ღამის სამ საათზე ალექსანდრე ივანეს ძე გააღვიძეს. მოვიდა დეპეშა. კბილს-კბილზე აცემინებდა მილიონერს, როცა ბანდეროლი გახია და წაიკითხა: „სახეშეცვლილი გრაფინია ტბორისკენ გარბის“. „ვინ გრაფინია? - წაიჩურჩულა დერეფანში ფეხშიშველად მდგარმა რეტდასხმულმა კორეიკომ, მაგრამ არავინ უპასუხა. ფოსტალიონი წავიდა. ეზოს ბაღში ვნებიანად ღნაოდნენ მტრედები. ალექსანდრე ივანეს ძემ ხელში გადააბრუნ-გადმოაბრუნა ნაცრისფერი ბლანკი. მისამართი სწორი იყო. აგრეთვე გვარიც. ალექსანდრე ივანეს ძემ ვერაფერი ვერ გაიგო და ისე აღელდა, რომ დეპეშა სანთლის ალზე დაწვა.
(ილია ილფი, ევგენი პეტროვი - „ოქროს კერპი“)
ვინ გრაფინია და... ლოქო. აი, ლოქო რომ არის, ქინძმარში. მანამდე კიდევ ვფიქრობდი, ჯანდაბას, მე რაღაცას ვიტყვი, შევადარებ, გამეცინება და ჩემთვის იყოს, გულს არ ვატკენ-მეთქი, მაგრამ ხომ არის ზომა-წონა და ტაქტი? მეთქი, დაიკარგებოდა, ჩაიკარგებოდა, დაგვივიწყებდა და დავავიწყდებოდით, მაგრამ მაგდენი არც ჭკუა ყოფნის და არც გამოდილება... აი, ზუსტად შემიძლია ვთქვა: ტიპი არის კრეტინი.
რა არის კრეტინი? მგონი, კითხვა არასწორად დავსვი... ვინ არის კრეტინი? კრეტინი არის ის, ვინც მთელი ეს წლები დებილი მეგონა და მერე, მეგონა, რომ ეყო ჭკუა, დაიკარგა, ჩაიკარგა, გაისუსა, ჩაისუსა, დაიმალა... და ბოლოს, როცა მეგონა, რომ უკვე მხოლოდ მე-ღა მახსოვდა, მე - ბოღმიანს და ღვარძლიანს, აღმოჩნდა, რომ ზოგი კონკრეტულად დებილი უბრალოდ დებილი კი არ არის, არემედ კრეტინიცაა.
დავაზუსტებ: ჩემი აზრით, რასაკვირველია.
მტკიცების ტვირთი ჩემზე იყოს. სტრასბურგში? კი ბატონო. ჰააგაში? ნუ... კოპენჰაგენში? ოლანდის კაბინეტში? მერკელის ბუდუარში? სადაც გინდათ, როცა გინდათ, რამდენსაც გინდათ... დაგთვლით და დაგარწმუნებთ: გრიგოლ ვაშაძე არის ლოქო, მაგრამ უბრალოდ ლოქო კი არა, არამედ - ლოქო ქინძმარში, თან ისეთი, ახლადდაჭერილს, ახლადმოხარშულს, ახლადდაძმარებულს და მიქინძულს უკვე ვადაც რომ გასული აქვს და იმიტომ კი არა, რომ გარეგნობა აქვს ეგეთი, არამედ იმიტომ, რომ ეგეთია - გრიგოლსა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.
ბალერონი ხარ, ბიჭო?
„საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ "სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებას" ეხმაურება: "რუსეთი ცხინვალის რეგიონის "სამართლებრივ" ანექსიას ამთავრებს დღეს მოსკოვში საოკუპაციო რეჟიმთან "ხელშეკრულების" ხელმოწერით. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დებალცევოს დატოვება უწევთ რუსი ოკუპანტების გააფთრებული შეტევების შემდგომ. ჩვენ მოკავშირეს ჰყავს ბევრი დაღუპული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე. რუსი ნაცისტები კიდევ ერთხელ არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებას და კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალი არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ლავროვი მოსკოვიდან თითს უქნევს თბილისს და მკაცრი ზომებით გვემუქრება ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის გამო. ეკონომიკური, სავალუტო და პოლიტიკური კრიზისი ერთად მოასკდა საქართველოს... რით არის დაკავებული ყრუ პროვინციალების გაერთიანება, თავის თავს "ხელისუფლებას" რომ ეძახის? ვენდეტით: უკრაინისგან პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ისინი უკვე სამჯერ გააგზავნა სამ ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში. ამისთანა იმბეცილები გინახავთ?" - ეს გრძელი ტირადა გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამის შემდეგ განა მოუბრნდება ვინმეს ენა, რომ თქვას, რომ ეს სახედაძმარებული ლოქო ქინძისკენ არ გარბის?
გარბის! გარბის კირისტეხით და ერთის იმედი აქვს - არავის ახსოვს, რომ იგი, ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპანტი ქვეყნის პასპორტს და მოქალაქეობას გულის ჯიბით ატარებდა.
რუსეთის დუმის სომხური წარმოშობის დეპუტატი იყო, რომ ამხილა, თორემ გავიდოდა წლები და ვინ იცის რამდენჯერ გაიმეორებდა სიამაყით: „გლიძიწე, ზავიდუიწე...“
შენ კი მოგხვდა არმაგედონის ზანგის პუანტები!!!
შეგახსენეთ, მაგრამ იქნებ სრულიადაც ზედმეტი იყო, რადგან მგონია, რომ ჯერ კიდევ გვახსოვს რაღაც-რაღაცეები და თუ არ გვახსოვს, რუსული შოკოლადის გარეშეც გავუმკლავდებით ნაადრევი და უადგილო სკლეროზის მუხანათურ შემოტევას.
ზუსტად მახსოვს, რომ იყო დაპირებები უფასო ფულის თაობაზე. ზუსტად ვიცოდი - ეს იყო მხოლოდ დაპირებები და მეტი არაფერი. ზუსტად ვიცი - ამ დაპირებისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუნიჭებია რამე მნიშვნელობა.
გასულ კვირაში გოგა ხაჩიძე გამოხტა და ნიუსიც ვიხილეთ: „საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებით, „უფასო ფულთან" დაკავშირებით მომზადებული ინიციატივა, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და ის მხოლოდ ამ ინიციატივის ტექნიკური შემსრულებელია. „ძალიან ვიკავებ თავს, რომ გამწარებული არ ავყვირდე, რა ხდება და რა მოსდის ლარს. იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ურტყამს ეს ყველაფერს. არ მაქვს ეს რვა მილიარდი. არც ჩემს საგვარეულოს არა აქვს ის, რაც თქვენს პატრონს აქვს, რომელმაც გვაოცნება და აგვიშვირა ასეთი დიდი ფულის „პაჭკა" და გვითხრა, ადექით, იოცნებეთ ოღონდ გავყაროთ ეს „ნაციონალები" აქედან. „ნაციონალების" წასვლას ვერ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილის დიდ დამსახურებად. ეს საზოგადოების დემოკრატიული გადაწყვეტილებაა. თუ „ნაციონალების" წასვლას თან გაყვა ეკონომიკა, ლარის კურსი და სიმშვიდე, მაშინ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, ისე მოითხოვს საზოგადოება „ნაციონალების" უკან დაბრუნებას", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
აბა, სად მე და სად ეკონომიკა, მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ უფასო ფული ბუნებაში არ არსებობს და თუ არსებობს - იმ გამონაკლისების სახით, რომლებიც წესს ადასტურებენ და ეს გამონაკლისები სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე სუბიექტია. სხვა საქმეა, რომ ასეთი „უფასო ფულის“ მსურველი ამ ქვეყანაში „ვედრო აბაზად“ მოიძებნება, ისევე როგორც - დაუმსახურებელი მაღალი სოციალური სტატუსისა, დაუმსახურებელი თანამდებობისა, დაუმსახურებელი მადლობისა და ა.შ. აი, თუნდაც ეს - „გუგული მაღრაძე: „უმრავლესობაში ზოგიერთი მხოლოდ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრობს“.
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და ამის შემდეგ იყო, გუგულიმ რომ გადაუფრინა ვიღაცის ბუდეს და ორივე „ვიღაც“ ამტკიცებს, რომ გუგული დიდი ვერაფერი სანახავი იყო. „აბა, რა სანახავი იქნება გიული ალასანიას დაქალი?“ - დანანებით აღნიშნა ერთმა ვიღაცამ.
სახედაძმარებული ლოქო ქინძისკენ გარბოდა.
გუგული მაღრაძის და გოგა ხაჩიძის პოლემიკაში იჭედება ეს ქვეყანა.
„როგორ მინდა, მოგეფეროთ!!!“ - მოუწერია გუგული მაღრაძისთვის და გოგა ხაჩიძისთვის არმაგედონის ზანგს. „მეც, მეც, მეც...“ - იხვეწებოდნენ ნანა ყეენიშვილი და ნუგზარ წიკლაური. ანეკდოტი გამახსენდა.
სუფრასთან, შუა ხნის ბიძა-კაცი მის პირდაპირ მოკალათბულ რამდენიმე ახალგაზრდას ეუბნება: „ბიჭებო, აი, შენ, შენ და შენ...“ „მეც“ - შეეტენა მეოთხე. „კარგი, შენც. აი, მე თქვენი ოთხივეს დედებს რომ...“
„დავით საყვარელიძეს, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, საქართველოს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკა ხერხეულიძემ განუცხადა, შემდგომი პროცედურების თანახმად, პარლამენტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებას სასესიო კვირაში ცნობად მიიღებს. რაც შეეხება პრიორიტეტებსა და გეგმებს, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ამის შესახებ დეპუტატად გახდომის შემდეგ ისაუბრებს“ - იუწყებოდა ინტერპრესნიუსი.
რა ინტელექტუალურ დივიდენდებს შეიძენს საქართველოს პარლამენტი ეკა ხერხეულიძისა და ლუკა კურტანიძის გადეპუტატებით, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ პირადად მე მეჩვენება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კარზე გვიკაკუნებს და გამომდინარე ამ კაკუნიდან, ასეთი პარლამენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ლისის ტბაზე ახალი ზოოპარკის გახსნა უნდა დაჩქარდეს. ამდენ ყოფილ კანონმდებელს სახელმწიფოს ხარჯზე ნამდვილად ეკუთვნის შესაბამისი და შესაფერისი საცხოვრისი. კარგი სანახავი და მოსასმენი კი იქნება, ტოტზე კუდით ჩამოკიდებული გოგა ხაჩიძე როგორ დაიძახებს „მიშა მაგარია“-ს, როგორ აკრიახდება ქანდარაზე შემომჯდარი ნანა ყეენიშვილი, როგორი ფრუტუნით ამოყოფენ წყლიდან თავს ხათუნა გოგორიშვილი და ნუგზარ წიკლაური და როგორ დაიჭიხვინებს პრჟევალსკის საგანელიძე. ეს ჩემი წარმოდგენებია, თორემ როლებს და ვოლიერებს თვითონაც კარგად დაინაწილებენ, არ გაუჭირდებათ და ვინ ვისთან და როგორ შეთანხმდება, ვინ ვის შეუწყვილდება და შეუჯვარდება, ვინ ვისთან მოძოვს ერთ მდელოზე და ვისთან ერთად მოისაქმებს ერთ ბოსელში. ამასაც მომავალი გვიჩვენებს და სრულიადაც არ გამოვრიცხავ, რომ ნაწილობრივ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, როდესაც პარლამენტში კენჭისყრაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დადგება.
ისე, ვერაფერს იტყვი - მარგველაშვილმა სერიოზული პენალტი დაარტყა: „საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს“.
„ის... წარმოადგენდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოს, რომელშიც კორუფცია იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი“ - აღნიშნა რიჟა-ზურაბამ. მას დაეთანხმნენ მაღალი მიშა, კუბდრის გია და სქელი ხათუნა.
„თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ქალი წარადგინა“ - ამასაც ბესთფრენდ სააგენტო იუწყებოდა. „ბესო-კესო აბრამიძის განცხადებით, იგი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა ტრანსსექსუალი, გია ჯაჯანიძე ბოლომდე იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი გია სურამელაშვილს წარადგენდა, ირაკლი ვაჭარაძისთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მხოლოდ ბიჭოლა თეთრაძის ფიგურაა მისაღები, ზაქარია ქუცნაშვილს კი ზაქარია ქუცნაშვილის გარდა არავის გაგონება არ სურს“ - მართალია, ასეთი ნიუსი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაფერი არ ნიუსდება.
ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი, არამედ აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ნინო გვენეტაძე საუკეთესო კანდიდატურაა. რა თქმა უნდა, ნაცები მხარს არ დაუჭერენ და აი სწორედ აქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება შავი და თეთრი აურა. ვინ იზიარებს ნაცების წარმოდგენას სამართლიანობაზე, პრინციპულობაზე, ზნეობაზე? მინდა გითხრათ, რომ ნაცებს ყოველივე ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ, ისევე როგორც მე, არ დამჭირვებია და ამიტომ, წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პიროლიზური ფისი. პიროლიზური ფისი გასულ კვირაში ფოთლებმა იყნოსეს.
ჯერ იყო ეს: „გარემოს დაცვის სამინისტრო - ფოთის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“. ხოლო შემდეგ ეს იყო: „ფოთის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით ხუთი პაციენტია გადაყვანილი“.
ხუთი პაციენტი სრულიადაც არ არის მოსახლეობა და არც ინტოქსიკაციაა საფრთხე.
ხოლო იქვე, ახლოს, საქართველოს მეორე საპორტო ქალაქში, არანაკლები საფრთხის შემცველი სიმყრალე დატრიალდა - რვა ნაცმაცუნამ სამი ქოცმაცუნას დახმარებით აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენა და შემდეგ, როცა ბაციკაძე-ვასაძის დებატებს ვადევნებდი თვალყურს, გიგი უგულავას ფრთიანი გამონათქვამი გამახსენდა და მისი პერიფრაზირება ვცადე: „გახდი შენი აჭარის მეეზოვე“.
ვინ მოაგროვა ამდენი ნაგავი?.. დამპალი პომიდვრები, მკვდარი კატები, ლაყე კვერცხები, დაჭეჭყილი ქილები, ცარიელი ბოთლები, მიწასთან შერეული ცელოფნები, საცობები, საცობები, საცობები... მრავალჯერადი საცობები.
და მალე, იქვე, იმავე ქალაქში... „კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ ლიკანში გამართული ორდღიანი სხდომა იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა. "რა თქმა უნდა, ამას ყოველ შაბათ-კვირას და თუნდაც თვეში ერთხელ ვერ მოვახერხებთ, მაგრამ თუნდაც 3 თვეში ერთხელ რომ შევიკრიბოთ, ძალიან კარგი იქნება. მე ვიტყოდი, ეს აუცილებელიცაა, რადგან ხდება მეტი აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს დუღილის, მუშაობის პროცესია. ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება სახელმწიფოში სხვანაირად იმუშაოს მთავრობამ ან პარლამენტმა. იმდენად ნაყოფიერი იყო ეს ორდღიანი შეხვედრა, რომ დავგეგმეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ანალოგიური სხდომა მოვაწყოთ აჭარაში", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მე რომ სუფსარქისი მეგონა, თურმე საგანელიძე უბერავს.
ზურგის ქარი, ბატონებო, ზურგის ქარი და შორს ჩვენგან, თუნდაც კიევში, ჯანდაბაში, არასამთავრობო სექტორში... შორს!!! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება.
ერთი დიდი, ენჯეოშნიკური ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ: „საქართველოს სახალხო დამცველი და ახლად დაფუძნებული "კოალიცია თანასწორობისთვის" დღეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. შეხვედრაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებაზე, მის შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე, ასევე სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციაზე იმსჯელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 თებერვლიდან ამუშავდება ცხელი ხაზიც, რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "კოალიცია თანასწორობისათვის" ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია. კოალიციის წევრები არიან: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საფარი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "იდენტობა".
არც კი ვიცი, რა ვთქვა. უფრო სწორად, კი ვიცი, მაგრამ ვაი, თუ ამ სტრიქონებს ქალბატონებიც კითხულობენ... ამიტომ არაფერსაც არ ვიტყვი და სიტყვას კიდევ ერთხელ გადავცემ ჩემს მეგობარ სააგენტოს: „შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი მთავრობას მომავალზე ორიენტირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ისეთი დრო, როდესაც მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს“.
თქვენ რას იტყვით? კობა ხაბაზია ამ ქვეყნის მომავალი თუ ლადო სადღობელაშვილი? იქნებ, ირაკლი ვაჭარაძე და აკაკი მინაშვილი სიდედრითურთ? იქნებ, მართლაც გვიახლოვდება ამ „ლა კომედიის“ „ფინიტა“, ანუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? ვიცინოთ თუ ვიტიროთ? სიმწრით ვიცინოთ თუ სიხარულით ვიტიროთ? ორ სათაურს და ერთ სრულ ნიუსს შემოგთავაზებთ და შემდეგ ტავად გადაწყვიტეთ, არიან თუ არა წაგება და მოგება ძმები და არიან თუ არა ცრემლი და ღიმილი დედმამიშვილები.
„კონსტანტინე კუბლაშვილი: „საქართველოში ვრჩები და დავაკვირდები სასამართლოს განვითარებას“.
„გიორგი მარგველაშვილი: „კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით“.
და ეს: „7 თებერვალს მედია-საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 6 თებერვალს ქუთაისში მომხდარი ავტოშემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ახლობლები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გუგული მაღრაძეს ადანაშაულებენ, რადგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თითქოს მანქანას ქერათმიანი ქალი მართავდა, რომლის სახელია გულო და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ქალბატონი გუგული მაღრაძეა. ვაცხადებთ, გუგული მაღრაძე 6 თებერვალს თბილისში იმყოფებოდა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატი ავრცელებს.
მაგარ შარში ვართ!!!
გასულ კვირაში საახოვი შევარდნაძის კაბინეტს იხსენებდა: „როცა შევედი, დაგვხვდა კატა, იმიტომ, რომ იყო თაგვები და ვირთხებიც კი, დაგვხვდა წყლის კასრი, იმიტომ, რომ 10:00 საათზე წყდებოდა წყალი, დამხვდა ძველი გეპეის ატმორი - პრეზიდენტსაც არ ჰქონდა არც წყალი და არც დენი. სხვათა შორის, "წინა" კატამ თავი მოიკლა, რადგან გადახტა მე-11 სართულიდან, ამიტომ ფანჯრებზე იყო ბადეები, რომ არ გადამხტარიყო“.
წინა კატაც მაგარ შარში იყო, მაგრამ ახლა სხვა დროა - სახედაძმარებული ლოქო ქინძისკენ გარბის.
საწყალი უკრაინელები... ჯერ არ იციან, ამ ქინძების გამო რა კამა-სუტრაში გაყვეს თავი.
კ.ვ.ტ. (კუთხეში ვაშაძე ტიროდა) კუთხეში პანიკოვსკი ტიროდა. „მომეცით ჩემი ფული, - ენამოჩლექით ამბობდა იგი, - მე მთლად ღარიბი ვარ! ერთი წელია აბანოში არ ვყოფილვარ. მე მოხუცი ვარ. მე ქალიშვილებს არ ვუყვარვარ“. „მიმართეთ სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგას, - მიუგო ბენდერმა, - იქნებ იქ გიშველონ“.
(ილია ილფი, ევგენი პეტროვი - „ოქროს კერპი“)