რას ელოდა და რა მიიღო უკრაინამ ქართველი „რეფორმატორების“ დანიშვნით? რა წამოსცდა სააკაშვილს და რატომ ამხელენ მას ატომური ილუზიების გამო და რა არის ქართული დიპლომატიის მარცხი უკრაინასთან მიმართებით? ამ საკითხებზე For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
რუსულ მედიაში აქტიურად განიხილება უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, „ფანტაზიორ“ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი, -„ამერიკელები პუტინს 40 წუთში გაანადგურებენ და რუსეთიც აღარ იარსებებს“. სააკაშვილმა ეს სიტყვები იმის დასტურად მოიშველია, რომ რუსული ატომური იარაღი საშიში არ არის და ერთგვარი ჰიპოთეტური სურათიც დახატა, თუ რა მოხდება უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული ბომბის აფეთქების შემდეგ...
- უკრაინაში ერთი წუთით არ ყოფილა შეზღუდული რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობა და არც დღეს არის შეზღუდული. მე მგონი, მოსკოვში ნაკლები კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი და აგენტი ცხოვრობს, ვიდრე კიევში, სადაც 10-20-ჯერ მეტია. სულაც არ ვარ განწყობილი, სააკაშვილის ადვოკატობა ვიკისრო, მაგრამ სააკაშვილმა უპასუხა კითხვას, თუკი რუსეთი დაიწყებს ბირთვულ ომს, რა მოხდება? სააკაშვილმა თქვა რეალობა, ბირთვულ ომში ორივე მხარე განადგურდება და არ იქნება გამარჯვებულიო. უბრალოდ, თუ შეღავათია ვინმესთვის, რომ საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ფრენის დროს ის 18-20 წუთით გვიან მოკვდება, ეს სხვა საქმეა.
ურალიდან გაშვებულ რაკეტასა და მინესოტიდან გამოშვებულ რაკეტას შორის შუალედი 20 წუთი იქნება და შეიძლება, ამ 20 წუთის მანძილზე ვინმემ ბედნიერად უყუროს, როგორ იღუპება მისი მტერი, მაგრამ 20 წუთში რაკეტა მასთანაც მივა და ისიც დაიღუპება. ამერიკას რომ თავი დავანებოთ, მარტო ნატოსაც კი შეუძლია, რუსეთი 40 წუთში თუ არა, ერთ კვირაში გაანადგუროს, მაგრამ ეს არც ნატოს და არც ევროპას არ მოუტანს ხეირს. ეს მშვენივრად იცის პუტინმა და ამით სარგებლობს, ის ევროპელების განწყობით სარგებლობს. ევროპა გაზულუქდა და აღარ სურს, ფული დახარჯოს შეიარაღებაზე, მიუხედავად უკრაინის კრიზისისა.
რასმუსენი ლამის ყვირის, დროა, უკრაინამ გამოგვაღვიძოსო, მაგრამ გასული საუკუნის 80 წლიდან აღებული კურსი სამხედრო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში დღესაც გრძელდება. ევროპა მიეჩვია ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ ცხოვრებას. ევროპა საქართველო ხომ არ არის, პოლიტიკოსებს ფეხზე ეკიდოთ ამომრჩეველთა აზრები? ევროპაში ამომრჩეველთა ნებაზეა დამოკიდებული პოლიტიკოსთა ბედი. საქართველოში ყველაფერი უკუღმაა. ამიტომ ევროპაში მცირდება სამხედრო ხარჯები, ომი არავის უნდა და ეს პუტინმა მშვენივრად იცის.
პუტინის მაგალითზე ერთხელ კიდევ შეიძლება დავრწმუნდეთ, რამდენად კვალიფიციურ კადრებს ამზადებდა კგბ. დღეს პუტინისნაირი სწორი გათვლების რესურსის მქონე პოლიტიკოსს მე ვერ ვხედავ, ვერც - ევროპაში. პუტინი „მწვანე ადამიანებით“ შევარდა ყირიმში და მან წინასწარ იცოდა, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაგირება, ისევე, როგორც ჰიტლერმა 1936 წელს ზუსტად იცოდა, რას იზამდა ინგლისი და საფრანგეთი, როცა დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება და რაინის ოლქში ჯარი შეიყვანა.
უკრაინულ საზოგადოებაში ქართველ რეფორმატორთა მიმართ მოლოდინი ცრუვდება? ამ მოკლე ხანში რას ელოდა და რა მიიღო უკრაინამ ამ რეფორმატორებისგან, გარდა ატომური ილუზიისა და სამხედრო რიტორიკის?
- მე ისიც არ ვიცი, რა იმედებს ამყარებდნენ რიგითი უკრაინელები სააკაშვილსა და მის გუნდზე. დავანებოთ თავი უკრაინელებს, ეს პოროშენკოს ინდივიდუალური არჩევანი არ არის, არამედ ამერიკისა და ევროპის არჩევანია, უფრო -ამერიკის. ამიტომ ჩამოვიდა აქ ვიქტორია ნულანდი და გვითხრა, დღეს უკრაინას უჭირს, ცოტა გაჩუმდით და უკრაინას ქვებს ნუ ესვრითო.
ქართველი „რეფორმატორები“ ერთ წელიწადში აპირებენ რეფორმის „დაქოქვას“ უკრაინაში. შესაძლებელია, პროცესები ასე დაჩქარებულად განვითარდეს უკრაინაში იმის იმედით, რომ უკრაინელები უფრო კანონმორჩილი ხალხია, ვიდრე ქართველები?
- ახლა „დაქოქვა“ შეიძლება, მაგრამ ადგილიდან დაძვრას სულ სხვა დრო უნდა. მანქანა შეიძლება დაქოქონ, მაგრამ დაქოქილი მანქანა, შეიძლება, ერთი დღეც იდგეს. თანაც, გააჩნია რეფორმას. ჩვენთან, სააკაშვილის დროს, ელვისებური შედეგი მოჰყვა მხოლოდ ერთ რეფორმას-გაი-ს გაუქმებას და პატრულის შემოღებას. ერთ თვეში აღფრთოვანებულნი ვიყავით, რომ მექრთამე გაიშნიკების ნაცვლად მივიღეთ წესიერი პატრული, მაგრამ დღევანდელი პატრული უკვე აღარ სარგებლობს იმ ავტორიტეტით, პირველი დროის პატრული რომ სარგებლობდა. დღევანდელი პატრული რომ მაჩერებს, ჩემი აზრით, ეს უკანონოა. ფულს მთხოვენ ჯარიმისთვის, რომ ბიუჯეტში, რაც შეიძლება, მეტი ფული შეიტანონ. ამიტომ შემოდგომამდე სააკაშვილისა და მისი გუნდის უკრაინული მოღვაწეობის შეფასებისგან თავს შევიკავებ. სამაგიეროდ, ვიტყვი, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიის ისტორიაში უდიდესი კითხვის ნიშანი ჩაწერა სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის - უკრაინის ელჩის საქმის გასარჩევად დაბარების გამო. თუ გინდათ, ხელწერილს მოგცემთ, ასეთი რამ დიპლომატიის ისტორიაში არ მომხდარა.
ცხადია, რთულ მდგომარეობაშია ახლა უკრაინა და ყველაფერი „ეპატიება“, მაგრამ ქართულ მხარეს სხვაგვარად როგორ უნდა გამოეხატა უკმაყოფილება დანაშაულში ეჭვმიტანილ ქართველთა უკრაინაში დაწინაურების გამო?
- რასაკვირველია, უკრაინა რთულ ვითარებაშია, მაგრამ მეგობრებს შორის უკმაყოფილების გამოხატვა სულ სხვანაიარად ხდება და არა -სატელევიზიო აფიშირებით.
გვაძლევდნენ კი უკრაინელები მეგობრული ურთიერთობის საშუალებას თავიანთი სვლებით? არც მათ გაუხარდებოდათ, საქართველოში იანუკოვიჩი რომ დაგვენიშნა. ისინი თავიდანვე თანაუგრძნობდნენ სააკაშვილს, ანუ სამხედრო რიტორიკის ფრთას.
- რთული იყო, მაგრამ ეს არ გადაწყდებოდა ქართული დიპლომატიური კორპუსის „პროფესიონალიზმის“ გათვალისწინებით. ამას სულ სხვა დონე სჭირდებოდა, ამას ვერ მოახერხებდა ბერუჩაშვილი, ფანჯიკიძე, ან მისი წინამორბედი. ალექსანდრე ჩიკვაიძე კი ამას ერთ კვირაში, მაქსიმუმ, ერთ თვეში კონფიდენციალურად გადაწყვეტდა, ყოველგვარი გამოძახებების, დაბარებების გარეშე. დიპლომატიის ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე რთული სადავო საკითხები საჯარო დისკუსიებში არ წყდება.
გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა მიმდინარეობდა ცხარე მოლაპარაკებები ბირთვული იარაღისგან განიარაღების თაობაზე ამერიკელებსა და რუსებს შორის, ჩიხში შევიდა მოლაპარაკება და ბოლოს საბჭოთა კავშირის ბრწყინვალე დიპლომატმა თავისი ამერიკელი კოლეგა წაიყვანა ტყეში და სამი საათის განმავლობაში ტყეში სეირნობდნენ, რა ილაპარაკეს, კაციშვილმა არ იცის, მაგრამ მეორე დღეს ხელშეკრულება გაფორმდა. დიპლომატიის მთელი ეშხი ისაა, რომ მას არ უყვარს ტელეეთერი, დიპლომატია რომ დაიწყო რიშელიეს, ტალეირანის დროს, მაშინ ტელევიზია არ ყოფილა. ყველაფერი ხდებოდა კონფიდენციალურად. მე ხომ ვიცი, რას ნიშნავს ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში? ეს არის პროტესტი და აქ უკვე წყდება ნდობითი ურთიერთობები. ამას დაემატა კიდევ უფრო დიდი საშინელება, რომელიღაც დეპარტამენტის ახლადგამომცხვარ დიპლომატს შეახვედრეს 45-მილიონიანი ქვეყნის ელჩი. მინისტრის მოადგილესაც არ შეახვედრეს, ეს იყო დამცირება. უკრაინის ელჩი თავაზიანი კაცი და პროფესიონალი დიპლომატია, მაინც ნამუსი მოგვწმინდა და ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა, მკვახედ კი თქვა, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენს საკადრო პოლიტიკაში ნურავინ ჩაერევაო.
საბოლოოდ, სააკაშვილის თავგამოდებული დაცვა ხომ არ იქნება ტვირთი უკრაინისთვის? მათ შორის, ვგულისხმობ უკრაინის უარს სააკაშვილ-ადეიშვილის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
- დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბერუჩაშვილის დონის დოპლომატებს ჰგონიათ, პოროშენკო დროებითია უკრაინაში. არ ვიცი, შეიძლება, მათ სხვა ინფორმაცია აქვთ და ანგარიშს არ უწევენ პოროშენკოს პოზიციას. ვიღაც-ვიღაცებს თბილისში ჰგონიათ, რომ მაინც პუტინი გაიმარჯვებს, „რეფორმატორ“ ქართველებს გამოყრის იქიდან, უკრაინაში თავის კაცს დასვამს, იანუკოვიჩს არ დააბრუნებს, მაგრამ განა ცოტა ჰყავს იანუკოვიჩები? ამით საქართველო ისევ გახდება უკრაინის სტრატეგიული მოკავშირე, ოღონდ, რომელი უკრაინის? რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის? დავუშვათ, ასე მოხდა, მაგრამ პუტინი ევროპაში, ამერიკაშიც ხომ ვერ შეცვლის რეჟიმს? როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, ნატოსთან?
ნატოს დავანებოთ თავი, ნეტარმორწმუნე უნდა იყოს კაცი, რომ ჯიუტად იმეორებდეს, ნატო მიგვიღებსო. ღია ტექსტით გვითხრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, დროა, საქართველომ და უკრაინამ იფიქრონ ნატოს გარეშე ცხოვრებაზეო. პუტინს შეუძლია, კიევს გადაუაროს ტანკებით, დასავლეთი ხმას ამოიღებს, მაგრამ თითს ვერ დააკარებს, ხომ ხედავთ, რა ხდება, დებალცევო აიღეს, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, და ობამა კიდევ ფიქრობს, ტანკსაწინააღმდეგო ორი რაკეტა მისცეს თუ არა უკრაინას.
სხვათა შორის, ნაწილობრივ, ამ მარცხს აბრალებენ უკრაინელ გენერლებს, რომლებიც გენერლობასა და ჯილდოებს, ფაქტობრივად, უკან დახევისა და ბრძოლის წაგებისთვის იღებენ. საბჭოურ ყაიდაზე აღზრდილ ამ „გენერლებს“ ბოლო წლების მანძილზე სამხედრო წვრთვნებიც კი არ ჩაუტარებიათ უკრაინაში.
- გასულ საუკუნეში ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გახლდით და იქ შვედი ექსპერტი იყო ჩამოსული, რომელიც თურმე, იმავდროულად, გენერალიც იყო. მოვიდა სამხედრო ფორმით და ბრეჟნევივით კისრიდან ჭიპამდე ორდენებით გატენილი მუნდირით. ერთმა რუსმა ექსპერტმა მითხრა, კი მაგრამ, ერთი ამიხსენით, შვედეთს უკანასკნელი ომი 300 წლის წინ ჰქონდა და ამან ეს ორდენები რაში მიიღოო?! დღესაც ასეა, უკრაინელ გენერლებს ერთი მედალიც კი არ ჰქონდათ მიღებული, დღეს ეს ორდენები საიდან მიიღეს? ასე, ჟირინოვსკიც გენერალია და ბელორუსიის პრეზიდენტი მარშალია, ლამის. დებალცევოში სამარცხვინო რამ მოხდა, იქ 1400 სეპარატისტი იბრძოდა, ამ დროს იქ უკრაინის 6-ათასიანი არმია იდგა. უკრაინელებს არავის უნდა ომი. უკრაინელი ჟურნალისტი წერდა, მე ჩემს ძმა- რუსეთს იარაღს ვერ ვესვრი, ყირიმში მივდივარ, სანამ აქ ეს ომიაო. რას ჰქვია, ის რუსი თუ სახლში შემომივარდა და სახლს მართმევს, თვალებსაც დავთხრი.
ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილს აწყობს არეულობა უკრაინაში და ამით იხანგრძლივებს თავის ყოფას. საქართველოშიც აქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს მომავალში სწორედ უკრაინა გამოუტანს განაჩენს, თუნდაც სამხედრო რიტორიკისა და რეფორმების ჩავარდნის გამო.
- უკრაინა სააკაშვილს არანაირ განაჩენს არ გამოუტანს. ელემენტარულად, რეფორმების ჩაფლავება უკრაინაში გაამართლებს ჩვენი ხელისუფლების ლოგიკას, ხომ ვამბობდით, რომ სააკაშვილი ვერაფერს გააკეთებდაო?! მაგრამ, სააკაშვილსაც ექნება გამამართლებელი, ის იტყვის, რა ვქნა, რუსეთი შემოიჭრა, ევროპა კი არაფერში დამეხმარაო. ახლა საქართველოში მის დაბრუნებაზე მსჯელობენ. ეს ყველაფერი სააკაშვილზე არ არის დამოკიდებული, არამედ - „ქართულ ოცნებაზე“. თუ მცდარი პოლიტიკით აპირებენ გაგრძელებას და ამავე სისწრაფით გაუარესდება ხალხის ცხოვრება, სააკაშვილი კი არა, შეიძლება, ბინ ლადენიც გაცოცხლდეს და პრეზიდენტად დაგვიჯდეს. ჩვენს ხალხს ერთდღიანი მეხსიერება აქვს.
მსოფლიოში ვერ ვიხსენებ არჩევნებს, როცა ლიდერი 80%-იანი მხარდაჭერით მოსულიყო და ორ წელიწადში 80%-იანი უარყოფით გაეგდოთ. აღმოსავლური სულსწრაფობა გვღუპავს, დილით ავირჩევთ ლიდერს და საღამოს უკვე მდიდარ ქვეყანაში გვინდა ვცხოვრობდეთ. დღეს რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“? სულ მოკლე დროში, წელიწადნახევარში „ქართული ოცნება“ შევიდა ყველაზე საშიშ სტადიაში. „ოცნებისთვის“ მთავარ პრიორიტეტად იქცა ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომ ალაპარაკდნენ ვადამდელ არჩევნებზე. სააკაშვილისთვის ბრძოლა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის პრიორიტეტად იქცა მისი მოსვლიდან მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ. თუ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, მაშინ რად უნდათ ვადამდელი არჩევნები? იმიტომ, რომ არ აქვთ იმედი, რომ ხვალ გაიმარჯვებენ და უნდათ, დღესვე მოასწრონ.
ვადამდელი არჩევნები სიკეთის გამოხატულება არსად არ ყოფილა, ეს ყველგან არის დესტაბილიზაციის, საფრთხის აღიარება. ასე გააკეთა 2008 წელსაც სააკაშვილმა, მანაც არ იცოდა, შემდეგ რა მოხდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ იფიქროს იმაზე, როგორმე ლარის ვარდნა შეაჩეროს. თორემ, ვთქვათ, დამარცხდა უკრაინაში სააკაშვილი, ეს შეღავათი იქნება? თუკი აქ ისევ მშიერი ვიქნები და პროფესორს 28-ჯერ ნაკლები ხელფასი მექნება, ვიდრე სამინისტროს საშუალო რგოლის ჩინოვნიკს, თუ ნარმანია ისევ ეთნიკური სოლიდარობის პრინციპით დანიშნავს თანამდებობაზე ადამიანებს და ისევ ილაპარაკებს „რუსთავი 2“ მეგრულ და კახურ კლანზე?! 3-მილიონიან ქვეყანაში რომელ კლანებზეა საუბარი? იმერული კლანი არ გამიგია ჯერ, თუმცა ყველაზე მეტი იმერლები არიან საქართველოში. ხუთი კახელი მოხსნეს და არიქა, კლანიო. ანდა, რომელი იყო იქ კახელი? კახელები არასდროს მიდიან პოლიტიკაში, ისინი მუშა ხალხია. ამ დროს გიორგი გაბუნიამ ერთ თოქ-შოუში 6-ჯერ მაინც ახსენა კახური კლანი. ის, რომ სააკაშვილიდან მოყოლებული, მეგრელებით იყო გავსებული ყველა სამინისტრო, შსს, უშიშროება და დღესაც ასეა, ამაზე „რუსთავი 2“-ს არაფერი უთქვამს.