მეგრული ტელევიზიის ფუნქციონირება გალში - „ლინგვისტური შეთქმულება“ ერთიანი ქართული სივრცის წინააღმდეგ. ხელწერა მარტივია - რუსული კვალი და რუსეთის მიერ ჩაფიქრებული კიდევ ერთი მზაკვრობა ქართველების დასაშლელად.
სჭირდებათ თუ არა გალელებს მეგრული ტელევიზია? ამაზე საუბარიც ზედმეტია. გალელები ისედაც ლაპარაკობენ მეგრულად, მაგრამ მეგრულის პოლიტიკურ იარაღად გადაქცევა შორსმიმავალ ზრახვებს უკავშირდება.
გალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია არა მარტო მეგრული ტელემაუწყებლობის ფუნქციონირებას გეგმავს გალში, არამედ გალის რაიონის საგანმანათლებლო სკოლებში მეგრული ენის სწავლების შემოღების ინიციატივითაც გამოდის. შეთავაზება უკვე მიიღეს მეგრულენოვანმა წამყვანებმაც. ცნობილია ისიც, რომ გალის საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე, ადგილობრივი ფოსტის შენობაში ახალი მეგრულენოვანი ტელეკომპანია გაიხსნება. ასევე ითქვა, რომ ახალი არხის სიგნალი, აფხაზეთთან ერთად, მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს. გალში ტელემაუწყებლობის დაწყებას პირველი მარტიდან გეგმავენ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში მსგავსი სცენარი იწერებოდა. ამავეს მოითხოვდნენ ზუგდიდის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი ისაკ ჟვანია, გრიგოლ ახალაია და მიშო დადიანი. მათ რუსეთს იმპერია აძლევდა დირექტივას, რასაც ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება უნდა მოჰყოლოდა. ამიტომაც ეს ადამიანები იბრძოდნენ მეგრული ავტონომიის შექმნისა და მეგრული ენის განსხვავებული პრივილეგიისთვის.
სტალინის დეკლარირებული იდეოლოგია ასეთი იყო, „მეგრელებს, აჭარლებს, სვანებს, აფხაზებს, ოსებს თავიანთ „დედაენაზე“ არ აქვთ სამწიგნობრო კულტურა და ამ განუვითარებელ „მცირე ერებს“ ესაჭიროებათ დახმარება და დიდი კულტურის ველში მოქცევა“. 30-იან წლებში სტალინის სტრატეგია უფრო „დაიხვეწა“ - უნდა შექმნილიყო „დედაენები“ (დამწერლობები) ამ „უმწერლობო ხალხებისთვის“, რათა დაწყებით კლასებში „დედაენის“ მიხედვით წერა-კითხვა ესწავლებინათ, მაღალ კლასებში კი რუსულ ენას „დაწაფებოდნენ“. იმ პერიოდში ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების გეგმას ხელი შეუშალეს თავად მეგრელებმა, თედო სახოკიამ და კონტანტინე გამსახურდიამ. მათ რიცხვშია არნოლდ ჩიქობავაც, რომლის დასკვნის საფუძველზეც ლავრენტი ბერიამ შეაჩერა მეგრულენოვანი და ლაზურენოვანი სკოლების არსებობა და გაზეთების გამოცემა.
მოგვიანებით გასაჯაროვდა „მეგრელთა საქმეც“, სადაც მხილებული იყო სსრ კავშირის სპეცსამსახურთა ქმედება ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დაშლის მცდელობის გამო.
შეძლებენ თუ არა აფხაზი სეპარატისტები და რუსები გალის რეგიონის მოსახლეობის გაუცხოებას ერთიანი საქართველოს წიაღიდან?
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეგრული კარტის გათამაშებას არა მარტო მეფის რუსეთი, არამედ საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებულად ცდილობდა. საკმაოდ რთული მოვლენები ვითარდებოდა ამასთან დაკავშირებით და სამწუხარო იყო, რომ ასეთი მისწრაფებებისთვის რუსეთი ცალკეულ შარლატანებს ყოველთვის პოულობდა რეგიონში. ზოგიერთ მათგანს სულაც არ ჰქონდა ერთიანი ქართული ორგანიზმის დარღვევის მიზანი, მაგრამ გულუბრყვილობის გამო ვერ სწვდებოდა პრობლემის არსს.
„გავიხსენოთ ისაკ ჟვანია, ორგანიზაცია „მაფალუ“, რომელიც შექმნილი იყო ამ კუთხის ავტონომიის მოთხოვნით. ეს ძალიან სუსტი არგუმენტაცია იყო თავად მეგრელებისთვის, რამდენადაც კოლხეთი ეს არის წინარე, უპირველესი საქართველო, შემდეგ მოდის ეგრისი, ოდიში და დღევანდელი სამეგრელო, რაც ყოველთვის იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს დუღაბი. ამიტომ არასდროს სერიოზულად არ დამდგარა და არ გაყოფილა ერთიანი ქართული სივრცე, თუ არ ჩავთვლით ისტორიულ ძნელბედობას, როცა მეგრულ-ჭანური ნაწილის სივრცე, ლაზეთის სახით, საუკუნეების განმავლობაში მოწყდა ერთიან ქართულ ორგანიზმს და მათი დღევანდელი ცნობიერება ქართულისგან გაუცხოებულია. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ცალკეული ავანტიურისტების ალაგვმაში თვითონ მეგრული წარმოშობის ქართველები იჭერდნენ სწორ პოზიციას, იგივე კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, მათ კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც კი აღკვეთეს იმპერიული ძალების მიერ პროვოცირებული მზაკვრული ჩანაფიქრი. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებში, გარე და შიდა მტრულ ძალებს სირთულეების პროვოცირება და რეგიონული ერების შესახებ ევროქარტიის გამოყენება შეუძლიათ. ამიტომ ჩვენ მექანიკურად არ უნდა მივუერთდეთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ეროვნული ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ.
ბუნებრივია, აფსუებს სურთ, როგორმე გადაჭრან სერიოზული პრობლემა, რაც მათ აქვთ სამურზაყანოს ჩათვლით, რადგან ადრე თუ გვიან, ეთნიკური წმენდის შედეგების უარყოფა მოუწევთ და 300 ათასამდე დევნილის დიდი ნაწილი დაბრუნდება აფხაზეთში, სადაც მათ ექნებათ ფართო ავტონომია საქართველოს შიგნით. ამიტომ, რუსი ოკუპანტის მიერ წაქეზებული აფხაზები მეგრული ტელევიზიის გახსნის მზაკვრულ გეგმას შემოაგდებენ“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
ამასთან, განმარტავს, რომ ყველა ასეთ წამოწყებას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიო პოზიციით უნდა უპასუხოს. უფრო მეტიც, იმაზეც უნდა ვიმსჯელოთ, გვჭირდება თუ არა მეგრული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, უნდა იქცეს თუ არა მეგრული დამწერლობის მქონე ქართველურ ენად, უნდა იყოს თუ არა მაუწყებლობა და პრესა ამ ენაზე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება საჭირო არ არის, თორემ არავინ დავობს, რომ მეგრულ ენას პატივი უნდა ვცეთ და ის უნდა ისწავლებოდეს არა მარტო სამეგრელოს სკოლებში, არამედ სხვა რეგიონებშიც, როგორც პროტო-ქართველური ენის მდიდარი შენაკადი.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გალში მეგრული ტელევიზიის გახსნა სჭირდებათ იმ მეგრელ სეპარატისტებს, რომლებიც გალის მოსახლეობაში ამავე იდეას ავითარებენ. კერძოდ, საუბარია ე.წ. სამენოვანი (რუსულ-მეგრულ-აფხაზურენოვანი) გაზეთის რედაქტორ სალაყაიაზე, რომელიც იმ დღიდან მოყოლებული, რაც ქართველებმა აფხაზეთი დატოვეს, აგიტაციას ეწევა, თითქოს მეგრელები ქართველები არ არიან.
„ამ პროპაგანდაში აქტიურად იყო ჩართული ქართველოლოგი, აფხაზების სიძე ჯორჯ ჰიუიტი. ის რამდენჯერმე ჩავიდა აფხაზეთში და „ქადაგებდა“, თითქოს მეგრელები ქართველები არ იყვნენ. ამ იდეამ სეპარატისტებშიც მოიკიდა ფეხი, მათ აწყობთ, მეგრული ტელევიზიის დაარსებაც, მეგრული ენის შემოღებაც, რაც ემსახურება „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკას. ქართველებს ამის აღსაკვეთად რა შეგვიძლია? ანტიპროპაგანდას მხილება უნდა დავუპირისპიროთ. აქ ისევ ნდობის აღდგენის ამბავია, აფხაზეთში ყველამ უნდა იგრძნოს, რომ აფხაზებთან ნდობის აღდგენა რეალურად გვინდა“, - აცხადებს ლევან კიკნაძე.