ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კახა გოჩაშვილი უარყოფს, რომ ყოფილმა პრემიერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა და, რომ მასთან პირადი ცხოვრების გამო კონფლიქტი ჰქონდა. გოჩაშვილი მიხეილ ძაძამიას ადვოკატს, ბექა ბასილიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
for.ge კახა გოჩაშვილს ესაუბრა.
ხარშილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ თქვენ გაგანთავისუფლათ თანამდებობიდან ზურაბ ჟვანიამ იმიტომ, რომ მიუღებელი იყო თქვენთვის მისი პირადი ცხოვრება. რატომ თქვით უარი პრემიერის დაცვაზე?
- ზურაბ ჟვანიასთან ვიმუშავე 9 წელი. სრული სიცრუეა. მასთან წლების განმავლობაში ვმუშაობდი შეთანხმებულად. არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამ ამბის გავრცელება. ოჯახის წევრებზე მეტად ვიცნობდი მას. არასდროს არ ყოფილა, რომ დაცვის თანამშრომლებს გასჩენოდათ აზრი, რომ ჟვანიას სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა მამაკაცთან ან ქალთან. არასოდეს, ასეთი რამ არ ყოფილა. მე მას არ გავუნთავისუფლებივარ, ეს არის უსინდისო ტყუილი. მასთან შეთანხმებით, 2003 წელს კენჭი ვიყარე ლიახვის ხეობაში. სხვათა შორის თავიდან წინააღმდეგი იყო, არ მიშვებდა. 2004 წელს გავხდი ზურაბ ჟვანიას მრჩეველი ცხინვალის რეგიონის საკითხებში.
როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა ეს განცხადება ძაძამიას ადვოკატმა, რატომ დასახელდა თქვენი გვარი?
- ეს მას უნდა ჰკითხოთ, მან გაავრცელა ეს განცხადება. არ ვიცი რაში დასჭირდათ ასეთი უსინდისო განცხადების გაკეთება! საერთოდ, მე როგორც ვიცი, ხარშილაძეს და ძაძამიას ედავებიან სულ სხვა რამეს. რაში სჭირდებათ ეს სიბინძურე მათ, ამას მე ვერ გეტყვით, არ ვიცი.
9 წელი იმუშავეთ მასთან. ჟვანიას ახასიათებდა დაცვის წევრებთან ერთად წასულიყო შეხვედრაზე მეგობრებთან?
- კი ბატონო, ბევრჯერ მეც წამიყვანია მანქანით მარტო. იყო ასეთი შემთხვევები. საკმაოდ ახლო და კარგი დამოკიდებულება ჰქონდა პირად დაცვასთან, ჩემპიონი იყო მაგ ამბავში. ვინც მასთან მუშაობდა, ყველა დაგიდასტურებთ, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დაცვასთან, უმაღლესი ადამიანი იყო.
ზურაბ ჟვანიას ახასიათებდა შეხვედრების ჩანიშვნა კონსპირაციულ ბინაში? დაცვა ამტკიცებს, რომ ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც ზურაბ ჟვანიას დავალებით ქირაობდნენ შეხვედრისთვის ბინას...
- კი ბატონო, იყო ეს კონსპირაციული ბინა, სადაც ხვდებოდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ბიზნესმენებს. არა მარტო მას, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ ეს კონსპირაციული ბინა.
რაც შეეხება კვებას, რამდენად აკონტროლებდა ყოფილი პრემიერი კვების საკითხს და მის ხარისხს? ამბობენ, რომ „სუპერმარკეტში“ ნაყიდი ძეხვი ჭამა?
- სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას ძეხვი არ უყვარდა, არ ჭამდა. ყოველთვის იცავდა მარხვას. გურმანი იყო, მაგრამ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა საკვებთან.
რა სისწრაფით ეწოდა სიგარეტს, ჰქოდა ჩვევად ბოლომდე მოწევა?
- ბევრს ეწოდა, მაგრამ ბოლომდე არ ეწოდა, არ მახსოვს, რომ სიგარეტი ბოლომდე მოეწია. რამდენიმე „ნაპას“ არტყამდა და მერე აქრობდა.
არსებობს კანონი, რომლის შესაბამისად უნდა იმოქმედოს დაცვის თანამშრომელმა. დაცვას ჰქონდა უფლება, რომ მიეტოვებინა ობიექტი?
- არა, ამის უფლება არ ჰქონდა დაცვას. დაცვას ჯეროვნად რომ შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა, დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია დღეს ცოცხალი იქნებოდა.
კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიამ სთხოვა, რომ მარტო დაეტოვებინათ. თქვენ, რომ მათ ადგილას ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?
- იქვე ახლოს უნდა იყო. ტერიტორია არ უნდა დატოვო და ტელეფონით უნდა აკონტროლო ვითარება. ნახევარ საათში ერთხელ სატელეფონო ზარით უნდა ეკონტროლებინათ პრემიერი. ზოგჯერ ისეთ თემებზე საუბრობდა პრემიერი, რომ რა თქმა უნდა, არ ისურვებდა, რომ გარეშე პირს მოესმინა ეს საკითხები.
რაულ უსუფოვს თუ იცობდით და რამდენად ხშირად მოდიოდა რაულ უსუფოვი ყოფილ პრემიერთან?
- რაულ უსუფოვი მუშაობდა რეგიონალაურ დეპარტამენტში, შემდგომ დაინიშნა ქვემო ქართლში გუბერნატორის მოადგილედ. პირადად ვიცნობდი მას. ერთ შენობაში ვმუშაობდით. ძალაინ ჭკვიანი და მოწესრიგებული ადამიანი იყო.