ექსპერტთა ნაწილის აზრით, სკოლაში შესაყვანად საუკეთესო მინიმალური ასაკი შვიდი წელია

ექსპერტთა ნაწილის აზრით, სკოლაში შესაყვანად საუკეთესო მინიმალური ასაკი შვიდი წელია

ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სკოლაში შესაყვანად საუკეთესო მინიმალური ასაკი შვიდი წელია. იგი ნაციონალებისდროინდელ ე.წ. საიდუმლო კვლევებზეც საუბრობს, სადაც ფიქსირდება, თუ როგორი მძიმე დაავადებები ვლინდებოდა იმ ბავშვებში, რომლებიც სკოლებში ნაადრევად შეჰყავდათ.

ექსპერტის თქმით, აღნიშნულ კვლევებში მითითებული იყო ცენტრალური ნერვული სისტემის ნაირფერი დაავადებების შესახებ და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ნერვულ სისტემაზეა აგებული, მაშინ გასაგები ხდება, რატომ არიან ექვსი, ხუთი და უფრო ადრეულ ასაკში სკოლაში შეყვანილი ბავშვები განწირულნი წარუმატებლობისთვის. მათი გონება, აზროვნება, ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემები, თითები, მოტორიკა, ხელის მტევანი, ხერხემალი, ტვინი მოუმზადებელია მკაცრი ორგანიზებული პროცესისთვის, როგორიცაა სკოლა. ამიტომაც ენაბლუობა, შარდის შეუკავებლობა და სხვა ამ ასაკისთვის შეუფერებელი ნაადრევი სწავლების სიმპტომებია.

„პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და ბავშვის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით, ასე მოაწყო ღმერთმა, რომ სკოლაში შეყვანის მინიმალური ასაკი შვიდი წელია, ყველაზე საუკეთესო ასაკად შეიძლება ჩაითვალოს რვა წელი, მაგრამ კარგით, იყოს შვიდი წელი. ჩვენს წინაპრებს რვა და ცხრა წლის ბავშვები შეჰყავდათ სკოლაში, შემდეგ ეს ასაკი ჩამოვიდა შვიდ წელზე, გავიდა კიდევ ათეული წლები და უკვე ექვს წელზე ჩამოვიდნენ. ეს კომუნისტების დროს მოხდა, როცა დადგენილება მიიღეს ექვსწლიანთა სკოლაში შეყვანის შესახებ. სწორედ მაშინ დაინგრა სკოლები და მაშინ დაიწია განათლების ხარისხმა, რადგან არ იყო ბავშვი მზად ამისთვის. არ შეიძლება, ხუთი წლის ბავშვი სამი და ოთხი საათით მერხთან იჯდეს. თანაც, მას ხუთი და ექვსი გაკვეთილი აქვს. მართალია, ეს 35-წუთიანი გაკვეთილებია, მაგრამ გაამრავლეთ ხუთსა და ექვსზე, ამას მიუმატეთ გაკვეთილებს შორის დასვენებებიც, ესეც ხომ სასკოლო რეჟიმია. თანაც, საუბარია ჩვენი სკოლების გაუმართავ, კეთილმოუწყობელ ინფრასტრუქტურაზე, სადაც არც მოსასვენებელი და არც სათამაშო ოთახები არ არის ბავშვებისთვის. არადა, ბავშვებს რომც ჰქონდეთ სკოლებში სათამაშოები, მათი გონება, ხერხემალი არ არის მომზადებული, რომ წერა-კითხვა ისწავლონ. ბოლოს და ბოლოს, მათი ხელი არ არის ისე განვითარებული, რომ სრულყოფილად წერა დაიწყონ. ანბანი ყველაზე რთული სასწავლებელია“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.

ის არგუმენტი, რომ ახლანდელი ბავშვები უფრო განვითარებულნი არიან გონებრივად, ვიდრე ადრინდელები, ექსპერტისთვის მიუღებელია. მას აინტერესებს, ნუთუ ფიზიოლოგია შეიცვალა და ხერხემალი აქვთ თანამედროვე ბავშვებს უკვე განვითარებული? საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ პატარებს ცენტრალური ნერვული სისტემა ენგრევათ და მასწავლებელი რამდენიც არ უნდა ეფეროს ხუთი წლის ბავშვს, პატარა მაინც ვერ შეეგუება მკაცრად ორგანიზებულ სასწავლო პროცესს. თუმცა მშობლები იმით ტყუვდებიან, რომ ხუთი წლის ბავშვს თუ რამეს ეტყვიან, ისიც გაიმეორებს, ეს მაშინ, როცა ერთი და ორი წლის ბავშვიც გაიმეორებს იმას, რასაც მშობელი გააკეთებს.

„ნაციონალების კვლევები ეხებოდა ზუსტად ამ საკითხებს, რაც მათ „გააკეთეს“ სკოლებში, მერე ძალზე ცუდი შედეგი მოჰყვა ამას და გაასაიდუმლოეს. მე ვიცი, მშობლებს რაც აწუხებთ, მე-12 კლასს გვიან რომ დაამთავრებენ მათი შვილები, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობაა მთავარი. რომელი ნორმალური და კვალიფიციური ფსიქოლოგი და ექიმი იტყვის, რომ ხუთი წლის ბავშვი და ოთხნახევარი წლის ბავშვი სკოლებში შეყარეთო? ეს სააკაშვილის დროს მოხდა, ახლა ექვსი წელი ჩაწერა სამინისტრომ ზღვრულ ასაკად და, ლამის, ჯვარს გააკრან დღევანდელი სამინისტრო. თავი დაანებონ მშობელებმა სამინისტროს, არავინ ეკითხება მშობელს, სახელმწიფო რას დააკანონებს“.

„საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე დავით ლაგვილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. საიდუმლო კვლევები ბუნებაში არ არსებობს და სკოლაში ხუთი წლის მოზარდის შეყვანასთან დაკავშირებით კატეგორიული აკრძალვა არსად დაფიქსირებულა. დავით ლაგვილავას თქმით, ზოგადად, განათლების სამინისტროს ჩატარებული აქვს კვლევა ხუთი წლის ასაკში სწავლის დაწყების შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები ვერ ეგუებოდნენ სასწავლო პროცესს. თუმცა ამ „ზოგიერთი შემთხვევის“ განზოგადება არ იქნება სწორი, რადგან ასეთი ხარვეზი შეიძლება ექვსი წლის ბავშვებშიც დაფიქსირდეს.

„ამაში საგანგაშო რომ ვერაფერი ნახეს, ამიტომაც არ მოხდა კატეგორიული აკრძალვა. იმ ქვეყნებში, სადაც სწავლებას ექვსი და შვიდი წლიდან იწყებენ, არის „პრაიმ-სკულები“, სადაც, სხვათა შორის, ბავშვები ხუთი წლის ასაკში შეჰყავთ. ფსიქოლოგები განსაზღვრავენ, რომ ხუთი და ექვსი წლის ასაკის ბავშვებს შორის არსებითი განსხვავება არ არის. ამიტომ, თუ სკოლა და ბავშვი მზად არიან, სახელმწიფოს მხრიდან ამის აკრძალვა არ უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, პოპულისტურ განცხადებას ჰგავს, თითქოს მაშინ დაიღუპა ჩვენი განათლების სისტემა, როცა ექვსი წლიდან ბავშვების სკოლაში შეყვანა დაიწყეს. ზოგჯერ ხუთი წლის ასაკის მოზარდი გაცილებით უფრო მომზადებულია სკოლისთვის, ვიდრე-ექვსი წლის“, - აღნიშნა დავით ლაგვილავამ.