„რუსთავი 2“-ის მიერ დადგენილი დღის წესრიგი შესაცვლელია და ბიძინა ივანიშვილი მზადაა, „რუსთავი 2“, როგორც გაფართოებული „რეალ-ტივი“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტმანქანა, „სპარინგპარტნიორად“ გაიხადოს და საზოგადოება მათ მიერ მოწოდებულ სიცრუესა თუ ვირტუალურ რეალობაში არ აცხოვროს“. ამ კონტექსტით, ყოფილ პრემიერს და მის გუნდს პრეტენზია აქვთ, რომ მედია სივრცეში მათი შემოსვლით გარკვეული ცვლილებები მოხდება. თუმცა საინტერესოა, რამდენად მიღწევადია ამ გეგმის შესრულება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პროექტით, როცა აშკარაა, რომ ქვეყანაში ამინდსა და განწყობას ისევ და ისევ ნაციონალები ქმნიან და „ქართული ოცნების“ წევრები მხოლოდ მათ მიერ წამოწყებულ თემებზე ახდენენ რეაგირებას?! რას ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან ექსპერტების მიმართ პერიოდულად გამოთქმული საყვედური და როგორ უნდა წარმართოს შემდგომი მოღვაწეობა ყოფილმა პრემიერმა ისე, რომ არასამთავრობოების და მედიის სასაყვედურო არ გახდეს?
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია შეიქმნა იმის საფუძველზე, რომ საინფორმაციო სივრცე ჩვენთან უკონტროლო გახდა.
- ჩვენ ვიცით, რა პრაქტიკაც გვქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში. მედიის ყველაზე ეფექტური საშუალებები საინფორმაციო სივრცეში გაკონტროლებული და დაქვემდებარებული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ნებას.
ბიძინა ივანიშვილის ხედვა ასეთია, რომ საინფორმაციო სივრცე არ უნდა გაკონტროლდეს და ამ უკონტროლობამ ჩვენ მიგვიყვანა უცნაურ სიტუაციამდე, როდესაც ჩვენ გვაქვს პარტიული ან კლანური ტელევიზიები. საუბარია ტელევიზიებზე, რომლებიც ყველაზე ეფექტური ფორმაა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ თანამედროვე პირობებში, როგორც მართვის თვალსაზრისით, ისე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც ყველა ტელევიზია ან რომელიმე პარტიის პარტიულ ინტერესებს ემსახურება, ან რომელიმე კლანის ბიზნესინტერესების სადარაჯოზე დგას. თავისთავად, ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის ხელისუფლებას, რადგან თავისუფალი მედიის პრინციპების დამახინჯება ხდება ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, იმ სივრცეში, სადაც ტრადიციულ ფორმას - ბეჭდურ მედიას ისევ თავისი და საკმაოდ წონადი ადგილი უჭირავს. ივანიშვილი ცდილობს, ეს სიტუაცია, რაც რეალურად, ჩემი აზრით, არასწორი მიდგომის შედეგიცაა, გარკვეული თვალსაზრისით, გამოასწოროს და ამ კუთხით „საზოგადოება 2030“-იც შექმნა, GDS-ში პროექტის მომზადებაც, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მარტიდან ჩვენ ვიხილავთ, ზუსტად ამ კონტექსტშია. ეს არის ადეკვატური შედეგი.
მე ვერ მოგცემთ პირობას, რომ ეს გაამართლებს და მისი შემოსვლით საინფორმაციო სივრცე დაბალანსდება და გახდება უფრო თავისუფალი, ვიდრე უნდა იყოს.
ცხადია, ერთი პროექტით რთულია ამის მიღწევა, მაგრამ რომელ პროექტებზე უნდა აიღონ კიდევ აქცეტი, რომ ისევ ნაციონალებმა არ დაადგინონ დღის წესრიგი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს „ქართული ოცნების“ პიარსამსახურების პრობლემაა, მათ უნდა შემოგვთავაზონ თემები და არა „რუსთავი 2“-მა?
- არ ვფიქრობ, რომ დღის წესრიგს „რუსთავი 2“ გვთავაზობს. უბრალოდ, როდესაც სხვა სუბიექტები და მოთამაშეები ამ სივრცეში არ არიან, შედარებით უკეთესი ტექნიკურ-ფინანსური და ადამიანური რესურსის მქონე საინფორმაციო საშუალება ლიდერი ხდება და აქ არაფერია საკვირველი. პირველ რიგში, საზოგადოებამ და, შემდეგ უკვე, ხელისუფლებამ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჩვენი მედიასივრცე გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, იქ იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ამ სფეროს მისცემს ბიზნესის სახეს და ის აღარ იქნება პოლიტიკური ან კლანური ინტერესების მომსახურე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია. როდესაც ასეთი სიტუაცია ჩამოყალიბდება, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში, კანონის უზენაესობის პირობებში მედია გახდება თავისუფალი და არენაზე გამოვლენ ინტერნეტმედიის ახალი სერიოზული სუბიექტები, რომლის როლიც სულ უფრო იზრდება, ბეჭდური მედია კიდევ უფრო განვითარდება.
თუ დააკვირდებით, მხოლოდ ბეჭდურ მედიაში არის თვითკმარი გამოცემები, რომლებიც მოგებაზე გადიან და სერიოზულ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ თავისი აუდიტორიის რაოდენობით და ხარისხით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სიყვითლე, რაც ბეჭდურ მედიას ახასიათებს, მაგრამ საკუთარი თავის ამარად დარჩენილი ბეჭდური მედია ქმნის ამინდს და არა თუნდაც იგივე „რუსთავი 2“.
ყველა სიახლე, ჟურნალისტური გამოძიება ძირითადად მოდის ბეჭდური მედიიდან, სადაც შემორჩენილია გამოცდილ ინტელექტუალთა ჯგუფი, რომელიც ეგუება ეკონომიკური სიდუხჭირის პირობეში თავისი საყვარელი საქმის კეთებას. მედიაბიზნესი თავად გახდება თავისუფალიც და რეგულირებადიც, მას აღარ დასჭირდება ეთიკის კომისიები, საბჭოები, ამხანაგური სასამართლოები, კონკურენცია და სასამართლო, კანონის უზენაესობა თავად დაარეგულირებს ამ სფეროს. მანამდე მივესალმები ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, შექმნას „საზოგადოება 2030“ და გადაცემა „2030“. აქ ბიძინა ივანიშვილი, ჩემი აზრით, გარკვეულად, აღიარებს თავის შეცდომას, „მე-9 არხის“ დახურვის სახით, მაგრამ „სპარინგპარტნიორების“ დასაბალანსებლად ამის გაკეთება მის მიერ დაფინანსებული ერთი პროექტით რთული იქნება. არც „რუსთავი 2“-ს აქვს ნაკლები შემოსავლები და ნაკლები ფული არ აქვს „რუსთავი 2“-ის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალას. მე ვფიქრობ, თუ ასე ლოგიკურად გაყვა ამ მიმართულებას ივანიშვილი, GDS-ი გახდება ჩვეულებრივი მაუწყებელი, თავისი საინფორმაციო სამსახურით. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, სად არის სიმართლე. როცა ერთი მიმართულებაა წარმოდგენილი, ყოველდღიურობის ამაოებაში ჩაფლულ საზოგადოებას უჭირს სიმართლის დადგენა, მათ ამისთვის არ სცალიათ.
ბევრი თვლის, რომ მარტო „რუსთავი 2“ კი არა, „ტაბულაც“ ასეთ ჟანრში გადის.
- პარტიული და კლანური ინტერესების ფრთა საქართველოში ძალიან ძლიერია. ასე რომ, ეს მხოლოდ „რუსთავი 2“-ით არ შემოფარგლება. ივანიშვილი არის პრაგმატული ადამიანი, ის ამჩნევს ამას და სწორი მიმართულებით მიდის. გამოსვლიდან 2-3 თვეში მისი პროექტი კონკრეტულ შედეგს მოგვცემს.
ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველ კვირას უნდა განსაზღვრავდეს სწორ გეზს ქვეყნისთვის, თუმცა ამის საპირწონედ, ექსპერტთა ნაწილი არ ურჩევს ივანიშვილს, ტელევიზიაზე დადოს ფსონი, რადგან ამით თავის რესპექტაბელობას დაკარგავს. სად უნდა გადიოდეს ოქროს შუალედი, რომ თუნდაც არასამთავრობოებს არ ჰქონდეთ საყვედრებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი მედიას ან არასამთავრობოებს აკონტროლებს?
- სერიოზულ საფრთხეს ივანიშვილის აქტიურ საქმიანობაში ამ მიმართულებით ვერ ვხედავ. პირიქით, კარგია, რომ სერიოზული ოპონენტი ჰყავს ექსპერტთა საზოგადოებას, კარგია, რომ არასამთავრობოებს ვიღაცამ დაუდო სამანი და ამ სამანის მიღმა უნდა გაირკვას ურთიერთობები, რადგან ჩვენთან არასამთავრობო სექტორი საბალახოზე იყო მიშვებული ისე, რომ კაციშვილმა არ იცოდა, იმ უღრან ტყეში რა ხდებოდა. რატომღაც უფრო ივანიშვილის ოპონენტად მიცნობენ, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მას ოპონირებას არ გავუწევ და წავახალისებ, რომ მიმართულება სწორია და მხოლოდ კამათში შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. კონკრეტიკას არ მივანიჭებდი, ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციას თვეში ერთხელ უნდა მართავდეს თუ ყოველ კვირა, ან ტელეეთერში ხშირად უნდა გამოდიოდეს თუ არა. რა თქმა უნდა, მას აქვს ჭარბი ნდობა, მაგრამ რეალურად, ისიც მოქალაქეა და, თუ კანონის ფარგლებში იქნება, რასაც ის არ არღვევს და ის კულუარებში არ მუშაობს, როგორც წინა ხელისუფლება (ვგულისხმობ ე.წ. ტელევიზიების „დათრევას“, გაბატონებას საინფორმაციო ველზე), ივანიშვილი ღია მოთამაშეა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მიზიდულობის ბევრი ცენტრი გაჩნდება. ამჟამად ორი სერიოზული ცენტრი გვაქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ თავისი ორომტრიალით, გასვლა-გამოსვლით, ოპოზიციაში გადასვლით და სხვა. მეორე ცენტრი არის დასავლეთის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა - ნაციონალების სახით. ახალ ცენტრებად ყალიბდებიან ძველი მოთამაშე - ბურჯანაძე და ახალი მოთამაშეები „პატრიოტთა ალიანსის“ სახით. გარდა ამისა, ერთი ცენტრი კიდევ გვაქვს ე.წ. „შავი ცხენის“ სახით, როგორც რუსები ამბობენ, ლევან ვასაძის სახით, რომელიც უკვე პოლიტიკური ფაქტორია ქართულ სინამდვილეში. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ცენტრი იქნება, მით უმეტეს, ფინანსურად ზურგგამაგრებული, მით უფრო ღია და ჯანსაღი იქნება კონკურენცია. ეს ტრადიციულ დაპირისპირებას ქართულ ცნობიერებაში - დასავლეთი თუ რუსეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი შეცვლის და ჩვენ ვიქნებით პატარა ქვეყანა, თვითკმარი სივრცით, რომელსაც გაუადვილდება ახალ გარემოში არსებობა.
სხვათა შორის, საუკუნეების განმავლობაში ეს ტრადიციული დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახასიათებდა ქართულ ცნობიერებას, რაც ჩიხი უფრო იყო, ვიდრე პერსპექტივა.
იმავეს თქმა შეგიძლიათ „დემოკრატიის ჟანგბადის“ მიმართ, რომელიც ცალკეული ექსპერტებისთვის მეტად მტკივნეული ორგანიზაცია აღმოჩნდა? მართალია, მასთან კავშირი უარყო ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ახლად შექმნილი ეს ორგანიზაცია ცდილობს პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რეიტინგი დაადგინოს და მათი კლასიფიკაცია მოახდინოს. შესაძლოა, ცალკეული არასამთავრობოები ნამდვილად საბალახოდ იყვნენ მიშვებულნი, მაგრამ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კლასიფიკაცია რამდენად აუცილებელი იყო?
- მართალი გითხრათ, მე მესმის ჩემი კოლეგების, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წევრების შეშფოთება, სოლიდარული ვარ მათთან. რაღაც არ არის ამ პროცესში ჯანსაღი, მაგრამ რეალურად ვერაფერ სახიფათოს და მიუღებელს ვერ ვხედავ, თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლის ექსპერტების ნააზრევს. ვერც იმაში ვხედავ მაინცდამაინც მიუღებელს, რომ ისინი დაინტერესდნენ ექსპერტების ბიოგრაფიით.
ამ კონტექსტში თქვენ ჩემთან საუბარში ადრე გაიხსენეთ უწმინდესის ნათქვამი, როცა ილია მეორეს უთხრეს, უწმინდესო, გისმენენო და მან უთხრა, ძალიან კარგი, თუ მისმენენ, მეც ეს მინდაო. ახლაც ამავეს ფიქრობთ „დემოკრატიის ჟანგბადის“ მიმართ?
- რა თქმა უნდა, ასეა. უბრალოდ, სხვა რამის მიმართ მაქვს პროტესტი. როდესაც იქედნურად საუბარია, რომ, აი, ექსპერტები, აი, თვითმარქვიები, ამბიციური ხალხი, მე არ ვიცნობ ექსპერტს, რომელსაც დაჟინებით უთქვამს, რომ, ბატონებო, მე ვარ ექსპერტი. სხვათა შორის, ერთადერთი ასეთი ადამიანი არის ვალერი ხაბურძანია, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ მე ვარ ექსპერტი და მზად ვარ, პირველი დავგე გამოკვლევის წინაშეო. „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში“ არავის უთქვამს, მე ვარ ექსპერტი და მაღიარეთო, პირიქით, ეს არის მედიისა და საზოგადოების ფუნქცია და დანიშნულება, რომ ამა თუ იმ მეცნიერს, ანალიტიკოსს ტიტული შეურჩიოს და აღიაროს კვალიფიციურად. ამას ვერავინ ვერ დაირქმევს, შეუძლებელია, ვინმემ დაირქვას ექსპერტი, მედიამ და საზოგადოებამ თუ არ აღიარა. ამიტომ ადამიანებმა, რომლებიც ამას აყვედრიან საექსპერტო საზოგადოებას, ეს უნდა გაითვალისწინონ. კვალიფიკაციის ერთადერთი საზომი ხალხია. ვერანაირი არასამთავრობო ამას ვერ გადაწონის. იყოს არასამთავრობო, არანაირი პრობლემა არ არის, ვის მიერ დაფინანსებული, არც ამაშია პრობლემა, თუნდაც შეისწავლოს მან საექსპერტო საზოგადოების რეიტინგი, ამაშიც მიუღებელს ვერ ვხედავ. ბატონი ბიძინა სერიოზული მოღვაწეა და კარგია, რომ ექსპერტებსა და თვითონ ივანიშვილს შორის პოლემიკის ინიციატორად გამოდის. ოღონდ, ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ საექსპერტო საზოგადოებასთან ერთად დაჯდება ბატონი ბიძინა და ჩაერთვება პოლემიკაში, როგორც ეს ერთხელ იყო, რამაც კარგი შედეგი გამოიღო და საზოგადოება დარწმუნდა, რაშია საქმე. საინტერესოა თვითონ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ექსპერტების მიმართ, რომელთაც ის აკრიტიკებს და, რომლებიც არ მოსწონს. „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში“ 30 ექსპერტი იყო, როცა მე მიმიწვიეს და გავწევრიანდი. გამოვიდა არენაზე ბიძინა ივანიშვილი და ამ 30 ექსპერტიდან 15 თავად ივანიშვილის ინიციატივით წავიდა პოლიტიკაში, დაინიშნენ მაღალ თანამდებობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ. ლადო პაპავა უნივერსიტეტის რექტორი გახდა, უჩა ნანუაშვილი- სახალხო დამცველი, ზოგიერთი ამერიკაში ელჩია (არჩილ გეგეშიძე), ზოგი - რუსეთთან ურთიერთობის წარმომადგენელია (ზურაბ აბაშიძე) და სხვა. ეს ხალხი ბატონმა ბიძინამ დაიახლოვა, მაგრამ დარჩენილმა ათმა კაცმა რა დააშავა? ვახტანგ ძაბირაძემ, დავით თევზაძემ, სოსო ცისკარიშვილმა და რამდენიმე კაცმა რაღა დააშავა?
როგორც ჩანს, თქვენი სახით ექსპერტები დაგვიტოვეს ჟურნალისტებს.
- კი ბატონო, მედიას სჭირდება პარტნიორი. ზოგადად, მომავალ თაობას ანალიზი სჭირდება.