ჟან შარდენის ქუჩის შემდეგ... ნიკო ფიროსმანის ქუჩა

ჟან შარდენის ქუჩის შემდეგ... ნიკო ფიროსმანის ქუჩა

ნიკო ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა, სამუზეუმო სივრცედ იქცეს, ფიროსმანის ეპოქისთვის დამახასიათებელი დუქნებით, სამიკიტნოებითა და სავაჭრო ცენტრებით. აღნიშნული ინიციატივით თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ უკვე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ალიბეგაშვილს. მისი სურვილია, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს. გიორგი ალიბეგაშვილი კი თვლის, რომ ახლა საჭიროა ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც არა მარტო მოსახლეობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, არამედ ძველი თბილისის იერის შენარჩუნებაზეც იზრუნებს. ფიროსმანის ქუჩის შემდეგ კი ეტაპობრივად მოხდება ძველი თბილისის სხვა ქუჩების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც.

მოხდება თუ არა ფიროსმანის ქუჩის „შარდენიზაცია“, ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge რიმა ბერაძეს ესაუბრა.                  

„ჩემი სურვილია, ნიკო ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო ექსპონატად გადაიქცეს. როცა წინასაარჩევნო შეხვედრებს ვატარებდი, ვინიშნავდი მოსახლეობის თხოვნას, ამა თუ იმ ქუჩაზე რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ჩემთვის მთავარი იყო, აღდგენილიყო ფიროსმანის ქუჩის სტრუქტურული მდგომარეობა. აქ არის დაზიანებული სახლები, რომლის მოსახლეობაც დახმარებას ითხოვდა. არაერთგზის მიმართეს წინა ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ. ნიკო ფიროსმანი, ეს გენიალური მხატვარი, მე-20 საუკუნის დასაწყისში, გარკვეულ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია მისი საფლავი, ამ დროს მუზეუმი მდებარეობს ფიროსმანის ქუჩა 29-ში, ე.ი. თბილისში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ადგილი, სადაც ეს ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა კიბის უჯრედში. წინა ხელისუფლების დროს კულტურის სააგენტომ ორი პატარა ოთახი გამოუყო მუზეუმს, რაც არ აკმაყოფილებს მუზეუმის პირობებს. მუზეუმის პერსონალი დახმარებას ითხოვდა. ამიტომაც გვინდა, ქუჩის გარკვეული ნაწილი დავაბრუნოთ ფიროსმანის ეპოქაში და სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია გადავაქციოთ ქუჩა-მუზეუმად. საუბარია ძალზე მოკლე მანძილზე, სულ რაღაც - 250 მეტრზე. ამას კვლევა სჭირდება და აქ არქიტექტურული პროექტებია გასაკეთებელი“,- აღნიშნა რიმა ბერაძემ და მანვე განმარტა, რომ მისი სურვილია, ამ ქუჩაზე მოეწყოს ფიროსმანის ნახატების რეპროდუქცია, სადაც ქართული კულტურის ნიმუშების, სუვენირების გამოფენაც მოხდება. ამით ხელი შეეწყობა მცირე ბიზნესის განვითარებას და ქალაქის ბიუჯეტშიც მოსაკრებელი გაიზრდება.

„შესანიშნავი მაგალითი გვაქვს შარდენის ქუჩის სახით. ეს არის უნიკალური მაგალითი ძველ თბილისში. ჩემი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ანალოგიურად ხდება იტალიური შიდა ეზოების რეკონსტრუქცია, ევროპულ რეტრო სტილში, რაც ძველისა და ახლის შერწყმა იქნება. თუ ამ იდეას მივაღწიეთ და ფიროსმანის ქუჩა აღდგა, ამას დომინოს პრინციპით მოჰყვება გოგოლის ქუჩა, დოლიძის ქუჩა და სხვა. გარდა ამისა, არ გაგვაჩნია ნიკო ფიროსმანის საფლავი. მთაწმინდის პანთეონში არსებობს მხოლოდ ნიშა და გვინდა, გაზაფხულზე სათანადო ყურადღება დაეთმოს მთაწმინდის მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში ფიროსმანის სიმბოლურ საფლავს“.

შარდენის ქუჩის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნიკო ფიროსმანის ქუჩის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევა საინტერესო თემაა, მაგრამ ჯერ ქალაქის გენგეგმა უნდა შედგეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოვკიდოთ ხელი ფიროსმანის ან კიდევ, ეთიმ გურჯის ქუჩებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეცდომა დავუშვათ.

„ის, რომ საუბარია ფიროსმანის ქუჩის მხოლოდ 250-მეტრიან მონაკვეთზე და აქ თურმე ყველაფრის გაკეთება დასაშვებია, სწორი მიდგომა არ არის. ადამიანის სისხლძარღვი ფეხის თითებიდან თხემამდე მოდის და, ხუთსანტიმეტრიან მონაკვეთს თუ ამოვიღებთ, გული გაჩერდება. როცა შარდენის ქუჩას ვაკეთებდით, ეს საკითხი ლოკალური იყო. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ისტორიულ ქალაქში არცერთი ქუჩის პარამეტრის შეცვლა არ შეიძლებოდა, ამაზე ავაგეთ ყველაფერი. სიმოვნებით მოვკიდებ ხელს ფიროსმანის ქუჩასაც, თუკი გარანტიას მომცემენ, რომ ქალაქის სტრუქტურაში ეს ქუჩა არ იმუშავებს, როგორც სისხლძარღვი და, თუ ქალაქის სატრანსპორტო სქემა იძლევა ამის საშუალებას. არა მარტო ფიროსმანის ქუჩას გავაკეთებ, არამედ ამას მოჰყვება ეთიმ გურჯის ქუჩაც“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თავისთავად, ფიროსმანის მიმართ ნებისმიერი ყურადღება მისასალმებელია, მაგრამ ფიროსმანის ეპოქისეულ დუქნებსა და სამიკიტნოებს დიდი გემოვნებით თავმოყრა სჭირდება, რისი გემოვნებაც ჩვენი კულტურის მესვეურებს მაინცდამაინც არ აქვთ.