მთავარმა პროკურატურამ იძულებით ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში წარდგენილი საჩივრების იდენტიფიცირება უკვე დაასრულა და საგამოძიებო პროცესს იწყებს. for.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად, უწყებაში შექმნილი „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ ფორმირება მიმდინარეობს და იქ ის პროკურორები ვერ იმუშავებენ, რომლებიც წარსულში გახმაურებულ საქმეებთან იყვნენ ასოცირებულნი.
გიორგი ბადაშვილმა დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა პირადად გააცნო. for.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
for.ge-სთან საუბარში ეკა ბესელია ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი შეხვედრა მართლაც შედგა.
დეპუტატის ცნობით, მთავრობას პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის საშტატო ერთეული და ბიუჯეტი უკვე განსაზღვრული აქვს და ახლა მისი ფორმირება მიმდინარეობს.
„როგორც მთავარმა პროკურორმა გვითხრა, დეპარტამენტში ის პროკურორები იმუშავებენ, რომლებიც წარსულში დაკავშირებულნი არ არიან გახმაურებულ საქმეებთან. საკოორდინაციოდ კომიტეტთან მცირე სამუშაო ჯგუფს შევქმნით, რომელიც სისტემაში ამ კატეგორიის საქმეებს მოიყვანს. ასევე ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ვიმუშავებთ“, - აღნიშნავს ბესელია, რომლის მსგავსად ვახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ ახალი დეპარტამენტი მუშაობას მალე შეუდგება.
როგორც for.ge-ს ხმალაძემ განუცხადა, პროკურატურამ ყველა იმ საჩივრის იდენტიფიცირება დაასრულა, სადაც პრეტენზია იყო, რომ პირს ქონება იძულებით დაათმობინეს, ან სახელმწიფოსთვის ჩუქება გააკეთებინეს. ხმალაძის ინფორმაციით, პროკურატურაში შესული საჩივრები კატეგორიებად დაიყო და შეფასდა, თუ რაოდენობის ზიანზეა საუბარი.
„ასევე დაზუსტდა, იძულულებით გადაცემული ქონებიდან რამდენია სახელმწიფო საკუთრებაში დარჩნილი და რამდენი გასხვისებული. ახლა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სამართლებრივი შესწავლა უნდა დაიწყოს. თუკი თქვენ გაიძულეს, რომ ქონება სიმბოლურ ფასად ვინმესთვის მიგეყიდათ, ასეთ შემთხვევაში, ქონებრივი დავა ორ სუბიექტს შორის - თქვენსა და სახელმწიფოს შორის წარიმართება, მაგრამ ვინც თქვენ ქონების დათმობა გაიძულათ, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს“, - აცხადებს ხმალაძე.
კანონმდებელი განმარტავს, რომ თუკი სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ პირს ქონება იძულებით ჩამოართვეს და ამჟამად ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია, შესაძლოა, დაზარალებულს ქონება უკან დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ზიანი უნდა ანაზღაურდეს.
„მთავარ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე ეს სქემა გამოიკვეთა, რაც გითხარით. ალბათ, დეპარტამენტი მუშაობას მალე შეუდგება და ისეთი თანამშრომლები უნდა შეირჩენ, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი არ ექნებათ და გამოძიება ობიექტურად წარიმართება“, - აცხადებს ხმალაძე.
ბადაშვილთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ დასწრებია, თუმცა, for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენა იძულებით ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებითაც უნდა დაიწყოს.
სესიაშვილის თქმით, წინა ხელისუფლება მოქალაქეებს ქონებას შანტაჟისა და დაშინების შედეგად ართმევდა და დანაშაულებივი სისტემა მოქმედებდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუკი სასამართლო დაადგენს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ზარალი ნახეს, მათი კომპესირება უნდა მოხდეს.
„თუ ვსაუბრობთ, რომ სამართლიანობა უნდა აღსდგეს, ის იმასაც გულისხმობს, რომ თუკი ადამიანი არასწორი პოლიტიკის შედეგად დაზარალდა, მისი კომპესირება მოხდეს. ეს თანხები საიდან დაიფარება არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რადგან ეს ჩვენი ვალდებულებაა და გათვლილი არ არის მომავალ არჩევნებზე, მაგრამ მოქალაქეებმა ისიც უნდა გაითვალიწინონ, რომ ყველაფერი ერთ დღეში ვერ გადაწყდება და კომპესაციას ყველა ერთ დღეში ვერ მიიღებს, ამას სასამართლოს გადაწყვტილება და მოთმინება სჭირდება“, - აცხადებს სესიაშვილი.
პროკურატურის გააქტიურებას მიესალმება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, ეს პროცესი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, რადგან პროკურატურა ამოძრავდა და ამუშავდა, ეს კარგია.
„რაც ხალხს შევპირდით, ის აუცილებლად უნდა შევასრულოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. ნებისმიერ ღონისძიებას მივესალმები, რომელიც ჩვენი ხელისფლების დაპირებების შესრულებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მომავალ საქმიანობას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენაზე სრულიად პროკურატურა უნდა ზრუნავდეს. აბაშიძის მოსაზრებით, სამართლიანობის აღდგენა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და ის დროში არ გაიწელებოდა.
„არ ვიცი, ქონების დაბრუნების პერსპექტივა როგორი იქნება და სახელმწიფო ამ საკითხს რამდენად გასწვდება. სამართლიანობის აღდგენის პროცესი მარტო ქონების დაბრუნებას არ გულისხმობს, რადგან მასთან არის მიბმული ისიც, რომ ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს. კონკრეტული პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისგებაში უნდა ყოფილიყვნენ მიცემულნი. მხოლოდ დეპარტამენტის შექმნა არაფერს იძლევა და ამ საქმეებზე მთელი პროკურატურა უნდა მუშაობდეს“, - აცხადებს აბაშიძე.
მთავარ პროკურატურაში „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და როგორც უწყება განმარტავს, დეპარტამენტი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტებზე იმუშავებს.
წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფოს თუ რა დაუჯდება, ამას მმართველ გუნდში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მაგრამ როგორც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ქვეყანას სამართლიანობის აღდგენისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი დასჭირდება.