პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლება საქმეს რვა წლის მანძილზე აყალბებდა, ნივთმტკიცებულებების მოპოვების პროცესი ამიტომ გაჯანჯლდა. კანონმდებელი გამოძიების დასრულებამდე არ ასახელებს ყოფილი პრემიერის მოკვლა ვის აწყობდა, მაგრამ ამბობს, რომ მისი ძმის გარდაცვალებით ნაციონალებმა და მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლეს.
ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, for.ge დეპუტატ გოგლა ჟვანიას ესაუბრა:
თქვენ განაცხადეთ, რომ დადგმული იყო სცენა, თითქოს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. საქმეში ამ ვერსიის არსებობა ვის ინტერესებში შედის? ამასთან, მაინტერესებს, როდესაც, ეს საქმე სასამართლოში წავა, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ეს ვერსია საქმის არსობრივი გარემობა გახდეს?
- როდესაც, საქმის გამოძიება დასრულდება და დავა სასამართლოში გაგრძელდება, ეს ვერსია ფასდაკარგული იქნება, რადგან სასამართლოში ისეთი მტკიცებულებები იქნება წარდგენილი, რომ სხვა ვერსიებზე საუბარი ზედმეტი იქნება. წინა ხელისუფლება ზურას ხსოვნასა და ოჯახს ტალახსა და ლაფში სვრის. ეს ვერსია ბოროტი ადამიანების განზრახვაა. ციხის კადრები ხომ გახსოვთ? პატიმრებს ასე რატომ იქცეოდნენ? - ნაციონალები მანიაკები და უბინძურესი ადამიანები არიან. პირველ რიგში, აღვირახსნილობა და ბოროტობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხდებოდა. თავიდან, ეს ვერსია იმისთვის შეითითხნა, რომ საქმეში ჩახედვის და ჩაღრმავების სურვილი ოჯახის წევრებს არ გასჩენოდათ. მიმდინარე პროცესებით ცალსახად ნათელი გახდა, რომ ზურა მოკლეს. დამოკიდებულება იყო, რომ ამ საქმის ქექვა არავის დაეწყო. მიშა სააკაშვილისთვის, შესაძლოა, ეს ვერსია დასაჯერებელი იყოს, რადგან ცხოვრების ეს წესი მისთვის მისაღებია. ზურას დაბადებიდან ვიცნობ, ნაწილობრივ მისი გაზრდილი ვარ, ერთ ოთახში გვეძინა, ცხოვრებას ის მასწავლიდა და ვიღაცეები ასეთ აბსურდულ რაღაცეებს ტელევიზიით მიყვებიან. ჩემი, ნინოს და დედაჩემის დამოკიდებულებაა, რომ ამ ვერსიაზე საუბარი ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს სამი შვილი ჰყავს, მაგრამ სხვა გზა არ არის. სამწუხაროდ, ამ რეალობისთვის მზად ათი წლის წინ ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ყოფილი ხელისუფლება ამ ვერსიის „კოზირად“ გამოყენებას დაიწყებდა. ამ დროისთვის, ლაზარია-გვარამიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რადგან მათ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებები აქვთ გაყალბებული და ეს მახინჯი ვერსია შეთითხნეს. ვერსია „სუფრის“ ეპიზოდზეა შექმნილი და ჩანს, რომ ეს მთლიანად ყალბია. ამ მახინჯი ვერსიით საგამოძიებო პროცესის გადაფარვას ცდილობენ, მაგრამ გამოძიება მუშაობას გააგრძელებს.
მასალებს საკმაოდ კარგად იცნობთ, შესაბამისად, რა შთაბეჭდილება გრჩებათ, ზურაბ ჟვანიას მოკვლა ვის სურდა და ყოფილი პრემიერი რა ინტერესებს შეეწირა?
- ზურას მკვლელობა ვის სურდა, ამაზე მანამდე ვერ ვისაუბრებ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ამ ფაქტით ვინ ისარგებლა, ნათელია. იმ მდგომარეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად მიშა სააკაშვილმა ისარგებლეს, რომ ზურა ცოცხალი აღარ იყო. სააკაშვილი თავის გარემოცვით ის ადამიანი იყო, რომელიც მასალების გაყალბებას ცდილობდა და ამჟამად, ის ამ ბინძურ კამპანიას ხელმძღანელობს. ნაციონალები სწორედ სააკაშვილის ფრაზებით საუბრობენ.
თუმცა, თქვენი ოპონენტები ყოფილ პრეზიდენტს აქებენ და ამბობენ, რომ „ყოჩაღ, სააკაშვილს“, რომელმაც ეს ვერსია დამალა...
- ეს შეფასებები მეც წავიკითხე და ამ აზრის მქონე ადამიანები ჩემთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, ისინი დაინტერესებული ადამიანები არიან.
FBI-ს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა და დნმ-ის შედეგებზე აქცენტი გაკეთდა, რომ თითქოს, ისეთი ნივთები აღმოაჩინეს, რაც თქვენს მიერ „მახინჯად“ წოდებულ ვერსიას ამყარებს. როგორ ფიქრობთ, დნმ-ის ანალიზი გაყალბებულია?
- რა პრობლემაა, რომ დნმ-ის ანალიზი გაეყალბებინათ? ამ ფაქტებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, საქმე რა ხალხთან გვქონდა და წინა ხელისუფლებას რა ღირებულებები და რა მორალური ფასეულობები ჰქონდა. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ თავიანთი თავი გადაირჩინონ. რაც ხდება, იმას მოწმობს, რამდენად უზნეო და გარეწარ ადამიანებთან გვქონდა საქმე. FBI-ს დასკვნებში წინა ხელისუფლებისთვის სახარბიელო არაფერი წერია. FBI-ს დასკვნები ცალსახად მოწმობს, რომ იქ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ამის დამადასტურებელ ერთ ფაქტს გეტყვით. დასკვნის თანახმად, გამათბობელი, რომელიც თითქოს, გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახლდა, ჩართული საერთოდ არ ყოფილა, რადგან როგორც ექსპერტები ამბობენ, მურის არანაირი კვალი არ არის. ექსპერიმენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა, წნევა მაქსიმალურად მომატებული იყო და მთელი ამ ხსნის მანძილზე მომწამლავი გაზის დონე სასიკვდილო დონეზე 200-ჯერ ნაკლები იყო. როგორ შეიძლება ადამიანი მოკვდეს, თუკი სასიკვდილო დონე 200-ჯერ ნაკლებია? თბილისის ქუჩებში რომ გახვიდეთ, მომწამლავი გაზის ბევრად მაღალი დონეა, ვიდრე იმ ბინაში იყო. FBI-ს დასკვნითი ნაწილი ორაზროვანია და წინააღმდეგობრივია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი შეფასებითი ნაწილი არ არის, რადგან ეს ნაწილი უფრო შეკვეთით კეთდება და ანგარიშის გაწევა იმის მიხედვით ხდება, ქვეყანა შენი პარტნიორი თუ არის. ზურას ვეღარ გააცოცხლებდნენ და ქართული ხელისუფლების ნება იყო, რომ ხალხს დაეჯერებინა, ეს უბედური შემთხვევა იყო და ამერიკელებმაც ბუნდოვანი დასკვნა დადეს.
რაც შეეხება სხეულის სხვა დაზიანებებს, თქვენ ყოფილი პრემიერის თავის ძვლის დაზიანებაზე აპელირებთ. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ?
- მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არსებობს, რომ ამ ადამიანებზე ძალადობა განხორციელდა. ზურას ტუჩი აქვს გახეთქილი და ესენი ცდილობენ, თითქოს ეს იყო ხელოვნური სუნთქვის შედეგი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ეს ტუჩი იყო სისხლჩაქცეული და შეშუპებული. სიკვდილის შემდეგ კი, სისხლჩაქცევა აღარ ხდება. ზურას ტუჩი სიცოცხლეშივე იყო გახეთქილი და მასზე შეშუპება განვითარდა. ზურას ასევე დაზიანება ჰქონდა - კანზე, კანქვეშ, ძვალზე, ძვლის ქვეშ და ტვინის საფარზეც კი. ეს დეტალები ძალიან სერიოზულ ეჭვეს ბადებს, რომ მას თავში რაღაც მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული. უსუპოვს მკერდის არეში ნაჩხვლეტები აღენიშნება და მას სისხლის გამონადენიც კი აქვს. სამწუხაროდ, ეს სურათებზე ჩანს, ბევრ რაღაცას კიდევ ექსპერტიზა სჭირდება.
ყოფილი პრემიერის თავზე დაზიანებები იმ სკანდალურ ვიდეოშიც ჩანს, რომელიც „ჰაკიმ ფაშას“ სახელით სოციალურ ქსელში აიტვირთა?
- ზურას გაკვეთის ვიდეო პროკურატურის სეიფში ინახებოდა. ამ ვიდეოზე ძალიან ბევრი რაღაც ჩანს. ამჟამად, ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიდის და ამ ვიდეოში ჩანს, რომ ის ცხედრებს საერთოდ არ ეკარება და ახლოს არ მიდის. ჩაჩუა ექსპერტიზაში არ მონაწილეობდა და ამ პროცესს სანიტრები ატარებდნენ. ამათ ეს კადრები გამორჩათ, რადგან როგორც ჩანს, ეს ვიდეო უბრალოდ შეაგდეს. თუკი ამ ვიდეოს უბრალოდ უყურებთ, შეიძლება, ამ კადრების მნიშვნელობას ვერ მიხვდეთ, მაგრამ თუკი კადრებს გაადიდებთ და დეტალურად შეისწავლით, ყველაფერს დაინახავთ. ექსგუმაცია ჩატარდება და შესაძლოა, სხვა რაღაცეებიც გამოჩნდეს, რაზეც დღეს საუბარი არ მსურს.
საუბარია, რომ სამხარაული ამ საქმეს შეეწირა. ამის ნიშნებს თქვენც ხედავთ?
- სამხარაული იყო ადამიანი, რომელმაც ამ საქმის ყველაფერი იცოდა. როგორც ჩანს, მას დავალებული ვითომდა უბედური შემთხვევის ლეგალიზება ჰქონდა. წინა ხელისუფლებამ საქმე 9 წლის მანძილზე ვერ დახურა, რადგან ამის მტკიცებულებები არ ჰქონდა. სამხარაულმა ეს დავალება ან ვერ შეასრულა, ან არ შეასრულა. წინა ხელისუფლება სისხლისმსმელი მანიაკებით და ავადმყოფებით იყო სავსე, რომელმაც 7 ნოემბერი და 26 მაისი მოაწყო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ წინა ხელისუფლებამ სამხარაული მოკლა, რათა კვალი დაემალათ.
საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ელოდებით?
- რა თქმა უნდა. პროცესი მიდის, გამოძიება მუშაობს და მტკიცებულებები გროვდება.
თუმცა, საქმის საგამოძიებო პროცესი გაიწელა. თქვენ აცხადებდით, რომ ეს საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა. ეს პროცესი რატომ გაჭიანურდა?
- სამწუხაროდ, მოლოდინი მქონდა, რომ ეს საქმე უფრო სწრაფად გაიხსნებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზი იყო, რაზეც საუბარი არ შემიძლია. ამ საქმის გაჯანჯლება ტექნიკური მიზეზები იყო. ამ საქმეს რვა წელი აყალბებდნენ და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ადვილი არ არის.
და ბოლოს, პროკურატურა ამ საქმეზე ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძეს რატომ არ კითხავს, რომელიც ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს?
- მისი დაკითხვა მოხდება, მაგრამ არ მგონია, რომ მან გამოძიებას რაიმე შემატოს. ამ ეტაპზე, ბარამიძის დაკითხვა მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია.