„ფუ ჯორჯია, ფუ სტალინ!!!“

„ფუ ჯორჯია, ფუ სტალინ!!!“

ჩემი კოლეგა ალეკო კაკაურიძე სპორტული ჟურნალისტია. ალბათ ქართველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ გამოცემა „ოლიმპი“. იყო დრო როდესაც ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე სპორტული გამოცემა ფუნქციონირებდა და ამათთა რიცხვში “ოლიმპს“ ერთ-ერთი საპატიო ადგილი ეკავა. თანამედროვე საქართველოში უსასრულო არაფერი გახლავთ და სამწუხაროდ ზემოთ დასახელებული გაზეთიც რამდენიმე წელია გაუჩინარებულია.

ალეკო ძირითადად ფეხბურთის თემებს აშუქებდა და რასაკვირველია ამ სფეროში არაერთი საინტერესო მოგონება გააჩნია.

კოლეგა რამდენიმე დღის წინ შემხვდა. რასაკვირველია გამიხარდა რომ დროებით უმუშევართა კატეგორიას თავი დააღწია და და პროფესიული საქმიანობა „ლელოში“ დაუწყია. ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებისთვის სახალისო ისტორიების მოყოლა ვთხოვე. რასაკვირველია უარი არ უთქვამს და მის „ამბებს“ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

„ფუ ჯორჯია, ფუ სტალინ!!!“

ამბობენ პირველი მოგონება ყველაზე ტკბილიაო და ნება მომეცით ჩემი ახალგაზრდობა გავიხსენო. იმ პერიოდში 21 წლის გახლდით და გაზეთ „ოლიმპში“ მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ალბათ გახსოვთ ის დრო, როდესაც გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის თასის ჯგუფურ სტადიაზე იასპარეზა. მკითხველი გაიხსენებს ჩვენი გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებას კრაკოვის „ვისლასთანაც“. მართალია სტუმრად დავმარცხდით, მაგრამ საკუთარ კედლებში დამაჯერებელი რევანში ავიღეთ და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოვიპოვეთ.

ქართული კლუბი პირველ თამაშს პოლონეთში ატარებდა და მის გასაშუქებლად რედაქციამ მე მიმავლინა. მართალია ადრე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ნამყოფი გახლდით, მაგრამ კრაკოვში სტუმრობა ჩემი პირველი დამოუკიდებელი „საზღვარგარეთული ექსპედიცია“ გახლდათ.

გუნდთან ერთად ქალაქ კრაკოვში ჩავფრინდით და ადგილობრივ სასტუმროშიც დავბინავდით. „ნორჩი ასაკის“ გამო მალე მეთვალყურეც გამომიჩნდა, - ჩემი უფროსი კოლეგა კობა ინასარიძე. კობამ „ახალბედაზე“ „შეფობა“ თავიდანვე იკისრა, ბავშვივით ხელი ჩამკიდა და თბილისში დაბრუნებამდე არც გაუშვია.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მე და „მასწავლებელი“ კრაკოვის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები ვსეირნობდით. უცებ კობას მაღაზიაში სიგარეტის შეძენა მოუნდა, მე კი ერთ-ერთი შენობის არქიტექტურით დავინტერესდი და „გამყოლს“ დროებით ჩამოვრჩი.

ერთ წუთში აღმოვაჩინე რომ კრაკოვის ცენტრში სრულიად მარტო ვიმყოფებოდი, „კობა დამრიგებელი“ კი გაუჩინარებული გახლდათ. რამდენი წელია გასული იმ შემთხვევიდან და ის მწარე წუთები დღემდე თავიდან არ მცილდება. ქუჩებში სირბილი გიჟივით დავიწყე და ინასარიძეს უშედეგოდ ვეძებდი. ადგილობრივები თვალს გაკვირვებულები მაყოლებდნენ და ვერაფრით მიმხვდარიყვნენ ამ მორბენალ უცხოელს რა სურდა. ბოლოსა და ბოლოს, სადღაც ნახევარი საათის შემდეგ „მეგზურს“ მივაგენი. თურმე კოლეგაც გამწარებული მეძებდა. ორი ქართველი კრაკოვის ცენტრში ერთმანეთს გახარებულები ჩავეხუტეთ.

პოლონეთზე შთაბეჭდილებების მოყოლას გავაგრძელებ და თავად სტადიონზე შექმნილ ვითარებაზე რამდენიმე სიტყვას გეტყვით. იქაური გულშემატკივრები მშობლიური კლუბის წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ და ქართული დელეგაცია აგრესიულად მიიღეს. რასაკვირველია ამას „ვისლას“ ყველა ქომაგზე ვერ ვიტყვი.

სამწუხაროდ ჟურნალისტების პრეს-ლოჟა ჩვეულებრივი ადგილებიდან გამოყოფილი არ იყო. თამაშის მიმდინარეობისას „აღმოვაჩინეთ“ რომ კრაკოვული გუნდის ფან-კლუბის წევრების ერთმა ნაწილმა ჩვენი მისამართით ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა. თავიდან ამას „ოლიმპიური სიმშვიდით“ ვითმენდით, მაგრამ...  მოგვიანებით იქაურთა ნაწილი პირდაპირ საქართველოს გინებაზე გადავიდა. „ფუ ჯორჯია, ფუ სტალინ!!!“ გვესმოდა გამუდმებით. ეს გამოხდომა ვეღარ ავიტანეთ, რამდენიმე ჟურნალისტი ფეხზე წამოვდექით და მასპინძლებს გინება იქით დავუწყეთ. საბედნიეროდ ადგილობრივი „ფანები“ მალე დაშოშმინდნენ და თამაშის მიმდინარეობისას ადგილი მეტ ინციდენტს აღარ ჰქონია.

„სტუმრობა ბაქოში“

ტოპმიოლერის დროა და საქართველოს ეროვნული გუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქში ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად გაემგზავრა. რატომღაც გუნდთან ერთად წასვლაზე თავიდან უარი განვაცხადე, მაგრამ მეორე დილით, აზერბაიჯანი - საქართველოს ნაკრებების მატჩზე დასწრება მაინც განვიძრახე. რედაქციიდან ნება ვითხოვე, მატარებლის ბილეთი ავიღე და საღამოს საათებში ბაქოსკენ გავეშურე. კუპეში ერთი საგარეჯოელი კაცი დამემგზავრა. ბიზნესმენი ყოფილა და შვილებთან ერთად ისიც აზერბაიჯანის დედაქალაქში მიემგზავრებოდა. ქართველების ამბავი იცით. კუპეში სახელდახელო სუფრა გავშალეთ და დილის ექვს საათამდე აუდგომლად ვიქეიფეთ. დრო და დრო სიგარეტის მოსაწევად ტამბურში გასვლა მიწევდა. იქ ჩემი ყურადღება ერთმა უცხოელმა მგზავრმა მიიპყრო. გამომწვევ ჩაცმულობასთან ერთად ამ პიროვნებას სხეულის უმეტესი ნაწილი მოსვირინგებული ჰქონდა. ყოველივე ამას ცხვირსა და ყურებში გარჭობილი ექვსი საყურეც ასრულებდა.

ჩავედი ბაქოში, ახლად გაცნობილ საგარეჯოებლებს თბილად გამოვემშვიდობე და სადგურთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დროებით დავბინავდი. ნაბახუსევს საღამომდე დასვენება მსურდა. ნომერი ორადგილიანი იყო. შხაპის მისაღებად აბაზანაში შევედი, ოთახში დაბრუნებულს კი დიდი სიურპრიზი დამხვდა. მატარებელში მყოფი „უცნაური“ უცხოელი სასტუმროს ადმინისტრაციას ჩემს ნომერში შემოესახლებინა.

„მეზობელი“ წარმოშობით გერმანელი აღმოჩნდა. როგორც მითხრა ამიერკავკასიაში პეპლების კოლექციის შესაგროვებლად ჩამოსულიყო. მერე კი დაიწყო და რა დაიწყო... უცნობი ახლოს მომიახლოვდა და დასასვენებლად დაწოლილს ლამის გვერდით მომიჯდა. უაზროდ მიღიმოდა და გერმანულად განუწყვეტლივ რაღაცას მეუბნებოდა. ღმერთო ჩემო რა დამემართა... პირველი რაც ვიფიქრე, ამ ადამიანის არატრადიციული მიდრეკილებები იყო. რა უნდა მექნა, ადამიანი „ოფიციალურად“ არაფერს აშავებდა და იმავდროულად ენასაც არ აჩერებდა. ბოლოსა და ბოლოს სასწრაფოდ იქიდან აბარგება და საქართველოს ნაკრების სასტუმროში გადასვლა მომიწია.

„ბაქოური თავგადასავლები“ ამით არ დასრულებულა. თამაშის შემდეგ ქართული დელეგაცია სამშობლოში დასაბრუნებლად იქაურ აეროპორტში გაემგზავრა. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ ჩვენებურ სპორტულ ჟურნალისტს პასპორტი დაკარგოდა. ამის გამო თბილისში გამოფრენა რამდენიმე საათით გაგვეწელა. საქმეში ქვეყანაში საქართველოს ოფიციალური ელჩიც ჩაერთო. პარალელურად ბიჭებმა აზერბაიჯანში მოასპარეზე ფეხბურთელ გიორგი ადამიას გადაურეკეს. გიორგის აზერებში იმხელა ავტორიტეტი გააჩნდა რომ საკუთარი არხებით რამდენიმე ადგილობრივ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა და „ბედოვლათი“ კოლეგის გაუჩინარებული საბუთი მალე მოიძია. მართალია პასპორტის აეროპორტში დროზე მოტანა ვერ მოესწრო, მაგრამ მასპინძლებმა პატივი გვცეს და თბილისში ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამოგვიშვეს.

„ქეიფი წნორში“

ქართული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ კლუბი წნორის „მილანი“. საკმაოდ კარგი გუნდი გახლდათ და ერთი პერიოდი ჩინებულადაც ასპარეზობდა. წნორში ჩასვლა ყველა სპორტულ ჟურნალისტს განსაკუთრებულად უყვარდა. მოგეხსენებათ კახელები არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და ჩემს კოლეგებს თამაშების შემდეგ აუცილებელ „მესამე ტაიმებზეც“ მუდმივად პატიჟობდნენ. რასაკვირველია უარის თქმა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

მოგეხსენებათ გაზეთის მუშაობას განსაკუთრებული სპეციფიკა გააჩნია. ახალი მასალა რედაქციაში იმავე საღამოს უნდა გადაიცეს და მკითხველს მეორე დილით მიეწოდოს. ალბათ გახსოვთ რა დრო იდგა. მობილური ტელეფონები ჯერ მასიურად გავრცელებული არ იყო, რაც შეეხება კომპიუტერებსა და ინტერნეტს, ამ „ფუფუნებაზე“ მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. ჟურნალისტები კახურ სუფრას ბოლომდე „გმირულად ვიტანდით“, შემდეგ კი მასპინძლები მანქანით თბილისში გვიშვებდნენ.

ერთხელაც წნორში მორიგი თამაშის გასაშუქებლად ჩავედით და რასაკვირველია ტრადიციის თანახმად „მესამე ტაიმზეც“ ანუ ჩინებულ სუფრაზე აღვმოჩნდით. მახსოვს რომ ერთ-ერთ ჩემს კოლეგას „მეგაკომის“ ლამის რამდენიმეკილოიანი მობილური ტელეფონი ჰქონდა და მშობლიურ რედაქციებს ამით ვუკავშირდებოდით. მასპინძლებმა „დაგვამშვიდეს“ რომ თბილისში მალე გამოგვისტუმრებდნენ. მოლოდინი დიდი ხნის განმავლობაში გაგვიგრძელდა. უცებ, მორიგი სადღეგრძელოს შესმისას ამ „მეგაკომის“ აპარატზე ზარის ხმა გაისმა. „ოლიმპიდან“ მიკავშირდებოდნენ. რატომღაც ხუმრობის ხაასიათზე ვიდექი და „შაყირი“ გადავწყვიტე. დამრეკავს სერიოზული ხმით ვუპასუხე რომ მე და ჩემი მეორე კოლეგა ტიალ ადგილას, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ვიმყოფებოდით. თან ძალიან გვციოდა და დიდი კოცონიც გვქონდა დანთებული. ამ „ხუმრობის“ შემდეგ ერთი ამბავი დაიწყო. რედაქციიდან თავდაპირველად პოლიციაში, შემდეგ კი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაკავშირება გადაწყვიტეს. ერთი სიტყვით „დაკარგულ და გაუჩინარებულ ჟურნალისტებზე“ ლამის საქართველოს მასშტაბით სერიოზული ძიება გამოცხადდა. ისევ „მეგაკომიანმა“ კოლეგამ გვიხსნა, - თბილისში დარეკა და რედაქციებს „სიმართლე“ შეატყობინა.

მასპინძლებმა სიტყვა აასრულეს და სუფრის დასრულების შემდეგ თბილისში ოპერატიულად გამოგვისტუმრეს. რასაკვირველია მასალა არ დაგვიანებულა და წნორში მიმდინარე საფეხბურთო შეხვედრის სრული ანგარიში მკითხველმა მეორე დილით დაუბრკოლებლად მიიღო.