დაკვირვებული გახლავართ რომ მკითხველს ქართველი სამართალდამცველების წარსულის ისტორიები განსაკუთრებულად აინტერესებს. შეიძლება ვცდები. ფაქტია, ახლობელი ჟურნალისტები მუდმივად ქართველი კრიმინალისტების ადრეული მოგონებების გამოქვეყნებას ხშირად მთხოვენ. დღეს კოლეგებს სურვილს შევუსრულებ და თანამემამულე „შერლოკ ჰოლმსების მორიგ თავგადასავლებს გაგაცნობთ.
ჩვენი პირველი სტუმარი პოლკოვნიკი უშანგი ლალიაშვილი იქნება. ბატონი უშანგი რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს და საქართველოში მომრავლებული მიტინგების ხანას გაგვახსენებს.
„შევარდნაძის პერიოდია. ქალაქის მერი ვანო ზოდელავაა და ის დროა, როცა თბილისში დღეში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა ხდება. მაშინ ქალაქის მილიციის სამმართველოს „სპეცნაზს“ ვმეთაურობდი და მთელი დღე ხან ერთ ადგილზე გვქონდა გასვლა, ხან – მეორეზე. სამსახურში ახალდაბრუნებულები ვიყავით, როდესაც მერიიდან დაგვირეკეს და მრავალშვილიანი დედების აქციაზე გამოგვიძახეს.
მოვედით. თავისუფლების მოედანი ოთხასამდე ქალს აქვს გადაკეტილი, მერიაში შეჭრას ცდილობენ და ზოდელავას საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან. მე რომ დამინახეს, შემომიტრიალდნენ და ლანძღვა დამიწყეს. ამ ქალებს ერთი დოდო ხელმძღვანელობდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, რვა შვილი ჰყავდა. დოდო ჩემთან მოვარდა და აღრიალდა:
– ზოდელავა იუდა! ზოდელავა იუდა!
– ზოდელავასთან რა გინდა, ქალო, რა დაგიშავა-მეთქი?
– რვა შვილი მყავს და რჩენა ხომ უნდათ, ზოდელავა კი დახმარებას არ მაძლევსო.
– კარგი, დაწყნარდი, – ვუთხარი მე, – ოთხი ქალი შედით და მერს დაელაპარაკეთ, ყველას ვერ შეგიშვებთ-მეთქი.
დოდომ კი ხმას აუწია და უფრო ხმამაღლა აყვირდა:
– ან ყველა შევალთ, ან აქაურობას ავაფეთქებთ!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალები ვერ წყნარდებოდნენ, რადგან მათ დოდო აღიზიანებდა, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი:
– ქალო, სულ მაგ საოხრეზე რომ ზიხარ, სკამზე გადმოჯექი, შენც დაისვენებ, შენი შვილებიც და ვანო ზოდელავაც-მეთქი.
ჩემს სიტყვებზე ქალებს სიცილი აუტყდათ და ზოდელავასთან ოთხკაციანი ჯგუფის შესვლაზე დამთანხმდნენ. საინტერესო კი ისაა, რომ ვითომ რვაშვილიანი დოდო საერთოდ უშვილო აღმოჩნდა და ქალების აქციას ერთ-ერთი პარტიის დავალებით ატარებდა ხოლმე“.
მომდევნო „ისტორია“ „საფეხბურთო -კრიმინალური“ ჟანრისაა და ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ლომთათიძეს ეკუთვნის.
„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს, გვიან შემოდგომაზე თბილისს ესპანური საფეხბურთო კლუბი „რეალ ბეტისი“ ეწვია, რომელსაც „უეფას“ თასისთვის ბრძოლაში მოსკოვის „დინამო“ ხვდებოდა.
იმ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებაში ვმუშაობდი და პარალელურად, მინისტრის თანაშემწეც ვიყავი. მატჩის დღეს მინისტრის კაბინეტში ვმორიგეობდი, რადგან მინისტრი რაიონში იყო წასული და საღამოს 10 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ, მინისტრის სავარძელში მოვკალათდი, ფერადი ტელევიზორი ჩავრთე და ფეხბურთს სრული კომფორტით ვუყურე, რომელშიც ესპანელებმა რუსი ფეხბურთელები აშკარად დაჯაბნეს. ტელევიზორში კარგად ისმოდა, თუ როგორი თავგამოდებით გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდს ორმოცდაათი ესპანელი ფანი, რომელიც „ბეტისს“ თბილისში ჩამოჰყვნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ათეულათასობით ქართველი გულშემატკივარიც აშკარად ესპანელების მხარეზე იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბეტისის“ წარმატებაში. არადა, პირდაპირი რეპორტაჟი ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემოდა, მას ათეულობით მილიონი ადამიანი უყურებდა და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების საქციელსაც ხედავდნენ. იმ პერიოდში, კი ეს პოლიტიკური დანაშაული იყო... სიმართლე გითხრათ, მეც ესპანელებს ვგულშემატკივრობდი და თამაში რომ დასრულდა, მინისტრის ბარიდან კონიაკი გადმოვიღე, დავისხი და გადავკარი, თან ესპანელები ვადღეგრძელე, მაგრამ სითხე კუჭამდე არ მექნებოდა ჩასული, რომ სამთავრობო „ვეჩე“ აზრიალდა. მე ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:
– მინისტრის თანაშემწე გისმენთ!
– მინისტრი სადაა? – მომესმა მკაცრად ნათქვამი რუსული ფრაზა და მივხვდი, რომ ვიღაც ბობოლა რეკავდა მოსკოვიდან. ამიტომ, სხაპასხუპით მივუგე:
– ამხანაგი გენერალი რეგიონულ შემოვლაზეა, 10 საათზე ჩამოვა და რა გადავცე, ვინ რეკავდა-მეთქი.
– უთხარი, რომ მინისტრი, ნიკოლაი შჩოლოკოვი რეკავდა და გადაეცი, ფეხბურთის გულშემატკივრებში წესრიგი დაამყაროს. სირცხვილი თქვენ! მოსკოვის „დინამო“ ჩვენი უწყების გუნდია და მეტი აქტიურობა გმართებდათ, რომ ტრიბუნებს ასე აშკარად არ დაეჭირათ მხარი ესპანელებისთვის და ეს მთელ მსოფლიოს არ ენახა.
ამ დროს კაბინეტში მინისტრი შემოვიდა. მე მას „ვეჩეს“ ყურმილი გადავეცი, გვერდზე გავდექი და გავისუსე. შჩოლოკოვი, სულ რაღაც ერთი წუთი ელაპარაკა ჩვენს მინისტრს და როდესაც საუბარი დასრულდა, ჩვენმა მინისტრმა „ვეჩე“ გათიშა. შემდეგ, უკიდურესად აღელვებულმა და წამოწითლებულმა, თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაურეკა და უღრიალა:
– რა ხდება პლეხანოვზე, ეს რა ანტისამთავრობო გამოსვლებია. დაიხოცეთ თუ გძინავთ? ხალხი ესპანური დროშებით რომ დადის და „ვივა ესპანიას“ ყვირის! ჩქარა, ყველა დებოშიორი დააკავეთ და დროშები გაურჭვეთ. პირადად საკავშირო მინისტრის ბრძანებაა და სასწრაფოდ შეასრულეთ, თქვა მინისტრმა. ყურმილი დადო და მომიბრუნდა, – მოსკოვის „დინამოს“ დედაც, მაგრამ ეს ხალხი რამ გადარია, რომ ასე აშკარად გამოხატავს თავის სიძულვილსო.
შჩოლოკოვს აქაურმა მსტოვრებმა სასწრაფოდ აცნობეს, ქართველები მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებას ზეიმობენო და მანაც იმიტომ დარეკა.
სინამდვილეში კი ასეთი რამ ხდებოდა, ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ესპანელებს „ბეტისის“ დროშები გამოართვა, მათთან ერთად პლეხანოვზე მოდიოდნენ „დინამოს“ სტადიონიდან და „ვივა ესპანიას“ ყვიროდნენ.
მე ჩემს ოთახში გავიძურწე, რომ მინისტრს ზედმეტად არ შევჩხიროდი თვალში და შევედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. სასტუმრო „ივერიის“ დირექტორი იყო – ერთი ესპანელი ტურისტი დაიკარგა, რომელიც „ბეტისს“ საგულშემატკივროდ ჩამოჰყვა, ვერ ვპოულობ და დაგვეხმარეთო.
უცებ, შჩოლოკოვის და ჩვენი მინისტრის სატელეფონო საუბარი გამახსენდა და სამსახურებრივი მანქანა გამოვიძახე. პირდაპირ პლეხანოვის მილიციის ქვეგანყოფილებისკენ გავემართე.
ქვეგანყოფილებაში ოცდაათი კაცი იყო დაკავებული, რომლებიც საკნებში მოათავსეს. „ბეტისის“ დროშები ჩამოართვეს და წყვილ-წყვილად აჰყავდათ მეორე სართულზე, უფროსის კაბინეტში, სადაც უშუალოდ სრულდებოდა მინისტრის ბრძანება. სწორედ იმ დროს შევედი განყოფილებაში, როდესაც მეორე სართულიდან ესპანურენოვანი ყვირილი მომესმა, რასაც ქართული გინებაც ახლდა თან. სასწრაფოდ ზევით ავვარდი, უფროსის კაბინეტის კარი გავაღე და იმ დროს მივუსწარი საცოდავ ხუან მარტინესს, როდესაც მას ერთი მომავალი, ძალიან ცნობილი ქართველი პოლიციელი „ამუშავებდა“... მე, სასწრაფოდ აღვკვეთე ეს საშინელება და მილიციის უფროსს ვუღრიალე:
– ბრძანება გაუქმებულია. ყველანი გაუშვით-მეთქი, – შემდეგ, ხუან მარტინესი ჩემი მანქანით წავიყვანე სასტუმრო „ივერიაში“, დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად ზღაპრული სუფრა გავუშალეთ „ივერიის“ რესტორანში და დილამდე იქეიფეს, თან სულ და „ვივა ესპანიას“ გაიძახოდნენ“.
მილიციელების ცხოვრება იოლი არ გახლდათ. ამ პროფესიის ადამიანებს არაერთი „განსაცდელის“ გამოვლა უწევდათ, მით უმეტეს საბჭოთა პერიოდში.
ამ საოცარ ისტორიას მაიორი ოთარ კაშია გაიხსენებს.
„ერთხელ „ცეკას“ ერთ-ერთი ნომენკლატურული საცხოვრებელი სახლის მანქანების სადგომიდან, ქურდებმა ორი ახალთახალი „03“ მარკის „ჟიგული“ მოიპარეს, მიიმალნენ და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. იმ პერიოდში მანქანების დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა იყო მოდაში. ამიტომ, მანქანების „ცოცხლად“ პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა. ნაწილებით კი როგორ გაიგებდი, რომელი რომლის იყო. თუმცა, საქმე „ცეკას“ თანამშრომლებს ეხებოდა და დავტრიალდით.
უპირველესად შემთხვევის ადგილი დავათვალიერეთ და ახალგაზრდა დარაჯი დავაკავეთ, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. მართალი გითხრათ, ის დარაჯი არც მიმაჩნდა დამნაშავედ და ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავაკავებდი, მაგრამ ასე გადაწყვიტა უფროსობამ.
ადგილს, საიდანაც მანქანები მოიპარეს, მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და რაც მთავარია, იმ ტერიტორიაზე ოთხი უზარმაზარი მამალი ნაგაზი იყო გაშვებული, რომლებიც მხოლოდ დარაჯს ემორჩილებოდნენ და ეჭვიც ამიტომ გაგვიჩნდა. როგორც დარაჯი ყვებოდა, იგი ნიღბიანებმა გაკოჭეს და მანქანები ისე მოიპარეს. იმას კი, თუ რატომ არ ჰქონდათ ძაღლებს რეაქცია, ვერაფრით ხსნიდა.
ქურდობიდან ორი კვირის მერე, სიმართლე გითხრათ, ქურდები შემთხვევით დავაკავეთ. თან, გაგვიმართლა და ორივე მანქანა მთელი და ხელუხლები აღმოჩნდა. სულ სამნი იყვნენ და ერთი ტანმორჩილი მეთაური ჰყავდათ, მეტსახელად „ჯუჯა“. მან ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ გააჩერა ძაღლები, გვითხრა:
– ქალითა, უფროსო, ქალითა.
– რა ქალითა, – შევუღრინეთ „ჯუჯას“, – დროზე მოყევი, თორემ სეირს გიჩვენებთო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ჯუჯა“ შემთხვევის ადგილზე წავიყვანეთ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად და როგორც მოითხოვა, ერთი დედალი ძაღლი, ჯოხი და ჩვარი მივეცით. მან კი, ჩვარი ჯოხზე დაახვია, შემდეგ ძუკნას საშოში ამოუსვა და კბილებდაკრეჭილ ნაგაზებს გადაუგდო. მოხდა სასწაული და ნაგაზები ჩვარს დაესივნენ, არ შორდებოდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, ირგვლივ რა ხდებოდა.
– კი, უფროსო, ასე გავთიშე ეს ვერანები და მანქანები რომ მიგვყავდა, ჩვენკენ არც კი გამოუხედავთ, ჩვარს ვერ შორდებოდნენ, – გვიპასუხა „ჯუჯამ“.
მართლაც საოცრება იყო, რაც ვიხილეთ, თურმე ქალის სურნელი არც დაგეშილ ნაგაზებს ტოვებს გულგრილად“.