დებალცევიდან გამომავალ გზაზე სამხედრო მანქანების კოლონამ ჩაიარა, რომლებსაც თან მიჰქონდათ ნახევრად განადგურებული სასწრაფო დახმარების მანქანები, უბორბლო სატვირთოები და ტანკები დამცავი ჯავშნის გარეშე.
ალყაშემორტყმული ქალაქიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს მარტივად იცნობდით, მათი ფართო თვალები ტალახით დაფარული სახეებიდან იმზირებოდნენ, ისინი ელოდებოდნენ, თუ როდის წაიყვანდა ავტობუსი უკან არტემივსკში. ეროვნული გვარდიის რამდენიმე წევრმა რისკიანი გამოქცევის აღსანიშნავად კალაშნიკოვებით ჰაერში სროლა დაიწყო. პრო-რუსული სეპარატისტების სტრატეგიული გამარჯვების გამო, უამრავი სამთავრობო ჯარისკაცი იძულებული გახდა ქალაქი დებალცევი დაეტოვებინა. ისინი ოთხშაბათ დილით დაიძრნენ, ძირითადად ფეხით.
მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ სოფელ ლუგანსკში, რომელიც ზუსტად დებალცევიდან გამომავალი სახიფათო გზის ბოლოში მდებარეობს, პირველი ლეიტენანტი იური პრეხარია გვიამბობს, თუ როგორ გაუძღვა 50 თანამებრძოლს ტყეებსა და ველებში, რათა უკრაინული პოზიციებისთვის მიეღწიათ.
„ვიცოდით, რომ თუ იქ დავრჩებოდით, არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა ტყვეობასა და სიკვდილს შორის“, - ამბობს ის ძლიერი გრუხუნის ფონზე. დანარჩენი ჯარისკაცების უკანდახევისთვის მხრის დასაჭერად ძლიერი არტილერია ცეცხლს არ წყვეტდა. ირგვლივ მუდმივად მიმოდიოდნენ ასობით ჯარისკაცით დატვირთული დაჯავშნული გადამზიდები.
პეტრო პოროშენკომ, ბრძოლის წინა ხაზზე ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, განაცხადა, რომ ბრძანა „დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული“ უკანდახევა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო სადგურიდან, იმის შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარემ ევროპელ დამკვირვებლებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
თუმცა უკანდახევას ორგანიზებულობის ნამდვილად არაფერი ეტყობოდა, რადგან პრეხარიას გადმოცემით, გამოქცევის ბრძანება გასცეს ბრძოლის ველზე მყოფმა მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც გადაწყვეტილება იმის გაცნობიერების შემდეგ მიიღეს, რომ სიტუაციას აღარაფერი ეშველებოდა. დანარჩენი ჯარისკაცები ყვებოდნენ, რომ უკანა გზაზე არტილერიის ცეცხლი და ჩასაფრებული სამხედროები ელოდათ.
საბრძლო ექიმის, ალბერტ სარდარიანის თქმით, ისინი ღამის პირველ საათზე გააღვიძეს უკანდახევის ბრძანებით, რომელიც ათას კაცთან ერთად დაჯავშნული მანქანებით უნდა განხორციელებულიყო. პრო-რუსული მეამბოხეები კოლონას დილით დაესხნენ თავს, რის გამოც გადარჩენილებს გზის გაგრძელება ფეხით მოუწიათ, დაშავებულები და დაღუპულები კი უკან დატოვეს.
„მახსოვს ერთ კაცი, რომელსაც ხელი მოძვრა. ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკეთებინა იყო სისხლდენის შეჩერება და მისი კომფორტულ ადგილას გადაყვანა იმის იმედით, რომ შემდეგი კოლონა აიყვანდა“, - თქვა სარდარიანმა.
არტემივსკის საავადმყოფოს გარეთ მყოფი ჯარისკაცები, ბევრი მსუბუქად დაჭრილი, ეწევიან სიგარეტს და გვიყვებიან დებალცევში გამართულ სასაკლაოზე და განადგურებაზე: „ქალაქი აღარ დარჩა, სულ მთლიანად მოისპო. ზავიდან ორი საათის შემდეგ დაიწყო საშინელებები... ადგილობრივები სარდაფებში იმალებიან. გვამები პირდაპირ ქუჩაში ყრია, რადგან სეპარატისტები ცეცხლს არ წყვეტენ და მათი შეგროვება შეუძლებელია“.
„ეს იყო საგიჟეთი, ჩეჩნეთის მსგავსი“, - ამბობს ჯარისკაცი იგორ ნეკრასოვი. „რუსებს არ უნდა ენდო, ისინი იტყუებიან, იტყუებიან, იტყუებიან. არ მგონია ზავმა იმოქმედოს“.
უკრაინული მთავრობა უარყოფდა, რომ დებალცევი ალყაში იყო, თუმცა ქალაქიდან გამოქცეულების თქმით, მისი შემოგარენი დაფარული იყო ნაღმებით, რის გამოც ტყვია-წამლის, სურსათის და სამედიცინო დახმარების მიწოდება კვირაზე მეტი ხნით შეწყდა.
კიევის სამხედრო ძალების მონაცემებით, დებალცევის შეტაკებებში დაიღუპა 22 ჯარისკაცი და დაშავდა კიდევ 150, თუმცა ქალაქი მეომრებისგან ჯერ საბოლოოდ არ დაცარიელებულა, ამიტომ ეს რიცხვი შეიძლება მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს. არტემივსკის მორგის დირექტორის თქმით, სამშაბათის შემდეგ 23 მებრძოლის გვამი მიუტანეს, უმეტესობა ტყვიით მიყენებული ჭრილობებით.
რუსულმა არხმა გადმოსცა კადრები, სადაც გამოსახულია დებალცევის თავზე აღმართული მეამბოხეების დროშა, ასევე ბრძოლის დროს აყვანილი უკრაინელი ტყვეები, რომლებიც სოფლის გზას მიუყვებიან.
დებალცევში მდებარეობს რკინიგზის ხაზი, რომელიც დონეცკს და ლუგანსკს აერთებს, ამიტომ თვითგამოცხადებული „ხალხთა რესპუბლიკისთვის“, რომლის გავლენაც სწორედ ამ ორ ქალაქშია ყველაზე დიდი, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.
„დპრ-ში (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) მოპოვებული ქვანახშირი ლუგანსკსა და სხვა ქალაქებში ამ სარკინიგზო ხაზის საშუალებით მოხვდება“, - განაცხადა დონეცკის ლიდერმა ალექსანდრ ზაქარჩენკომ. ინტერვიუს მიცემის შემდეგ სულ ცოტა ხანში აფეთქებულმა ჭურვმა ის მხარში დაჭრა.
დებალცევის დაცემა უშუალოდ ვლადიმირ პუტინის გამარჯვებასაც ნიშნავს, რომელიც პრო-რუსულ მეამბოხეებს იარაღით და ჯარისკაცებით ამარაგებდა.
სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა კიევს მოუწოდა, რომ დებალცევი დაეთმოთ. თუმცა ის ამაზე შორსაც წასულა: საფრანგეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერებმა ევროკავშირის სამიტზე აღნიშნეს, რომ ზავის პირობებზე თათბირის დროს პუტინი ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 10 დღით გადაედო, ქალაქს დანებების გარდა სხვა გამოსავალი რომ აღარ დარჩენოდა.
დებალცევში სროლის შეწყვეტას შეეძლო ახალი სიცოცხლე შთაებერა მშვიდობიანი ზავისთვის, რომელიც დადებიდან ცოტა ხანში ქვემეხებმა დაარღვიეს. სეპარატისტების ლიდერის, ზაქარჩენკოს თქმით, ისინი ზავის პირობების დაცვას ყველგან აპირებდნენ, გარდა დებალცევისა, რადგან ტერიტორია კანონიერად მათ ეკუთვნოდათ. ამ შეთანხმების მიხედვით, სამშაბათ დილას ორივე მხარეს უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდა მძიმე იარაღის უკან დახევა, თუმცა კიევის განცხადებით ეს შეუძლებელი იყო, რადგან ბრძოლა მაინც მიმდინარეობდა.
„რა შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია ტერორისტებთან? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვჯდებით მოსალაპარაკებელ მაგიდაზე ტერორისტებთან ერთად, ჩვენ შემდეგ ვაწერთ ხელს დოკუმენტს და მთელს ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ ამ დოკუმენტზე, რომელსაც რეალურად არანაირი ღირებულება არ გააჩნია“, - ამბობს ილია კივა, დონეცკის პოლიციის უფროსი და დებალცევში მებრძოლი, - „ეს ბანდიტები ზავს ჩვენს წინააღმდეგ შეტევებისთვის იყენებენ“.
http://www.theguardian.com/world/2015/feb/18/ukrainian-soldiers-share-horrors-of-debaltseve-battle-after-stinging-defeat