კიმთან „დამეგობრებული“ დიდი კავკასიური ნაგაზი

კიმთან „დამეგობრებული“ დიდი კავკასიური ნაგაზი

კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ. საბჭოთა სინამდვილე მეტად მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა. დღევანდელ წერილში მინდა რომ რამდენიმე ათეული წლის წინ თბილისში გახმაურებული რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენო. საუბარი თბილისელ კოლორიტებსა და მათ „მხიარულ ისტორიებზე“ მექნება.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ კიმი ალიაშვილს გადავცემ.

ერთ დღეს წყნეთის მილიციასთან კიმის შელაპარაკება მოუვიდა. გულში ჰქონდა ჩარჩენილი ძველი წყენა და ხშირად ეუბნებოდა მეგობრებს, საკადრისი პასუხი რომ ვერ გავეცი, ვერ ვისვენებო. რამდენჯერაც დათვრებოდა, იმდენჯერ წყნეთისკენ იწევდა. ძმაკაცები ეუბნებოდნენ, რა დაგემართა, რით ვეღარ დაივიწყე ძველი წყენა, იქ რამეს გეტყვიან, შენც ვერ მოითმენ, აჰყვები და შარს აიკიდებო.

ერთხელაც, სადღაც უქეიფია და მარტო ასულა წყნეთში. მთელი წყნეთის მილიცია ისე უცემია მარტოს, ვერ გაუჩერებიათ. ბოლოს რევოლვერის ტარი ჩაურტყამთ თავში და ისე გაუკოჭავთ. სასამართლოზე მოსამართლე საქმეს რომ გაცნობია, გადარეულა ერთმა კაცმა ამოდენა ხალხი როგორ გცემათო. კიმის უთქვამს, ბატონო მოსამართლევ, გამონაკლისი დაუშვით, გამიშვით და ახლავე გაჩვენებთ, როგორც ვცემე ერთმა კაცმა ამდენი ხალხიო.

წყნეთელ წესრიგის დამცველებს კი შედარებით „იღბლიანად“ გადაურჩა, მაგრამ ვეებერთელა კავკასიურ ნაგაზთან ბატონმა კიმმა ვერაფერი გააწყო.

ერთხელ კიმი სახლში დაგლეჯილ-დაფლეთილი მივიდა. გადაირივნენ – რა დაგემართა, ნაჩხუბარს არ ჰგავხარ და რამ დაგგლიჯაო. თურმე ნაქეიფარი მოდიოდა და ვიღაცის ეზოში კავკასიური ნაგაზი დაუნახავს უზარმაზარი და ლამაზი. ისე მოსწონებია, გაცნობა გადაუწყვეტია და, როგორც კაცისთვის, ისე გაუწოდებია ხელი ჩამოსართმევად. წარმოიდგინეთ, ის ბომბორა ძაღლი რას უზამდა უცხო ნასვამ კაცს. მივარდნია და სულ დაუკბენია. კბენდა თურმე ძაღლი, კიმი კი უხსნიდა: რა იყო, შე მამაცხონებულო, შენი გაცნობა მინდა, მოყვარე ვარ, მტერი კი არაო. არადა გააფთრებული ნაგაზისთვის რომ დაერტყა ხელი, იქვე სულს გააფრთხობინებდა იმ საწყალს. ასე „გაუცვნია“ და „დამეგობრებია“ იმ ძაღლს კიმი.

სადაც კიმი ალიაშვილი ვახსენეთ, ბატონი გივი სიხარულიძეც უნდა მოვიხსენიოთ.

პროფესორ დავითაიას ულამაზესმა და უსათნოესმა მეუღლემ, ქალბატონმა ანამ, სამარშრუტო ტაქსიში ფეხი შედგა თუ არა, ვიღაცის ხელის ფათური იგრძნო ჩანთაში. უცნობ მამაკაცს ეცა, ჩაეჭიდა და დაუწყო ყვირილი, ფულს მპარავდი შე უნამუსოო! დაჯდა, გახსნა ჩანთა და 400 ლარი აღარ დახვდა ჩანთაში. დაუწყო გამწარებულმა ახალგაზრდას კივილი, ნაძირალავ, ახლავე დამიბრუნე ჩემი 400 ლარიო. ის ბიჭი კი თავს იმართლებდა, არ მომიპარავს, ქალბატონო, და რა დაგიბრუნოთო. ქალი პოლიციით დაემუქრა. იქვე მყოფებს შეეცოდათ ის ბიჭი და უთხრეს, შვილო, ნუ დაიღუპავ თავს, დაუბრუნე ქალბატონს ფული და მშვიდობიანად მიდი ოჯახში, დაჭერა გირჩევნიაო?

ბიჭი მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, ამოიტრიალა ჯიბეები და 380 ლარი ჩაუთვალა ანას. გადაირია, ოცი ლარი აკლიაო. ხალხმა უსაყვედურა, კარგი რა ქალბატონო, ოც ლარს ჩივით, ამხელა თანხა რომ სულ არ დაკარგეთო?! მოკლედ, დაბრუნდა ანა სახლში და მოყვა თავისი გმირობის ამბავი. უსაყვედურეს, 400 ლარის გამო რომ რამე დაეშავებინა იმ ბიჭს რას აპირებდი მერეო. ანამ მედიდურად იმართლა თავი, მე გენაცვალე, ჩიქვანის ქალი ვარ და შეურაცხყოფას სიკვდილი მერჩივნაო. ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ანას კივილმა აიკლო სახლი. გამოცვივდა ქმარ-შვილი, ვერ მიხვდნენ რა დაემართა. თურმე, ის ოთხასი ლარი კარადიდან არც კი აუღია, უბრალოდ ასე ახსოვდა. იმ ბიჭს ცილიც ტყუილად დასწამა და 380 ლარიც „ააწაპნა“. ხალხს მეტი რა უნდოდა და იმ დღის შემდეგ, ანას „კლიჩკა“ „რეკეტი“ შეარქვეს.

ნიკო ლეკიშვილი ძირძველი თბილისელია და აბა როგორ იქნება არაერთი გასახსენებელი ისტორია არ იცოდეს.

„სერგო ლობჟანიძე პლეხანოვზე ცნობილი ბიჭი იყო. ერთ დღესაც, უფიქრია, ნეტავ, რომ მოვკვდები, ჩემზე რას იტყვიან, რას იზამენ, ან გული თუ დასწყდებათო. მოუფიქრებია, მოდი, ვითომ მოვკვდი, გავითამაშებ და გასვენებას მოვუწყობ ჩემს თავსო. რამდენიმე ძმაკაცს გაუნდო ჩანაფიქრი და ისინიც დაეხმარნენ მის განხორციელებაში: დააწვინეს საკაცეზე, გადააფარეს თეთრი ზეწარი, ასწიეს და მარჯანიშვილის მოედნიდან ახლანდელი თამარ მეფის გამზირისკენ აიღეს გეზი.

გადაკეტილა გამზირი. ქუჩაში გამვლელები კითხულობდნენ თურმე, ვინ მოკვდაო, რომ ეუბნებოდნენ, ესა და ესო, თურმე იყო ერთი ვიშვიში და თავში ხელის წაშენა. რამ მოკლა საწყალიო ყველა კითხულობდა. პროცესიას 10-15 კაცი მოჰყვებოდა. მილიციის შენობას რომ მიუახლოვდნენ, მილიციელები გამოცვივდნენ თურმე გარეთ, მილიციის უფროსს კი ქუდი მოუხდია და უკითხავს, რა მოხდა, ვინ მოგყავთო. რომ უთხრეს, ჩვენი სერგო აღარ არისო, შემოურტყამს ხელი შუბლში, ჩემი შვილის ტოლი იყო საწყალი, რამ მოკლა ეგ უბედურიო. უცბად გადაუძვრია სერგოს ზეწარი, წამომჯდარა აწეულ საკაცეზე, „ჩესტი“ აუღია მილიციის უფროსისთვის და დაუძახია ხმამაღლა: „ჩესტ იმეიუ, ტავარიშჩ პადპალკოვნიკ!“. გადარეულა მთელი მილიცია, გამოჰკიდებიან, ურბენიათ ბევრი, „დინამოსთან“ დაუჭერიათ და ერთი მაგრად უცემიათ გამაიმუნებისთვის“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი მსახიობი გიორგი გურგულია გახლავთ.

„დიმა ლორთქიფანიძე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ავტორიტეტი ქურდი გახლდათ. საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა ოჯახში იყო. მამა რომ გარდაეცვალა, დედამ გადაწყვიტა შვილები საქართველოში დაებრუნებინა. აქ კი ყოფილი ემიგრანტები რეპრესირებულები გახდნენ. დედა დაუჭირეს, დიმა ქუჩის ცხოვრებას აჰყვა საარსებო პურის საშოვნელად. მისი ძმა სხვა გზას დაადგა.

დიმა რაინდი, ძალიან ნაკითხი, ძლიერი სულის მქონე და ზრდილობიანი ბიჭი იყო. უკან არასდროს იხევდა. სულ ამბობდა, ლაჩარ კაცთან როგორ უნდა იმეგობრო ადამიანმაო. მოკლედ, ერთ დღესაც, დიმა პოლიციამ დაიჭირა და განყოფილებაში უკრა თავი. ჰკითხეს, სად დაიბადეო. უპასუხა, პარიზშიო. გახიეს ცემით. კიდევ გაუმეორეს კითხვა, სად დაიბადეო, იმანაც სიმართლე უპასუხა, სად და – პარიზშიო. ისევ ცემეს. მილიციას ეგონა ატყუებდა. სანამ პასპორტი არ ააფარა სახეზე, სიმართლეში ვერ დაარწმუნა.

ამ ამბავს მერე ღიმილით იხსენებდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო, სიმართლეს ამბობ და არ გიჯერებენ, არადა, ტყუილი როგორ ვთქვა, ამ ავტორიტეტმა კაცმაო“.

ცნობილი ქართველი მსახიობის, უდროოდ დაღუპული და ტრაგიკული ბედის მქონე გია ფერაძეს არაერთი მოგონება ხშირად შემოგვითავაზებია. დღეს მის ძმას, ილიკო ფერაძეს მოვუსმინოთ.

„საშა ჩხეიძეს ერთი უიღბლო მონადირე მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ან სროლა არ ეხერხებოდა ან ღმერთი არ სწყალობდა. ერთ-ერთი ნადირობისას, მონადირეები გაიყვნენ, ხოლო, საშა ჩხეიძეს ეს მონადირე აეკიდა და გაჰყვა უკან. მოკლედ, დათქვეს, რომ ამა და ამ დროს ნადავლით აქა და აქ შევხვდეთო.

საშამ მოკლა ორი კურდღელი და შეხვედრის ადგილისკენ გაეშურა. მეგობარი არსად ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ, გაიხედა, მოდის თავისი უიღბლო მეგობარი და ჩანთაზე მოკლული კურდღელი აქვს გადაკიდებული. თან, სახეზე დაღლა ემჩნევა. ამაყად მოხსნა კურდღელი სანადირო ჩანთას და მაგიდაზე დააგდო. დაიწყო მოყოლა და ბაქი-ბუქი, თუ რამდენი ირბინა, ამ კურდღლის დასაწევად, რომ მიზანში ამოიღო და ერთი გასროლით მოკლა და ასე შემდეგ. საშა ჩუმად იჯდა და იღიმებოდა. მოყოლა რომ დაასრულა ბაქია მონადირემ, საშამ მშვიდად ჩაილაპარაკა: კაცო, ერთი მაგ კურდღელს შეხედეთ უკანალში, რაღაც ქაღალდი აქვს გარჭობილიო. ეცნენ სხვა მონადირეები და კურდღლის უკანალიდან გამოაძვრეს ქაღალდი, რომელზეც ეწერა დიდი ასოებით: „მე მომკლა საშა ჩხეიძემ“. გადაირია უიღბლო, ტრაბახა მონადირე, დაავლო ხელი თოფს და ძმაკაცს მოსაკლავად გამოეკიდა. მერე სიცილით იხსენებდა საშა: კაცო, მე გავექეცი, გიჟივით მომდევდა, ორჯერ მესროლა და ამაცილა ამხელა კაცს და ეგ, გაქცეული, ცქვიტი კურდღლის მომკვლელი იყოო“.

ცნობილი ექიმი ლადო კახაძე განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს.

„ახალგაზრდობაში თენგიზ სუხიშვილს მეგობრებში ქეიფი, დროსტარება თუ სმა ხშირად უწევდა, რაზეც ბრაზობდა მისი მამა, უდიდესი ქართველი კაცი, ილიკო სუხიშვილი. ერთ დღესაც, ურეკავენ სახლში თენგიზს მეგობრები. ყურმილი ილიკომ აიღო, მიესალმნენ მას და მოიკითხეს მეგობარი – თენგიზი სახლშიაო? რა ქნას ილიკომ, არ უნდა შვილის გაშვება სახლიდან და უპასუხა: კი სახლშია, მაგრამ, სიცხე აქვს 38 და 7 ხაზი, – მერე კი უცებ დაამატა, – უფრო სწორად, 38 და 7 კი არა, 38 და 10 ხაზი აქვსო“.

არ ვიცი ამჟამად როგორ არის, მაგრამ თავის დროზე ვერელებსა და პლეხანოველებს ერთმანეთს შორის დაძაბული ურთიერთობა გააჩნდათ და მათ შორის მუშტი-კრივი არაერთხელ გამართულა. დღევანდელი „თბილისური მოგონებების“ დასასრულს ბატონი დათო აბესაძის ერთ მონაყოლს შემოგთავაზებთ.

„ვერაზე ცხოვრობდა ერთი ხეიბარი და ჭკუასუსტი ბიჭი. ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ უბნელი ბიჭები. ერთ დღესაც, გაიხედეს და სასტიკად ნაცემი გამოვიდა უბანში. გადაირივნენ ბიჭები, რა დაგემართა, ვინ გაბედა შენზე ხელის აწევა, წამოდი, გვაჩვენე, საქმე გავურჩიოთ და პასუხი ვაგებინოთო. კარგა ხნის ხვეწნის შემდეგ გამოტეხეს, რომ პლეხანოვზე, რკინიგზელთა სახლის წინ მდგარ „ბირჟავიკებს“ უცემიათ. დაირაზმნენ ვერელები, პლეხანოვზე ჩავიდნენ, ეს ნაცემი უბნელიც თან გაიყოლეს, რომ ამოეცნო ვინც დაარტყა. მოკლედ, რომ მიუახლოვდნენ პლეხანოველ ბიჭებს, ერთ-ერთი გამოეყო და გაიქცა, ნაცემი უკან დაედევნა. ვერელებმა იფიქრეს, ეს იქნება დამნაშავეო და უკან გაჰყვნენ სირბილით. მოკლედ, კარგა ხანს რომ ირბინეს და სიქა გაძვრათ, ნაცემ-მცემელი ერთ სადარბაზოში შეცვივდნენ. ვერელებს მეტი რა უნდოდათ, მიიმწყვდიეს ის ბიჭი კუთხეში, მიცვივდნენ და მაგრად გალახეს. ბოლოს ნაცემი უბნელი მიუშვეს და აცემინეს. მოკლედ, კარგად რომ დაბეგვეს და დაანებეს თავი, აწია თავი და საწყალი თვალებით შეხედა ხეიბარს: მართლა შენი დედა, თუ ასეთი დამრტყმელი იყავი, რას მარბენინე ამდენი, იქვე ვერ გამლახეო“.