„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ერთმანეთს დააცალკევოს უსუფაშვილი და „რესპუბლიკური პარტია“

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ერთმანეთს დააცალკევოს უსუფაშვილი და „რესპუბლიკური პარტია“

რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინელი სიტყვები დავით უსუფაშვილის მიმართ, რომელიც ყოფილ პრემიერს ერთ-ერთ უძლიერეს პოლიტიკოსად მიაჩნდა და მის მიმართ განსხვავებული აზრის გამოთქმისგან ყოველთვის თავს იკავებდა? ცივდება თუ არა რესპუბლიკელებსა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობას შორის ურთიერთობები და რას აპირებენ რესპუბლიკელები?!

ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

ზოგიერთებმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირველ კრიტიკად აღიქვეს დავით უსუფაშვილის მისამართით გამოთქმული მოსაზრება, რომ ცალკეული პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტს აკეთებს ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით: „ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. თქვენ როგორ გაიგეთ უსუფაშვილის მიმართ ივანიშვილის მიერ ირიბად ნათქვამი განცხადება?

- მთლიანობაში, დავით უსუფაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი პოლიტიკოსი. ბიძინა ივანიშვილი მას მიიჩნევს პროფესიონალად და ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად, პარლამენტში აქცენტს მასზე აკეთებდა. თუმცა, არ მალავს, რომ ცოტა ალმაცერად უყურებს რესპუბლიკელებს. ყოველ შემთხვევაში, იმის მცდელობა აქვს, რაღაცნაირად ერთმანეთს დააცალკევოს უსუფაშვილი და „რესპუბლიკური პარტია“.

ეს ხომ ნაივური მცდელობაა, რადგან წლების განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელია რესპუბლიკელები და უსუფაშვილი?

- მეც ასე მგონია, ეს არ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ დათო უსუფაშვილის პოლიტიკური იდენტობა დაკავშირებულია „რესპუბლიკურ პარტიასთან“. ამიტომ წარმოუდგენლად მეჩვენება, უსუფაშვილი გამოვიდეს ამ პარტიიდან, რაც არც მისთვის და არც პარტიისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა, ამავე დროს, ფაქტია, რომ ფორმალურად რესპუბლიკელები კოალიციის წევრებს შორის მტკიცედ არ არიან და ამას გრძნობენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. ამიტომ განცხადების ეს ტონი, ალბათ, იმ კუთხითაა ნათქვამი, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ რესპუბლიკელები, მათ შორის, უსუფაშვილიც - რჩებიან ბოლომდე მომავალი არჩევნებისთვის კოალიციაში, თუ სხვა გეგმები აქვთ და ტოვებენ კოალიციას. სწორედ ამიტომაც აღნიშნა ივანიშვილმა, რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ალასანიასო. ამით მათ აგრძნობინა, რომ მათ უნდა გააკეთონ საბოლოო არჩევანი კოალიციაში დარჩენასა და ალასანიას შორის და, თუკი დარჩებიან, ამ შემთხვევაში, ასე ჩანს, რომ მაშინ, ივანიშვილი მოითხოვს უფრო მეტ მორჩილებას და კოალიციური თამაშის შენარჩუნებას.

შედის კი დავით უსუფაშვილის სამომავლო სტრატეგიაში, იყოს უფრო მორჩილი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა რესპუბლიკელების მიმართ, დატოვონ კოალიცია? დასწრებაზე ხომ არ მიდგა საქმე?

- ასეც შეიძლება ითქვას. რესპუბლიკელები თუ გამოვლენ, ეს იქნება უკვე სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რადგან „ქართული ოცნება“ კარგავს კოალიციას და შემდეგ უკვე, როგორ განვითარდება მოვლენები პარლამენტში, არავინ იცის. ამან შეიძლება გამოიწვიოს საპარლამენტო კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები. ამისთვის არავინ არ არის მზად, მათ შორის, არც „ქართული ოცნება“, რომელიც ახლა ცდილობს თავისი პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ეს სცენარი მათთვის მიუღებელია და რესპუბლიკელებსაც ეს პრობლემა აქვთ - კოალიციიდან რომ გამოვიდნენ, ჯერჯერობით ალტერნატიულ ძალას ვერ ხედავენ, გარდა ირაკლი ალასანიასი, რომელთანაც იდეოლოგიური და მსოფლმხედველობითი სიახლოვე აქვთ. თვითონ ირაკლი ალასანიასაც არ აქვს ჯერჯერობით ისეთი რეიტინგი, რომელიც რესპუბლიკელებს მისცემს იმის გარანტიას, რომ ერთობლივად, თუკი, ერთ ბლოკში იქნებიან, რაიმე დივიდენდს მიიღებენ. რაც მთავარია, თვითონ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები იძახიან, ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ბლოკში ვინმესთან გაერთიანებასო. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ქმნის გაუგებრობას და მათ სტრატეგიული არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირთ. ისინი დილემის წინაშე არიან, დღევანდელი კვერცხი სჯობს თუ არა ხვალინდელ ქათამს?! მაგრამ უნდათ თუ არა, მათ ამ რთული გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში მაინც მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანს, რომ რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა, მათი გარკვეული ნაწილი მაინც, დიდი ხანია, კოალიციიდან გასვლის მომხრეა, მაგრამ დავით უსუფაშვილის ფაქტორი და მისი პირადი ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან ამ პროცესის შემაფერხებელია.

თქვენ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილის სისუსტე დავით უსუფაშვილის პერსონის მიმართ. შესაძლოა, ეს „სისუსტე“ ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ დავით უსუფაშვილის ჩამოშორება ივანიშვილს არ აწყობს დასავლეთის ფაქტორიდან გამომდინარეც, რადგან გამოვა, რომ ალასანიასთან ერთად პროდასავლური ძალები ტოვებენ კოალიციას და ის დარჩება კოალიციის პრორუსული, ან ნეიტრალური ძალების ამარა.

- რა თქმა უნდა, ესეც სერიოზული საკითხია და ეს კარგი არ არის საქართველოსთვის. მაშინ, უკვე, მმართველ კოალიციას დაეუფლებიან ის ძალები, რომლებიც აშკარად არ გამოირჩევიან პროდასავლური ხედვით. არ არის გამორიცხული, მათ გარკვეული ალიანსები და კავშირები შექმნან არასაპარლამენტო ძალებთან და ამაზე ბევრი ინსინუაცია არსებობდა ბოლო ხანებში. სწორედ ეს არევდა სიტუაციას საქართველოში. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს არ სურს უსუფაშვილის დათმობა. რაც მთავარია, ხელისუფლებას, რომელსაც ისედაც აქვს პრობლემა დასავლეთში და ისედაც თავდაცვის რეჟიმშია, რათა დაამტკიცოს, რომ სულაც არ არის პრორუსული, კიდევ უფრო გაურთულდება სიტუაცია. ფაქტობრივად, დიდი შანსია, პროდასავლური და ლიბერალური ძალების ჩამოშორების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს შეაფასოს, როგორც რაღაც რეტროგრადული ძალა. ეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას არც ახალი ხედვები აქვს, არც - რეფორმის ჩატარების სურვილი. ამიტომ ივანიშვილი მაინც ვერ ელევა უსუფაშვილს, როგორც პროფესიონალს და ამ ეტაპზე პარლამენტის შეუცვლელ თავმჯდომარეს, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას და ის წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის სახეს. მისთვის მტკივნეულია, რომ ვერ ახერხებს, ჩამოაშოროს უსუფაშვილი საკუთარ პარტიას და ბოლომდე გადაიყვანოს საკუთარ მხარეზე. ამავე დროს, სიტუაცია ალასანიასთან დაპირისპირების ხასიათს იღებს, რაც მისთვის ორმაგად მტკივნეულია.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მარგველაშვილ-ალასანიას ერთმანეთიო. ამ ნათქვამის მიუხედავად, ივანიშვილისთვის რამდენად მტკივნეული იქნება ასეთი ალიანსის შექმნა?

- ჩვენ არ ვიცით, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რა მოხდება. მართალია, მარგველაშვილი მეტ-ნაკლებად პოპულარულია საზოგადოებაში, მაგრამ არავინ იცის, რამდენად არის ის გუნდური მოთამაშე და აქვს კი მას იმის რესურსი, რომ ცალკე დამოუკიდებელი აქტორი გახდეს პოლიტიკაში?! ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ძალიან კარგად იყენებს საკუთარი პრეზიდენტობის უფლებამოვალეობებს და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც საზოგადოების უმრავლესობას მოსწონს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად გადაწყვეტს ის პოლიტიკური ცენტრის შექმნას მის გარშემო, ამის მკაფიო დამადასტურებელი არგუმენტი არ გვაქვს.

დავუბრუნდეთ ისევ უსუფაშვილის თემას. რამდენად სანდოა ამ ეტაპზე უსუფაშვილი, მაშინ, როცა კოალიციასა და ალასანიას კონფლიქტიდან მეორე დღეს, უსუფაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე გამოვიდა და ხაზი გაუსვა სიტყვა „თავისუფლების“ მნიშვნელობას-  „თქვენ თავისუფლები ხართ, თქვენ ხართ „თავისუფალი დემოკრტები“... ამ სიტყვამ, ალბათ, ბევრი რამ დაიტია, რადგან ხაზგასმით იყო ნათქვამი თავისუფლების ფასის შესახებ. ამას ემატება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის განცხადებაც, ქოცები პანიკაში არიან „გნაცების“ უკრაინაში დანიშვნის გამოო. აშკარა თამაში მიმდინარეობს რესპუბლიკელებსა და კოალიციას შორის.

- ემოციურად, თუნდაც ამ განცხადებით და, ზოგადად, რესპუბლიკელების ქცევაში იგრძნობა, რომ მათ აქვთ „თავისუფლებისკენ“ მიდრეკილება, მაგრამ მათ სჭირდებათ გარკვეული გარანტიები. ისინი პრაგმატულნი არიან და თავიანთ კალკულაციაში ვერ ხედავენ იმ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელთან ერთადაც მომავალში შეძლებენ ჩამოყალიბებას ან ახალი საპარლემენტო არჩევნების შემთხვევაში, - თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ისინი მაინც ელოდებიან, რომ ბოლო მომენტში რაღაც შეიცვლება და შემდეგ გადაწყვეტენ. ეს ივანიშვილსაც კარგად ესმის, ამიტომაც, ფაქტობრივად, რესპუბლიკელებს მოუწოდა, დროულად გააკეთონ არჩევანი, რათა მას ჰქონდეს გარკვეული დრო, დაალაგოს საკუთარი კოალიცია მომავალი არჩევნების წინ. ამიტომაც ვთვლი, რომ ემოციურად რესპუბლკელები აღარ არიან კოალიციის წევრები. უბრალოდ, ეს უნდა გაფორმდეს ფორმალურად, მაგრამ მაშინ უსუფაშვილს, სავარაუდოდ, მოუწევს პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება. ეს არის დამაბრკოლებელი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხები, რომელიც ამ პარტიაში განსახილველთა შორისაა.

არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ბიძინა ივანიშვილი განგებ ჩამოშორდა პოლიტიკას, რათა მისი მემკვიდრეების არასწორი მართვის შემთხვევაში, აგრესია სწორედ მისი მემკვიდრეების მისამართით იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი კი კვლავაც უკვე მეორედ მოევლინებოდა მხსნელად საქართველოს.

- ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, რადგან ჯერჯერობით არ ჩანს სხვა ძალა ან ლიდერი, რომელიც შეძლებდა მისთვის გამოწვევა ესროლა. ჩვენ ვხედავთ, „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის, რეიტინგი არ არის მაღალი და მისი რეიტინგი დამოკიდებულია ივანიშვილის პიროვნულ რეიტინგზე. ამიტომ ის შეეცდება, თავისი ძალა გაქაჩოს არჩევნებში, როგორც ეს გააკეთა წინა არჩევნების დროს. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ივანიშვილის რეიტინგმა მცირედ იკლო და მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც დიდად არ უწყობს ხელს მისი რეიტინგის ზრდას. ვგულისხმობ მის გამონათქვამს სოციალურ საკითხებზე, საბანკო სექტორზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან მის ურთიერთობაზე. მთლიანობაში, ეს ივანიშვილს პრობლემას შეუქმნის უახლოეს მომავალში.