ინტერნეტ გამოცემა For.ge-ს რედაქციის განცხადება

ინტერნეტ გამოცემა For.ge-ს რედაქციის განცხადება

ინტერნეტ გამოცემა For.ge-ზე, მისი შექმნის დღიდან მოქმედებდა ფორუმი, ვინაიდან, ვთვლიდით, რომ საიტის ინტერაქტივის რეჟიმში ფუნქციობა საინტერესო იყო, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ასევე გამოცემის რედაქციისთვის. ჩვენთვის მისაღებია ყოველგვარი კრიტიკა და არასოდეს არ ვზღუდავთ განსხვავებულ აზრს, იმის მიუხედავად, ემთხვევა თუ არა ის რედაქციის პოლიტიკას. ამის მაგალითია ჩვენს მიერ მომზადებული მასალები, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენაზე.

თუმცა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში, ზოგიერთი იუზერის მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა სახელებით რეგისტრირდებოდნენ, ფორუმი წალეკა უცენზურო კომენტარებმა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კამათთან, კრიტიკასთან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასთან. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენს რესპოდენტებს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამაც უხერხული ვითარება შექმნა. იყო შემთხვევები, როცა ექსპერტები და პოლიტიკოსები უარს ამბობდნენ ჩვენთან თანამშრომლობაზე იმ  მიზეზით, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სხვადასხვა მეთოდს მივმართეთ, რომ პრობლემა აღმოფხვრილიყო, თუმცა ჩვენი მცდელობების მიუხედავად, შედეგს ვერ მივაღწიეთ. აშკარა იყო, რომ გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა საიტის დისკრედიტაციას ცდილობდა, რამაც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ფორუმი გაგვეთიშა.

რამდენიმე თვის განმავლობაში, ფორუმი არ ფუნქციობდა, თუმცა უამრავი ადამიანი დაგვიკავშირდა, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგერეთიდან და გვთხოვდა ფორუმის აღდგენას. ზოგი ფიქრობდა, რომ ფორუმის გათიშვის გადაწყვეტილება გარედან ზეწოლის შედეგი იყო (არ ვიცით ვის გულისხმობდნენ), ზოგიც ფიქრობდა, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა თვითცენზურას. იმდენად დიდი იყო ფორუმის აღდგენის მთხოვნელთა რიცხვი, რომ საბოლოოდ, ჩვენი მკითხველების და ბლოგერების თხოვნას გავუწიეთ ანგარიში და ფორუმის აღდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ.

კიდევ ერეთხელ გვინდა შევახსენოთ ჩვენს მკითხველებს, for.ge-ს რედაქცია არასოდეს ყოფილა დამოკიდებული არც ერთ ხელისუფლებაზე და მით უმეტეს, არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე. ვფიქრობთ, ეს უკვე დავამტკიცეთ მედია სივრცეში მრავალწლიანი მუშაობით. ჩვენთვის ყოველთვის მთვარი ღირებულებები იყო: თავისუფლება და ობიექტურობა. ვერასოდეს, ვერავინ გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რაც არ გვსურს და ვთქვათ ის, რისიც არ გვჯერა.

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველებს და იმ ადამიანებს, რომელთა თანადგომას და ყურადღებას მუდმივად ვგრძნობდით.    

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა ფორუმზე.