როდის დაკითხავს პროკურატურა ალასანიას?

როდის დაკითხავს პროკურატურა ალასანიას?

„ვინც პროკურატურის უუნარობაზე საუბრობს, ჩვენს საქმიანობას გადახედოს“, - ასე უპასუხა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ე.წ.კაბელების საქმის გადადებაზე ადვოკატებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების განცხადებებს. გოგაძე ამტკიცებს, რომ კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადება უკავშირდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს. თუმცა, რა არის ეს საგამოძიებო მოქმედებები, გოგაძე არ აკონკრეტებს.

„ყველაფერს აქვს თავის დრო. კანონით მონიჭებული დრო გაგვაჩნია. მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ ფაზაში. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის წინასასამართლო სხდომის გადადების მიზეზი, შესაბამისად, როდესაც უუნარობაზე საუბრობენ, ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს გადახედონ“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საგამოძიებო ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს არის ჩანიშნული. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა გუშინ კიდევ ერთხელ მიიღეს პროკურატურისაგან საქმის მასალები, მაგრამ როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, საქმეში მტკიცებულებები არც ამჯერად არსებობს.

რა საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს პროკურატურა და როდის იგეგმება პროკურატურაში ირაკლი ალასანიას დაკითხვა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

დაცვის მხარის განცხადებას, რომ პროკურატურა უუნაროა ამ საქმეში, მთავარი პროკურორის მოადგილემ განცხადებითვე უპასუხა და აღნიშნა, რომ ვინც პროკურატურის უუნარობაზე საუბრობს, შეუძლია მათ საქმიანობას გადახედოს. რა პასუხი გაქვთ ამაზე?

- მე ვამბობ, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანმშრომელთა ბრალდების საქმეს, პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად და ამის თაობაზე არაერთხელ გავასაჯაროვეთ ჩვენი პოზიცია. ის, რომ მოცემული ბრალდება, ანუ გაფლანგვა, ეს არის განზრახი დანაშაული, უნდა არსებობდეს პირდაპირი დანაშაულებრივი განზრახვა და მიზანი, ეს წერია ყველა სახელმძღვანელოში. ის, რომ ასეთი რამე არ არსებობს ამ საქმეში, ამას თვითონ პროკურორი აღიარებს თავის საჯარო გამოსვლაში და სხვაზე რაზე უანდა ვისაუბროთ?

რაც შეეხება საქმის გადადებას, ჩვენ ამის თაობაზეც განვაცხადეთ, რომ ამ გადადებას უნდა ჰქონდეს საკმარისი დასაბუთება იმისათვის, რომ პროცესი გადადებულიყო.

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, სასამართლო გადაიდო იმისთვის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, ეს არ არის არგუმენტი?

- როდესაც პროცესი გადაიდო 2014 წლის 10 დეკემბერს, მაშინ პროკურატურამ მოიყვანა სამი მიზეზი რის გამოც სხდომა უნდა გადადებულიყო. პირველი, უნდა დაკითხულიყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე ზაზა ბროლაძე, ექსპერტი, ასევე განმეორებით უნდა დაკითხულიყვნენ იმ კომპანიის დირექტორები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ შერჩევაში. მეორე, უნდა გამორკვეულიყო რამდენად შეასრულა კომპანია „სილქნეტმა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მესამე, იყო ის, რომ შესწავლილი უნდა ყოფილიყო ბრალდებულებისა და მათი ახლობლების სატელეფონო და საბანკო ამონაწერები. აი, ამ მიზეზით პროცესი გადაიდო 10 თებერვლამდე. მაგრამ, 31 იანვარს ისევ მიმართა ბრალდების ხმარემ სასამართლოს და უკვე, აპრილამდე მოითხოვა პროცესის გადადება. როდესაც წავიკითხე მათი შუამდგომლობა, აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე საფუძვლით ითხოვენ გადადებას, რითაც ითხოვდნენ დეკემბრის დასაწყისში. თუ ამისთვის ითხოვნენ საქმის გადადებას, ჩნდება კითხვა, რატომ ვერ გააკეთეს ეს განვლილი 2 თვის განმავლაობაში, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ.

ბრალდების მხარესთან დასვით ეს კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა 5 თვის განმავლობაში ალასანიას და ბროლაძის დაკითხვა?

- კანონით დადგენილი ფორმა არის მოსაზრება, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოს. ყველაფერ ამაზე ვამახვილებდით ყურადღებას, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს და წინა სასამართლო სხდომა გადადო 1 აპრილისთვის.

როგორც გოგაძე ამბობს, პროკურატურას გააჩნია კანონით მინიჭებული ვადა აწარმოოს გამოძიება, მაგრამ 6 თვე არის კანონით მინიჭებული ვადა, რომ პირი პატიმრობაში იმყოფებოდეს დანაშაულის მოტივის გამოკვეთის გარეშე?

- პირის დაკავებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენამდე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადა არის 9 თვე. თუ ამ კრიტერიუმით შევაფასებთ, ცხადია, სწორია მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადება. მაგრამ, როგორ გამოიყენებს ბრალდების ხმარე და სასამართლო როგორ გადაანაწილებს ამ ვადას, ეს მათზეა დამოკიდებული.

მაგრამ აქ სხვა კითხვებია - პირველი, რატომ უნდა იყვნენ პატიმრობაში ეს ადამიანები ამ ხნის მანძილზე, როდესაც წინასასამართლო სხდომა ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც მათ უნდა შეეცვალოთ აღკვეთის ღონისძიება. მეორე, თვითონ გადადების მოტივი არის დაუსაბუთებული, გაუგებარია რატომ ვერ იქნა მტკიცებულებები გამოკვლეული და ეს ადამიანები დაკითხული. მესამე, რაც თქვენ ბრძანეთ, დანაშაული, მიზანი და მოტივი არ არის ამ საქმეში. ვერც პროკურორები ვერ ამბობენ საწინააღმდეგოს. დასაბუთებული მტკიცებულება რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები პატიმრობაში, არ არსებობს.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელძღვანელი ამტკიცებს, რომ ამოიწია ტენდერების საკითხმა, რომელიც მისივე მტკიცებით გასაჯაროვდება. ბატონო სოსო, გამოძიების მიერ დაკითხული არის ვალერი ზუმბაძე, რომელიც თავად საუბრობს ამ საეჭვო ტენდერებზე?

- ბატონი ზუმბაძე არ არის დაკითხული. რა ტენდერს გულისხმობდა, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ეს მისი განცხადება ამ საქმესთან შემხებლობაში რომ ყოფილიყო, ის დაკითხული იქნებოდა. თუ რამე გამოკვეთა, მიმართოს პროკურატურას. გუშინ მივიღეთ კიდევ ერთხელ მტკიცებულება პროკურატურისაგან, გავეცანით ამ მტკიცებულელებს და იქ მსგავსი არაფერი წერია. მომავალში რა იქნება ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ საქმეს. ამ ხელშეკრულებით 10 მილიონზე მეტი მოგება მიიღო თავდაცვის სამინისტრომ და ამას ჩვენ დავამტკიცებთ აუცილებლად.

აქტიური საგამოძიებო მოქმედება რაში გამოიხატება?

- ამის თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მაგრამ, ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულთა ბრალეულობას.

ბატონო სოსო, თუ არ გაქვთ ინფორმაცია როდის გეგმავს პროკურატურა ალასანიას დაკითხვას, გამორიცხვათ, რომ საერთოდ არ მოხდეს მისი დაკითხვა?

- ბატონი ირაკლი ჯერჯერობით არ არის დაკითხული. წინასწარ შეფასებებს ვერ გავაკეთებ მოხდება თუ არა მისი დაკითხვა.