ვის წინააღმდეგ ამზადებს რამზან კადიროვი 20 ათას „კადიროველს“?!

ვის წინააღმდეგ ამზადებს რამზან კადიროვი 20 ათას „კადიროველს“?!

კადიროვი ჩეჩნეთში სპეცრაზმების მომზადების მსოფლიო ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც 20 ათასი ჩეჩენი მებრძოლი გადამზადდება. თუ გავითვალისწინებთ ჩეჩნების საბრძოლო მომზადების დონეს, ცხადი ხდება, რომ ეს შესაძლოა, საფრთხედ გადაიქცეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც კადიროვის მთავარი მოკავშირის, პუტინის მყუდროებას დაარღვევს.

„რა გათვლა აქვს პუტინს და რისი იმედი აქვს, როდესაც 20 ათას კადიროველს აიარაღებს?“, - აინტერესებს რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს. თუმცა ამის მიუხედავად, პუტინი ჯერჯერობით დუმს. სამაგიეროდ, კადიროვი უკვე აანონსებს, რომ გუდერმესში შენდება სასწავლო კომპლექსი, სადაც როგორც რუსეთის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ელიტური სპეცრაზმების მომზადება მოხდება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში მიმდინარეობს ძალოვანების მომზადება, რომლებიც მხოლოდ რამზან კადიროვს დაემორჩილებიან და მათი რიცხვი 10 ათასიდან 30 ათასამდე მერყეობს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ 2014 წლის დეკემბერში გროზნოს სტადიონზე შეიკრიბა 20 ათასამდე შეიარაღებული ძალოვანი და პუტინის ნებისმიერი ბრძანების შესრულების მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ კადიროვის ჩანაფიქრმა შესაძლოა, თავად რუსეთი დააზიანოს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, კადიროვმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან ყველა ხიდი ჩაანგრია. მის ანგარიშზეა სირიელი საველე მეთაურის, რუსლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაც, რომელიც სწორედ ჩეჩნური სპეცრაზმის მიერ იქნა მოკლული. ამდენად, რასაკვირველია, საქართველოსთვის სახიფთო იქნება 20 ათასი ჩეჩენის მომზადება. მით უფრო, რომ მოუმზადებელი, სპეცრაზმის კურსებგაუვლელი ერთი ჩეჩენიც კი უდრის 5-10 დღევანდელ ქართველ მებრძოლს და ეს არ არის დავით აღმაშენებლისა და ერეკლეს დროინდელი მებრძოლები, რაც აგვისტოს ომის დროსაც დადასტურდა.

„ღმერთმა ნუ ქნას, მოვლენები განვითარდეს იმ სცენარით, რომ პუტინის მემკვიდრემ მიიღოს გადაწყვეტილება ამ რაზმების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებისთვის. კადიროვი ამ რაზმებს რუსეთის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს. რატომღაც ჩვენმა ექსპერტებმა არ იციან ჩეჩნეთის საზოგადოების ანატომია, იქ ტრაიბოლიზმია. ვინ არის ის 20 ათასი მებრძოლი, შარშან რომ გამოიყვანა კადიროვმა გროზნოს სტადიონზე? ესენი არიან კადიროვთან სისხლით დაკავშირებული ადამიანები. ამიტომ მათში ღალატი არ გამოვა. მაშინ ჩეჩნეთში უნდა მოხდეს დიდი სახელმწიფო გადატრიალება და სხვა ძალამ უნდა გაწყვიტოს კადიროვის მომხრეები ( რაც დღეს კადიროვის ძლიერების გამო შეუძლებელია). ასე რომ, პუტინისთვის კადიროვი ეფექტურია. თავის ტკივილი, რაც იყო დუდაევის, მასხადოვის დროს, მან მოუხსნა რუსეთს, ის არის რუსეთის სტრატეგიული მეციხოვნე. ასეთი სტრატეგიული მეციხოვნე ჩვენს მთავრობას რომ გაეჩინა აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, სხვა ვითარება გვექნებოდა. ყველაფერი ხელში ჩაიგდეს არაფრის მაქნისმა არაფორმალებმა, ჩადიოდნენ ევროპაში, ვიღაცებს ელაპარაკებოდნენ შერიგებაზე, 3-4 დღე კარგად ცხოვრობდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ, შემდეგ გაირკვა, მათ პარტნიორებს არანაირი გავლენა არ ჰქონდათ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში. განსაკუთრებით, ამ მხრივ „რესპუბლიკური პარტია“ აქტიურობდა, იგივე პაატა ზაქარეიშვილი, წესიერი ადამიანი... პუტინმა კი კურსი აიღო ადამიანზე, რომელიც ყველაფერს წყვეტს ჩეჩნეთში, ეს იყო პუტინის სტრატეგიული მიღწევა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ კადიროვი აკადემიკოსადაც აირჩიეს რუსეთში. ეს მაშინ, როცა ვერც დაღესტანში და ვერც ინგუშეთში ვერ იშოვა პუტინმა სანდო ადამიანი.

პოლიტოლოგის აზრით, ეს ჩვენთვის რეალური საფრთხეა მანამდე, სანამ ქართულ დიპლომატიაში გაბატონებული იქნება ფანჯიკიძის და ბერუჩაშვილისნაირი კადრები. ხოლო იმის იმედად თუ ვიქნებით, რომ ვაზიანში შეიქმნება სასწავლო ცენტრი და ამერიკელები ჩამოვლენ, ეს აბსურდია. სოსო ცინცაძის აზრით, როგორც კი აქ რეალურად დადგება საფრთხე, ხუთი წუთის მერე თბილისში „ამერიკელების დუხი“ აღარ იქნება, რათა არ მოხდეს ამერიკელთა დაღუპვა და ამერიკა იძულებული არ გახდეს, ჩაერიოს კონფლიქტში. ამერიკელები სწაფრად გაიქცევიან, სამაგიეროდ, შემოვა საზღვაო გემი და პამპერსებს და წყალს შემოგვიტანს.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კადიროველების 20-ათასიანი რაზმი, პირველ რიგში, სახიფათოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაც. აქ გასათვალისწინებელია თვითონ ჩეჩნების ბრძოლისუნარიანობა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში პატარა ჯგუფები ჰყავდათ და მათ გარკვეული მარცხი განიცადეს, ეს არაფერს ცვლის. თუმცა, ექსპერტის აზრით, ეს ძალზე სახიფათო თამაშია რუსეთისთვისაც.

„სანამ პუტინია, ვფიქრობ, კადიროვი არ წავა პუტინის წინააღმდეგ. მას ფიცი აქვს მიცემული პუტინისთვის, თუკი მის ფიცს ვენდობით, მაგრამ, როგორც კი შესუსტდება ან აღარ იქნება პუტინი, მაშინ უკვე კადიროვს ეყოლება არმია, რომელსაც შეუძლია, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაზე იზრუნოს. ეს იქნება მაღალი სულისკვეთების ჯარი, რომელიც საკმაოდ დიდი დაპირისპირების ძალა იქნება რუსეთისთვის. რაც შეეხება გუდერმესს, აქ, ალბათ, მოამზადებენ სპეცნაზს აფხაზეთისთვის, სპეცნაზს ცხინვალისთვის, სპეცნაზს -კორეის არადემოკრატიული ნაწილისთვის. ანუ, მოამზადებენ იმ ქვეყნების სპეცნაზს, რომლებიც რუსეთის სტრატეგიული მეგობრები არიან და ეს ურჩი ქვეყნების დასაშინებლად იქნება. არა მგონია, გერმანიამ, ესპანეთმა ან იტალიამ თავისი სპეცნაზი გაუშვას ჩეჩნეთში სავარჯიშოდ, ან რუსებმა გაწვრთვნან ევროპული და განვითარებული ქვეყნების სპეცნაზები, რადგან ეს დასავლეთისთვისაც ცუდი იქნება. ამიტომ, გარკვეული თამაში მიდის“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი და განმარტავს, რომ 20 ათასი მებრძოლი ნიშნავს, თუ თქვენ ჩრდილოკავკასიაში არეულობას გამოიწვევთ, მაშინ ჩეჩნეთში არის 20 ათასი არაკონტროლირებადი, შეიარაღებული გაწვრთნილი ჯარი, რომელსაც ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია არა მარტო ჩრდილოეთ, სამხრეთ კავკასიაში, არამედ მის ირგვლივ რეგიონშიც.

 

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ჩეჩნეთში კადიროვს დიდი ძალა აქვს, რისთვისაც ანგარიშის გაწევა ნამდვილად ღირს.

„დარწმუნებული ვარ, პუტინის ინიციატივაა 20 ათასი ჩეჩენი სპეცნაზელის მომზადება. თუმცა პუტინს უკან მიუბრუნდება ის, რასაც აკეთებს, თვითონ კადიროვის პიროვნებიდან გამომდინარე, ის ასი პროცენტით სანდო არ არის რუსეთისთვის. სხვათა შორის, მან ერთხელ აღნიშნა, რომ ფიცი დადებული აქვს პუტინთან და არა რუსეთთან. ეს ორაზროვანი გამოთქმაა. არა მგონია, სიმართლეს შეესაბამებოდეს, თითქოს 2014 წლის დეკემბერში, გროზნოს სტადიონზე კადიროვმა 20 ათასამდე შეიარაღებული ძალოვანი შეკრიბა, რომელთაც პუტინის ნებისმიერი ბრძანების შესრულების მზადყოფნა გამოთქვეს. ჩეჩნეთი არ არის მხოლოდ კადიროვი და არ არსებობს, საქართველოს წინააღმდეგ მათ გაილაშქრონ. უბრალოდ, შეიძლება, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც მატერიალური ინტერესის გამო პროვოკაციას წამოეგება. კადიროვში ერთი წვეთი მაინც თუ არის ჩეჩნური სისხლი, ის პუტინის სასარგებლო რამეს არ გააკეთებდა“,-მიიჩნევს მექა ხანგოშვილი.