დროა, შევცვალოთ შიმშილისა და გადაშენება-დაღუპვის პოლიტიკა

დროა, შევცვალოთ შიმშილისა და გადაშენება-დაღუპვის პოლიტიკა

”ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლაც არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა (რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი) მთლიანად დავკარგოთ. დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნიათ ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდის უცხო ხალხი, უცხო ქვეყნები და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება" -  (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქილია II).

”ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა, -შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული-კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან ... თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავუხვედრეთ, წინ არ დავაყენეთ. ვართ კი ყოველივე ამისთვის მზად?” (ილია ჭავჭავაძე).

საქართველოში უკანასკნელ წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვის მასობრივი გავრცელება ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო  და პოლიტიკური უსაფრთხოებისათვის საშიშროების მომცველი გახდა, რაც სასწრაფო წესით შესაბამის სახელმწიფოებრივ რეაგირებას მოითხოვს.

ამავე დროს, მოშიმშილე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო „ლიდერთა“ ხუთეულშია. მასზე უარესი მაჩვენებლები მხოლოდ სამხრეთ სუდანს, კამერუნს, ნიგერიას და სამხრეთ აფრიკას აქვს. ასეთია 57 ქვეყნის გლობალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტოების ასოციაცია Gallup International/WIN–მა ტრადიციული პროექტის „მსოფლიო ბარომეტრის“ ფარგლებში ჩაატარა. რა არის ეს, თუ არა კატასტროფა? ამგვარი საშინელი გაჭირვება საქართველოში არასოდეს ყოფილა.

ამის შედეგია სწორედ ის, რომ სხვა გამოკითხვის მონაცემებით ქართველი ახალგაზრდობის 90% მზად არის თავს უშველოს და საცხოვრებლად საქართველოდან უცხოეთში წავიდეს, მაშინ როცა 25-ოდე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით ქართველი ახალგაზრდობის 95%-ს არ სურდა უცხოეთში საცხოვრებლად წასვლა.

ასევე, ეს ეკონომიკური კრიზისი მთავარი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა შობადობაც და  მოსახლეობის რაოდენობაც. სამაგიეროდ, ანტიეროვნული ლიბერალისტური რეჟიმების მიერ საკანონმდებლო ხელშეწყობითა და  კორუფციით წახალისებული იქნა უცხოელთა მასობრივი ემიგრაცია საქართველოში და მათ მიერ ქართული მიწის, ტყის, საძოვრებისა და მთელი ეკონომიკური დარგების მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით ბევრად დაბალ ფასებში ხელში ჩაგდება.

სამწუხაროდ, ”მეოცნებეთა” ხელისუფლება  დასავლური გლობალისტურ-ლიბერალისტური იდეების ერთგულია და მისი წინამორბედივით  იმავე პოლიტიკას აგრძელებს, რაც ეროვნული თვითმყოფადობის მქონე სახელმწიფოს მშენებლობას ნამდვილად არ ემსახურება და მხოლოდ ისეთი საბაზრო ღირებულებების დამკვიდრებას უწყობს ხელს, რასაც გამოცლილი აქვს ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობის გრძნობა და ქვეყნის დამღუპველი კოსმოპოლიტური ექსპერიმენტის განხორციელებას ისახავს მიზნად.

სამაგიეროდ, ამგვარი თავს მოხვეული იდეების ერთგულებისთვის დასავლეთის გავლენიანი ლიბერალისტური ძალებისაგან შექებასა და ჯილდოს ელოდებიან, რაც ნიშნავს დასავლურ სტრუქტურებში კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას.

დროა, მიხვდეს ქართველი ხალხი, რომ ამგვარი ინტეგრაცია ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასამარებას ნიშნავს. ამავე დროს, მას არ გააჩნია ქართული სახელმწიფოსათვის მომგებიანი ეკონომიკური ეფექტი და იგი ემსახურება მხოლოდ დასავლეთის ე.წ. ოქროს მილიარდის ინტერესებს, რაც დასავლელი სტრატეგების მიერ მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის, ე.წ. ბანანის რესპუბლიკებისათვის გამეტებულ  სავალალო ბედს გვიმზადებს, გვაქცევს რა მათი ეკონომიკისათვის ნედლეულის დანამატად,  იაფ მუშახელად და მათი პროდუქციის გასაღების ბაზრად.

ჩვენი მთავრობების მიერ დასავლური ინსტრუქციების ბეჯითად შესრულების შედეგად საქართველოს ახლანდელი განადგურებული ინდუსტრია და გაპარტახებული სოფლის მეურნეობა  სწორედ მსოფლიო ეკონომიკის ზემოთ ნახსენებ მოდელში ჩვენი ქვეყნის განთავსების გამოხატულებაა. 

ამიტომ  ქართველმა ხალხმა  გააზრებული პოლიტიკური ბრძოლით განაჩენი უნდა  გამოუტანოს ასეთი დამღუპველი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკანებს, რაც გზას გაუხსნის და დაამკვიდრებს ჯანსაღი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას.

ერისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში მიწის არსსა და მნიშვნელობას თუკი ღრმად ჩავწვდებით, მაშინ სადავო არ უნდა იყოს, რომ მიწის უზენაესი მესაკუთრე არც სახელმწიფო და არც მისი წარმომადგენელი ხელისუფლება არ არის. სახელმწიფო ტერიტორია, ანუ  მიწა ერის საკუთრებაა. ერი, არამარტო დღევანდელ თაობას, არამედ წარსულ და მომავალ თაობასაც გულისხმობს.აქედან გამომდინარე,  ამ მიწის ფლობის სამართალ მემკვიდრეა  მთელი ერი და არა რომელიმე მისი მთავრობა. სწორედ ამიტომ  ერის არცერთ თაობას, მითუმეტეს, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას არა აქვს არანაირი უფლება ერის საარსებო სივრცე, მამული გაუყიდოს შთამომავლობას.

სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრ ინტელექტუალს გლობალისტურ-კოსმოპოლიტური იდეოლოგიის ზეგავლენით უკვე ისეთი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდა, რომ არანაირი მამულის ფენომენს ის უკვე აღარ ცნობს. მისი მთავარი ფასეულობაა ინდივიდუალური უსაზღვრო თავისუფლება, რომელიც ლამის ცხოველური ინსტიქტების დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას ამკვიდრებს, რომელსაც ეწირება ეროვნულ -სახელმწიფოებრივი ინტერესები. 

უნდა ვაღიაროთ რომ ამჟამად ქართველი ხალხი ღირებულება-ფასეულობათა  არჩევანის წინაშე დგას, ის ან დასავლურ კორპორაკრატიულ  ცენტრებში შემუშავებული ლიბერალისტურ-გლობალისტური პროექტის მონაწილე ხდება,  მის ერთფეროვან მასაში ითქვიფება და ამით უარყოფს საკუთარ თვითმყოფადობასა და იდენტურობას, ან ინარჩუნებს თავის ეთნოკულტურასა და ეროვნულ-სახელმწიფოებრიობას.

ამ უკანასკნელთა შენარჩუნებას კი სჭირდება  თავის ისტორიულ მიწა-წყალზე იმ ადამიანთა ერთობის ცხოვრება, რომელსაც ერთი ენა,  ერთი ეთნოფსიქიკა და კულტურა გააჩნია, ანუ ქართველი ერის არსებობა თავის სააარსებო სივრცეში. ყოველივე ამას  ქართველმა კაცმა მამული უწოდა, რაც საკუთარ მიწასთან ასოცირდება და ამიტომ მის გარეშე ეს  მცნება ვერ იარსებებს.

დიდი ილიას სიტყვებით რომ განვმარტოთ: ”იქ საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულობა - ეგ ჭირთაჭირი არ მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მომნიჭებელი სულია, მთელი ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია.  იქ მაგ სიტყვის ხსენებაზე თვითეულსა მთელის ხალხისა და მთელს ხალხს თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუსდგება ხოლმე”.

საქართველოს ბოლო ათწლეულების მთავარი უბედურება ეთნოკონფლიქტები იყო, რომელიც ისტორიული ქარტეხილების მიერ დატოვებულმა გარემოებებმა დაგვიტოვა და ისინი დღესაც ღია ჭრილობების სახით არსებობს, რომელთა განკურნებას დიდი გონივრული ძალისხმევა სჭირდება.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ეთნიკური კონფლიქტების საფუძველია ეროვნული უმცირესობების დიდი კომპაქტური დასახლებების მკვიდრი ეთნოსისგან იზოლირებულად არსებობა, რაც მათ კულტურულ–სახელმწიფოებრივ ინტეგრაციას ართულებს და საცხოვრებელი ქვეყნის მიმართ მოქალაქეობრივი გრძნობისა და ვალდებულებებისადმი უარყოფით განწყობებს იწვევს.

აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული ისედაც რთული ეთნიკური შემადგენლობის მოსახლეობის პირობებში ხელისუფლების იმგვარი სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს ახალი ეთნიკური უმცირესობების მომრავლებას ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებით, ეროვნულად მოაზროვნე ქართველისათვის ღალატის ტოლფას ქმედებად შეფასებას იმსახურებს.

ანალოგიური მოსაზრებები ფართოდ ვრცელდება  თავად ევროკავშირის უმრავლესი ქვეყნების ავტოქტონურ ერებში, რომლებიც ისლამიზაციის საფრთხეს ცხადად აღიქვამენ და საკმაოდ მასშტაბურ საპროტესტო აქციებსაც მართავენ უკონტროლო იმიგრაციის წინააღმდეგ. ეს პრობლემა ევროპის თითქოს და სტაბილურ გლობალისტურ  პროექტს მისი პოლიტიკის ვექტორების შეცვლის საკმაოდ საფუძვლიანი პროგნოზებით უკვე დიდ საშიშროებას უქმნის.

სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის გაუსაძლისი პირობების ხელოვნურად შექმნის გამო: საწვავისა და სასუქების არადაექვატური გაძვირებით, სასოფლო ტექნიკისა და სარწყავი არხების სიმცირით, სასოფლო პროდუქციის გასაღების ბაზრის გლეხობისთვის დაკარგვით, იაფი საბანკო კრედიტების მიუწვდომლობით  სოფლის მეურნეობა საქართველოში ძირითადად არარენტაბელურად იქცა.

სამაგიეროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს უპასუხისმგებლო ანტიეროვნული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გააუქმა პარლამენტის მიერ შემოღებული უცხოელებზე მიწების გაყიდვის მორატორიუმი, თუმცა მისი მოქმედება მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული, უცხოელები უკონტროლოდ ყიდულობენ ქართულ მიწას, რაშიც განსაკუთრებულად აქტიურობენ   ინდოელი (პენჯაბელი) სიქსტი ფერმერები.  სიღნაღის რაიონში მათ უკვე ნაყიდი აქვთ 3500 ჰექტარი მიწის ნაკვეთები და იქ უკვე 550 ინდური ოჯახი ცხოვრობს. გორსა და ქარელში ინდოელებს მარცვლეული კულტურების მოსაყვანად 330 ჰექტრამდე მიწა აქვთ შეძენილი  და კიდევ ათასობით ინდოელის დამკვიდრებაა მოსალოდნელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში იტალიელებზე, ფრანგებზე, ებრაელებზე, ჩინელებსა და გერმანელებზე 15 550 ჰექტარი, აქედან 12  ათასი ჰექტარი ტყის მასივებია გასხვისებული. სულ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 30 000 ჰექტარი უკვე უცხოელებზეა გაყიდული. ამავე დროს, მორატორიუმის გაუქმებისთანავე ეკონომიკის სამინისტრომ ჩასაფრებულივით მაისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა განაახლა.

"ბიზნეს-რეზონანსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ დროისთვის, 172 ათასი ჰა. სახნავ-სათიბი მიწაა საპრივატიზაციოდ გამოტანილი. 1 ჰექტარის საშუალო ღირებულება  625  ლარია. სანამ პარლამენტი ახალ კანონმდებლობას  მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში კიდევ ათასობით ჰა. მიწა აღმოჩნდება. 32 563  ჰა. სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უკვე არის დაინტერესება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში კი ისეთი ცვლილებებია დაგეგმილი, რომელიც ქართულ მიწის უცხოელების მიერ დატაცებას  ფაქტობრივად არანაირად არ ზღუდავს. პროექტის თანახმად, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, უცხოელის შემთხვევაში 5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები და ჯამში, 200 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული შეზღუდვა რატომღაც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება.

ამავე დროს, 49 წლიანი იჯარა დამკვიდრდება, რომლის გასვლის შემდეგ, როგორც წესი, უცხოელს აღნიშნული მიწის შეძენაზე უპირატესი უფლება ექნება.

არსებული ინფორმაციით ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში 400 ათასი ჰექტარი მიწაა, რომლის საერთო ღირებულება 1 ჰექტრის დაწესებული 625 ლარის გათვალისწინებით  შეადგენს 250 მილიონ ლარს, ანუ დაახლოებით 125 მილიონ დოლარს. სამშობლოს გაყიდვა არანაირ ფასად არ შეიძლება,  მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ქართული მთავრობა საკუთარ სამშობლოს 125 მილიონ დოლარად ჰყიდის და საერთოდ, თავად რომ ერთი გოჯი მიწაც არ გაეყიდა, უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაშვებით, იმ კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამის გამო უახლოეს ათწლეულშია მოსალოდნელი, უკვე სამშობლოს გამყიდველის ტიტულს იმსახურებს.

არადა, უცხოეთის უმრავლეს ქვეყნებში, სწორედ სახელმწიფო უშიშროებისა და პოლიტიკური სტაბილურობის დაცვის მოტივით უცხოელებზე მიწის გაყიდვა ან სრულიად აკრძალულია, ან მკაცრად შეზღუდულია. მაგალითად,  ისრაელში მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა, რომლის გადაცემაც გრძელვადიან საკუთრებაში ხდება მხოლოდ ისრაელის მოქალაქისთვის, მაგრამ გაყიდვა კატეგორიულად აკრძალულია. აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში საერთოდ აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა.

საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული მიწის ფონდის შენარჩუნების შემთხვევაში საშუალება ექნებოდა მათზე დაესახლებინა ათასობით ეკოემიგრანტი აჭარიდან და სვანეთიდან, ასევე იმ ლტოლვილთა დიდი ნაწილი, რომლებიც მისი წინამორბედების მიერ  მოწყობილი პოლიტიკური ავანტიურების შედეგად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სოფლებიდან იქნენ გამოდევნილნი. ეს იქნებოდა ქართული მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში, ასევე, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის, ახალქალაქისა და სხვა რაიონებში დემოგრაფიული და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯი.

ამგვარი ღონისძიებების გატარება გამოიწვევდა მკვიდრ ეთნოსსა და სხვა ეთნიკურ ერთეულებს შორის გაუცხოების პრობლემის აღმოფხვრას, დაახლოებას ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალებისათვის სამოქმედო ასპარეზის შემცირებას, რაც საერთო ჯამში გააიოლებდა ეროვნული უმცირესობების საერთო სახელმწიფო ინტერესების სამსახურში ჩაყენებას და ხელს შეუწყობდა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის პირობების შექმნას.

ამ საბედისწერო ჟამს ლიბერალისტური ელიტის იდეოლოგიით გონებადაბანგული ქართული საზოგადოება შესაბამისი პროტესტის გარეშე ეგუება საქართველოს მარიონეტული მთავრობის მიერ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის მომავლის უფსკრულში გადაჩეხვის პოლიტიკას.

ქვეყნისთვის საზიანო აღნიშნულ განზრახულობებს კი ქართული ეკონომიკის გაუმჯობესებისა და გაზრდის მოტივებით ამართლებენ ეკონომიკის სამთავრობო ექსპერტები. მაგრამ ეგ თუნდაც აღმავალი ეკონომიკა რომ ქართველი ერისა და მისი სახელმწიფოს სამსახურში არ იქნება, რადგან თავად ქართველი ერი დინოზავრივით გადაშენების გზას დაადგება, ეს საერთოდ არ ანაღვლებთ, ხოლო ვინც ამაზე გულის წუხილს გამოთქვამს და გააპროტესტებს, მათ დასათრგუნად ანტიდისკრიმინაციული კანონი აქვთ მიღებული და ერთა შორის შუღლის ჩამოგდების ბრალდებით შესაძლოა ციხეშიც კი გამოამწყვდიონ.

კრიტიკა ადვილიაო, აბა, სხვა რა გამოსავალს ხედავთო, აქეთ საყვედურს იტყვის მავანი და მავანი. ქართული ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან სეგმენტში უცხოური ინვენსტიციები აუცილებელიაო, სხვაგვარად ეკონომიკური სტაგნაცია და კოლაფსი გველოდებაო.  აგერ ლარის კურსის დაცემაც სწორედ მაგ მიზეზებით არის გამოწვეულიო.

მათ გვინდა ვკითხოთ  - უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ამდენი ხანია ფუჭად რომ საუბრობთ ეს მისისიპდალეული ექსპერტობა და ევროკავშირში საქართველოს ასოცირების შემდეგ ამ სფეროში დიდ დაპირებებს რომ იძლეოდით, საკუთარ თავს ახლა მაინც თუ ეკითხებით, რატომ არ სრულდება ეგ დაპირებები? და, თუ, მართლა დასავლეთის საერთაშორისო ფინანსური სისტემის  მარიონეტები არა ხართ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ ეროვნული წარმოების განვითარება მხოლოდ სხვის იმედზე ყოფნით სიყალბეა  და უპირველესად საკუთარ პოტენციალზე დაყრდნობით,  სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებით არის  შესაძლებელი. ამის მაგალითებია  აზიურ ვეფხვებად წოდებული სამხრეთ კორეის, ტაივანის, სინგაპურისა და ჩინეთის დიდი ეკონომიკური ნახტომები. მაგრამ მათი გამოცდილების შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.

რაც შეეხება ქართული სოფლის აღორძინებას, აქაც შეიძლება  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რამაც ყოველგვარი უცხოური ინვესტიციების გარეშე სხვადასხვა ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობა რენტაბელური სასურსათო წარმოების შექმნამდე მიიყვანა. ეს კი მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გულუხვი  სუბსიდირებისა და დაზღვევის სისტემის გამოყენებით ხორციელდება. ჩვენი აზრით, ადგილობრივ დონეზე  წარმოების კოოპერაცია უნდა იყოს ქართული სოფლის წელში გამართვის ძირითადი მიმართულება.

ცნობილია რომ 90-იანი წლების დასაწყისში სასოფლო დასახლებებში კომლების მიხედვით მოსახლეობას დაურიგეს საშუალოდ თითო-თითო ჰექტარი მიწა და ამის შემდეგ ღვთისა და ბედის ანაბარა დატოვეს სოფლის მთელი მოსახლეობა. ის რომ მოსავლის მოყვანას მიწის ტრაქტორით მოხვნა სჭირდება, სარწყავი არხი, სასუქი, მიღებულ მოსავალს გაყიდვა, რასაც გათითოკაცებული გლეხური მეურნეობა თავს ვერ გაართმევდა, ამის შესახებ არც არავის უფიქრია და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ გაღატაკებული და ახალგაზრდობისგან დაცლილი სოფლების სახით.  

ვინც იმ ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებას ახერხებს, ისიც კი წელში ვერ გამართულა მიწის უკმარისობის გამო, მითუმეტეს, თუ მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს.   სამაგიეროდ, სახელისუფლო ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და მათმა მაფიამ ასობით და ათასობით ჰექტარი მიწა ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში და დღეს მათი დიდი ნაწილი ან დაუმუშავებელია, ან სწორედ მათი გასხვისება  მიმდინარეობს უცხოელებზე და ამის შედეგად ამავე დროს სათიბისა და საძოვრის გარეშე რჩება უამრავი სოფლის  მოსახლეობა.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქართული მიწისა და სოფლის გადასარჩენად  საყოველთაო კოოპერაციული რეფორმაა ჩასატარებელი. მის განსახორციელებლად  სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა შეიქმნას სოფლის კოოპერაციის დეპარტამენტი. ამ საქმისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა გამოიყოს მინიმუმი 500 მილიონი ლარი, ასევე, ადგილობრივი და უცხოური ბანკებისგან სახელმწიფოს გარანტიით უნდა იქნეს აღებული დაახლოებით იმავე რაოდენობის თანხა და რამდენიმე წლის მანძილზე  მილიარდი ლარის ინვესტიციით თითოეულ სოფელში წარმატებული კოოპერაციული სოფლის მეურნეობის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. ძალიან საინტერესოა ამ სფეროში ისრაელის კიბუცების გამოცდილება, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავად იქნა გადაღებული ყაზახეთის გერმანულ დასახლებებში. 

თავისთავად, აღნიშნულ თემაზე  იმდენი ინფორმაცია და ლიტერატურა არსებობს, რომ მათ გადმოსაცემად კალამს დიდ ხანს ვერ გავაჩერებთ და ძალიან შორს გაგვექცევა, მაგრამ გონიერი მკითხველისთვის,   ვფიქრობ, უკვე ნათელი უნდა იყოს, თუ რამხელა პერსპექტივა ექნება ქართულ სოფელს, თუ მის აღორძინებას სათავეში უფლებამოსილი პატრიოტი ადამიანები ჩაუდგებიან, შეიმუშავებენ თითოეული რეგიონისა და სოფლის განვითარების პროგრამას, ამ მიზნით  გვერდში ამოიყენებენ მეცნიერებსა და სპეციალისტებს და სოფელ-სოფელ დაიწყებენ ქვეყნის აღმშენებლობას.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ მიმქრალ ოცნებად რომ არ დარჩეს, საწყის ეტაპზე მიზანდასახული, პატრიოტი, გონიერი ადამიანების  კრებულია საჭირო, რომელსაც ჯანსაღი ქართული საზოგადოება გვერდში დაუდგება და დიდ ეროვნულ ქმედუნარიან ძალად იქცევა. საზოგადოების ამოძრავების გარეშე და სხვის იმედზე ყოფნით რომ არაფერი სასიკეთო  არ გამოვა, ეს უკვე აქსიომის დონის ჭშმარიტებაა. გვაქვს თუ არა საქვეყნო სიკეთის კეთების პოტენციალი და თუ როგორ უნდა გავკეთოთ ეს, ამის შესახებ საუბარი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და იმედია, ამ საქმეში თავის წვლილს  ქვეყნის ბედზე გულშემატკივარი და გონიერი ჩვენი მკითხველი აუცილებლად შეიტანს.