„დიდი ბოდიში, ამ ინფორმაციის დაკონკრეტება არ შემიძლია, ეს ჩემი „კოზირია“ ბრალდების წინააღმდეგ“

„დიდი ბოდიში, ამ ინფორმაციის დაკონკრეტება არ შემიძლია, ეს ჩემი „კოზირია“ ბრალდების წინააღმდეგ“

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, გია სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ არსებობს გარკვეული რისკი იმისა, რომ სოსანაშვილი თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს და მტკიცებულებების განადგურებას მოახდენს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

იური ვაზაგაშვილის მკველობის საქმეში ბრალდებულის გია სოსანაშვილის დის, ლია სოსანაშვილის ინფორმაციით, გია სოსანაშვილი 19 იანვარს ნამდვილად იმყოფებოდა სოფელ ყარაფილაში, მაგრამ არა სასაფლაოზე, არამედ მეგობრის მშობლის პანაშვიდზე. ბრალდებულის და აცხადებს, რომ მისი ძმა წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და არც ერთ ინციდენტს ამ ხნის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

„დაკავებამდე წინა დღეს ჩვენთან იყო, შეშა დაჭრეს და თქვა, რომ ყარაფილაში იმყოფებოდა 19 რიცხვში, მეგობრის მშობლის პანაშვიდზე. დაკავებამდე დაგვირეკა და გვითხრა, რომ პროკურატურაში მიბარებენო. შემდეგ თქვა, რომ გაუკეთეს დნმ-ის ანალიზი. შემდეგ მოვიდა ჩვენთან. ეს იყო 6 თებერვალს, დაკავების წინა დღეს. მან თქვა, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების დღეს ყარაფილაში საერთოდ არ ყოფილა და კასპში სასადილოში თანამშრომელთან, სახელად მამიასთან ერთად იმყოფებოდა ხაშის საჭმელად“, - განაცხადა ლია სოსანაშვილმა.

რაც შეეხება გია სოსანაშვილის სახლიდან ამოღებულ საბრძოლო მასალას, ლია სოსანაშვილი ამბობს, რომ საეჭვო არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ გია სოსანაშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და იმდროინდელი ყუმბარა ჰქონდა შენახული სახლის ეზოში, რომელიც ყარაფილადან 5 კმ-ში მდებარეობს. იცნობდა თუ არა სოსანაშვილი ვაზაგაშვილს ან ფირცხალავას, ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

გამოძიებით დადგენილია, რომ გია სოსანაშვილი 19 და 20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და მისი დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. კერძოდ, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.

გარდა ამისა, არიან მოწმეები, რომლებმაც ადასტურებენ როგორ მოემართებოდა რამდენჯერმე გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე. ანალიზი გაუკეთდა ანძებზე დაფიქსირებულ 30-ათასამდე ზარს, მათ შორის ირაკლი ფირცხალავასთან არსებულ სატელეფონო კავშირს.

დაკაბეული ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე თვლის, რომ დნმ-ის კვალი და სატელეფონო საუბარი არ შეიძლება იყოს მიჩნეული, როგორც მტკიცებულება. მისი თქმით დნმ-ის ანალიზთან დაკავშირებით დაცვის მხარეს აქვს მნიშვნელოვანი დეტალები, თუმცა მისი გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

ვისი დავალებით იცავს დაკავებული პოლიციელის უფლებებს და რა მტკიცებულებით აპირებს სოსანაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ადვოკატ სოსო ჯოგლიძეს ესაუბრა.

ბატონო სოსო, ვისი დავალებით იცავთ დაკავებულის უფლებებს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახაზინო წესით აყვანილი ადვოკატი ბრძანდებით...

- საიდან მოიტანეს, რა სახაზინო ადვოკატი. შეგნებულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. სახაზინო ადვოკატზე საუბარი ჰქონდა თვითონ ბრალდებას. მე დამიქირავეს თვითონ მისმა ახლობლებმა, საერთო ახლობლები არიან.

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, რას ამბობს დაკავებული?

- მხოლოდ აღკვეთი ღონისძიებაზე იმსჯელა სასამართლომ. საქმის არსებითი განხილვა ან მტკიცებულების გამოკვლევა არ ყოფილა. ჩვენ სხვანაირად მიგვაჩნია. საქმის მასალები გადმომცეს, მაგრამ საქმის მასალებს ვერ გავეცანი. ამოვკრიფე მხოლოდ დეტალები, რაც დღეს საფუძველს მომცემდა, რომ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პერიოდში.

თქვენ ეჭვქვეშ დააყენეთ ბრალდების მთავარი მტკიცებულება დნმ-ის პასუხები, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა უზუსტობაზე საუბრობთ?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით. როგორც კი საქმის მასალებს გავეცნობი, იმის შესაბამისად ვიმოქმედებ. დასანიშნი იქნება ალტენატიული ექსპერტიზა თუ არა და ა.შ. უნდა შევუთანხმდე ოჯახს, ეს მათი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადასაწყვეტია. დნმ-ის პასუხები საეჭვო რომ არის, ეს ინფორმაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მომაწოდა.

შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რა ინფორმაცია მოგაწოდათ?

- არა, ძალიან დიდი ბოდიში, ამ ინფორმაციის დაკონკრეტება არ შემიძლია. ეს ჩემი „კოზირია“ ბრალდების წინააღმდეგ და ამიტომ ვერაფერს ვერ დაგიკონკრეტებთ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს სოსანაშვილი იმყოფებოდა კასპში ერთ-ერთ სასადილოში, მთავარი პროკურორის მოადგილემ თქვენ მიერ დასახელებულ ამ ალიბსთითიდან გამოწოვილიუწოდა და თქვა, რომ იმის მტკიცება თითქოს, ვაზაგაშვილის აფეთქების დროს ვიღაც სასადილოში იჯდა, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ დადო სადღაც. რა პასუხი გაქვთ ამზე?

- მაშინ იმასაც დაადასტურებდა, რომ იმ ადგილას შესაძლოა იური ვაზაგაშვილის ნაცვლად სხვა პიროვნებას გაევლო. აქედან გამომდინარე, ეს ცოტა დასაზუსტებელი მომენტია. ეს ფაქტი, რომ მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავის მეგობართან ერთად იმყოფებოდა კასპში ერთ-ერთ სასადილოში. მის მეგობარს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ იური ვაზაგაშვილი აფეთქებულა მისი შვილის საფლავზე. მაშინ გახდა მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი.

თქვენ თუ გითხრათ ვინ დაურეკა?

- კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისგან გაიგო, მეტ სახელად ტატამი, (მარეხ ყამბეგაშვილი) ასეა მონათლული ეს ქალბატონი კასპში.

რამდენაც ვიცი, სოსანაშვილი დაკავებამდე იმყოფებოდა პროკურატურაში, თუ ესაუბრეთ დაკავებულ ამ თემაზე, რატომ იყო პროკურატურაში?

- ამ თემაზე არ გვისაუბრია. დაკავების დღესაც გაოგნებული იყო, რანაირად მოხდა მისი დაკავება.

თუ ადასტურებს სოფელ ყარაფალას სასაფლაოზე ყოფნას?

- სამძიმარზე იყო, მაგრამ საფლავზე არ ყოფილა.

რაც შეეხება ფირცხალავასთან სატელეფონო ზარებს, მხოლოდ ნათლისღების მისალოცად დაუკერა, თუ მეგობრობაც აკავშირებდათ?

- ფირცახალავას როგორც პოლიციელს ისე იცნობდა, ახლო მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია.

ახლო მეგობრობა თუ არ ჰქონდა, საინტერესოა დღესასწაულის მილოცვა რატომ გადაწყვიტა?

- სატელეფონო ჩამონათვალში ვისაც ჩამოჰყვა, ყველას დაუკავშირდა. შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ პროკურატურასთან. პროკურატურას გააჩნია მთელი ეს ამონაწერი, ვისთან ჰქონდა იმ დღეს საუბარი. 19 იანვარს რომ არ უპასუხა, 20-ში თვითონ ფირცხალავამ გადარეკა, დააინტერესა ვინ გაუშვა ზარი მის ტელეფონზე. გამოეხმაურნენ ერთმანეთს, მიულოცეს დღესასწაული, მორჩა, მეტი არაფერი არ ყოფილა.

თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა დღესასწაულებსაც ულოცავდა ირაკლი ფირცხალავას?

- მე მგონი ულოცავდა, ასე კონკრეტული საუბარი არ მქონია. აქ მარტო ფირცხალავაზე არაა საუბარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აწ გარდაცვლილ მამია ცნობილაძეს დაუკერა, რომელიც სამძებროს განყოფილების უფროსი იყო. დაკავებული გაოგნებულია, ამბობს, რომ დანაშაული არ ჩამიდენიაო. ჩვენ შევეცდებით მოვაგროვოთ მტკიცებულებები, რომლითაც ვაპირებთ დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა. საზარელი დანაშაულია მომხდარი, მაგრამ უფრო მძიმე დანაშაულია ადამიანისთვის არჩადენილი დანაშაულის დაბრალება.

თუ გქონდათ საუბარი, როდის აიღეს დნმ-ის ანალიზი მისგან, თუ საერთო ბაზიდან იქნა ამოღებული დნმ-ის ნიმუში...

- როგორც გითხრით, საქმის მასალებს არ ვიცნობ, 2-3 დღე მჭირდება გლობალური ცოდნა რომ შევიძინო საქმის მასალებთან დაკავშირებით.

გასაგებია, რომ საქმის მასალებს არ იცნობ, მაგრამ მთავარ მტკიცებულებას ამ საქმეში სწორედ დნმ- პასუხი და სატელეფონო საუბრები წარმოადგენს. დაკავებულის ის განცხადებით, დაკავებულმა უთხრა, რომ დნმ- ნიმუში მისგან  აიღეს...

-ამ საკითხზე დაკავებულთან არ გვისაუბრია. რაც შეეხება მის დას, არ ვიცი რას ამბობს, არ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი.