რუსეთი „მალთუსის ხაფანგის“ ამოქმედებაზე გადადის

რუსეთი „მალთუსის ხაფანგის“ ამოქმედებაზე გადადის

სანამ ჯონ მაკკეინი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მას სირცხვილის გრძნობა იპყრობს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი პრეზიდენტისა და საკუთარი თავის გამო, რადგან უკრაინელებს არ აქვთ იარაღი რუსულ ტანკებთან საბრძოლველად, მანამდე რუსეთის გენერალიტეტი არცთუ ისე შორეულ გეგმებს სახავს. თუ რუს სამხედრო ექსპერტს - პაველ ფელგენგაუერს ვერწმუნებით, რუსეთი მსოფლიო ომისთვის ემზადება და მისი შეტაკება ნატოს ქვეყნებთან 2020 წლისთვის არის მოსალოდნელი.

„ჩვენ ნატოსთან შეტაკებისთვის ვემზადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ტარდება გადაიარაღების პროგრამა? იმდენი ფული დაიხარჯა ამისთვის. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმაც ღიად განაცხადა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მსოფლიო ომისთვის ემზადებიან. ეს პრაქტიკულად გარდაუვალია. გადაიარაღების პროგრამა ისეთი გათვლით ჩაუშვეს, რომ 2020 წლის შემდეგ უნდა ვიყოთ მზად ან მსოფლიო ომისთვის, ანდა რეგიონალური კონფლიქტების სერიისთვის, ე.წ. რესურსული ომებისთვის“, - განაცხადა ფელგენგაუერმა, რომლის თქმითაც, რუსული პოლიტიკა „Malthusian trap“-ის ამუშავებაზეა აგებული.

როგორც ჩანს, ფელგენგაუერი მალთუსისეულ ხაფანგს გულისხმობს, რომლის თეორიაც მოსახლეობის არაკონტროლირებადი ზრდის შეჩერებასა და არსებობისთვის ბრძოლის პრინციპს ეფუძნება. ზუსტად ამ კონტექტსში ახსენებს ფელგენგაუერი მსოფლიო კრიზისს, რესურსების უკმარისობას, რომლის ფონზეც, მისი ვარაუდით, რუსეთის როლი ამაღლდება და რისკებიც გაიზრდება. კონკრეტულად, სამხედრო ექსპერტი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ბუნებრივი რესურსების წართმევის მიზნით, რუსეთს მთელი მსოფლიო დაესხას თავს, მისი ძირითადი მოწინააღმდეგის - ამერიკის თაოსნობით.

ამიტომაც თავდაცვის პერიმეტრი უნდა აიგოს და ამ პერიმეტრში უკრაინაც შედის. ვინაიდან უკრაინის დაკარგვა თავდაცვითი პერიმეტრის გარღვევა იქნება, რუსი გენერალიტეტი თვლის, რომ უკრაინა ნებისმიერი ძალით უნდა შეინარჩუნონ. ეს მით უფრო აქტუალურია ახლა, როცა ნატო რუსეთს რეალურ საშიშროებად მიიჩნევს და, როცა სულ რამდენიმე კვირის წინ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომაზე რუსეთთან ბრძოლის მზადების პროგრამა დამტკიცდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალზე რთულია პაველ ფელგენგაუერის ნათქვამის დაჯერება, რადგან ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეობიდან სამხედრო ექსპერტად გადაიქცა. ეს სრული ანტიპოდია იმისა, რაც დასავლეთში ხდება, სადაც სამხედრო ექსპერტი მართლაც სამხედრო საქმის მცოდნე მეცნიერი და ანალიტიკოსია.

ქართველი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, მსოფლიო ომი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, თუკი რუსეთში ხელისუფლების სათავეში არ მოვიდა „ვიღაც ჯიჰადისტი“, რომელიც მიზნად დაისახავს, მსოფლიო განადგურდეს, თავადაც განადგურდეს იმ იმედით, რომ სხვა სამყაროში ბედნიერებას დაიმსახურებს.

„არის ასეთი ხალხი, მაგალითად, ახლახანს ლონდონელმა სკოლის მოსწავლე გოგონებმა სკოლა მიატოვეს და გაიპარნენ ჯიჰადისტებთან, ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად. რაც შეეხება პუტინს და რუს ოლიგარქებს, მათ გემო გაუგეს კარგ ცხოვრებას. ეს აღარ არის საბჭოთა ნომენკლატურა, როცა სუსლოვი ამაყობდა იმით, რომ მისი ოჯახის წევრები საერთოდ არ ყოფილან უცხოეთში და არც თავად ჩასულა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ თურმე, უცხოეთში კარგს ვერაფერს ნახავდა. ახლა სხვა თაობაა რუსეთში. აგერ, პუტინის ქალიშვილი სამხრეთ კორეელთან ერთად ბელგიაში თუ ჰოლანდიაში ცხოვრობს, თავისთვის გრიალებს, ისინი საკუთარი თვითმფრინავით მიფრინავენ. ამიტომ რუსეთში თვითმკვლელები აღარ არიან. ასეთი ომი უკრაინასთან, საქართველოსთან, ბალტიისპირეთთან ძალზე ძნელი სავარაუდოა, რადგან ბალტიისპირეთში მაინც, ნატოა. ყაზახეთში კიდევ შესაძლებელია.

უბრალოდ, რუსეთს სამხედრო ძალა სჭირდება იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე-საბჭოთა კავშირს. განა, საბჭოთა კავშირში არ იცოდნენ, რომ ნატო არასოდეს დაესხმებოდა თავს საბჭოთა კავშირს? რუსეთში სერიოზულად არავინ ფიქრობდა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე, მაგრამ საბჭოთა ბიუჯეტის 60% მაინც მიდიოდა შეიარაღებაზე. რუსეთს ეს იარაღი სჭირდება იმისთვის, რომ მას აგარიში გაუწიონ. როგორც საბჭოთა კავშირის, ისე რუსეთის იდეაფიქსი არის ის, რომ დასავლეთი მას არ ცნობს თანასწორუფლებიან პარტნიორად.

არც ნიკოლოზ პირველს არ უნდოდა მსოფლიო ომი, მაგრამ ის ამბობდა, ევროპაში ჩემი თანხმობის გარეშე ერთი ქვემეხიც ვერ გაისვრისო. მას სიამოვნებდა, რომ უძლიერეს ქვეყანას წარმოადგენდა, რომელსაც ყველა ანგარიშს უწევდა. დღეს კი რუსეთს ანგარიშს აღარავინ უწევს. დღეს ერთი ციცქნა დანია კვებავს ნახევარ ევროპას ქათმის ხორცითა და კვერცხით, რომელ რუსულ რესურსებზეა საუბარი? ევროპა თავისუფლდება რუსულ რესურსზე დამოკიდებულებისგან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

რაც შეეხება რეგიონულ კონფლიქტებს, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ამ სახის კონფლიქტები კვლავაც მოსალოდნელია, მაგრამ ეს სულ უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული წიაღისეულ ნედლეულზე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს შეიძენს სამხედრო ტექნიკის განვითარება. ამ დროს კი რუსეთში მეცნიერება დღითიდღე ეცემა, საბჭოთა მეცნიერული კადრი წასულია. რაც არ უნდა გამდიდრდეს რუსეთი, სანამ მისი სიმდიდრე კორუფციაზე იქნება დამოკიდებული, მისი გავლენა მსოფლიოში ვერ გაიზრდება. რუსეთის მიმართ უფრო შიში იქნება და ამ შიშს მოჰყვება კოალიციების შექმნა რუსეთის წინააღმდეგ.

სოსო ცინცაძის აზრით, მთელი ევროპა გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ. მართლია, ევროპას გაუქრა რუსეთისადმი შიში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან 2010 წლამდე, მაგრამ ახლა ისევ შიში გაუჩნდათ. ამიტომაც ევროპელები უხალისოდ, მაგრამ მაინც ზრდიან სამხედრო ხარჯებს. სწორედ ამას „მიაღწია“ რუსეთმა.

რამდენად ემზადება მსოფლიო ომისთვის რუსეთი, ექსპერტ კორნელი კაკაჩიასთვის რთული სათქმელია, მაგრამ ის ფიქრობს, რომ რუსეთი „ველიკოდერჟავულ“ ამბიციებს არ დათმობს და მზად იქნება, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, დაიცვას თავისი ე.წ. სასიცოცხლო ინტერესები ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე.

For.ge-სთან საუბარში კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ აქვს იმის ფუფუნება, საკუთარი სამხედრო ძალის პროექტირება მოახდინოს სხვა კონტინენტზე, მაგრამ თავისი სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გამოიყენოს სამხედრო ძალა.

„ზუსტად იმის თქმა, თუ რა მოხდება 2020 წლისთვის, კაციშვილმა არ იცის, იმდენად სწრაფად იცვლება რეგიონში მდგომარეობა. ფაქტია, რომ რუსეთი იარაღდება. ის ცდილობს, რეგიონული ჰეგემონობა დაამყაროს სამხედრო ძალით, ვინაიდან ეკონომიკური პარამეტრებით, ის, ჯერჯერობით, ახლოსაც არ არის შეერთებულ შტატებთან ან ევროკავშირთან. ნატო და, განსაკუთრებით, ევროკავშირი ნელა, მაგრამ თანდათანობით ხვდებიან, რომ რუსეთთან უკვე არ შეიძლება სახიფათო თამაშის წარმოება. უკრაინის მდგომარეობა მათ აიძულებთ, გარკვეული პასუხი გასცენ რუსეთს, განსაკუთრებით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ასეთი სცენარი სიტუაციას ცვლის, რადგან უკვე ნატოს ქვეყნებზეა ლაპარაკი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ამას წინათ განაცხადა, რომ მათ ერთ-ერთ თავიანთ დოკუმენტში თავდაცვის კუთხით ჩაწერეს, რომ რუსეთი არის საფრთხე ნატოსთვის. ეს მიუთითებს, რომ თანდათანობით, ძალიან ნელა დასავლეთში არის ასეთი განწყობა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. თუ კონფრონტაცია უკრაინასთან გაგრძელდება, ალბათ, დავუბრუნდებით იმ სიტუაციას, როცა ნატო, კონკრეტულად, დასავლეთი იძულებული გახდება, მოიფიქროს ერთიანი სტრატეგია რუსეთის შეკავების შესახებ. ალბათ, აქ იქნება ის სტრატეგიაც, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში როგორ აღუდგნენ წინ რუსეთს“, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.