დიტო გელოვანი: რძიანი ყავა რომ მიირთვათ...

დიტო გელოვანი: რძიანი ყავა რომ მიირთვათ...

...ძროხა, თხა, ქათამი, მანიოკა, მალანგა, ბანანი - იუწყებოდა წარწერები. გულმავიწყობაში ჩაძირული ხალხი მიხვდა, რომ მალე დადგებოდა ის დღე, როდესაც წარწერის მიხედვით საგნის სახელს კი გაიხსენებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ აღარ ეხსომებოდათ თვით ამ საგნის დანიშნულება. ყველანი საგონებელში ჩავარდნენ, აღარ იცოდნენ რა ეღონათ. იმის წარმოსადგენად, თუ როგორ ებრძოდნენ მაკონდოელები გულმავიწყობას, საკმარისი იყო წაგეკითხათ ძროხის კისერზე დაკიდებული წარწერა: „ეს ძროხაა. უნდა მოწველოთ დილა-საღამოს. იგი რძეს გვაძლევს, რძე კი უნდა აადუღოთ და დაუმატოთ ყავას, რათა რძიანი ყავა მიირთვათ“. (გაბრიელ გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელი“)

არც ჩვენ გვაწყენდა მსგავსი წარწერების გაკეთება...

„ეს არის პარლამენტი. აქ უნდა იქმნებოდეს კანონები. მას ჩვენ ვაფინანსებთ“, „ეს არის მთავრობა. იგი ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს. მას ჩვენ ვაფინანსებთ“, „ეს არის პროკურატურა. იგი დამნაშავეებს უნდა დასდევდეს. მას ჩვენ ვაფინანსებთ“, „ეს არის სასამართლო. იგი სამართალს უნდა ამკვიდრებდეს. მას ჩვენ ვაფინანსებთ“, „ეს არის საქართველო. იგი ჩვენი სამშობლოა. უნდა გვიყვარდეს“, „ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ამათი დედები უნდა... მაგრამ მას ჩვენ ვაფინანსებთ“, „ეს ვართ ჩვენ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ“, „ეს არის არჩევნები. კარგად უნდა დავფიქრდეთ“, „ეს არის არასამთავრობო სექტორი. იგი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვიშლის ხელს. მას სრულიად გაურკვეველი ხალხი აფინანსებს, სრულიად გარკვეული ტელევიზია აპიარებს და იმ ხალხის ინტერესებს ემსახურება, რომელთა დედებიც ჩვენ უნდა...“

უნდა და მინდა-გვინდა რამ გაყო, მაგრამ ჯერ უნდა მოინდომო, ანუ გაიგო, რა გინდა, ხოლო ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აწ უკვე ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მთავარია გაგება, ხოლო აქ კი დგება იმის აუცილებლობა, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველა ქუჩის კუთხეში და ყველა მოედნის შუაგულში გაკეთდეს წარწერა, რომელც შეგვახსენებს: „გაგება ერთმანეთზე ფიქრი, ერთმანეთის გაფრთხილებაა“.

მარტოობის 25 წლის შემდეგ, ასეთი შეხსენებები არის აუცილებელი, ერთ-ერთი შეხსენება კი („ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ამათი დედები უნდა...“) არის იმდენად აუცილებელი, რომ მის გარეშე არც პარლამენტია, არც მთავრობა, არც სასამართლო და სამართალი, არც საქართველო და არც ჩვენ, ანუ ისინი, რომლებსაც სრულიადაც არ გვაწყენდა ასეთი შეხსენება: „სახელმწიფო არ არის ძროხა, პოლიტიკოსი არ უნდა იყოს გველი, პოლიციელი არ უნდა იყოს ძაღლი, ბანკირი და ბიზნესმენი არ უნდა იყოს ღორი, მოქალაქე არ უნდა იყოს ვირი, ჩინოვნიკი არ უნდა იყოს ბატი, და თუ ბულბული იუბილეს აღნიშვნას გადაწყვეტს, ღონისძიების ორგანიზება არ უნდა დაავალოს ჩიტებს, ან, ძველქართულად რომ ვთქვათ - სირებს“.

საერთოდ, შემჩნეულია, რომ კვერცხებს, ძირითადად, სირები დებენ...

აი ამას კი არ ვიცი რა დავარქვა: „სპორტული ტურნირები ყველა წინა მოწვევის პარლამენტებში იმართებოდა, უბრალოდ, წინა მოწვევის პარლამენტის წევრები ოკუპანტებთან ამჯობინებდნენ ფეხბურთის თამაშს სოჭში, ჩვენ მეზობელ, მეგობარ და ნატო-ს სტატეგიულ ქვეყნებთან ერთად ვთამაშობთ, - აღნიშნული განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თურქეთში, საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირში ქართველი დეპუტატების მონაწილეობას გამოეხმაურა. „ამ ტიპის ღონისძიებებით მეგობარი ქვეყნების პარლამენტებთან ურთიერთობები უფრო მყარდება. ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური შედეგი, რისი მიღებაც გვინდოდა, რაც შეეხება სპორტულ შედეგს, უკეთესი შეიძლებოდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, საქართველოს პარლამენტი ანალოგიური სპორტული შეხვედრის მოწყობას ძიუდოსა და ჭიდაობის სხვა სახეობებშიც გეგმავს. ქართველ პარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ მათ უცხოელ კოლეგებს "კლასს აჩვენებენ".

ცხოვრება კი, გადის... გადის კი არა და - გავიდა კიდეც და ისღა დაგვრჩენია, იმედით დაველოდოთ, როგორ ჩააყენებს ჩოქბჯენში ლუკა კურტანიძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, როგორ წამოიღებს კისრულით ზურაბ ზვიადაური თურქ ან სომეხ პარლამენტარს და როგორ დაადებინებს ხელს რომელიმე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რომელიღაც დეპუტატს სოსო ჯაჭვლიანი.

ჭიდაობაში ვერავინ გვაჯობებს და მინდა გითხრათ, რომ სინქრონულ ცურვაშიც უპირობო ფავორიტები ვართ. ჩვენი ნაკრები - გუგული მაღრაძე და ხათუნა გოგორიშვილი. მაგათ ცხვირზე მოჭერლი შპილკა მაჩვენა და მერე მომკლა, მაგრამ მე - მე ვარ, საზოგადოებას კი წყალქვეშა ტრიალი და ბოლო აკორდის შემდეგ სახეები რომ გაუშეშდებათ ხოლმე, ის უფრო აინტერესებს.

ისე გამოვიდა, რომ კვირის ამბები სპორტით დავიწყე. კარგი იქნებოდა, შეგეხსენებინათ, რომ სპორტი ბოლოში უნდა იყოს, მაგრამ არც ახლა არის გვიან და მოდით, პოლიტიკური მოგონებებით დავკავდეთ. მთავარი პოლიტიკური ამბები კი, მოგეხსენებათ, უკრაინაში ხდება. უკრაინაში ომია. როცა იქნება, ომი დამთავრდება და აზდაკის უკვდავი სიტყვები - „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო“ - იმდენად აქტუალურია, რომ მეტი აღარ შეიძლება.

ამ 14-15 წლის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ნინო ხარატიშვილმა მომწერა უცხოეთიდან. აქო, - მწერდა ნინო, - რამდენიმე ქართველი ემიგრანტი გავიცანი, უკანასკნელი სიტყვებით აგინებდნენენ საქართველოს, ბევრი ვეკამათე, ვეჩხუბე, საპირისპიროს ვუმტკიცებდი, მაგრამ ვერაფერი შევასმენინე, ნერვები დამაწყდა, მაგრამ შემდეგ, კარგად რომ დავფიქრდი, ღმერთს მადლობა შევწირე, მადლობა, ღმერთო, ჩემმა სამშობლომ ეს ნაგავი სამუდამოდ რომ მოიშორაო.

ჰოდა, ახლა, ზღულაძე-სააკაშვილების და საყვარელიძე-დეკანოიძეების უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნის ამბები რომ მესმის, სულ ნინოს სიტყვები მახსენდება და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველომ ეს ნაგავიც სამუდამოდ მოიშორა, მაგრამ რომელ ქვეყანაში დაიყრებიან ეს მყარად ამორფული ნარჩენები მას შემდეგ, რაც ნაგვის გატანის პროცესი უკრაინაშიც დაიწყება?

მაინც ვერ გავიგე, მაინცდამაინც საყვარელიძეზე რატომ მახსენდება ის ამბავი, ამ ათიოდე წლის წინ ერთმა პროკურორმა თავისი საცოლის, სასიდედროს, სასიმამროს, საცოლისდოს და საცოლისძმოს ტელეფონები მოსმენაზე რომ დააყენა? ამბავი მახსენდება, თორემ პროკურორის ვინაობას ნამდვილად ვერ ვიხსენებ და თუ კიევში ჩასვლა მომიწევს, იქნებ იქ გადავაწყდე ტიპს, რომელსაც კისერზე შესაბამისი წარწერა ექნება ჩამოკიდებული - „იგი საცოლისა და სასიდედროს ტელეფონებს ისმენდა“.

ეგ იქით იყოს, იმ რეალობაში, რომელსაც ასეთი შეხსენება ამშვენებს - „ეს სამი ასოა. ნაცების ადგილი აქ არის“.

მე ხომ ნიუსები მიყვარს... ნათქვამი როა, მადლი ქენი ქვაზე დადე, გამოივლი წინ დაგხვდებაო - ეს არ არის ნიუსი. ნიუსი ის არის, ჩემი მეგობარი სააგენტოს მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ერთ-ერთი ნიუსი ქვაზე რომ დავდე და რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა გამოვიარე, ქვა გახეთქილი დამხვდა. ნიუსმა ქვა გახეთქა. აი, ისიც:

„დეპუტატ ეკა ბესელიას ევროსაბჭოს ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, პარლამენტში ერთგვარი გაუგებრობა და დაბნეულობა გამოიწვია. როგორც თავად პარლამენტში ამბობენ, აღნიშნულ კომიტეტს ქვეკომიტეტი საერთოდ არ აქვს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატი აცხადებს, რომ "ადგილი ჰქონდა მცირე ინფორმაციულ ხარვეზს". "ადგილი ჰქონდა მცირე ინფორმაციულ ხარვეზს. ეკა ბესელია არის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთი ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სტატუსით ვიცე-პრეზიდენტი. ქვეკომიტეტის სახელია, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის ქვეკომიტეტი. ქვეკომიტეტი ცალკეა, კომიტეტი ცალკეა, მაგრამ ქვეკომიტეტი თავის საქმიანობას ახორციელებს და თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტთან ერთად", - აღნიშნული განმარტება ბესელიას საპარლამენტო კომიტეტის აპარატის წარმომადგელმა, ირაკლი მაისურაძემ გააკეთა“.

თუ როდესმე რამეზე საღოლ მითქვამს, აი ამ ქვეკომიტეტებიან ნიუსზე ვთქვი!

საღოლ, სიმონ, მე ვიყო გოჩა ჩერტკოევი!!!

უკრაინელებსაც მაგას ვეუბნები: მე თქვენი ბედი მადარდებს და თქვენ თუ არ გადარდებთ თქვენი ბედი, აი ამ ჩემს ქვეკომიტეტს, მართლადამართლა!

ქვეშენიჭირიმე, ქვეკომიტეტი, ეს ჩემი სებ-ი (საქართველოს ეროვნული ბანკი).

და - უზენაესი სასამართლო, რომელიც არც უზენაესია და არც სასამართლო და რომლის თავმჯდომარეობაც რამდენიმე ათეულს სურს და ვინმე მადლიანმა ყველა ერთად რომ დანიშნოს და „უზენაესი სასამართლოს თვსმსხდომარე“ რომ დაარქვას - არა? რატომაც არა?! კი, კი და კიდევ კი!

„IDFI პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შესთავაზა“, „მედიაციის ცენტრი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას სთავაზობს“,  „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმდომარის პოსტზე 30-ზე მეტი პირია წარდგენილი“, „თამარ კორძაია - უმჯობესია, უზენაესი სასამართლოს თავმდომარის კანდიდატები პარტიების წარმომადგენლები არ იყვნენ“, „საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმდომარის კანდიდატურას 28 პირისგან შერჩვს“, „ზაქარია ქუცნაშვილი - 11 საზოგადოებრივი მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დამასახელა“...

გასული კვირის მეორე ნახევარი მთავარი მოსამართლეობის მსურველთა გვარებმა წალეკა. ამდენი პირიო, იმდენმა პირმაო, ამდენ პირსო... სულ პირები და პირები. არც ერთი თავი და არც ერთი გული, არც ერთი ჯვარი და არც ერთი აგური. სულ ყვავები და პირები, ანუ ნისკარტები, მოკლედ - ქვეკომიტეტები. გამონაკლისი წესს ადასტურებს და ეს გამონაკლისი, ჩემი აზრით, არის ნინო გვენეტაძე,  რომელსაც ჩემი რეკომენდაციები, ის კი არა, რომ არ ჭირდება, პირიქით, არაფერში არგებს და იქნებ ხელიც შეუშალოს - მე ხომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ ვარ.

კომიკური სახე მიიღო შერჩევისა და წარდგენის პროცესმა, თლა სასაცილო კი ეს სათაური იყო  - „მამუკა მდინარაძის მხარდასაჭერად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გიორგი მარგველაშვილის სახელზე ღია მიმართვს ავრცელებენ“.

სახეებიო და... უმეტესობა არის მომღერალი. ხმები არიან. ეგ არაფერი. სახეებიო და... ნოკოლოზ რაჭველი სახეა? ნინო დარასელს და ეკა კახიანს რამე როგორ უნდა თხოვო და მით უმეტეს, როგორ უნდა დაუჯერო? და რა დონის ქვეკომიტეტი უნდა იყო, ნინუკა ბორჩხიძეს რომ თხოვო მხარდაჭერა?

და, საერთოდ, რას აწვება ეს პლასტელინი მარგველაშვილი და ვის ხელში იძერწება სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე?

„პარტიის წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დაექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის დასახელებაზე კომენტირებისას განაცხადა“ - ნუ, რადგან კოჟორიძემ განაცხადა, გიგაურმა არ უარყო და ლომჯარიამ არ გააპროტესტა, ჩავთვალოთ რომ ასეც არის, მაგრამ მარტო გიგაური ხომ არ არის და საგანელიძეც ხომ არის და არის?

„ზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები, მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა, – აღნიშნულ განცხადებას უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აკეთებს. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 18 დეპუტატის დღევანდელი განცხადება თავად ქუცნაშვილის მიერ არის დაწერილი, რომელსაც დეპუტატებმა შემდგომ მოაწერეს ხელი. "ორი დღე-ღამის განმავლობაში, რაც მე თურქეთში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, არც ერთი კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შესახებ არ დასმულა. ზაქარია ქუცნაშვილს იმის სურვილი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. ძალიან გამიკვირდა, როდესაც თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. დღეს მოვისმინე ზაქარია ქუცნაშვილისგან, მოდი ვიტყვი, თავხედურად ნათქვამი, რომ...“ - ერთად უთამაშიათ თურქქეთსი ფეხბურთი და ერთად ტამაშობენ პოლიტიკოსობანას.

"უკვე იუმორში გადადის ეს თემატიკა. როგორც ჩანს, ბატონი დავითი აგონიაში, რადგან საუბობს, რომ კრიტერიუმი არ განხილულა და ბატონი ზაქარია რომელი ოთახიდან გამოვიდაო“ - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ დავით საგანელიძემ შეუსაბამო განცხადებებით საკუთარი თავის სრული დელეგიტიმაცია მოახდინა...“

მესმის რომ გრიპის  სეზონია, მაგრამ რაღაც ძაან მაგრად აჟრიალებთ  და არა მგონია, რომ ეს ვირუსის ბრალი იყოს. 

„აკრძალვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პარტიის წევრი, კანონმდებლობაში არ არსებობს, მაგრამ ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, რამდენად იქნება კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა. რაც შეეხება უშუალოდ კრიტერიუმებს, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, მისი აზრით, ესენია კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი“.

კუბლაშვილი რა თავხედია?! ზედხედზე და გვერდხედზე აღარაფერს ვამბობ. საგანელიძე აგონიაშია, ქუცნაშვილი სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, მაგრამ ქვეყანა სად არის, სად? „ჩვენ მოვესწრებით იმას, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება“ - განაცხადა გასულ კვირაში უსუფაშვილმა. როდის? როოოდიიიის?! მანამდე რა ვქნათ, უ-ტომატო სუფი ვჭამოთ?

გასულ კვირაში კარგი ნიუსი არ ყოფილა, იყო მხოლოდ ერთი კარგი სათაური - „ქუთაისში ბიბლიოთეკა გაქურდეს“. გულის ფანცქალით დავიწყე კითხვა, მეთქი, წიგნები მოიპარეს, სხედან და კითხულობენ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ და არ დამეხოცოთ (იქნებ, მართლა მოვესწროთ ქართულ სახელმწიფოს) - კომპიუტერები მოუპარავთ და სხედან ახლა  სადმე და სუპერმარიოს უბერავენ და ნაცებიც უბერავენ ძველებურად - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს სთავაზობს, მშობელს, სურვილის შემთხვევაში, შვილის სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან შეყვანის შესაძლებლობა მიეცეს. "ზოგადი განთლების შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია, რომელიც დეპუტატმა კობა სუბელიანმა წარადგინა“.

აი, კობა სუბელიანი რომ განათლებაზე ისაუბრებს, იმ პარლამენტს არმაგედონის ზანგმა სულ ქვეკომიტეტი უნდა ურტყას თავში, მაგრამ ერთი რამ მენიშნა - 5 წლის ასაკიდანო, და ერთი რამის მეშინია - მანანა კობახიძემ სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკად 41 წელი არ დაადგინოს.

წარმოვიდგინე: ზის 41 წლის კობა სუბელიანი პირველ კლასში, ორჯერ ორი ხუთი გონია და ერთი სული აქვს, როდის მიაღწევს დამამთავრებელ კლასებამდე და როდის დაიწყებს იმ საგნის შესწავლას, რომელი საგნის სწავლების შესახებაც განათლების სამინისტრომ გასულ კვირაში გამოაცხადა - საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება. ახალი საგნის სახელწოდებაა - "მე და საზოგადოება". „შინაარსი ისეა დალაგებული, რომ მოსწავლეს განუვითაროს თვითანალიზის უნარი. განსზაღვროს საკუთარი სოციალური როლი და იდენტობა ოჯახთან მიმართებაში, საზოგადოებასთან მიმართებაში, სკოლაში, მიკროსოციუმში, სამეგობროში. გაიაზროს, როგორ შეიძლება განივითაროს საკუთარი ნიჭი. რატომ უნდა ჰქონდეს ღირსების გრძნობა, რა პასუხისმგებლობები აკისრია, როგორ უნდა მიხედოს საკუთარ თავს, რომ ის იყოს სრულფასოვანი წევრი - აქ იგულისხმება ჰიგიენის საკითხებიდან დაწყებული, მეტყველების თემები", - განმარტა მინისტრის მოადგილემ,  ლია გიგაურმა“.

უჰ... და აქვე მეორე უჰ - უკრაინაში პატრიარქი ფილარეტის მიერ  მორიგი დაჯილდოვება გაიმართა. მან ქართველ მებრძოლებთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „თავისუფალი ზონის” გამგეობის წევრი კობა ხაბაზი და ასევე უკრაინის მოქალაქეები დააჯილდოვა ორდენით - უკრინის მიმართ „სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის“.

სიყვარული და ერთგულება... „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „თავისუფალი ზონის” გამგეობის ერთი წევრის შესახებ გამიგია, ყოველი სიყვარულის შემდეგ ერთი და იგივე ვენეროლოგთან დადის ერთგულადო.

ნუუუ... თუ რიანა და ლედი გაგა მომღერელები არიან, რატომ არ შეიძლება, რომ კობა ხაბაზი მოსიყვარულე და ერთგული იყოს?

კარგად დაიმახსოვრეთ, არ დაივიწყოთ, ხშირ-ხშირად შეგახსენებთ ხოლმე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ერთი სამახსოვრო წარწერაც გავაკეთოთ - „ეს კობა ხაბაზია, დილა-საღამოს ქვეკომიტეტი უნდა ურტყა თავში“.

ა.გ.ც. (ასე გადის ცხოვრება) ამ  წესით ცხოვრება მეტისმეტად დიდ  სიფხიზლესა და უზარმაზარ მორალურ ძალას მოითხოვდა, რადგან ბევრი მაკონდოელი თავისსავე მოგონილ და წარმოსახულ სინამდვილეში ჩაკეტილიყო. მართალია, ეს სინამდვილე დიდი ვერაფერი პრაქტიკული ჩანდა, მაგრამ სამაგიეროდ სულს უმშვიდებდათ მაინც. (გაბრიელ გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელი“)