge-სთან საუბრისას უწყების პრეს-სასმსახურში აცხადებენ, რომ მერიაში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არ ხმაურდება.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მერის არც ერთ მოადგილეს კორუფციულ გარიგებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ის მანკიერი მხარეა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ახასიათებთ.
„ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი მეთოდია. ცდილობენ ლაფში ამოსვარონ მთელი პოლიტიკური გუნდი, თითქოს არაფერი კეთდება მერიაში და ერთადერთი რითიც დაკავებულია მერია, ეს არის კორუფციული გარიგებები. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.
საუბარი იმაზე, რომ რადგან ჯოტია ბოდოკია შემჩნეული იქნა კორუფციულ გარიგებაში, ამითი ჩვენ ყველას ბრალი უნდა დავდოთ, ეს არის აბსურდი. ამ ლოგიკით, „ნაციონალური მოძრაობა“ რა კორუფციულ გარიგებებში იყო გარეული და რამდენსაც დაუმტკიცდა, მაშინ მთელი მათი პოლიტიკური პარტია უნდა ავკრძალოთ საქართველოში.
ჯოტია ბოდოკიას საკითხთან დაკავშირებით უნდათ რაღაცა სკანდალი შექმნან. ფაქტია, ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ამ ფაქტზე მოხდა რეაგირება. მარგიშვილს და ხელაიას კორუფციულ გარიგებებთან და სამართლებრივ გადაცდომებთან კავშირი არ აქვთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.
ამ დრომდე უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ალექსანდრე მარგიშვილს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ვიცე-მერის შემცვლელთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, რამდენიმე კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია, მოხდება ახალი ვიცე-მერის წარდგენა.