ლევან იზორია საერთაშორისო ფორუმს გახსნის

ლევან იზორია საერთაშორისო ფორუმს გახსნის

24 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო ფორუმი „რეგიონული სტაბილურობისათვის: ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები“. ფორუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გახსნის.

ფორუმზე მიწვეულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები (სახელმწიფო დელეგაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები) და ექსპერტები, რომლებიც ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის დღის წესრიგს, ასევე იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც აქტუალური იქნება 2015 წლის „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე“ და 2016 წლის „ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე“.

აღნიშნული ფორუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით იმართება. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერები შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არიან.

ფორუმის შედეგები ხელს შეუწყობს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის სფეროში ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას, შესაძლებლობების განვითარებასა და საუკეთესო მეთოდების დანერგვას.