ჰარდ როკი და ჰევი მეტალი

ჰარდ როკი და ჰევი მეტალი

ჰარდ როკი და ჰევი მეტალი. სადაა მათ შორის ზღვარი, თუ უბრალოდ ამ მეორით მოხდა პირველის ჩანაცვლება დროთა განმავლობაში. მართალია, ჯერ კიდევ 1969 წელს ერთ-ერთმა მუსიკალურმა მიმომხილველმა ტერმინი Heavy Metal ამერიკულ ჯგუფ Steppenwolf-ის მისამართით გამოიყენა, მაგრამ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ „Hard Rock“-ის კრიტერიუმში ანთავსებდნენ მძიმე ჯგუფებს.

1981 წელს ამერიკაში ჩამოყალიბდა ჯგუფი Metallica, რომელმაც თითქოს სახელწოდებით იწინასწარმეტყველა ახალი მიმდინარეობის ანუ ჰარდ როკის ზედნაშენ - ჰევი მეტალის წარმოშობა.

რამდენად სწორია ჰევი მეტალის ჰარდ როკის ზედნაშენად წოდება, ეს უკვე სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ტერმინ ჰევი მეტალის წარმოშობა, სავსებით შესაძლებელია Metallica-მაც დააჩქარა.

Metallica-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ Deep Purple-ს, Black Sabbath-სა თუ Led Zeppelin-ის გაკვალული გზა სწორედ ამ ამერიკულმა კოლექტივმა განავრცო ზედმიწევნითი გააზრებით უკვე 80-იანი წლებიდან მოყოლებული და თუკი მისი პირველი - 1983 და 1984 წლების ალბომები გარკვეულწილად „ენათესავებოდა“ 70-იანებს, 1986 წლის Master Of Puppets -დან მოყოლებული უკვე გამოჩნდა, რომ მძიმე მუსიკაში ახალი ერა იქმნებოდა და სულაც არ იყო შორს მეტალის მომავალი დიფერენცირება - Trash, Death, Doom, Power, Prog თუ ასე შემდეგ.

მაგრამ იქამდე იყო 70-იანი წლების შუა პერიოდი და მეორე ნახევარი. პერიოდი, როდესაც დაირღვა ზღვარი ბრიტანულ და ამერიკულ ჰარდ როკის შემსრულებლებს შორის, ისე, რომ მათი გარჩევა ზოგჯერ იოლი აღარც იყო ხოლმე.

ამას ბაზრის მოთხოვნებიც და მოჭარბებული კომერციალიზაციაც უწყობდა ხელს. განსაკუთრებული ტალანტების გარდა, ჯგუფებს გარკვეული კრიტერიუმებით უწევდათ ხელმძღვანელობა.

გარდა ამისა მიღებული იყო ინგლისელების მუშაობა ამერიკული ბაზრის დასაკმაყოფილებლად და პირიქით.

ამის ნათელი მაგალითია ინგლისური ჯგუფი Deff Leppard, რომელიც ხელწერით ამეიკულ ჩარჩოებზეა მორგებული და პირიქით - ინგლისური  Red Hot Chili Peppers, რომელიც ზოგადი - ფანკი ხელწერით, უფრო შავკანიანი მუსიკოსების ყოფნაზე მიგვანიშნებს ჯგუფში, რაც სინამდვილეში ასე არაა.  

70-იანი წლების შუახანს საინტერესო ამბები ხდებოდა ინგლისურ სცენაზე. ერთის მხრივ იქმნებოდა ისეთი ჰარდ როკ შედევრები, როგორიცაა Led Zeppelin-ის Physical Graffiti და Black Sabbath-ის Sabotage, მეორეს მხრივ კი ფეხს იკიდებდნენ  ახალი ჰარდ როკ კოლექტივები, რომლებსაც აშაკარად ეტყობოდათ, რომ 60-იანელთა მეორე ნახევრის ჩამოსხმას აღარ განეკუთვნებოდნენ.

ინგლისში წამოვიდნენ Queen, UFO, მოგვიანებით Iron Maiden, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰარდ როკ სიცოცხლისუნარიანობას არ კარგავდა, მაგრამ საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა Cream-ის მძიმე ბლუზური სულისკვეთება, რაც უფრო ზედაპირულს ხდიდა ჟანრს.

უკვე სავსებით საკმარისი იყო ერთი მოსმენით ამა თუ იმ  სიმღერაზე შთაბეჭდილების შექმნა. ბაზარი სწორედ ამას ითხოვდა. ზოგიერთმა „ბუმბერაზმა“ უმტკივნეულოდ განვლო ეს პროცესი, მაგრამ ხარისხზე ამან გავლენა მაინც იქონია.

სხვა ამბავია, რომ გარკვეულ მომენტში შეიძლება უფრო გვესიამოვნოს ჯონ ლოტონის პერიოდის Uriah Heep-ის მოსმენა დევიდ ბაირონისასთან შედარებით, მაგრამ სიღრმესთან ერთად მელოდიურობაც რომ თანდათან ელეოდა ჯგუფს ალბომიდან ალბომამდე, ამაზე მეტყველებს უკვე 1978 წლის ნამუშევარი Fallen Angel.

თუკი კრიზისი შემოქმედებას მაინცდამაინც არ ეტყობოდა, აუცილებლად იჩენდა თავს მუსიკოსთა ურთიერთობებში. „მძიმე” მუსიკოსებს დაუმძიმდათ ერთიმეორესთან დამოკიდებულება 7-8 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ. ეს წმინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარეობდა.

ამას კი ემატებოდა ზოგადად ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი დაღლილობის ფაქტორი. თუკი 1970 წელს Black Sabbath, Paranoid-ს ორ კვირაში წერდა, Sabotage-ის ჩაწერას ნახევარ წელიწადს ანდომებდა.

საბოლოოდ კლასიკური ჰარდ როკის მოყვარულებმა შექმნილი სიტუაცია „არწივების ქვეყანაში ყვავების გამეფებად“ შერაცხეს, რადგან თუნდაც „ახალი ბუმბერაზები“ მიუღებელი იყო მათთვის.

ამის მაგალითია რიჩი ბლეკმორის Rainbow, რომელთან შეგუებაც საკმაოდ გაუჭირდათ ჯონ ლორდსა და იან გილანზე გაზრდილ Deep Purple-ს მსმენელებს...

ჰარდ როკს აპარატურული სიმძლავრის განვითარებიდან გამომდინარე Sweet-იც მიუერთდა, მაგრამ Queen-თან ერთად, იგი უფრო მძიმე მუსიკის „გლემ“ მხარეს განასახიერებდა, ვიდრე Cream -ისა თუ Led Zeppelin-ის პირველი ალბომისეულს.

მალე ჰარდ როკმა სახე სრულად იცვალა, რადგან ახლად შექმნილმა Sex Pistols-მა მუსიკალურ საზოგადოებას აუწყა, რომ მძიმე მუსიკას სულაც არ ესაჭიროებოდა ფანტაზია, იმპროვიზაციის უნარი და ვირტუოზულობა, არამედ სრულიად საკმარისი ყიფილა სცენაზე ღნავილი და ბრბოს სამი აკორდით აყოლა.

პანკებმა შეჭამეს ინგლისური სცენის 80-იანები. მათი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი აგრესიულობა და სიცივე ადამიანის ბილწი თვისებების საუკეთესო გამომხატველად იქცა. ჰიპები თავიანთი რეალური თუ ფარისევლური სიკეთით წარსულს ჩაბარდნენ და მათი ეპოქის მუსიკა შეცვალა აგრესიამ, რაც „ცივი ომის“ პერიოდის პოლიტიკურმა ვითარებამაც გააღვივა 70-იანების ბოლო პერიოდის დასავლურ ახალგაზრდობაში.

80-იან წლებში ჰარდ როკი აქტუალობას თანდათანობით კარგავს და მხოლოდ ჟანრობრივად და არავითარ შემთხვევაში იდეურად, ინარჩუნებს მსმენელთა გარკვეულ კასტას, რომელიც მიყვება მის განვითარებას.

ამიტომაც უკვე 1983-1984 წლებისთვის არის მოთხოვნილება „ბუმბერაზების“ გაცოცხლებისა. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ესეც უფრო ჰარდ როკის თანმდევი მექანიკური პროცესი იყო, რადგან მძიმე მუსიკა უფრო ბგერის გამძლავრების მიზნით მიდიოდა ზემოთხსენებული Metallica-ს, Megadeath-ის, Slayer-ისა თუ Sepultura-ს დამსახურებით, რომელთა მიმართაც მუსიკალური კრიტიკა უკვე აღარ იყენებდა ტერმინ „ჰარდ როკს“.

„კონკურენცია“ მხოლოდ Black Sabbath-ს არ ყოფნიდა სასაცილოდ, ხოლო დანარჩენი „ბუმბერაზები“ ძირითადად 70-იანების მოყვარული ტრადიციული ჰარდ როკის მოყვარულთა ყურადღების ამარა დარჩნენ...