დიდ დიღომში, 186-ე სკოლის მოსწავლეების მძიმედ დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს. შემთხვევა ექვსი გაკვეთილის დასრულების შემდეგ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. როგორც ირკვევა, 1999 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა პარალელური კლასელები დანით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილები რეანიმაციაში იმყოფებიან.
არის თუ არა დღეს ქართული სკოლები უსაფრთხო და რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - კონტროლზე (მანდატური, ვიდეოთვალი) ორიენტირებულ, თუ ზრუნვაზე ორიენტირებულ უსაფრთხოებას?!
ამ და სხვა საკითხებზე For.ge-ს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ესაუბრა.
თქვენ უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული დოკუმენტი შეიმუშავეთ, სადაც აღნიშნავთ, რომ სკოლამ თავად უნდა მოახერხოს საკუთარი რისკების შეფასება და განსაზღვროს, სჭირდება თუ არა მანდატური, არის თუ არა სკოლაში ნარკოტიკის გაყიდვის, პროსტიტუციის ფაქტები და მდებარეობს თუ არა სკოლა რისკიან უბანში. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსწავლე ვიდეოკამერასთან წესიერად მოქცევის წესებს, თვალთმაქცობას სწავლობს და ხშირად მოსწავლეთა შორის ბულინგის (ჩაგვრის) ფაქტები სკოლიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება, რამდენად უსაფრთხოა დღეს ჩვენი სკოლები?
- საქართველოში არის 2010 საჯარო სკოლა, თითოეული სკოლა უნიკალურია და გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პრობლემები. ეს შეეხება როგორც დედაქალაქში, ისე რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მდებარე სკოლებს. შესაბამისად, შიდა და გარე რისკების შეფასება, სკოლაში უსაფრთხო პროგრამების დაგეგმვა ძალზე მნიშვნელოვანია.
საბედნიეროდ, დღეს მანდატურის ფუნქციებში ძალზე საინტერესო ცვლილებებია შესული, რაც 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა. კერძოდ, მანდატურს აღარ აქვს უფლება, აკონტროლოს სკოლის შინა განაწესი, რაც ცალსახად, უკვე სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა. მანდატური არ არის სკოლაში უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი ფორმა. მანდატურის ინსტიტუტი, ასევე, ვიდეოთვალი, ეს არის კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა უსაფრთხო სკოლა, რათა ბავშვები დავიცვათ ძალადობისგან, მაგრამ კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოების ერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ფიზიკურმა დაპირისპირებამ გადაინაცვლოს იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება ვიდეოთვალის ან მანდატურის კონტროლი, თუნდაც სკოლის გარეთ. ვიდეოთვალს და მანდატურს გაუჭირდება, დააფიქსიროს ბულინგის ის შემთხვევა, როცა ერთი მოსწავლე ჩაგრავს მეორეს, უწოდებს მას დამამცირებელ ზედმეტსახელებს და ეს მოსწავლე გარიყულია. ამ და სხვა პრობლემის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რაოდენ არასრულყოფილია აქცენტირება მხოლოდ და მხოლოდ კონტროლზე ორიენტირებულ უსაფრთხოებაზე და რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხოება.
საერთაშორისო გამოკვლევებით, საქართველოს სკოლები მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამდეც მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ ითვლებოდა. ამ გადასახედიდან, რამდენად აუცილებელი იყო ამ ინსტიტუტის შემოღება?
- კვლევები, რომელიც ჩატარდა იუნისეფის და სხვა ორგანიზაციათა ფარგლებში, ადასტურებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს სკოლებში უსაფრთხოების მაღალი ხარისხი იყო. ცხადია, იმ დროს არ იყო შესაბამისად რაციონალური გადაწყვეტილება მიღებული, როცა პრობლემის გადაჭრისთვის გადაწყვიტეს მანდატურის ინსტიტუტის დანერგვა. ზოგადად, მაშინ ძლიერი იყო კონტროლის მექანიზმები. საბოლოოდ ამით ჩვენმა ქვეყანამ რა წააგო და რა მოიგო? ჩვენმა ქვეყანამ წააგო ის, რომ კონტროლმა იმ პერიოდში ნეგატიური ფორმები მიიღო, იყო გახმაურებული შემთხვევებიც.
გულისხმობთ მასწავლებლების ჩაშვებას მანდატურთა მხრიდან?
- ჩაშვებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვსაუბრობ იმაზე, რაც გაშუქდა, რაზეც სასამართლო საქმეები აღიძრა. მაგალითად, ერთი მასწავლებელი მანდატურის ოქმის საფუძველზე იმიტომ გაათავისუფლეს სკოლიდან, რომ მან მანდატურის რეფორმა უარყოფითად შეაფასა. უარყოფითად შევაფასებ იმასაც, რომ ეს ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანას ძალზე ძვირი უჯდებოდა, თუ არ ვცდები, ათ მილიონზე მეტი იყო მანდატურის ინსტიტუტის ბიუჯეტი. რა მოვიგეთ? ყველაფერში შეიძლება ვიპოვოთ გარკვეული პოზიტივი - თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოების სერვისი. ამიტომ სკოლებმა თავად შეაფასონ უსაფრთხოება.
ნუ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების შეფასება და სკოლებს ეს ნაკლებად შეუძლიათ, სინამდვილეში, ისინი საზოგადოებაზე უკეთ იცნობენ თავიანთ პრობლემებს. ასევე, უნდა ამოქმედდეს ზრუნვაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პროგრამები. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება კლასის დამრიგებლის როლის გაზრდაზე, რაც პოზიტიურია.
არის კი დღეს ქართული სკოლა უსაფრთხო? არაერთხელ გვსმენია ბავშვების აგრესიის შესახებ ცხოველების, თანატოლების მიმართ.
- თუ სადღაც ბავშვი იყო აგრესიული ცხოველის მიმართ საქართველოში, ეს არ შეიძლება განზოგადდეს და ვთქვათ, რომ ბავშვები არიან ცხოველთა მიმართ აგრესიულები, ამგვარი შემთხვევა არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტულები ამ შემთხვევების მიმართ. ეს კონკრეტული შემთხვევაა და ამ კონკრეტულ ბავშვთან მუშაობაა საჭირო.
თქვენ საუბრობთ ზრუნვაზე ორიენტირებულ პროგრამასა და მასწავლებლის როლის გააქტიურებაზე. როგორ უნდა მოხდეს ამ როლის გააქტიურება და რას ნიშნავს ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხოება? მაშინდელი განათლების სამინისტრო თავს იწონებდა იმით, რომ სწორედ მანდატურის წყალობით სკოლებში შატალოებმა, ვანდალიზმმა, ფულის გამოძალვის ფაქტებმა იკლო.
- ეს შეფასება არ იყო სანდო მონაცემებზე დაფუძნებული. როცა ამბობდნენ, რომ 80%-ით შემცირდა შატალოები, რატომ არ ამბობდნენ, რასთან შედარებით შემცირდა? ანუ, 100 იყო და გახდა 20%? ამას მაშინვე ვერ ვიგებდი. ზოგადად, სკოლების უსაფრთხოება არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და კარგად უნდა გავიაზროთ კონტროლსა და ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხოების თანაფარდობა. მე, როგორც განათლების სპეციალისტი, ზრუნვაზე ორიენტირებულ უსაფრთხოებას ვუჭერ მხარს. ზრუნვაზე ორიენტირებულ უსაფრთხოებაში მთავარი როლი აქვს მასწავლებელს, მასწავლებელი უნდა ფლობდეს კონფლიქტების მართვის და კლასის მართვის უნარებს.
მასწავლებელი სად უნდა დაეუფლოს ამ უნარს?
- საერთაშორისო გამოცდილება ამგვარია, რომ მასწავლებლები ამ უნარებს იძენენ უნივერსიტეტებში. ჩვენთანაც არის მცდელობა, რომ მომავალმა მასწავლებლებმა ეს უნარები შეისწავლონ უნივერსიტეტებში, თუმცა ამ უნარების განმტკიცებისთვის განუზომლად დიდია პრაქტიკული გამოცდილება. საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ რომელიმე სკოლაში არის პრობლემა. პრობლემა არანაირად არ არის საშიში. საშიში და მიუღებელია, როდესაც სკოლას, საზოგადოებას არ აქვს პრობლემის მოგვარების უნარი. როდესაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სკოლაში არის გარკვეული პრობლემა, ის იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ სკოლას აქვს ამ პრობლემის იდენტიფიცირების უნარი. პრობლემის მოგვარების სხვადასხვა მეთოდი არსებობს - შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლე დავსაჯოთ, ან ვიფიქროთ მოსწავლის მხარდაჭერაზე. მე უფრო მხარდაჭერის მექანიზმებს ვუჭერ მხარს.
რაოდენ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ინკლუზიური სწავლების პროგრამას, როცა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები ჩვეულებრივ მოსწავლეებთან ერთად იღებენ განათლებას, ზოგჯერ ამას პრობლემები მოჰყვება. შერეულ კლასებში გონებრივად განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ვაჟები ხშირად მოსწავლე გოგონების მიმართ აგრესიულნი არიან. აქ არ ვგულისხმობ იმ ბავშვებს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არამედ სხვა პრობლემებზეა საუბარი...
- ამ ეტაპზე ამისთვის სპეციალიზირებული მასწავლებლები მზადდებიან. ვერც ამ ფაქტების განზოგადებას ვერ მოვახდენ. საგანმანათლებლო დაწესებულებები ღია უნდა იყოს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ამას მშობელმა უნდა დაუჭიროს მხარი.
შერეულ კლასებს მშობლები მხარს მეტ-ნაკლებად უჭერენ, მაგრამ როცა ცალკეული აგრესიული შემთხვებია, ალბათ, მოსწავლე უნდა შემოწმდეს, რადგან ასეთი ცალკეული შემთხვევებისგან შედგება პრეცედენტები.
- არ ვიცი, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ.