კიწმარიშვილის საქმეში გამოძიებამ რამდენიმე ადამიანი გამოკვეთა

კიწმარიშვილის საქმეში გამოძიებამ რამდენიმე ადამიანი გამოკვეთა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეში გამოძიებამ რამდენიმე ადამიანი გამოკვეთა. არიან თუ არა ისინი პოტენციური დამნაშავეები, ამის თქმა ჯერჯერობით, რთულია, თუმცა გამორიცხული არაფერია. კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილის განცხადებით, „ეს ადამიანები გამოძიების ინტერესში სხვადასხვა ფაქტორების გამო მოექცნენ. შესაბამისად, დიდი ალბათობით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება“.

ადვოკატის განცხადებით, ადამიანებმა რომლებიც ამ საქმეზე გამოიკვეთა, შესაძლოა, საქმეში არსებულ დეტალებს ნათელი მოჰფინონ და გამოძიება სწორ კვალზე დააყენონ. საქმეში გამოკვეთილი რამდენიმე ადამიანი, რომელთა შესახებ ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიების პროცესში, გამოძიება არ ყოფილა დაინტერესებული მათ შესახებ და არც დღის წესრიგში დამდგარა მათი დაკითხვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ადამიანები, დაცვის მხარის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის ფორმატში დასახული ახალი ღონისძიებების შემდეგ გამოიკვეთნენ.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება. თუმცა, ამბობს, რომ პირადად ამ ადამიანებს არ იცნობს, მაგრამ იცნობდა თუ არა მათ ეროსი კიწმარიშვილი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„სავარაუდოდ, ეს ადამიანები საკმაოდ მნიშვნელოვანი არიან საქმის გამოძიებისთვის, რადგან გარკვეული გარემოებები ამაზე მიუთითებს. ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან აღმოჩნდნენ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამაინები ახლახან გამოიკვეთენ.

მათი არსებობა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი. გამოძიება თუ ფლობდა აქამდე ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ვერ გეტყვით. მეეჭვება, რომ გამოძიებას აქამდე ჰქონოდა ინფორმაცია. მე მაქვს ოპტიზმი, რომ ამ პროცესების შემდეგ გამოიკვეთოს ის დეტალები, რომლიც შეიძლება ამ საქმის გასაღები აღმოჩნდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ კიწმარიშვილი.

გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე გარკვეული პერიოდი ეცნობოდა საქმის მასალებს, მასალების გაცნობის შემდეგ შედგა შეხვედრა თბილისის პროკურატურასთან. დაცვის მხარემ გარკვეული გეგმა წარუდგინა პროკურატურას და შესთავაზა გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გარკვეული მიმართულებით.

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით გამოძიების მასალებს და გაირკვა, რომ გამოძიებისთვის ძალიან საინტერესეო მასალები იქნა მოძიებული, რომლის შესწავლა გრძელდება. გამოიკვეთა საინტერესო პიროვნებები. უნდა განხორციელდეს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომ გაირკვეს დეტალები. ვინ არიან ეს ადამიანები, ამ დეტალებზე ახლა საუბარი მიზანშეწონილი არ არის. მთავარია, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილმა საგმოძიებო მოქმედებამ შედეგი გამოიღო და გამოკვეთა კონკრეტული პირები“, - აცხადებს მოსიაშვილი.

ცალსახად იმის თქმა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ეროსი კიწმარიშვილის მკველობასთან, ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„ამ პირების მიმართ უნდა ჩატარდეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედება და ამის მერე უკვე საგამოძიებო ორგანო გააკეთებს დასკვნას. ინფორმაცია უნდა იქნას შესწავლილი. ცალსახად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ესენი არიან საქმესთან კავშირში, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულება და პირთა წრე, რომლის შესწავლა აუცილებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.

ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს კვალი, რომელიც ამ დანაშაულთან მიდის. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რამაც განაპირობა ეროსი კიწმარაიშვილის მკვლელობა, შესაძლებელია იყოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხი. for.ge-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მკვლელობა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან იყოს კავშირში, კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ამ კავშირის შესახებ დეტალები მისთვის უცნობია.

„ჩვენი ვერსია გამყარებული უნდა იქნას უტყუარი მტკიცებულებებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეფექტური გამოძიების პირობებში მივიღოთ ეს შედეგი. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ჩადენილ დანაშაულთან, რომელიც უკვალოდ ბუნებაში ვერ მოხდებოდა. სამწუხაროდ, გამოძიებას დღემდე არ აქვს ამის უტყუარი მტკიცებულება. ახლა ვცდილობთ გამოვკვეთოთ მკვლელობის კვალი და მერე უკვე ვისაუბრებთ იმაზე, საით მიდის კვალი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ კვალზე გავალთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ იმ გარემოებებში, რომელმაც განაპირობა მისი შეკვეთილი მკვლელობა, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხი“, - აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.