„ე.წ. ექსპერტი, მედიასაშუალებები, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“ - ხელისუფლება წინამორბედის ლექსიკით ალაპარაკდა

„ე.წ. ექსპერტი, მედიასაშუალებები, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“ - ხელისუფლება წინამორბედის ლექსიკით ალაპარაკდა

თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ სკანდალი არ წყდება. ამჟერად საქმე ეხება უწყების მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო შპს „ქართულ კვებასთან“ კონტრაქტს წყვეტს. შესაბამისად, კომპანიაში მომუშავე 300 ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება. ამასთან, რამდენადაც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, იძულების წესით დააწერინეს განცხადება გადადგომის შესახებ. რაც შეეხება „ქართული კვების კომპანიას“, მას 15 თებერვლიდან ახალი ბიზნესსუბიექტი შეცვლის. როგორც „ქართული კვების“ კომპანიის დირექტორი მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, ეს არის სრულიად ახალი ბიზნეს სუბიექტი, რომელიც ფუნქციონირებას ახლა იწყებს.

უცნობია, ვინ გამოკვებავს ქართველ ჯარისკაცებს, თუმცა, როგორც მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საგანგები პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. გარდა იმისა, ამ დრომდე უცნობია ისიც, როგორ მოხდა ახალი კვების კომპანიის შერჩევა და გამოაცხადა თუ არა ამ საკითხზე სამინისტრომ ტენდერი. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კვების კომპანია სამინისტროს არ ეკუთვნის და ჟუნრალისტები ინფორმაციის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართა.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მინდია ჯანელიძე აქვე ამბობს, რომ განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს. სინამდვილეში კი სამინისტროში პროცესები მიდის გეგმის მიხედვით.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ ყველა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებასაც მივცემთ განმარტებას და შესაბამისად, იმის არგუმენტები გვაქვს, რატომ განვახორციელოთ ესა თუ ის ცვლილებები. საკადრო ცვლილებები შესაძლოა, მომავალშიც განხორციელდეს იმისთვის, რომ ის მდგომარეობა, რაც სამინისტროში დახვდა, თანდათანობით გამოსწორდეს, მენეჯმენტი გაუმჯობესდეს და მთელი რიგი პრობლემები მოგვარდეს“, - აცხადებს ჯანელიძე.

ჯანელიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები იმის მიხედვით არ განხორციელდება, ვინ ახალი კადრია და ვინ ძველი - საკადრო ცვლილებები განხორციელდება იმის შესაბამისად, უწყების რომელი სტრუქტურა საჭიროებს ეფექტურობის გაზრდას.

თავდაცვის სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს თავად პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა ჯარის წინააღმდეგ. 

„ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, არის მიზანმიმართული შეტევა სამართალდამცავ ორგანოებზე - თავიდან დაიწყეს პოლიციაზე შეტევით, ახლა კი გადავიდნენ ჯარზე. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ამას სჭირდება ძალიან კარგი გაანალიზება და სწორი შეფასება, როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების მხრიდან. ყოვლად დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ამგვარ დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილი აქვე აანონსებს, რომ ყველას ვინც ამას სჩადის, ადრე თუ გვიან, სათანადო პასუხი გაეცემა. მისი თქმით, გამოკვეთილია და სახეზეა ყველა ის პირი, ვინც ამას ღიად და დაუფარავად სჩადის.

„ვფიქრობ, მათ ადრე თუ გვიან, გაეცემა სათანადო პასუხი. ის კამპანია, რაც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ არის ყოვლად დაუშვებელი. ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები დღეს არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული. მინდა ყველას მივმართო უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებების გაკეთებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავად ჯანელიძე, რომელიც მისივე განცხადებით ე.წ. ექსპერტების და მედიასაშუალებების კრიტიკის მიზეზი გახდა, არ აკონკრეტებს, რა ნიშნით შეარჩია ვალერი ზუმბაძე და რობერტ გრიგალაშვილი თანამდებობაზე.

„საზოგადოებაში ამ საკითხებმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. აქ უბრალოდ, საჭიროა, დაველოდოთ სამართლებრივი პროცესის შედეგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერზე. სანამ არ იქნება სამართლებრივი პროცესი დამთავრებული, თავი შევიკაოთ ამ თემაზე საუბრისგან“, - ასეთია თავდაცვის მინისტრის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა, ვალერი ზუმბაძემ და სამხედრო ინსპექციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ამის მიზეზი კი მათი შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მოღვაწეობა გახდა. კერძოდ, ისინი საქართველოში ჯაშუშების ქსელს იკვლევდნენ. საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულმა ე.წ. ჯაშუშებმა ყოფილი მაღალჩინოსნები უკანონო ქმედებაში ამხილეს.

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები წარსულში გარეული იყვნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, რამაც გამოიწვია ის კრიტიკული შენიშვნები ახალი თავდაცვის მინისტრის საკადრო პოლიტიკის მიმართ.

„ამ ადამიანებმა ღირსეული ნაბიჯი გადადგეს, დატოვეს თანამდებობა, რადგან საზოგადოებაში მათ მიმართ არსებობდა კითხვები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პირადად მიუღებელია და გაუგებარია პრემიერ-მინისტრის ასეთი ხისტი ტონით მიმართვა საზოგადოებისადმი და ასეთი შეფასება, რომ თითქოს, იმის გამო, რომ ვიღაცა კრიტიკას გამოთქვამს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის მიმართ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

სამწუხაროდ, მას ეს პირველად არ მოსდის. პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა ის ადამიანები, ვისაც საკუთარი მოსაზრება ჰქონდა მოსმენების კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება ადამიანი დაადანაშაულო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, თუ მას გააჩნია საკუთარი მოსაზრება რაღაც საკითხზე, თუნდაც საკადრო დანიშვნებზე. ეს ადამიანები რომ გადადგნენ თანამდებობიდან, ეს უკვე არის იმის ინდიკატორი, რომ მათ როგორც ჩანს, აქვთ გარკვეული უხერხულობა. მათ რომ ჰქონოდათ აბსოლუტური სუფთა ბიოგრაფია, გარწმუნებთ, რომ არც ერთი მათგანი თანამდებობიდან არ წავიდოდა“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, როგორც მინიმუმ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი შეფასებები მთავრობის მეთაურისგან არ არის კარგი და თუ ღრმად ჩავალთ, ეს დემოკრატიული მმართველობის ფორმებს არ შეესაბამება.

„მას შეეძლო საკუთარი დამოკიდებულება გამოეხატა, მაგრამ არა ამ ფრაზეულობით და ასეთი პათოსით. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ჯარი არის პირველ ადგილზე იმ უწყებებს შორის, ვის მიმართაც საზოგადოებას აქვს მაღალი ნდობა. არავითარი კამპანია არ მიმდინარეობს. კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს, არსებობენ ცოცხალი მოწმეები, რომლებიც ამ მაღალჩინოსნებს ამხელდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

პრემიერ-მინისტრს ლექსიკას უწუნებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მართვის გამოუცდელობასთან, რაც არაერთხელ გამოვლინდა ბევრი ხელისუფლების და მათ შორის ამ ხელისუფლების მმართველობაში.

„ყველა ქვეყანაში ძალოვან სტრუქტურებში ადამიანები დიდი ფილტრის გავლით ინიშნებიან და ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. იმიტომ, რომ საკადრო პოლიტიკა ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი საკითხია. მითუმეტეს აღნიშნული პიროვნებების წარსულის გარკვევა არ ითხოვდა დიდ ძალისხმევას. ჟურნალისტების დონეზე ირკვევა რაში და როგორ ღებულობდნენ ეს ადამიანები მონაწილეობას.

რაც შეეხება პრემიერის შეფასებას, ალბათ, ადამიანური ემოციები უფრო ხშირად ფიგურირებს საქართველოში, პოლიტიკურ დონეზე, ვიდრე პოლიტიკა იტანს ხოლმე მას.

რა თქმა უნდა, ხმამაღალი ბრალდებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ალასანიას განცხადება - პროამერიკული კადრების გათავისუფლების თაობაზე, რაზეც მთელი მსოფლიო, ლამის, ფეხზე დადგა, მართლა იცვლის თუ არა საქართველო კურსსო. მაშინ მომეჩნევა, თვითონ ალასანიაც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. მერე, უკვე, ამ საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებია. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით არის ნათქვამი ეს ფრაზა ღარიბაშვილის მიერ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაგრამ ასეთი ფრაზის თქმას, სჯობია მცირე ხნით მოცდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.