დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე აცხადებს, რომ ღამის საათებში ხმაური დასჯადი გახდება. მისი თქმით, კანონდარღვევად ჩაითვლება ყველა ტიპის ხმაური, რომელიც განგრძობადი ხასიათის იქნება და არ იქნება ერთჯერადი. საუბარია არა მხოლოდ ხმამაღალ მუსიკაზე, არამედ სხვადასხვა საწარმოებიდან, დანადგარებისგან გამოწვეულ ხმაურზე, რომელიც დასახლებულ პუნქტებში ვრცელდება. ხმაურის პირველ გამოვლენაზე ჯერ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, ხოლო შემდეგ - ჯარიმები იქნება 500-დან 1000 ლარამდე. ეს ნორმა ძალაში მაშინ შევა, როცა საკრებულო პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.
წინასწარ ცნობილია, რომ ხმაური არ უნდა გადასცილდეს სამუშაო პერიოდში, კერძოდ, დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე 40 დეციბალს, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე 30 დეციბალს.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, ჰოლანდია და სხვა, არის შენობები, სადაც დისკოთეკები ტარდება, მაგრამ ისინი ისეა იზოლირებული ხმაურისგან, რომ არცერთი დეციბელი ახლო-მახლო მოსახლეობას არ აწუხებს. საქართველოში კი ასეთი ნორმა არ არსებობს და კაფე-ბარების თუ რესტორნების მეპატრონეები უფრო საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ, ვიდრე მოსახლეობის სიმშვიდეზე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი, საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძველ უბნებში მოსახლეობა მართლაც შეწუხებულია ხმაურით. შესაბამისად, თბილისის საკრებულოც და მერიაც უნდა ზრუნავდეს თბილისელთა კეთილდღეობაზე და უნდა განიხილავდნენ მათ მიერ შემოსულ წერილებს, მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებს თბილისის საკრებულო ამ საკითხის დარეგულირებას?!
„ეს ბევრ კითხვას აჩენს. არ გვინდა, ისე მოხდეს, როგორც ბევრი კანონის შემთხვევაში. კერძოდ, იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც აღსრულება არ უწერია. ამიტომ კარგად არის მოსაფიქრებელი და გასათვალიწინებელი სხვა ქვეყნების მოდელები. ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ შეიძლება. საინტერესოა ისიც, ვინ განსაზღვავს ხმის დეციბელს? ამისთვის რაიმე კონკრეტული სამსახური შეიქმნება? ხომ შეიძლება, ადამიანმა იხმაუროს, მივიდეს სპეციალური სამსახური, მაგრამ ადგილზე მისულს არ დაუხვდეს ეს ხმაური. ასეთი შემთხვევები ყოფილა და ეს ტენდენციურობამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს ზაზა ვეკუა.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას 500-დან 1000 ლარამდე, საკრებულოს დეპუტატი თვლის, რომ ჯარიმა უნდა იყოს ადეკვატური, რომ ადამიანს სურვილი არ გაუჩნდეს, ხმაური გამოიწვიოს და კანონი დაარღვიოს. თუმცა პირადად მას ჯარიმებთან დაკავშირებით არ აქვს კითხვის ნიშნები.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ღამის საათებში ხმაური არა მარტო მოსახლეობას აწუხებს, არამედ ძლიერი ვიბრაცია მოქმედებს დაზიანებულ სახლებზე და ეს სახლები უფრო და უფრო ზიანდება. ამიტომ ისტორიული სახლები უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პირობითად შემოთავაზებულ თანხას- 500-დან 1000 ლარამდე, რიმა ბერაძე თვლის, რომ თანხის ოდენობა განხილვას კიდევ საჭიროებს და უნდა მოხდეს მისი გადახედვა, არის თუ არა კონკრეტული თანხა შესაბამისობაში დღევანდელ სოციალურ ფონთან. ამ შემთხვევში, რიმა ბერაძე საუბრობს ცალკეულ ფაქტებზე, როცა ადამიანები დაბადების დღეებს აღნიშნავენ სკვერებში, ბაღებში და თავიანთი ხმაურით მოსახლეობას აწუხებენ. ცხადია, მათი მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, ამ ადამიანების 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმება მძიმე ტვირთი იქნება. რაც შეეხება ძვირადღირებულ რესტორნებს, იქ აუცილებლად უნდა დაკანონდეს აღნიშნული ოდენობით ჯარიმა, რადგან ზუსტად ასევე იქცევიან ცივილიზებული ევროპული ქვეყნები.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისი სამსახურებიც არსებობს, რომელიც განსაზღვრავს ხმაურის დონეს. ეს სამსახურები სწავლობენ ვიბრაციას, მათ იციან, რა სიმძლავრის ქმედება განხორციელდა და ამ ყველაფერს დაშლილ სივრცეზე იკვლევენ. უცხოეთში საერთოდ არ ხდება ასეთი რამ, 25 დეკემბერს ნიუ-იორკში გახლდით და ხმაურს არ შევუწუხებივარ. მხოლოდ 2 იანვარს ნახევარი წამის განმავლობაში ჩამოვარდა ტრადიციული, უზარმაზარი კრისტალური ბურთი. ამიტომ ევროპული გამოცდილებიდან უნდა მივიღოთ ის, რაც მისაღებია“, - აცხადებს რიმა ბერაძე.
ჩვენ დავუკავშირდით კაფე „გალერის“, რომლის მენეჯერმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მათთან ორი კვირის წინ მივიდნენ მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც სიტუაცია შეისწავლეს და დადგენილებაც კი მისცეს, რომ მათი ღამის კლუბიდან ხმაური არ გამოდის.
ზოგადად, „გალერის“ მენეჯერი მიიჩნევს, რომ მარტო ხმაურის გამო კი არ უნდა დაჯარიმდნენ კლუბები, არამედ უნდა დაჯარმდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქუჩას დააბინძურებს. ამასთან, „გალერის“ მენეჯერი თვლის, რომ 500-1000-ლარიანი ჯარიმა ადეკვატურია.