„ქამრების ფუფუნება აღარ გვაქვს, შემოვიჭიროთ თოკები“

„ქამრების ფუფუნება აღარ გვაქვს, შემოვიჭიროთ თოკები“

„ჯანმრთელი ლარი“ იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, მთავრობა ლარის გაუფასურებების გამო, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე გადადის. პრემიერ-მინისტრი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასაც არ გამორიცხავს. ეკონომიკის მინისტრი აზუსტებს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების შემცირება არ მოხდება. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვარაუდობს, რომ მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ კუთხით რამდენიმე პროექტს ამზადებს.

„სამი ალტენატიული პროექტი იქნება. ამ პროექტებს განვიხილავთ. დაახლოებით იქნება ხარჯების 10-დან 12 პროცენტამდე შემცირება. თანამშრომელთა რიცხვი და ხელფასი არ შემცირდება. ალბათ, ეს იქნება პრემიების ხარჯი, ეს არის სხვა დანახარჯები, როგორიც არის მაგალითად მანქანები და ა.შ.“, - განაცხადა დავით შავლიაშვილმა. 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ „ქამრების შემოჭერის“ ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა. მისივე თქმით, ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. კვირაკაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ვალდებულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები.

„ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ. ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკური გუნდი გეგმავს, ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა გვაქვს, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს.

არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი. პირველ რიგში, ეს არის პრივატიზაციის გააქტიურება, რაც ყველაზე მოკლევადიანი შედეგია. ჩამონათვალია იმ ობიეტების, რომელთა პრივატიზაციაც უახლოეს დღეებში მოხდება. მაგალითად, რამდენიმე ობიექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდმა დაასრულა, ეს არის თბოელექტროსადგური გარდაბანში, საპარტნიორო ფონდი გამოვა ამ პროექტიდან და იმ წუთასვე დაიწყებს ახალ პროექტებს ამ თანხით და ეს იქნება სავალუტო შემოდინება. მარტო ორი ობიექტიდან შემოსავალი 250-დან 300 მილიონ დოლარ იქნება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილ.

განსხვავებულია ფინანსთა მინისტრის პოზიცია. ნოდარ ხადურის მტკიცებით, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების შემცირება არ მოხდება. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არც საჯარო დაწესებულებებში შტატების შემცირებას გულისხმობს. ხადურის მტკიცებით, სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯიც არსებობს, რომელთა შემცირებას შესაძლებელია.

„ბიუჯეტში ცვლილებები იქნება იმის მიხედვით, თუ როგორ შევთანხმდებით ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან და რა პროცესები წავა საქართველოში“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვილის, რომ ხელფასების შემცირება არ არის გამოსავალი. მისი თქმით, არის სხვა ძალიან ბევრი ხარჯი, როგორიც არის, პრემიები, დანამატები, საწვავი, სატელეფონო საუბრები, რაზეც მთავრობას შეუძლია უარი თქვას.

„რისთვის იღებენ ამ პრემიებს, „კარგი მუშაობისთვის“? კარგ მუშაობას არ მოსდევს ის შედეგი, რაც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ვსაუბროთ წარმომადგელობით ხარჯებზე, საწვავი, მობილური ტელეფონები და ა.შ. კეთილი ინებონ და თავისი ჯიბიდან გადაიხადონ ეს ყველაფერი,

უარი თქვან დანამატებზე და პრემიებზე. ეს ძალიან სერიოზული თანხა იქნება და შეუძლიათ მოახმარონ სოცილაურად დაუცველი ფენების შემოსავლების ინდექსაციას. გასაგებია, რომ გარე ფაქტორებიც მონაწილეობს ამ პროცესში, მთლად მთავრობის ბრალი არ არის რაც ხდება, მაგრამ ქამრების შემოჭერა არ უნდა დაემსაგავსის ფიზიკურად ქამრების შემოჭერას. ეს რეალურად უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როდესაც ლარი გაუფასურებაზე მათი მხრიდან სისტემური რეაქცია არ არსებობს.

„ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული სოციალური რისკების წინაშე. გარდა იმისა, რომ სოციალური რისკებია მაღალი ქვეყანაში, არის დასაქმების პრობლემა. სიღარიბის ზღვარს მიღმა გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი და მათთვის ყველა ლარს აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, ჯობია გახსნან რას გულისხმობს ეს ქამრების მოჭერა. ხელფასები, რომ არ შემცირდება ეს გავიგეთ. მაგრამ დანამატებს და პრემიებს ისევ აიღებენ? ამაზე გვიპასუხონ.

ამ მხრივ საერთოდ აბსურდული ვითარებაა მერიაში. ვიცე-მერებს სამჯერ მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე თვითონ მერს, მერი რატომღაც არ იღებს არც დანამატს და არც პრემიას. ეს ხომ არ არის ჯანსაღი პროცესი. ეხლა არის მომენტი, რომ მართლა შემოიჭირონ ქამრები და ვიცე-მერებმა, მერიის სხვა მაღალჩინოსნებმა უარი თქვან დანამატებზე, არაფერს ვამბობ პრემიებზე. ეს იქნება რეალურად ქამრის შემოჭერა და არა რაღაცა ბუნდოვანი განცხადებები, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ხელისუფლებას ურჩევს შეისწავლოს ის მიზეზი, თუ რა გახდა საბერძნეთის ფინანსური კატასტოფის საფუძველი. მისივე თქმით, ამ გამოუვალ მდგომარეობაში საბერძნეთი სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო მოხელეთა ხარჯის სახით.

„ამიტომ, ქამრების ფუფუნება აღარ გვაქვს, თოკები შემოვიჭიროთ. როდესაც საუბრობდნენ, რომ მაღალი ხელფასები აუაცილებლია სახელმწიფო მოხელისთვის, რომ მათ არ ჰქონოდათ რაიმე სხვა ინტერესი. სახელმწიფო მოხელეობა უნდა ფასდებოდეს არა მხოლოდ ხელფასის ოდენეობით, არამედ მისი პროფესიონალიზმით, მისი თავდადებით, სურვილით, რომ მისი წინ მდგომი ამოცანები, წარმატებით იყოს შესრულებული. ჩვენთან, რატომღაც მოსპეს დანარჩენი მახასიათებელი და დატოვეს მხოლოდ ხელფასი, დანამატი, პრემია, რაღაც ერთ პირის მიერ მოწყალებად გადაქცეული ეს თანხები, უპირველეს ყოვლისა, არის სისიტემის პირველი კაცის მიმართ ერთგულების მახასიათებელი, რადგან სხვა კრიტერიუმები არც სახელმწიფო მოხელის დაქირავებისას, არც ფინანსური წარმატებების ზრდისა, არ არსებობს“, - ამბობს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის პოზიციას, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების შემცირება არ მოხდება, ექსპეტრი თვლის, რომ როდესაც რომელიმე მინისტრის განცხადებას კონკრეტიკა აკლია, ეს მხოლოდ მიმანიშნებელია იმისა, რომ იგი არ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. მისდამი შეთავაზებულ წინადადებას როგორ მოექცევა გადაწყვეტილების მიმღები, უცნობია.

„საინტერესოა, უკანასკენილი 2 წლის განამავლობაში, რამდენმა სახელმწიფო მოხელემ რა თანხა მიიღო პრემიის სახით, როდესაც მოსახლეობა რაიმე ეკონომიკური სამოთხისკენ გადადგულ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ აფიქსირებდა? სახელფასო ხარჯები უნდა იყოს ერთიანი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და არა რომელმე ცალკეული მოხელის ოცნების ახდენას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველდღიურ მრვალსაათიან თავდასხმას საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე, ცისკარიშვილი აცხადებს: „უნდა გავიხსენოთ ვინ შეცვალა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე კვირიკაშვილმა. აღარ არის ქობალიას დრო და ადამიანებს, რომლებსაც კრინტი არ დაუძრავთ ამ გაუგებრობის მიმართ, რასაც ერქვა ქობალიას ეკონომიკის მინისტრობა, იმათ ნუღარც ახლა დავუგდებთ ყურს“.