„ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა საყდრისზე უარესია“,- მიიჩნევს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა მადნის მომპოვებლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რისთვისაც იგი ხელისუფლებას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
კონკრეტულად, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების მასშტაბების გაზრდა განაპირობებს იმას, რომ კვლავ იჩეხება ტყეები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო მიწა, საძოვრები, ინფრასტრუქტურა; მილიონობით ტონა საწარმოო ნარჩენი და ფუჭი ქანი ქაოტურადაა განლაგებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მანგანუმითაა დაბინძურებული სასმელი წყალი, მდინარე ყვირილა, ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმისა და სხვა მძიმე მეტალების ოდენობა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მნიშვნელოვნად აღემატება დაშვებულ ზედაზღვრულ ნორმას. მუნიციპალიტეტში გაზრდილია ავადობის მაჩვენებელი, კვლავ უმძიმესი შრომის პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება კომპანიაში დასაქმებულ მუშებს.
„ვწირავთ ჭიათურის მოსახლეობას მანგანუმის მოპოვებისთვის?“- აინტერესებს მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც თვლის, რომ, თუკი საყდრისში უშუალოდ ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებთან არ ხდება მადნის ქაოტური ამოღება, ჭიათურაში კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობაა და უშუალოდ ჭიათურელთა სახლების წინ, ან ზედ ჭიათურელთა სახლებთან მოიპოვებენ მანგანუმს, რის გამოც არაერთმა ადგილობრივმა მიატოვა საცხოვრებელი სახლი და გადასახლდა მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე.
კონკრეტულად, მაღარო ვისი სახლის ქვეშაც გადის, საბოლოოდ ის სახლი დაიმეწყრება და დაინგრევა. თუ ადრე, იმ ეზოებში, სადაც მადნის მოსაპოვებელი გვირაბი შედიოდა, ხალხს წინასწარ ასახლებდნენ და გადაჰყავდთ სხვა ადგილას, უშენებდნენ ბინას და აძლევდნენ ტერიტორიას, ახლა ეუბნებიან, როცა დაინგრევით, მერე გადაგასახლებთო.
„მადნის უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით შეიქმნა საშუამავლო ფირმები, რომლებმაც „ჯორჯიან მანგანეცთან“ ხელშეკრულებები გააფორმეს. თავის მხრივ, საშუამავლო ფირმებმა ხელშეკრულებები გააფორმეს წვრილ მეწარმეებთან, თუმცა გაუმჯობესების ნაცვლად მდგომარეობა გაუარესდა“,- აცხადებს მალხაზ წერეთელი.
დეპუტატი თვლის, რომ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ანექსია მანგანუმის მომპოვებლების მიერ ერთჯერადი მოხმარების მიზნით, კანონმდებელობის სრული იგნორირებით. ამის ნათელი მაგალითია გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013-2014 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ცალკე უნდა ვიმსჯელოთ გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ჭიათურაში და ცალკე - დანარჩენ საქართველოზე.
კერძოდ, 2013 წელს, მთლიანობაში, საქართველოში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 2 500 000 ლარი, აქედან 80 % მოდის ჭიათურის მუნიციპალიტეტზე (ანუ 2 238 000 ლარია მიყენებული ზიანი). კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია დაფიქსირდა 2014 წელს, როცა გარემოსადმი მიყენებულმა ზიანმა ქვეყანაში 327 000 000 მილიონი შეადგინა, ხოლო ამ მაჩვენებლის 98%-ით, იმავე 324 000 000 მილიონი ლარით ჭიათურის მუნიციპალიტეტი დაზარალდა.
ჩვეულებრივი ჭიათურელები For.ge-სთან საუბარში ადასტურებენ, რომ პრობლემა ჭიათურაში მასშტაბურია. ისინი შავი ოქროს ქალაქის მონებად აღიქვამენ საკუთარ თავს და აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა განახევრდა, ხოლო ვინც ჭიათურიდან მიდის, უკან აღარ ბრუნდება.
ჩვენ დავინტერესდით, საქმე აღძრულია თუ არა პროკურატურაში, რაზეც მალხაზ წერეთელმა გვითხრა, რომ რამდენიმე საქმე პროკურატურას უკვე გადაეცა, თუმცა საბოლოო დასკვნები არ ჩანს. ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, ისიც ეჭვობს, რომ ამ საქმეების გამოძიებას ვიღაც ბლოკავს, ხოლო დამნაშავეებს ვიღაც მფარველობს, რადგან რაც უფრო მძიმე დასკვნა იწერება, მით უფრო იზრდება დანაშაულის ქმედების მასშტაბი.
რაც შეეხება წვრილ კომპანიებს, მალხაზ წერეთლის თქმით, არცერთ მათგანს არ აქვთ საშუალება, მაღაროს საშუალებით მოიპოვონ მანგანუმი, ყველანი ღია კარიერული წესით მოიპოვებენ მანგანუმს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათაც მფარველები ჰყავთ. თუმცა დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ვის ინტერესშია ამ კომპანიების დაცვა.
ამ ეტაპზე მალხაზ წერეთელს ერთის თქმა შეუძლია, რომ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალ წელს 700-800 მილიონი ლარი იქნება გარემოსადმი მიყენებული ზიანი.
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საბადოზე მოქმედ კომპანიებს აქვთ ხელშეუხებლობის სრული განცდა და ეს მოსახლეობის თვალწინ ხდება, მათი კონსტიტუციური უფლებების სრული იგნორირებით. მუნიციპალიტეტის 6 თემი და ჭიათურის ტერიტორია დღესვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის ზონად. ჭიათურა იმიტომ დაარსდა, რომ იქ არის მანგანუმი, არავინ არ არის ამის მოწინააღმდეგე, არც მე პირადად, თუნდაც იმავე წვრილი საწარმოებისთვის ვიბრძოდი და საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ხშირად მითქვამს, რომ წვრილ მეწარმეებს უნდა მივცეთ სამეწარმეო საქმიანობის საშუალება, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. ახლა ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაასაქმეს მათ და რა შემოსავალი აქვთ. სახელმწიფო იღებს გადასახადებს, მაგრამ ჩვენთვის, მუნიციპალიტეტისთვის ეს დამალულია. 2006 წლამდეც არსებობდა წვრილი საწარმოები, მაგრამ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყო. მათ დასაქმებული ჰყავდათ 1100 ადამიანი და ადგილობრივ ბიუჯეტშიც წლიურად 500 ათასი ლარი შემოჰქონდათ, ახლა ესეც გაურკვეველია. საერთო ჯამში, „ჯორჯიან მანგანეცის“ გადასახადებში ზრდა ვერ დავინახეთ. თუ მუშაობდა ერთი და ახლა მუშაობს 30, განსხვავება არ უნდა იყოს შემოსავლებში?“- აცხადებს დეპუტატი.