იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

უკრაინის გაძევებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა. რუსეთში გაქცევიდან ერთი წლის შემდეგ, ის ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს, ხოლო ხალხს „ცხოვრების შემსუბუქებას“ და ომის დამთავრებას ჰპირდება.

რუსულ პირველ არხთან იანუკოვიჩის ინტერვიუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკოსის პირველი საჯარო გამოჩენა გახლდათ. გასული წლის მარტს მოწვეულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თავს ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტად თვლიდა.

„ვნანობ, რომ ვერაფერი შევძელი. რაც შეიძლება მალე დავბრუნდები და ყველაფერს ვიღონებ, რომ ხალხს ცხოვრება შევუმსუბუქო “

ექს-პრეზიდენტის გაძევებაში გატარებული ერთი წლის განმავლობაში რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, რუსეთის მხარდაჭერით მეამბოხეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა დააარსეს, ხოლო საომარ კონფლიქტს ჯერჯერობით, 5 600 ადამიანი შეეწირა.

იანუკოვიჩი მთელ უკრაინაში სძულთ. დასავლეთის მომხრე მომიტინგეები მასში კორუმპირებულ რუსეთის თოჯინას ხედავენ, ხოლო რუსეთის მომხრე უკრაინელები - ლაჩარს.

ამჟამად უკრაინაში სამშვიდობო ზავია დადებული, ხოლო შაბათისთვის ორ მეომარ მხარეს შორის მძევლების გაცვლა არის დაგეგმილი..

ამასობაში მოსკოვში, „ანტი-მაიდნის“ მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ვეტერანები, კაზაკები, პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები საჯაროდ გმობდნენ კიევის ქმედებებს და გამოდიოდნენ ისეთი ლოზუნგებით, როგორიცაა „არ გვჭირდება დასავლური იდეოლოგია და გეი - პარადები“.

ავტობუსების დიდმა კოლონებმა და აქციის სწრაფად დაშლამ იმის ეჭვი აღძრა, რომ მომიტინგეებიდან უმეტესობა დაქირავებული იყო. ამ ვარაუდს ის ფაქტიც აღვივებს, რომ ასეთ ხერხს წარსულში კრემლი ხშირად მიმართავდა.

უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 100 დაღუპული მომიტინგის ხსენების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთი კონფლიქტის გაღვივებაში დაუფარავად დაადანაშაულა.

ხსენების დღე მოგვიანებით აღმოსავლეთ უკრაინაში მოპოვებული იმ ყუმბარმტყორცნებისა და სხვა სამხედრო აპარატურის საჯარო გამოფენით გაგრძელდა, რომელიც რუსეთის მიწოდებული იყო.

საერთო ვარაუდით, მეამბოხეები ამუნიციას რუსეთისგან იღებენ. დადგენილია ისიც, რომ საომარ მოქმედებებში ყოველდღე დაახლოებით 150 ტონა ტყვია-წამალი იხარჯება.

მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა მაინც დღემდე გრძელდება.

ზავი ითვალისწინებდა მძიმე შეიარაღების კონფლიქტისგან რეგიონიდან დაშორიშორისებასა და ფართომასშტაბიან ტყვეთა გაცვლას, თუმცა ამ ორი პირობიდან, ჯერჯერობით არცერთი არ შესრულებულა.

ხელშეკრულების დადების შემდეგ მეამბოხეებმა სამთავრობო შენაერთებს სტრატეგიული და საკვანძო ქალაქის, დებალცევოს დატოვება აიძულეს.

ინტერვიუში სეპარატისტების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთლიანად სურდათ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დაკავება, ხოლო უკრაინის მთავრობა კი, პირიქით, ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ცეცხლი ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა. „The Guardian“-ის კორსესპოდენტს დებალცევოს გარეთ რაკეტების და არტილერიის ხმა ესმოდა. მეამბოხეები სოფელ სტეპნასა და ვოდიანას ომის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ იარაღს, „გრადის“ სისტემის რაკეტებს უშენდნენ.

რეგიონის პოლიციის უფროსის, ვიაჩესლავ აბროსკინის თქმით, ჭურვი მოხვდა ერთ-ერთ კაფეს და სამი ადამიანი შეიწირა, ხოლო დონეცკის ადმინისტრაციის გადმოცემით, დაბომბვით დაზიანდა რამდენიმე სახლი, ჩაის ფაბრიკა და საბავშვო ბაღი.

დებალცევოს აღებამ აღძრა ეჭვი, რომ ახლა პრორუსულმა სეპარატისტებმა შეიძლება ქალაქ შასწიას აღებაც სცადონ, სადაც თბოელექტროსადგური მდებარეობს. ასევე საფრთხე ემუქრება ინდუსტრიულ ცენტრ მარიუპოლს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ანდრეი ლიუსენკომ აღნიშნა, რომ კიევი მზად არის მარიუპოლის დასაცავად და რუსეთი ამ ტერიტორიაზე ტანკების, ჯარისკაცებისა და რაკეტგამშვები სისტემების მიწოდებაში დაადანაშაულა.

სატანკო და საარტილერიო ბრძოლები მარიუპოლის ირგვლივ ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც პოროშენკომ სოფელ შიროკინის ასაღებად „კონტრშეტევა“ გამოაცხადა.

სამხედრო ექსპერტმა, ალექსეი მელნიკმა აღნიშნა, რომ ამ მანევრით უკრაინის მთავრობამ მეამბოხეების საარტილერიო დანადგარების ქალაქის სიახლოვიდან მოშორება სცადა ერთ-ერთი საბედისწერო თავდასხმის შემდეგ, რომელმაც 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მეამბოხეებმა შიროკინში დაზვერვითი სამუშაოები უკვე ჩაატარეს.

მარიუპოლის თავდაცვის ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ შიროკინში მეამბოხეების ხელით დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.

ადგილობრივი აქტივისტის, გალინა ადნაროგის განცხადებით, ის და სხვა თანამოაზრეები 1000-ზე მეტ ადგილობრივს დაეხმარნენ შიროკინიდან ევაკუაციაში. სოფელი დაბომბვის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა და, ამდროისთვის, არცერთ მხარეს არ უჭირავს.

ადნაროგმა აღიარა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც რუსეთს უჭერს მხარს. „ჩვენ ვცდილობთ მოვაწყოთ გამოსვლები, მიტინგები. ყველას დავანახოთ, რომ მარიუპოლი უკრაინული ქალაქია“.

მელნიკის თქმით, მარიუპოლსა და დებალცევოს შორის ბევრი მსგავსებაა: „თუ კიევში გადაწყდა მარიუპოლის აღება, მაშინ კიევი კვლავ არჩევანის წინაშე დადგება - ან დიდი რისკის ფასად ქალაქის დაცვა, ან უკან დახევა“.

http://www.theguardian.com/world/2015/feb/21/ukraine-debaltseve-rebels-maidan-one-year-anniversary