პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძის მხარდაჭერას არ აპირებს და შესაძლოა, მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდეს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე გვენეტაძის წინააღმდეგ ის 19 დეპუტატი გამოვიდა, რომელთაც ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
როგორც ჩანს, ფრაქცია „ქართული ოცნება“ გვენეტაძისთვის ნდობის გამოცხადებას მართლაც არ გეგმავს, რადგან მათ გვენეტაძეს დაბრკოლებები უკვე შეუქმნეს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ გამო, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორჯერ - დილას და საღამოს ჩაიშალა. ვახტანგ ხმალაძის კომიტეტში დღეს გვეტენაძის მოსმენა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი არც 19:00 საათზე არ გამოცხადნენ, რომელთა გამოც სხდომა დილით ჩაიშალა.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ვახტანგ ხმალაძის კომიტეტში კვორუმი არ იყო და სხდომა ვერ იწყებოდა, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც ფრაქციის თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩაშლა დილიდანვე განზრახული ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეეძლოთ, ვახტანგ ხმალაძის კომიტეტში რეგლამენტის შესაბამისად, ქუცნაშვილისა და კოპალიანის ადგილმონაცვლე დეპუტატები მიევლინათ.
„ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გამოუცხადა, ნინო გვენეტაძეს, თუ პრეზიდენტ გიორგი მარველაშვილს, ამაზე პასუხი თავად ვახტანგ ხმალაძეს არ აქვს და დეპუტატი მედიას მოუწოდებს შესაბამისი კითხვებით „ქართულ ოცნებას“ მიმართოს.
ხმალაძის განმარტებით, დღეს, კომიტეტის ორი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, მოტივები კი უცნობია.
„მიზეზები მას ჰკითხეთ, ვინც სხდომას არ ესწრება. ჩემთვის მიზეზი არავის უთქვამს“, - მიმართა for.ge-ს ხმალაძემ, რომლის მსგავსად მიზეზებზე საუბარი არ სურს, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, შალვა შავგულიძეს, თუმცა, მან for.ge-სთან საუბარში საკუთარი პოლიტიკური ეჭვები გამოთქვა.
შავგულიძის მოსაზრებით, როგორც ჩანს, ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭიროს თუ არა.
დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოჩენილი ასეთი დამოკიდებულება უპატივცემულობაა როგორც კომიტეტის, ასევე კანდიდატის და პარლამენტის მიმართ.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მეორედ ვერ ჩატარდა, რადგან სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ გამოცხადდნენ. ეს საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური ძალა კონკრეტული კანდიდატის მიმართ ვერ ჩამოყალიბდა და ისინი ასეთი მეთოდით საკითხის გადავადებას ახდენენ. მიმაჩნია, რომ ასეთი მეთოდი გამართლებული არ არის და გარკვეული უპატივცემულობაა როგორც კომიტეტის, ასევე კანდიდატის და პარლამენტის მიმართ.
როგორც ჩანს. „ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ წყვეტს და მათ არ იციან, რა პოზიცია დაიჭირონ. არ მგონია, ეს უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყოს, მაგრამ ეს ნაბიჯი გააზრებული რომ არ არის, ფაქტია“, - განაცხადა შავგულიძემ.
პარლამენტში განვითარებული მოვლენების შეფასებისგან თავს იკავებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.
როგორც for.ge-ს კვერენჩხილაძემ განუცხადა, ის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში არ ერევა.
„იმედია, კომიტეტი შეიკრიბება და ამ საკითხს განიხილავს. ეს საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. კომიტეტი როგორც გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით, მაგრამ პარლამენტს კანდიდატის მოსმენისთვის ვადა შვიდი დღე აქვს და ეს ვადა 25 თებერვალს იწურება“, - დასძინა კვერენჩხილაძემ, რომლის მსგავსად, მომხდარით გაოცებული დარჩა თავად ნინო გვენეტაძე, მაგრამ მან მკაცრი შეფასებებისგან თავი შეიკავა.
გვენეტაძის თქმით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას დაელოდება.
„რაც ვახტანგმა თქვა, ის ინფორმაცია მაქვს მეც. მორიგ სხდომას დაველოდები, რომელსაც კომიტეტი ჩანიშნავს. რაც მოხდა, იმას ვერ შევაფასებ, რადგან ეს პარლამენტის პროცედურაა და მათი მოსაგვარებელი საკითხია“, - დასძინა გვენეტაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩაშლის გამო პასუხისმგებლობა თუ ვის ეკისრება, ამაზე უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს პასუხი არ აქვს. for.ge-ს კითხვაზე - „ქართულმა ოცნებამ“ ვახტანგ ხმალაძის კომიტეტში ქუცნაშვილისა და კოპალიანის ადგილმონაცვლე დეპუტატები რატომ არ მიავლინა?, - საგანელიძე პასუხობს, რომ კომიტეტის სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები სოსო ჯაჭვლიანმა უნდა გააკეთოს.
საგანელიძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მის მოვალეობას სოსო ჯაჭვლიანი ასრულებს, შესაბამისად, კითხვები მედიას მასთან უნდა ჰქონდეს.
სოსო ჯაჭვლიანთან შესაბამისი კითხვების დასმა უშედეგოდ ვცადეთ, რადგან მან ჩვენი მიმართვისთანავე, პარლამენტის მესამე სართული ელვის უსწრაფესად დატოვა.
რაც შეეხება ქუცნაშვილისა და კოპალიანიას გადაწყვეტილებას, for.ge-ს ინფორმაციით, კოპალიანმა კომიტეტის სხდომაზე ვერდასწრების მიზეზად მეუღლის გარდაცვალების წლისთავი დაასახელა, ხოლო ქუცნაშვილმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გვენეტაძის თაობაზე მსჯელობა თავდაპირველად უმრავლესობის ფორმატში უნდა გამართულიყო და არა კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, უმრავლესობის 19 წევრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და განაცხადეს, რომ მათთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა მიუღებელია. აღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერეს - დიმიტრი ხუნდაძემ, მირიან წიკლაურმა, დავით ლორთქიფანიძემ, ელისო ჩაფიძემ, ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, სოსო ჯაჭვლიანმა, ვალერი გელაშვილმა, ზვიად ზვიადაურმა, თენგიზ ხუბულურმა, თეიმურაზ ჩხაიძემ, კარლო კოპალიანმა, დემურ ბაშალეიშვილმა, დარეჯან ჩხეტიანმა, გოგი ქავთარაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, ომარ ნიშნიანიძემ და ვიქტორ ჯაფარიძემ.