„სანამ „კავკასუს ონლაინის“ შესასვლელში არ ამაფეთქებენ, მანამდე ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ უნდა იქნას გამოძიებული?“

„სანამ „კავკასუს ონლაინის“ შესასვლელში არ ამაფეთქებენ, მანამდე ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ უნდა იქნას გამოძიებული?“

მართალია, დაგვიანებით, მაგრამ საარჩევნო დაპირებაზე, რასაც „სამართლიანობის აღდგენა“ ჰქვია ხელისუფლებამ  ზრუნვა ორწლიანი ლოდინის შემდეგ დაიწყო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხზე პროკურატურაში თებერვლის დასაწყისში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნებოდა, ხოლო კონკრეტული გეგმა, როგორ მოხდება ქონების კომპენსირება, დაზარალებულებს თებერვლამდე წარედგინებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ პროკურატურამ დაასრულა ყველა საჩივრის შესწავლა, რომელიც უწყებაში ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად შევიდა. მისი თქმით, საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე ათასობით იმ რეპრესირებულ ადამიანს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს და იყვნენ მსხვერპლნი არაადამიანური მოპყრობის და წამების. 

ბიზნესმენი, „კავკასუს ონლანის“ კანონიერი მესაკუთრე, მამია სანადირაძე ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას. როგორც სანადირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ არ დაიწყო დაზარალებულთა საქმეების შესწავლა, ქონება წართმეული ბიზნესმენების, შვილმკვდარი მშობლების და პოლიტპატიმრების ორგანიზებით დაიწყება საპროტესო აქციები.

დაპირების მიუხედავად, რატომ ჭიანურდება სპეციალიზირებული პროკურატურის პრეზენტაცია და რა გეგმები აქვთ დაზარალებულებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მამია სანადირაძეს ესაუბრა.

პრემიერის განცხდებით, თებერვალში შეიქმნებოდა სპეციალიზირებული პროკურატურა, რომელიც იმუშავებდა ამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხზე. თუმცა, ამ დრომდე ეს დეპარტამენტი არ შექმნილა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეიქმნა სპეციალიზირებული პროკურატურა

- ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც მე პირადად და მოძრაობა „დააბრუნემ“ ჩავატარეთ სამეცნიერო კონფერენცია. მოვიწვიეთ ყველა ის ექსპერტი, რომელიც გათვიცნობიერებული იყო ამ საკითხში. შევეცადეთ მოგვეძია ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ყველა სხვა იდეებს შორის გამოიყო ერთი რეალური იდეა, რომლის ავტორიც იყო გია მეფარიშვილი. ეს იდეა მდგომარეობდა იმაში,  რომ პროკურატურის სისტემაში შექმნილიყო ცალკე დეპარტამენტი, დაქირავებული ყოფილიყო 100 პროკურორი, რომლებსაც არ უმუშავიათ მიხეილ სააკაშვილის რეპრესიულ სისტემაში, რომელთაც მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული იმ დანაშაულებებში, რომელიც ჩადენილი იქნა კონკრეტული ბიზნესმენების და პიროვნებების წინააღმდეგ. სწორედ, მათი მეშვეობით შექმნილიყო სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც ნაციონალების მმართველობის 9 წლიან პერიოდში ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებდა. მათ საკმაოდ მაღალი მოტივაცია ექნებოდათ, რომ გამოეძიათ და დაემტკიცებინათ ახალი მთავრობისთვის თავის პატიოსნება, რაც გამოიწვევდა იმ ხალხისგან განთავისუფლებას სხვადასხვა სტრუქტურებიდან, რომლებმაც ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი. ბოლოს იქამდე მივიდა დანაშაულებებთან დაკავშირებული ბანდა, რომ პრობლემის გადასაჭრელად გაბედეს დაზარალებული ხალხის მოშორება.

იდეა, რომელიც ეკუთვნის გია მეფარიშვილს, თავიდანვე რატომ არ იქნა გაზიარებული მმართველი პარტიის მიერ, რომეიც ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებებით მოვიდ?

- სწორედ იმიტომ, რომ პიროვნებები, რომლებიც იყვნენ პროკურატურაში და შსს-ში, მოახერხეს ახალი ხელისუფლების დარწმუნება, რომ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანება მოდიოდა მიხეილ სააკაშვილისგან, თვითონ იყვნენ შემსრულებლები და, რომ ისევე ერთგულად გააგრძელებდნენ ახალი მთავრობის მსახურს, როგორც სააკაშვილს უერთგულეს. ალბათ ამაში ენდო და დაუჯერა მთავრობამ, სანამ არ ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი.

ორჯერ ახსენეთ ვაზაგაშვილი, თქვენ ფიქრობთ, რომ სამართლიანობის აღდგენასთან არის კავშირში ვაზაგაშვილის აფეთქება?

- რასაკვირველია. ყველასთვის ნათელია, რომ დამნაშავეებმა, რომლებმაც ვერანაირად ვერ შეძლეს გაეჩერებინათ ვაზაგაშვილის კანონიერი მოთხოვნა მისი შვილის გამოძიებასთან დაკავშირებით, ადგნენ და თვითონ მომჩივანი ააფეთქეს და მოიშორეს. ესეც არის დამნაშავის მთავარი მოტივაცია.

ამ ლოგიკით თქვენც ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგხართ...

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ჩვენს მოძრაობას „დააბრუნეს“, ვაზაგაშვილის ა-ო „გადაარჩინე სიცოცხლეს“ და  პოლიტპატიმრებს დათქმული გვქონდა, რომ გაზაფხულზე დაგვეწყო მასიური გამოსვლები დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით. სანამ ყველას არ დაგვხოცავენ, სანამ მეც ჩემი საკუთარი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ შესასვლელში არ ამაფეთქებენ, მანამდე ჩემს წინააღდეგ ჩადენილი დანაშაული არ უნდა იქნას გამოძიებული?

როგორც ვაზაგაშვილი ასახელებდა მისი შვილის მკვლელებს, ასევე მეც ვასახელებ ჩემი კომპანიის დამყაჩაღებლებს და წამრთმევებს. ყველა მტკიცებულება გადაცემული მაქვს პროკურატურისთვის თავის აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით. აუცილებელია, რომ ყველა დაზარალებული მოკლან, რომ მერე იქნას მისი საქმე გამოძიებული? დამნაშავე ყოველთვის ცდილობს, რომ ციხეში არ წავიდეს და მოიშოროს მსხვერპლი.

ძალაში რჩება გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა. თუ არ შეიქმნა სპეციალიზებული პროკურატურა და თუ არ დაიწყო რეალური გამოძიება, ეს პროცესები დაიწყება, ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქონება და დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ასეთი რამ არასოდეს განმეორდეს. ამ ორი წლის განმავლობაში სულ ვამბობდი, რომ ეს მთავრობა წაქეზებულია დაუსჯელების სინდრომით. ძალიან დიდი ცდუნება აქვს მთავრობის ზოგიერტ წევრს, რომ დანაშაულებრივი, კრიმინალური და კორუფციული მეთოდებით მოიხვეჭოს ქონება იმ იმედით, რომ შემდგომ, ამ ქონებას გაუყოფს მომავალ მთავრობას. საქართველოში 25 წელია ეს მოჯადოებული წრე გრძელდება. იქამდე გათამამდნენ, რომ სასამართლოში მიჩივიან საერთოდ რატომ ლაპარაკობ ამ საკითხზეო.

პრემიერის განცხადების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ დაიწყებოდა სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს დაზარალებულთა საქმეების შესწავლას და რეაგირებას, მაგრამ ეს პროცესი ისევ შეჩერებულია, გაქვთ ინფორმაცია, რა არის მიზეზი?

- ორი წლის წინ ბატონმა ბიძინამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის არ გამოიძიებდა ამ ადანაშაულებს იმიტომ, რომ ეს დააწვებოდა ბიუჯეტს. მისი გათვლებით 6-7 მილიარდი ექნებოდა ბიუჯეტს გადასახდელი. ეს იყო მოგონილი ციფრი, რომელმაც პროცესი გააჩერა და კიდევ უფრო დააზარალა დაზარალებულები. გაირკვა, რომ სულაც არ ყოფილა ამხელა თანხებთან დაკავშირებული ეს პროცესი. ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ მოხდა დათვლა და დადგინდა, რომ ეს ბიუჯეტს არ დააწვებოდა ძალიან დიდ ტვრითად და თურმე, არ ყოფილა ისეთი თანხები, რომ ორწელიწადნახევარი გაჩერებულიყო გამოძიება.

ძალიან ბევრი ბიზნესმენი და მე საკუთარ თავზე გეტყვით, რომ ვედავები კონკრეტულ ბიზნეს ჯგუგებს, ვინც მიისაკუთრა ჩემი კომპანია და ამაში ჩართული იყო სახელმწიფოც. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში ისრაგებლეს იმ არაკეთილსინდისიერმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც მოვიდნენ პირადი გამდიდრებისათვის ხელისუფლებაში, მიეკედლენ „ქართულ ოცნებას“ და მოხდა სააკაშვილის დანაშაულებრივ ჯგუფთან გაერთიანება და ბიზნესწილების გადაფორმება. სწორედ ასეთი პიროვნებების ინტერესი გახლავთ ის, რომ არ შეიქმნას სპეციალიზებული პროკურატურა.

სპეციალურად ჩამოვედი ლონდონიდან, რადგან ვიცოდით, რომ თებერვლის ბოლოს უნდა შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი პროკურატურაში, რომ ჩემს ადვოკატებთან ერთად შევხვედროდი პროკურორთა კორპუსს, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა,  როგორც გვქონდა დათქმული, გაზაფხულზე დაიწყება საპროტესტო აქციები, რომ მივიქციოთ ყურადღება. ჩვენთვის სამართლიანობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანები განადგურდნენ, ზოგი უსახლკაროდ დარჩა, ზოგსაც ოჯახი დაენგრა. ამ ხალხს სჭირდება ღირსების აღდგენა. ამ ადამიანების გაუბედურების ხარჯზე მედროვეებმა აიწყვეს ცხოვრება.  მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე.