უკრაინაში ზავი ჯერჯერობით მოქმედებს

უკრაინაში ზავი ჯერჯერობით მოქმედებს

ახალი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მეშვეობით, რომელიც უკრაინულ სამხედრო ძალებსა და პრო-რუსულ მეამბოხეებს შორის დაიდო, სიტუაცია უკრაინაში შედარებით დაწყნარდა, ერთი ადგილის გამოკლებით: დებალცევის შემოგარენიდან, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, მაინც ისმოდა ჭურვების და არტილერიის ცეცხლის ხმა.

დებალცევი არის სარკინიგზო ცენტრი, რომელსაც უკვე დიდი ხანია, რაც სეპარატისტებმა ალყა შემოარტყეს. ამის გამო გართულდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და, ფაქტიურად, ქალაქში გამოიკეტა 5 000 უკრაინის მხარდამჭერი ჯარისკაცი.

ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა ზავის დარღვევას ამ ტერიტორიაზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ დებალცევის ბრძოლები არის მხოლოდ გამონაკლისი, თუმცა ის, რომ საომარი მოქმედებები მაინც გაგრძელდა კონფლიქტის ყველაზე ცხელ რაიონში, იმის ნიშანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ შეიძლება დიდხანს ვეღარ გაძლოს.

„ზავი არაფერს ნიშნავს, ისინი უბრალოდ დაშლიან თავიანთ ჯარებს და შემდეგ ისევ შეაერთებენ“, - აცხადებს ანატოლი ხრომოვი, უფროსი ლეიტენანტი და ერთ-ერთი პირველი, ვინც დებალცევს თავი დააღწია. „დიდი ბრძოლა იქნება, ჯერ არ დამთავრებულა, შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს“.

მეამბოხეთა ლიდერმა, ალექსანდრ ზაქარჩენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტებისთვის დებალცევი არც არასდროს ყოფილა ზავის ნაწილი და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელს შეუშლიდა დამწყვდეული ჯარისკაცების ქალაქიდან გამოსვლის ნებისმიერ მცდელობას.

უკრაინელ მაღალჩინოსნებს განსხვავებული აზრი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ დებალცევიც შედის იმ საზავო ხელშეკრულებაში, რომელსაც მოაწერეს ხელი უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში, გასულ ხუთშაბათს. უკრაინის ნაციონალური უშიშროების და თავდაცვის სპიკერმა განაცხადა, რომ დებალცევიდან გამომავალ მთავარ გზას უკრაინა აკონტროლებს, თუმცა ჯარისკაცები, რომლებმაც ქალაქიდან გამოქცევა სცადეს, გზის სიტუაციას ასე აღწერენ:

„გზა არ იყო დაბლოკილი, თუმცა იყო იქ განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ცეცხლი“, - ამბობს არტიომ მაქსიმოვი, რომელიც სამედიცინო კოლონამ გამოიყვანა კვირა დილას. „გვესროდნენ, თუმცა ტყვიები აგვცდა, ნისლში ვერ გვიმიზნებდნენ“.

ქალაქის ჩრდილო-დასავლეთში გზებზე არავინ იმყოფებოდა, საგუშაგო პუნქტებზე განლაგებული უკრაინელი ჯარისკაცების გარდა. მხოლოდ ხანდახან თუ გამოვარდებოდნენ ქალაქ არტემვსკიდან მძიმე სამხედრო მანქანები - ჯავშნიანი გადამზიდის და რაკეტის გამშვები მანქანის ჩათვლით - დებალცევის მიმართულებით. მათი დანიშნულების ადგილი უცნობი იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრო-რუსული მეამბოხეების ლიდერებმა კვირადღეს, შუაღამის შემდეგ, თავიანთ ძალებს ცეცხლის შეწყვეტა უბრძანეს. ამან შეაჩერა ბრძოლები, რომლებიც ბოლო ორი დღის მანძილზე თანდათან უფრო ინტენსიური ხდებოდა, განსაკუთრებით ხუთშაბათის შემდეგ, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა.

პოროშენკომ ასევე გამოსცა გაფრთხილება, რომ ზავის დამრღვევებს უკრაინა პასუხს გასცემდა. მას აქვს უფლება, რომ ხელშეკრულების დარღვევის პირობებში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. მან ასევე აღნიშნა, რომ კავშირში იყო პრეზიდენტ ობამასთან და ერთად შეათანხმეს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა კონფლიქტის ნებისმიერ ესკალაციას.

შაბათ-კვირას ობამას ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა თანამგზავრის გადაღებული სურათები, რომლებიდანაც ვიგებთ, რომ რუსული არმია ეხმარება სეპარატისტებს დებალცევის აღებაში, არტილერიული დანადგარების და რაკეტგამშვები მოწყობილებების მიწოდებით.

პოროშენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ პუტინმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩნა დებალცევის მიმართ მინსკში ჩატარებული მოლაპარაკებების დროს.

რუსეთი უარყოფს საკუთარ ჩართულობას ბრძოლაში, მისმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა არასწორად გადმოსცეს შეთანხმების არსი.

ზავის პირობების მიხედვით, უკრაინა და პრო-რუსული მეამბოხეები დათანხმდნენ მძიმე შეიარაღების 30-85 მილით დაშორებას ბრძოლის ხაზიდან. ამავე ზავის თანახმად უკრაინამ უნდა მოაშოროს ეკონომიკური ბლოკადა სეპარატისტების დაკავებულ რეგიონებს და მათ თვითმმართველობის უფლება მისცეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ უცხოელი მებრძოლების მოშორებაზე უკრაინის ტერიტორიიდან და ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების მთლიანი კონტროლის მიცემაზე 2015 წლის ბოლოსთვის.

სეპარატისტთა ლიდერის, ზაქარჩენკოს განცხადებით, ზავის პირობების დარღვევის შემთხვევაში ისინი მეტ ტერიტორიას დაიტაცებენ აღმოსავლეთ უკრაინაში.

ათთვიანმა კონფლიქტმა უკვე 5 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო გადაასახლა დაახლოებით მილიონი.

წყარო: http://www.washingtonpost.com/world/europe/amid-doubts-truce-in-ukraine-appears-to-take-hold/2015/02/15/a23ca60e-b4f9-11e4-a200-c008a01a6692_story.html