ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ადასტურებს. ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილი კი პროკურატურას დნმ-ის ანალიზის გაყალბებაში ადანაშაულებს. სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ 6 თებერვალს აღებული დნმ-ის ნიმუში 23 იანვარს აღებული ნიმუშად გასაღდა.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული საკვლევი ობიექტი დაზარალებულის ადვოკატებთან ერთად დაილუქა და გადატანილი იქნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, სადაც მისი გახსნა მოხდა.
„შემთხვევის ადგილზე ამოღებული საკვლევი ობიექტი მეორე დღეს უკვე გადატანილი იყო საექსპერტო ბიუროში, სადაც აღმოჩნდა კონკრეტული პირის დნმ. პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიაკვლია კონკრეტულ პიროვნებას, ვისაც დღეს ბრალი აქვს წარდგენილი. საქმეში გარდა დნმ-ის სინჯისა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს“, - აცხადებს ვაზაგაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
ბრალდებულ სოსანაშვილის ინტერესების დამცველი სოსო ჯოგლიძე ამტკიცებს, რომ სოსანაშვილს დნმ-ის ნიმუში გენინსპექციაში დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს აუღეს, რაც არ დაულუქავთ და არ დაუფიქსირებიათ. „დაკავების მეორე დღეს, სოსანაშვილს ხელახალი ნიმუში აუღეს და წინა დღეს, საფლავზე დატოვებულ ნერწვის კვალს შეადარეს, რითაც იდენტური პასუხი მიიღეს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს დეტალი გავასაჩივროთ, რადგან სატელეფონო ზარით ფიქსირდება, რომ გია სოსანაშვილი გენინსპექციაში დაიბარეს 6 თებერვალს“, - აცხადებს სოსო ჯოგლიძე.
სოსანაშვილის და, ლია სოსანაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილისგან, ირაკლი შოთაძისგან ითხოვს განმარტებას, რატომ არ ფლობს ინფორმაციას სოსანაშვილი გენერალურ ინსპექციაში მისვლის შესახებ.
„ჩემი ძმისგან მაქვს ინფორმაცია, რომ 7 თებერვალს ნიმუშის აღება კანონიერად ჩატარდა. 7 თებერვლის მასალები საქმეშიც დევს, მაგრამ სად არის 6 თებერვლის მასალები? საეჭვო ხომ არ არის, როდესაც შოთაძე აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის? ეს ხომ აბსურდია“, - განაცხადა ლია სოსანაშვილმა.
მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ამოღებული დნმ-ის კვლევის იდენტიფიცირება არ მომხდარა. მისი თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდა სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული. შოთაძის მტკიცებით, გარდა დნმ-სა, პროკურატურას გააჩნია ბევრი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის დანაშაულზე მიუთითებს.
„პროკურატურას გააჩნია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 იანვარს გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის პიროვნებას მონაცემთა ბაზაში ამოწმებდა. 20 იანვარს, აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, ირაკლი ფირცხალავამ სოსანაშვილს დაურეკა, როდესაც სოსანაშვილი იმყოფებოდა სოფელ ყარაფილას მომსახურე მობილური ტელეფონების ანძის ტერიტორიაზე“, - აცხადებს შოთაძე.
რაც შეეხება სოსანაშვილის ოჯახის ბრალდებებს, რომ პროკურატურამ დნმ გააყალბა, შოთაძე ამბობს, რომ ვიდრე მოხდებოდა სოსანაშვილისგან დნმ-ის ნიმუშის აღება, გაცილებით ადრე იყო პროკურატურისთვის ცნობილი შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე კვალი.
„ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა რომ დნმ-ს კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო არ ვიცოდით. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება და სოსანაშვილამდე შემოწმებული იქნენ სხვა მოქალაქეებიც. იმის მტკიცება, რომ დნმ-ს ჩადება მოხდა, სასაცილოა. დნმ-ის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები.
მას შემდეგ რაც პროკურატურამ მოიპოვა დასაბუთებული ვარაუდი ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რომ სოსანაშვილი შეიძლება ყოფილიყო ის პირი, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, მოხდა გამოკვლევა და ამის შემდეგ მოხდა სოსანაშვილის დაკავება ბრალდებულის სახით. დაკავების შემდეგ მოხდა მისგან დნმ-ის აღება, რომელიც დაემთხვა საფლავზე ამოღებულ ნიმუშს. გამოძიება გრძელდება, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გია სოსანაშვილი საფლავის მიმდებარედ დაინახეს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება დნმ-ს ანუ პროფილს, ამას აკათებს სპეციალური აპარატი. ამიერკავკასიაში ერთადერთი აპარატია, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრშია განთავსებული. ამ აპარატს აქვს შემდეგი ფუნქცია - როდის მოხდა აღნიშნული დნმ-ს ანუ პროფილის შეტანა აპარატში, როდის აღმოჩნდა კონკრეტული პროფილი, უკვე არსებულ დნმ-ზე როდის მოხდა სხვა დნმ-ს მოტანა და მისი შედარება. აქედან გამომდინარე, როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, საუბარი იმაზე, რომ რაღაცა გაყალბდა, არის აბსურდი, ვინაიდან ამ ყევლაფერთან ადამიანებს შეხება არ აქვთ.
„ამ ყველაფერს ამუშავებს აპარატი. ჩვენს ინტერესში არის, რომ მათ ჩაატარონ განმეორებითი დნმ-ი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ არის რაღაცა დეტალები, მაგრამ ამ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვსაუბრობთ. შემთხვევის ადგილის დათვალირების დროს ამოღებული მასალები და მტკიცებულებები წავიდა ექსპერტიზაზე. 25 და 26 იანვრას უკვე არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა და არსებობდა ორი უცნობი პირის დნმ-ს ანალიზი. ანუ როგორც სოსანაშვილის, ასევე კიდევ ერთი პირის დნმ-ს ანალიზი ამოვიდა.
25-26 იანვარს გვაქვს უკვე ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ აღმოჩენილია პირთა იდენტიფიკაციისთვის ვარგისი დნმ-ის ანალიზი, 6 თებერავალს როდესაც ბატონი სოსანაშვილი მიიყვანეს საგამოძიებო ორგანოში, მისგან სპეციალისტის მიერ იქნა აღებული დნმ-ს ანალიზი და მოხდა შედარება უკვე, 25 იანვარს აღმოჩენილ დნმ-ს პროფილთან. სოსანაშვილს ოჯახს და ადვოტაკს საქმის მასალები გადაეცა სოსანაშვილის დაკავებიდან მეორე დღეს“, - ამბობს ირმა ჭკადუა.
მისივე თქმით, საქმეში აღმოჩენილი მეორე პიროვნების პროფილი, არაა ისეთი მაღალი ინტენსივობის, როგორც არის გია სოსანაშვილის.
„მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები სავარაუდო კავშირში მყოფი პირის დადგენა, რომ მოხდეს მისი დნმ-ის შედარება არსებულ დნმ-ზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეულ დეტალებზე არ ვსაუბრობთ. რადგან, იმ ადამიანმა ხომ იცის მისი დნმ-ის არსებობს შესახებ და, რომ არ მოხდეს იმ ადამიანის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის სულერთია ვინ იქნება დაკავებული, მკვლელი თუ არამკვლელი.
თუკი რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი არაა ამ დანაშაულის ჩამდენი, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვისაც ამაზე ექნება რეაქცია. მაგრამ, ამ წუთამდე ჩვენ ასეთი პრეტენზიის გამოთქმის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა, წინასწარ ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს სოსანაშვილმა ჩაიდინა. შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს მტკიცებულება და არა მარტო დნმ-ი. ძალიან ბევრი მტკიცებულებათა ჯაჭვია. გარკვეული მტკიცებულებების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ. არსებობს მტკიცებულება, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს კონკრეტული პირების ბრალეულობაზე, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.