„ფირცხალავა სოსანაშვილზე კონტროლს ადვოკატის მეშვეობით ახორციელებს“

„ფირცხალავა სოსანაშვილზე კონტროლს ადვოკატის მეშვეობით ახორციელებს“

სოსო ჯოგლიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ფირცხალავას კლასელია, თუმცა ამტკიცებს, რომ წლებია ფირცხალავასთან სატელეფონო კავშირიც კი არ ჰქონია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი, სამარცხვინო საქციელს უწოდებს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებას, რომლის თანახმად ჯოგლიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები დაარღვია.

რა ნაწილში დაარღვია ჯოგლიძემ ბრალდებულის უფლება და რა საერთო კავშირი აქვთ ადვოკატს და ბრალდებულებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge იური ვაზაგაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუას ესაუბრა.

გია სოსანაშვილის ადვოკატი დაადანაშაულეთ დაცვის უფლების დარღვევაში, შეგილიათ დააკონკრეტოთ, რა ნაწილში დაარღვია ჯოგლიძემ სოსანაშვილის უფლებები?

- კაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს, დანაშაულს არ აღიარებს, ეს ნიშნავს, რომ არც იმას აღიარებს ვისთან ერთად იჯდა და ა.შ. მითხარით, ადვოკატს რატომ უნდა აეხსნა ეს ყეველაფრი? გია სოსანაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა, მისი ადვოკატი მის გარეშე აკეთებდა განცხადებებს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაცა გეგმის ნაწილი. საზოგადოებაში არის სამართლიანი და საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ყველა ერთმანეთთან არიან კავშირში. ამიტომ, ჩემი პოზიცია არის ასეთი - ვიღაცას სურვილი აქვს, რომ სოსანაშვილზე კონტროლი განახორციელოს. სოსანაშვილმა არ თქვას იმაზე მეტი, ვირდე თქვა.

კვალი შესაძლებელია ირაკლი ფირცხალავამდე მივიდეს? ფირცხალავას ინტერესში შეიძლება იყოს, რომ მასთან დაახლოებულმა პირმა დაიცვას სოსანაშვილი, რომ მისი საშუალებით შეძლოს სოსანაშვილის გაკონტროლება?

- ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, ასეთი ეჭვი გაუჩნდება და მათ შორის ვარ მეც, რომელსაც ეს ეჭვი მაქვს. ამიტომ, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე არ ვიცი მან ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული, მაგრამ ფაქტი სახეზეა. არსებობს გარკვეული კითხვები, ეჭვები და ეს განცხადება ფირცხალავას მეუღლისგან მოდის. მან განაცხადა, რომ ისინი არიან მეგობრები და კლასელები. ის, რომ სოსანაშვილს სწორედ ჯოგლიძე იცავს, წინასწარ შემუშავებული გეგმაა, რაც ნიშნავს, რომ ადვოკატის მეშვეობით ფირცხალავა სოსანაშვილზე კონტროლს ახორციელებს. 

ადვოკატი ჯოგლიძე აცხადებს, რომ წლებია ფირცხალავასთან სატელეფონო საუბარიც არ ჰქონია. ის, რომ ფირცხალავას კლასელია, ეს რამე მტკიცებულებაა?

- რა თქმა უნდა არა. ეს არანაირად არ არის პირდაპირ მამხილებელი, მაგრამ იმისთვის, რომ ეჭვები გაჩნდეს და თანაც საფუძვლიანი, ამის საფუძველი ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, ჯოგლიძე ფირცხალავას ბოლო 15 წელი ელაპარაკა თუ არ ელაპარაკა, მან ისიც თქვა, რომ სოსანაშვილს საერთოდ არ უსაუბრია, არ იცნობდა, არ უნახიაო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელით კონტაქტობდნენ, მერე ისიც განაცხადა, რომ 19 და 20 იანვარს სატელეფონო საუბარი ჰქოდა ფირცხალავასთანო. ეს ადამიანები სიმართლეს რამდენად ამბობენ, ეს მე არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ჯოგლიძის განცხადებაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. თუ ეჭვები გაჩნდა, გაჩნდა სწორედ ისევ მათივე განცხადებებიდან გამომდინარე.

რატომ უნდა იყოს ფირცხალავა დაინტერესებული, რომ აკონტროლოს სოსანაშვილი...

- ეს კითხვები გვაქვს ჩვენ, ადვოკატებს და აქვს სამოქალაქო საზოგადოებას. ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები მეკითხებიან, მართლა ფირცხალავას კლასელი იცავს სოსანაშვილსო? როცა ვეუბნები, რომ ასეა, მპასუხობენ, რომ აბა გამოსაძიებელი რა არისო? საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი საინტერესოა. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, თვითონ ვალდებული არიან, რომ მოიყვანონ არგუმენტები და საზოგადოება დააჯერონ ან ერთ, ან მეორე სიმართლეში. სიმართლე რა არის ეს ვერ გავიგეთ.

აქამდე იმას ვარკვევდით, საერთოდ, სოსანაშვილი და ფირცხალავა იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, ახლა ის გავარკვეთ მარტო, რომ სოსანაშვილი და ფირცხალავა კი არ იცნობენ ერთმანეთს, არამედ მათივე მეგობარი და მათი ადვოკატია, მათი ჯგუფის წევრია. აქედან გამომდინარე არის ლეგიტიმური კითხვები და მათ ამაზე უნდა უპასუხონ. პირდაპირ ეთრეში როდესაც ვიყავით ჯოგლიძესთან ერთად, ჩვენ ვთქვით, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში არის ზარი განხორციელებული, მაგრამ არ გვითქვია ვისთან არის ზარი განხორციელებული და არც ვაპირებდით ამის თქმას. ორ წუთში გამოვიდა ბატონი ჯოგლიძე და თქვა, ვისთან იყო ზარი განხორციელებული, რა ინტერვალით და ა.შ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც პასუხს მოითხოვს.

მთავარი პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ სოსანაშვილი ყარაფალას სასაფლაზე 20 იანვარსაც შენიშნეს. დადასტურდა, რომ იური ვაზაგაშვილს უთვალთვალებდნენ, ავტომანქანა რომლითაც ხორციელდებოდა თვალთვალი, იდენტიფიცირებულია, მაგრამ არის თუ არა იდენტიფიცირებული ის პიროვნება, ვინც მართავდა მანქანას და იკვეთება თუ არა კავშირი სოსანაშვილთან?

- ძალიან მინდა ამ საკითხებზე გიპასუხოთ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა, სამწუხაროდ, ვერ გიპასუხებთ.