საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შრომის გენერალური ინსპექციის შექმნა ბიზნესს საფრთხეს არ შეუქმნის. პირიქით, ეს საერთაშორისოდ მიღებული და მაქსიმალურად რბილად გაწერლი გარდამავალი პერიოდის დოკუმენტია, რომლის შექმნის საკითხზეც სახელმწიფოს, პროფკავშირებსა და დამსაქმებლებს შორის კონსულტაციები თვეების განმავლობაში მიმდინარობდა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ შრომის ინსპექცია დაინერგოს, საჭიროა, შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება, რაც მოკლე პერიოდში ვერ მოხდება და ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.
„მე ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნობიან შრომის ინსპექციის შინაარსს, არანაირი კითხვა არ დარჩება და არანაირი საფრთხე არ შეექმნება ბიზნესს“, - ამბობს სერგეენკო, რომლის განმარტებითაც, ყველაზე მთავარი საკითხი შრომის ინსპექციაში არის ტრეფიკინგი და დასაქმებულთა უკანონო ექსპლუატაცია.
ხომ არ დააფრთხობს შრომის გენერალური ინსპექცია ჩვენს ბიზნესმენებს?
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შრომის გენერალური ინსპექციის შექმნა შრომით ურთიერთობებს ვერ მოაგვარებს. პირიქით, ეს იქნება დამატებითი სახელმწიფო ბიუროკრატია, დამატებითი ხარჯები და დამატებითი დისკომფორტი ბიზნესისთვის. ამდენად, რაც უფრო „ჩაჰყოფს“ ცხვირს სახელმწიფო ბიზნესში და, რაც უფრო მეტ შემმოწმებელს, მაკონტროლებელს გაუჩენს ბიზნესს, მით მეტ უხერხულობასთან იქნება დაკავშირებული ბიზნესის წარმოება საქართველოში. ამიტომ შრომითი ინსპექციები კი არ უნდა შექმნან შრომითი ურთიერთობების დასარეგულირებლად და ახალი სამუშაო ადგილების გასაჩენად, არამედ რაც არის, ისიც უნდა შეამცირონ და მაქსიმალური თავისუფლება, კომფორტი, ჩაურევლობის პოლიტიკა უზრუნველყონ ბიზნესისთვის.
„ზოგ ქვეყანაში ეს ინსტიტუტი მოქმედებს, ზოგან - არა. მაგალითად, ევროპაში შრომის ინსპექცია არის და, შესაბამისად, ევროპაში აბსოლუტურად სხვა პრობლემების წინაშე დგას ბიზნესი. რაც შეეხება ამერიკას, იქ ეს ინსტიტუტი არ გვხვდება და აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევებია. უკანონოდ ექსპლუატირებულთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო და სასამართლომ უნდა დაიცვას დაქირავებულთა უფლებები. გარდა ამისა, არსებობს შრომის კოდექსი, რომელიც კარგად აპრობირებულია და მას იცნობს მოსამართლეთა მთელი შემადგენლობა“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს ის რგოლი, რომელიც რეკომენდაციას მისცემს ორგანიზაციას, ზუსტად დაიცვას დასაქმებულის უფლებები და შემდგომში რეაგირება მოახდინოს მათი უფლებების დარღვევაზე.
„ბიზნესმა, მეწარმემ ეს არ უნდა წარმოიდგონოს სადამსჯელო ორგანოდ. მაგალითად, პარალელი გავავლოთ საგადასახადო ორგანოსთან, რომელიც მეწარმის მხრიდან დამსჯელ ორგანიზაციად აღიქმება, რადგან, როცა საგადასახადო კონტროლის შესახებ ისმენენ, ჰგონიათ, მაინცდამაინც ვიღაც უნდა დაისაჯოს და ვიღაცას უნდა დაერიცხოს გადასახადი. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ასე არ ხდება. ასევეა შრომითი ინსპექციაც. თუ ბიზნესმენებმა წარმოიდგინეს, რომ ინსპექტორი მათ სჯის არასწორი საქმიანობისთვის, თავიდანვე ნეგატიურ განწყობას შეიქმნიან მის მიმართ. ხოლო, თუ მეწარმე იფიქრებს, რომ შრომის ინსპექცია ერთიანობაში არის დამქირავებლის თუ დაქირავებულის უფლებების დამცველი და დამბალანსებელი, მაშინ ეს კარგი იქნება. ვფიქრობ, ე.წ. საკონტროლო გასვლით ღონისძებებს განახორციელებენ შრომითი ინსპექტორები. თორემ ერთი ინსპექტორის მიმაგრება ერთ საწარმოზე უფრო ცუდი იქნება, ვიდრე გასვლითი ღონისძებები.
მაგალითად, აჭარაში არსებობს ჩახვის სამკერვალო ფაბრიკა, სადაც, როგორც ამბობენ, დასაქმებულთა უფლებები დარღვეულია, როგორც ანაზღაურების, ისე - შრომითი პირობების მხრივ. შეიძლება, შრომითი ინსპექტორის მხრიდან მათ რეკომენდაცია მიეცეთ, გამოასწორონ პირობები“, - აცხადებს პაატა აროშიძე და იმ დროსაც იხსენებს, როცა შრომითი კანონმდებლობა მორგებული იყო ინვესტორსა და დამსაქმებელზე. ოღონდ ინვესტორი მოსულიყო და დასაქმებულთა პირობებს არავინ უყურებდა. მართალია, შემდგომში უკვე შეიცვალა შრომის კოდექსი, მაგრამ ჯერჯერობით, ის მაინც არ არის იმ დონემდე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ევროკავშირთან გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ხომ სწორედ ტრეფიკინგული შრომის კოდექსი იყო. სწორედ ეს უნდა შეამსუბუქოს ახალმა შრომის ინსპექციამ და უნდა მოიყვანოს იმ ნორმებში, რაც ევროპაშია.
„უცხოეთში მთავარია შრომის კოდექსი, იქ სასამართლო მაღალ დონეზეა და დაქირავებული პირი უფლებების დარღვევის გამო მიმართავს პროფკავშირებს, შემდეგ უკვე - სასამართლოს. პროფკავშირებს უცხოეთში ყოველგვარი უფლებები გააჩნია, განსხვავებით, ჩვენი პროფკავშირებისგან, რომელიც ამ უფლებებს მხოლოდ გაფიცვისთვის იყენებს. ასე რომ, თუ პროფკავშირები მაღალ დონეზე იქნება, მაშინ შრომითი ინსპექციაც არ იქნება საჭირო და დასაქმებული მაშინვე მიმართავს პროფკავშირებს“.
For.ge ბიზნესმენ გოგი თოფაძესაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ გამოკვეთილი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს და ვერ იტყვის, არის თუ არა შრომითი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა დისკომფორტი ბიზნესმენებისთვის, რადგან არ გასცნობია აღნიშნულ დოკუმენტს. ამდენად, როდესაც გაერკვევა შრომითი ინსპექტორის ფუნქციაში, მას შემდეგ გააკეთებს განმარტებას.