საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. საკითხი ბიუროს სხდომაზეც განიხილეს. კომიტეტებს ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ ნინო გვენეტაძეს მოუსმინონ, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, სასურველია საკითხის განხილვა მიმდინარე კვირაში მოხდეს.
ნინო გვენეტაძე უკვე გახდა კრიტიკის მიზეზი და მას ოპონენტები ბიძინა ივანიშვილისთვის სოციალური ქსელის მეშვეობით გადახდილი მადლობის გამო აკრიტიკებენ. გვენეტაძე ამბობს, რომ ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობა მისი არასარულწლოვანი შვილის შემოქმედებაა.
რა გეგმებით მიდის უზენაეს სასმართლოში და რატომ დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ნინო გვენეტაძეს ესაუბრა.
თუ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს პარლამეტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს თქვენს კანდიდატურას?
- ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩემს წინაშე არის და ასეთივე პასუხისმგებლობას ვგრძნობ პარალამენტისგან. ჩემს რწმენას და მოლოდინს ვამყარებ იმ საზოგადოდ მიღებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, რომელიც შეთანხმდა საზოგადოებასთან ერთად. ეს არის პროფესიონალიზმი, ჩემი პრინციპულობა, ჩემი განვლილი ცხოვრების გზა. ამიტომ, ვფიქრობ, როდესაც მომისმენს პარლამენტი, მიიღებს სწორ და დასაბუთებულ ინფორმაციას ჩემს ხედვებთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.
თუკი გახდებით ქვეყნის პირველი მოსამართლე, რის შეცვლას აპირებთ სასამართლო ხელისუფლებაში? კოტე კუბლაშვილი 10-წლიან მმართველობა უკავშირდება რევანშს სასამართლო სისტემაში, უკანონო გადაწყვეტილებებს, დაუსაბუთებელ განაჩენებს და ა.შ.
- ხელისუფლება დავტოვე იმ პრინციპების შეუსაბამობის გამო, რომელსაც ის ხელისუფლება ატარებდა. ამიტომ, ჩემი ერთადერთი პრიორიტეტი და მიმართულება იქნება ხელი შევუწყო სასამართლო კორპუსს, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა. რევანშის გრძნობით ნამდვილად არ ვარ განმსჭვალული.
მხოლოდ ერთი იდეით მინდა ვიყო სასამართლო ხელისუფლებაში, რომ ის რაც ვერ შევძელი გამეკეთებინა მაშინ, ახლა ჩემს კოლეგებთან ერთად შევძლო, ძალიან მაღალი დაცულობით და მაღალი სტანდარტით გვერდით დავუდგე სასამართლო კორპუსს და ვთხოვო, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იყოს ის მთავარი პრინციპები, რის გამოც მე მათთან ერთად ვიბრძოლებ მათივე უფლებების დასაცავად.
თქვენი კონკურენტი ევა გოცირიძე თვლის, რომ არ უნდა წარედგინა პრეზიდენტს თქვენი კანდიდატურა, რადგან კანონი კრძალავს დისციპლინარული გადაცდომის გამო განთავისუფლებული მოსამართლის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ არჩევას...
- არავითარი დამაბრკოლებელი გარემოება ამ პოზიციაზე კანდიდატურის დასაყენებლად კანონით არ გამაჩნია. ეს ძალიან მარტივად გასარკვევი საქმეა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ჩახედვა უნდოდა. ეს გაუგებრობა ამოწურულია, ევა ჩემი კოლეგაა და როგორც კოლეგას, მე მას პატივს ვცემ.
როგორია თქვენი პოზიცია, მოსამართლეთა სამწლიანი, გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით, არ თვლით, რომ რაიმე საფრთხის შემცველია იგივე მოსამართლეებისთვის?
- თუ ეს საკანონმდებლო ნორმები საფრთხის ქვეშ დააყენებს სასამართლოს და კონკრეტულად მოსამართლის დამოუკიდებლობას პრობლემებს შეუქმნის მუშაობის პროცესში, პირველი მე ვიქნები, ვინც იბრძოლებს ამის საწინააღმდეგოდ. დღეს მე ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით მოსამართლეს აქვს შანსი, ერთხელ კიდევ, თავისი სამოსამართლო საქმიანობის ფარგლებში დაადასტუროს, რომ ის არის ღირსი გააგრძელოს მუდმივი საქმიანობა.
ეს გარანტიები კანონში საკამოდ კარგად არის ჩადებული და თუ რაიმე პრობლემა იქნება, ეს იქნება უკვე პრაქტიკის პრობლემა. მაგრამ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვიქნები, ვინც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იქნება და ვინც კანონის მოთხოვნათა დაცვით და ადამიანის უფლებათა პრიორიტეტებით მიიღებს გადაწყვეტილებას. იმდენად, დეტალურად არის გაწერილი ეს საკითხები, რომ არ ვფიქრობ, რაიმე საფრთხეები იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თქვენ ვერ იქნებით დამოუკიდებელი მოსამართლე, უკვე გიწოდებენ „ქართული ოცნების“ მოსამართლეს. ამ პოლიტიკურ ვითარებაში რამდენად შეძლებთ სასამართლო სისტემისთვის დამოუკიდებლობის ხარისხის მინიჭებას?
- მაშინაც კი, როდესაც შევარდნაძის ეპოქა იყო, ეს ნაციონალების ფრაზაა და მათი თქმით - მე იმ ეპოქის მოსამართლე ვარ... იმ ეპოქაში ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. იმ ეპოქაში დავიწყე ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად და როგორ ფიქრობთ, ახლა შევიცვლი პრინციპებს? რაც ვიყავი თვით იმ ეპოქაში, რომელსაც შევარდნაძის ეპოქა ჰქვია, რა ღირებულებითაც ვიბრძოდი სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, დღესაც აბსოლუტურად იგივე ღირებულებებით ვბრუნდები უკან, თუ ამას პარლამენტი დაადასტურებს.
როგორ ფიქრობთ, დაგიჭერთ მხარს უმცირესობა?
- ვფიქრობ, რომ რაღაცა პოზიციიდან, რასაც ისინი ითხოვენ - მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს და მართლმსაჯულების აღსრულებას, თუ ამის გარანტი ვიქნები, მაშინ ლოგიკურია, რომ მათგანაც უნდა მივიღო მხარდაჭერა. თუ სასამართლო ჩამოყალიბდება და იქნება მართლაც მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილების გამომტანი და უფლებების დამცველი, მაშინ გაუგებარია და წინააღმდეგობაში მოდის მათი აზრები, რატომ არ უნდა ვიყო მათგანაც მხარდაჭერილი? მათი მიზანიც ხომ ესაა, რომ სასამართლო იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი? იგივე პრინციპები მაქვს მეც. ეს არ ნიშნავს, რომ მე ნაციონალების პრინციპები მაქვს, მე მაქვს ის პრინციპები, რასაც აღიარებს ქართველი ხალხი და რასაც საერთაშორისო ნორმები აძლევენ მყარ განარტიას.
თქვენ იყავით „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და 2012 წელს დატოვეთ პარტია. აქიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვები, რესპუბლიკელები ლობირებენ თქვენს კანდიდატურას, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოტე კუბლაშვილის მემკვიდრედ სახელდებით თქვენ...
- ვადასტურებ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვიყავი 2008 წლიდან 2012 წლამდე. რაც შეეხება პარტიიდან გამოსვლის მიზანს, ესეც უკავშირდება ჩემს სწრაფვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გასაძლიერებლად, ჩემი უფლებების აღდგენას. მოგეხსენებათ, რომ 2005 წლის შემდეგ არ შეგვიწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა. რასაკვირველია, მე ვფიქრობდი, საზოგადოებამ რომ ირწმუნოს ჩემი, მე დამოუკიდებლად უნდა მივაღწიო ჩემს უფლებამოსილებებში აღდგენას. ამიტომ, განჭვრეტილად ვიცოდი, რომ ჯობდა მე ვყოფილიყავი აპოლიტიკური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანი. ამას უკავშირდება ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე 2012 წელს. არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ.
გქონდათ თუ არა შეხვედრა ყოფილ პრემიერთან და ეხებოდა თუ არა ეს თქვენს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობას?
– 2012 წლის არჩევნების პერიოდში მე აქტიურად, ჩემი პროფესიული და არა პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვმონაწილეობდი იმ სამართლებრივ ჯგუფში, რომელიც სასამართლო, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირების მიმართულებით მუშაობდა. რასაკვირველია, ამ ჯგუფს, რომელსაც მინდია უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა, ჰქონდა საკუთარი ხედვები და კონცეფციები მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებით.
ასეთი შეხვედრა ნამდვილად შედგა და ჩვენი ჯგუფის სახელით მეც სხვა მომხსენებლებთან ერთად გავაკეთე მოხსენება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ინდივიდუალური შეხვედრა. ეს იყო ჯგუფის შეხვედრა. იქ მომხსენებელი უამრავი იყო და ერთ-ერთი ვიყავი მეც. რაც შეეხება იმას, რომ ამ შეხვედრაზე განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის საკითხი, შეგიძლიათ ამოწიოთ ჩანაწერები და ნახავთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არა თუ ჩემ კანდიდატურაზე, ზოგადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზეც კი არ ყოფილა საუბარი.
ქალბატონო ნინო, რატომ გადაუხადეთ მადლობა „ფეისბუქის“ საშუალებით ბიძინა ივანიშვილს?
– მე არასდროს გადამიხდია ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობა. ეს იყო ჩემი პატარა შვილის შემოქმედება. მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ.