12 წლის ლუკა ირემაშვილი სამეცნიერო ნაშრომების შემდეგ წიგნზე მუშაობას გეგმავს

12 წლის ლუკა ირემაშვილი სამეცნიერო ნაშრომების შემდეგ წიგნზე მუშაობას გეგმავს

საქპატენტმა დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა 12 წლის ლუკა ირემაშვილის კიდევ ერთ სამეცნიერო ნაშრომზე გასცა. „სამყაროში 14 მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილ ატომებში ნებისმიერი ელექტრონის ახალი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობის ზოგადი ფორმულა აღმოჩენილია“, - ასე ეწოდება კვლევას, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ორი თვის წინ დარეგისტრირდა. მანამდე კი ლუკას სახელზე საქპატენტში ხუთი სამეცნიერო ნაშრომი უკვე ირიცხებოდა.

თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლე აღნიშნული ნაშრომით კვანტურ მექანიკაში პრობლემური საკითხების კვლევას განაგრძობს. იგი For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ელექტრონების თავისუფალი ნების კვლევის საკითხმა ახალი საფიქრალი გაუჩინა.

„მიზნად დავისახე სამყაროში დიდი აფეთქების დროს 14-მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილი 92-ვე ატომში ელექტრონების ახალი კვანტური რიცხვის - ელექტრონის თავისუფალი ნების-რიცხობრივი მნიშვნელობის დადგენა. ასევე შევისწავლი, თუ რა გავლენას მოახდენს კვანტურ მექანიკაში ცნობილი ოთხი კვანტური რიცხვის ცვლილება ელექტრონების ახალი კვანტური რიცხვის ცვლილებაზე“,- ამბობს ლუკა ირემაშვილი.

მეცნიერული ნაშრომების მცირეწლოვანი ავტორი საკუთარ მიგნებებს სპეციალური ფორმულის სახითაც აყალიბებს - G = N+L+M+S - რომელიც ასე იშიფრება: ელექტრონის თავისუფალი ნება რიცხობრივად ამ ელექტრონის ენერგიის, ღრუბლების ფორმის, სივრცეში ორიენტაციის უნარის და წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ ბრუნვის მიმართულების რიცხობრივი მნიშვნელობების ჯამის ტოლია.

24-ე სკოლის მოსწავლე ყვება, რომ გამოკვლევების პროცესში შემდეგი რამ დადგინდა: როდესაც იზრდება მთავარი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობა, ყველა ქვედონის შემთხვევაში იზრდება ახალი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობები. ახალი კვანტური რიცხვი კი მრავალ ორბიტალურ ქვედონეებზე ყველა მიმართულებით იზრდება, მაშინაც კი, როდესაც ამ ქვედონეებზე ორბიტალური კვანტური რიცხვი არ იცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორბიტალური კვანტური რიცხვი ხელს ვერ უშლის მრავალ ორბიტალურ ქვედონეებზე ელექტრონების ახალი კვანტური რიცხვის ზრდის ტენდენციას.

„დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კვანტურ მექანიკაში არსებული ოთხივე კვანტური რიცხვის კავშირი ახალ კვანტურ რიცხვთან ჩემ მიერ შესწავლილი იქნა და დადგენილი იქნა ის კანონზომიერება, რომელიც მათ შორის არსებობს“,- განმარტავს ლუკა ირემაშვილი და აღნიშნავს, რომ ელექტრონის ქცევაზე გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მხოლოდ ელექტრონის თავისუფალი ნების მაღალი მაჩვენებელი, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს ელე,ქტრონების ურთიერთგავლენას და ელექტრონების განწყობას.

„როდესაც ატომში შეიქმნება მოთხოვნილება და სიტუაცია ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების, მაშინ ატომში იმ ელექტრონში, რომელსაც მაღალ თავისუფალი ნება გააჩნია და ამ ელექტრონზე მცირეა სხვა ელექტრონების ურთიერთგავლენა, ასეთ ელექტრონში მეტია შანსი გაჩნდეს განწყობის იმპულსები, რომელიც ქმედებაში გადავა. სწორედ ასეთ შემთხვევებთან გვქონდა საქმე, როდესაც წინა შრომებში ვსწავლობდით ატომების Gz, Mn, Cu, Zn… ჩამოყალიბების მექანიზმებს“, - ამბობს 12 წლის ლუკა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ჯერჯერობით, არც ერთ მეცნიერს არ უარუყვია ახალი კვანტური რიცხვი. დღეს კი დადგა დრო, ეს საკითხი ფართოდ გაშუქდეს და კვანტური კომპიუტერის ეპოქაში 14 მილიარდი წლის „ასაკის“ მქონე ელექტრონების „დემოკრატიული“ წესრიგი საზოგადოების ასევე დემოკრატიულად განვითარების ერთგვარ მაგალითად იქცეს.

ლუკა ირემაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ აღმოჩენილი უნივერსალური მათემატიკური ფორმულით ნებისმიერ მეცნიერს შეუძლია, სამყაროში 14-მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილი 92-ვე ატომში ნებისმიერი ელექტრონის – მის მიერვე აღმოჩენილი – მეხუთე კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობის დადგენა.

12 წლის მკვლევარი ამბობს, რომ ახალი აღმოჩენა უკვე გადასცა ყველა დაინტერესებულ მეცნიერსა და სამეცნიერო ორგანიზაციებს. დარგის სპეციალისტებისთვის ნაშრომის გადაგზავნაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას დახმარებასაც უსვამს ხაზს და ამჯერად სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან შენიშვნებს ელის.

სპეციალისტების ნაწილისგან რამდენიმე დადებითი შეფასება თვეების წინ მიიღო. პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ლუკას ნაშრომების თემაზე სპეციალური წერილით მიმართა, რომლითაც ლუკას მიგნებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დეკარტე ამბობდა, მომეცით არქიმედეს საყრდენი და დედამიწას დავატრიალებო. ჩვენი აზრით, მთავარი კვანტური რიცხვი შეიძლება გახდეს სამყაროსეული საიდუმლოს ამხსნელი, საწყისი, ისეთი საწყისი, როგორც ბერძნები ბრძანებდნენ: „ენ პანტა“ - ერთში მრავალი და მრავალში ერთი. ის ცდილობს, დაადგინოს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ატომები და შემდგომ ის აქციოს ისეთ ერთად, რომელსაც არ სჭირდება ამხსნელი. ცნობილია, კვანტური მექანიკის ავტორის, ნილს ბორის და ცნობილი მეცნიერის, ალბერტ აინშტაინის კამათი. აინშტაინი უარყოფს ნილს ბორის კვანტურ მექანიკას. აინშტაინი ისე გარდაიცვალა, რომ კვანტური მექანიკა არ აღიარა. ატომების ჩამოყალიბების გასარკვევად ახალგაზრდა მეცნიერი, სწორედ, კვანტურ მექანიკას ეყრდნობა. საიდანაც სურს, წვდეს სამყაროსეულ საიდუმლოს. საკითხის ასე დასმა ორიგინალურია და უდავოდ საინტერსო“, - ვკითხულობთ პროფესორის წერილში.

ლუკას ნაშრომების გაცნობა და მის შესახებ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ქართველი მეცნიერების გარდა უცხოელებსაც შეუძლიათ. ინგლისურ ენაზე თარგმნილი ლუკას გამოგონებები სამეცნიერო ვებგვერდ www.researchgate.net - ზე არის გამოქვეყნებული.

კვანტური მექანიკით დაინტერესებული 12 წლის ლუკა უახლოეს მომავალში წიგნის გამოცემასაც გეგმავს, რომლითაც მკითხველს საკუთარი შრომებისა და მიგნებების შესახებ დაწვრილებით მოუთხრობს.

„წიგნში მოვლენები პარალელურად ვითარდება ჩვენთვის აბსოლუტურად ახალ რეალობაში – კვანტური კომპიუტერის ეპოქაში – და ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობ ვითარებაში – 14 მილიარდი წლის წინათ, როდესაც დაიწყო სამყაროს ჩამოყალიბება. ოთხი ელექტრონი კი, რომელიც პირველად მე აღმოვაჩინე კვანტურ მექანიკაში და მათი მონაწილეობით d-ელემენტების ჩამოყალიბების მექანიზმის საიდუმლოება პირველად მე ამოვხსენი, ორივე ეპოქაში მშვენივრად გრძნობენ თავს, თუ ადამიანები მათ თავს დაანებებენ... წიგნი დიალოგის ფორმატშია გადაწყვეტილი, რომელშიც იქნება ყველა ჩემი გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი შრომების ანალიზი“,- განმარტავს ლუკა ირემაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი წიგნის წაკითხვა ფართო აუდიტორიას შეეძლება, რადგან ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იქნება გამოცემული.