„ჩვენს შორის საზღვარი არ უნდა იყოს, ის მოსახსნელია“ ,- ასეთია ვლადიმერ პუტინის მრჩევლის, კრემლის რუხი კარდინალის- ვლადისლავ სურკოვის დირექტივა, რომელიც სურკოვმა ოკუპირებულ სოხუმში, რეჟიმის ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და იქვე განმარტა, რომ „საზღვრის მოხსნა“ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
ქართველი ექსპერტები სურკოვის ნათქვამს კრემლის სურვილის გახმოვანებად მიიჩნევენ, რადგან რუსულ წრეებში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა, სურკოვის სახით, „ოკუპანტურ თამამ სურვილებს“ მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღებდა.
საზღვრის მოხსნასთან დაკავშირებით ვლადისლავ სურკოვის ოფიციალური ლოგიკა ასეთია: „რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, ფსოუსთან გრძელი რიგი დგას. ეს დღეს მე თვითონ ვნახე, აქეთ რომ მოვდიოდი. საბოლოო ჯამში, საზღვარი უნდა გაუქმდეს. ჩვენს შორის საზღვარი არ უნდა არსებობდეს. ეს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებითაც გათვალისწინებულია“.
თუმცა, მარტო აფხაზეთში კი არა, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც კარგად ახსოვთ ვლადისლავ სურკოვის ადრინდელი განცხადებაც: „რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა უნდა ვიჩქაროთ დაახლოების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“.
რატომ ჩქარობს კრემლი და არის თუ არა საზღვრის მოშლის რეალური საბაბი ფსოუზე არსებულ საკონტროლო-გამსვლელ პუნქტთან შექმნილი სიტუაცია, რაც თურმე რუსეთში გასასვლელ ავტომანქანებსა და მგზავრთა უზარმაზარ რიგებს აფერხებს? რას ნიშნავს პუტინის მრჩევლის მიერ მოსკოვსა და სოხუმს შორის ახალი ხელშეკრულებით მანიპულირება მაშინ, როცა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დე ფაქტო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთას ითვალისწინებს და არა-საზღვრის საერთოდ გაუქმებას?!
ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, მაშინ როცა სურკოვი საუბრობს აფხაზეთთან საზღვრის გაუქმებაზე, რატომღაც ავიწყდება, რომ თითქმის საზღვარია შემოღებული თვითონ რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს შორის. ნებისმიერ ავტობუსს, რომელიც იქ გადაადგილდება, სამი საათით აჩერებენ იმისთვის, რომ ძირფესვიანად შეამოწმონ ყველა მგზავრი და ეს ხდება ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე.
„ამ ფონზე საუბარი იმაზე, რომ აფხაზეთთან უნდა გაიხსნას საზღვარი, მიმართულია მომავალი საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის. მეორეც, საზღვრის გახსნა თავად რუსებს გაუადვილებს შესვლა-გამოსვლას და ეს, პირველ რიგში, მათთვის კეთდება. მესამე საკითხი, სურკოვის ჩასვლასთან დაკავშირებით, იყო ის, რომ ადგილობრივ პენსიონერებს ძალზე დაბალი პენსიები აქვთ და ყველას უნდა რუსეთის მოქალაქეობის მიღება. თვითონ საზღვრის გახსნის მომენტი არ არის ჩვენთვის იმდენად სახიფათო, რამდენადაც კონტექსტი, რომ რუსეთმა გადმოიტანოს საქართველო-რუსეთის საზღვარი ენგურის გასწვრივ. ხელშეკრულების მიხედვით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ენგურისპირა ტერიტორიის სრულიად მოწყობა საზღვრის სტანდარტით და, შესაბამისად, იქ იქნებიან სულ რუსები. რუსებმა ამ ხელშეკრულებით აიღეს ვალდებულება, დაიცვან აფხაზეთის ტერიტორია. გამოდის, რომ რუსები იდგებიან ენგურს გაღმა და ის საზღვარი, რომელსაც ისინი გააუქმებენ ფსოუზე, გადმოვა ენგურის ხიდზე. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდებით“,-აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
მისი თქმით, რუსეთი ოკუპაციის მხარეა და რუსებისა და აფხაზების ინტერესშია, საზღვარი იყოს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებს შორის, ანუ საუბარია ძალიან გამჭვირვალე საზღვრებზე. სწორედ ასეთი საზღვრები აქვთ ბელგია-ლუქსემბურგ-საფრანგეთს, სადაც თავისუფალი მოძრაობაა. ასეთი სისტემა უნდათ შემოიღონ ფსოუს საზღვარზეც და, ექსპერტის ინფორმაციით, ამის განხორციელება უკვე დაიწყო, პროცესი გაწერილია და ამ პროცესისთვის გარკვეული ვადაა მიცემული. საერთო ჯამში კი, დათვლილია, რომ ყველა პროცესი ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე განმარტავს, რომ საზღვრის მოხსნასთან დაკავშირებით მოსკოვს სოხუმთან ახალი „ხელშეკრულების“ დადება არ გაუჭირდება. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების რეაქციას, ექსპერტი თვლის, რომ რამდენჯერაც გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, იმდენჯერ გადმოსწია საზღვრის ზოლი მოსკოვმა და ამას ახალი ხელშეკრულებებიც მიაყოლა. ეს კი მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა სულაც არ იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების საკითხში.