თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვალერი ზუმბაძე ამტკიცებს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ვახტანგ მაისაია „ტიპური ჯაშუშია“. სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზე ზუმბაძე მაისაიას ჯაშუშობას ამტკიცებს, ამ დრომდე გრიფირებულია.
for.ge–სთვის ხელმისაწვდომი გახდა საქმის ის ნაწილი რომელიც „საიდუმლო“ გრიფის მატარებელია.
(საიდუმლო დოკუმენტი, ტომი პირველი, გვერდი 109–110. 2009 წლის 7 მაისის 15/4/212–3338–ს) შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე–2 სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ, შსს–სკონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მე–2 სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძე სთხოვა გაერკვია: ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დაგეგმვის შესახებ და, აგრეთვე, ინფორმაციები ნატოს პროგრამების - „პარპის“ და „აიპაპის“ მიმდინარეობის შესახებ განეკუთვნებოდა თუ არა სახელმწიფო საიდუმლოებას, რაზეც ლომიძესგან შემდეგი პასუხი მიიღო.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დაგეგმვის შესახებ, აგერთვე ინფორმაციები „ნატოს“პროგრამების „პარპის“ და „აიპაპის“ მიმდინარეობის შესახებ, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.2 (ცნობები უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო–ტექმიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, მათმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს) და 1.4 (ცნობები საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების შესახებ, მათი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს) პუნქტების თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებს“.
გაურგებარია რას ეფუძნებოდა ლომიძის პასუხი, ვინაიდან ნატოს დოკუმენტი - „2006 წლის პარტნიორობის მიზნების შემაჯამებლი რეპორტი“, რომელსაც ხელს აწერს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი, პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დაგეგმვის შესახებ, აგერთვე ინფორმაციები „ნატოს“პროგრამების „პარპის“ და „აიპაპის“ მიმდინარეობის შესახებ არ არის საიდუმლო დოკუმენტი. პარპი ის ძირითადი დოკუმენტია, რომლის მიხედვით დგინდება ინდივიდუალური პროექტები პარტნიორი ქვეყნებისათვის.
ამის მიუხედავად, განაჩენში ჩაიწერა, რომ მაისაიამ ნატოს საიდუმლო დოკუმენტი გადაუგზავნა სლოვაკეთის დაზვერვის ეგიდით მოქმედ სპეცსამსახურს.
სასამართლო განაჩენის მიხედვით 2002 წლიდან ვახტანგ მაისაია საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების სხვაგვარი მონაცემებით და სხვა ინფორმაციით შეგროვების, შენახვისა და მათთვის გადაცემის მიზნით გადაიბირეს რუსეთის ფედერაციის სადეზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც სლოვაკეთში მოქმედი ქალაქ ბრალტისლავში მდებარე სავაჭრო ფარმაცევტული ფირმა „ნოვარტისის“ საფარქვეშ მოქმედებდა.
ზუმბაძე ამტკიცებდა, რომ მაისაია არის ტიპური ჯაშუში, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს. მეტიც, მისი თქმით, 2008 წლის ომში ვახტანგ მაისაიას მიუძღვის ძალიან ცუდი წვლილი.
„მაისაია პირდაპირ გადასცემდა 2008 წლის 7-8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილის შესახებ ინფორმაციას წამლების კომპანია „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს. განსაზღვროს საზოგადოებამ, რაში სჭირდებოდა წამლების საერთაშორისო კომპანიას აღნიშნული მონაცემები. ეს დეტალი მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს“, – აცხადებს ვალერი ზუმბაძე.
ამ ყველაფერზე ვახტანგ მაისაიას შემდეგი პასუხი აქვს: „თურმე, ნატოს საიდუმლო დოკუმენტი გადავეცი რომელიღაც სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც თითქოსდა, სლოვაკეთის დაზვერვის ეგიდით მოქმედებდნენ. ანუ, არასაიდუმლო დოკუმენტი გააფორმეს, როგორც საიდუმლო დოკუმენტი და ამის გამო მომისაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. დოკუმენტი გაყალბების გამო, ამჟამად, ვალერი ზუმბაძე დადანაშაულებულია ნატოს სამეკავშირეო ოფისის დისკრედიტაციის საქმეში“.
ის, რომ სლოვაკეთის სპეცსამსახურების სისტემაში „სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვა“ არ არსებოს, ამას საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრიც ადასტურებს. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეცსამსახურების ზუსტი დასახელებაა „თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო სამსახური“.
ვახტანგ მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 7 ტომს მოიცავს, არ არსებობს ერთი ფურცელი, რითაც დასტურდება, რომ ვახტანგ მაისაია არის ჯაშუში.
„ვალერი ზუმბაძე აცხადებს, რომ შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი გადასცემდა საქმის მასალებს ვახტანგ მაისაიას, რომელიც თითქოს, გადასცემდა სლოვაკეთის დაზვერვას. მისი განცხადებით, უტიაშვილი მაისაიას მეკავშირე გამოდის. თუ ზუმბაძის ინტერვიუს დავეყრდნობით, გამოდის, რომ შოთა უტიაშვილიც ჯაშუშია. ჯაჭვი იწყება უტიაშვილით, გრძელდება მაისაიათი და მთავრდება სლოვაკეთით.
ვალერი ზუმბაძე ამდენს იმიტომ ლაპარაკობს, რომ საქმის მასალებს „საიდუმლო“ გრიფი ადევს.
ვახტანგ მაისაიამ გამოუშვა წიგნი – „კავკასია, კასპიისპირეთის გეოპოლიტიკა“ რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე, ამ წიგნის მე–300 გვერდზე არსებული რუქა საქმეში ჩადეს როგორც „საიდუმლო“ გრიფის მატარებელი, მაშინ, როდესაც ეს წიგნი ჩვეულებრივად არის გაყიდვაში. არაფრისგან შეკერეს საქმე და დაადეს გრიფი. ამის შემოქმედი არის ვალერი ზუმბაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში კი არა ციხეში უნდა იჯდეს“, – აცხადებს ნათია კორკოტაძე.
ადვოკატის განცხადებით, მოდულის შენობაში 24 საათიანი დაკითხვის მიუხედავად, კონტრდაზვერვამ მაისაიასაგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღო. ამის შემდეგ ის ჩაიყვანეს ე.წ. კაპეზეში, სადაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
ვახტანგ მაისაია: „ჩამიყვანეს ქვევით კაპეზეში, მომასმენინეს ბავშვის ტირილი. მითხრეს, აქ არის კობა ოთანაძის ძმისშვილი მისი პატარა ბავშვითო. მე ვიყავი მოდულის შენობის პირველ საკანში და მოპირდაპირე მხარეს, მესამე თუ მეოთხე საკნიდან ისმოდა ბაშვის განუწყვეტლივი ტირილი და ქალის გამწარებული კივილი.
ჩვენება, რომელიც წავიკითხე, ოთარ ორჯონიკიძემ საკუთარი ხელით დაწერა, ამ ფონზე მაიძულა წაკითხვა. მითხრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაშენს და შენს ცოლს მოვიყვანთ მოდულშიო. დედაშენს დავაპატიმრებთ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, შენს მეუღლეს მოგისვამთ გვერდით თანამეინახედო.
ამ გზით მაიძულეს, რომ წამეკითხა ის, რაც დამიწერა ორჯონიკიძემ.
აღიარებითი ჩვენების დროს მათქმევინეს, რომ ვიყავი სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი. როცა ვამბობ რომელი ქვეყნის აგენტი ვარ, ამ დროს დამადეს ე.წ. „შუმოკი“. მე თუ ვამბობ, რომ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი ვარ, მაშინ „შუმოკი“ რატომ დამადეს? მე არ ვამბობ რუსეთს, ვამბობ, რომ სლოვაკეთის სამხედრო დაზვერივის აგენტი ვარ და ამიტომ დამადეს „შუმოკი“. ასე მომაწერეს აგენტობა“.
მაისაიას უკანონო პატიმრობა, ფიზიკური წამება და არადამიანური მოპყრობის ფაქტი, წარმოებაში მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია. როგორც ნათია კორკოტაძე აცხადებს, სტრასბურგის სასამართლომ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება.
მაისაიას ფიზიკური წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტზე, თბილისის პროკურატურამ 2013 წლის 28 ოქტომბერს სისიხლის სამართლის საქმე აღძრა, საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმეში მთავარ ფიგურანტად შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ვალერი ზუმბაძეა დასახელებული. საქმე ეხება ე.წ. მოდულის შენობაში და გლდანის მე-8 დაწესებულებაში ღამისეულ დაკითხვის ეპიზოდებს და წამებას.
ამ ორივე ეპიზოდში ვალერი ზუმბაძის გვარი ფიგურირებს. საქმეს გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე იძიებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მთავარ ფიგურანტად მაისაია ზუმბაძეს ასახელებს, ზუმბაძე გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს. თუ რა ეტაპზეა გამოძიება, ამის გასარკვევად for.ge დაუკავშირდა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნათია სუხიაშვილს, რომელიც დაგვპირდა, რომ საქმის ვითარებას გაარკვევდა და ჩაგვაყენებდა საქმის კურსში, თუმცა, როგორც წესი, სუხიაშვილისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა. შესაბამისად, უცნობია, რა ხდება ამ საქმის გარშემო.