გეოპოლიტიკური მარაზმი - რუსეთი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის რამდენიმე ტრილიონ ევროს აკისრებს

გეოპოლიტიკური მარაზმი - რუსეთი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის რამდენიმე ტრილიონ ევროს აკისრებს

„გერმანიის მთავრობამ რუსეთს ტრილიონობით ევროს ოდენობის რეპარაცია უნდა გადაუხადოს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის“, - ასეთია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე თანამედროვე რუსების მოთხოვნა. თანხები წინასწარ დაჯამებულია, კერძოდ, სამი ან ოთხ ტრილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება.

რუსი ექსპერტები ამ ფაქტს ასეთ შეფასებას აძლევენ, რომ ეს არის ანტიპათია გერმანიის მიმართ, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე იყო ევროპაში. ეს ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად გაუარესდა ურთიერთობა მოსკოვსა და ბერლინს შორის უკრაინის კრიზის გამო.

რუსი პარლამენტარი, მიხაილ დეგტიარიოვი ნაციონალისტური „ლიბერალური დემოკრატიის“ პარტიიდან, აცხადებს, რომ უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა, დაითვალოს, ზუსტად რამდენი ფული უნდა გადაუხადოს ბერლინმა მოსკოვს.

ერთი კვირის წინ კი, კიდევ ერთი პარლამენტარი, სერგეი ნარიშკინი გამოვიდა წინადადებით, ახალი რეზოლუცია მიიღონ გერმანიის თაობაზე და დუმამ ოფიციალურად დაგმოს დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის „ანექსია“ 1990 წელს გერმანიის გაერთიანებისას.

პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი აცხადებს, რომ ასეთი რიტორიკული სავარჯიშოები მიმართულია ევროპასთან ურთიერთობის გაუარესებისა და, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რკინის ფარდის აღდგენისკენ. მეორე მხრივ კი, მათი მიზანია პუტინის მხარდამჭერთა ტვინების კომპოსტირება, რათა ისინი სულ უფრო გაშმაგდნენ და შიდა პრობლემებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ.

რაც შეეხება კომპენსაციას, რუსეთისთვის სასარგებლოდ არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის იძულებით შრომის ბანაკებში ასიათასობით გერმანელი სამოქალაქო პირი და მილიონობით ტყვე იყო. უფრო მეტიც, ომის შემდეგ მოსკოვმა ფულადი რეპარაციების სანაცვლოდ, აღმოსავლეთ გერმანიის მიწა მიისაკუთრა. ეს გაგრძელდა 1953 წლამდე, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია უკვე საბჭოთა სატელიტურ, ე.წ „თანამგზავრ“ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი თავზე „გადაახტა“ საბჭთა კავშირს, რადგან საბჭოთა კავშირსაც კი არ წამოუყენებია ასეთი მოთხოვნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ და არც გაერთიანებული გერმანიის მიმართ. მართალია, რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, მაგრამ ასეთი სენსიტური თემის გამო რუსეთს უნდა გაემართა კონსულტაციები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან და ამის შემდეგ წამოეჭრა ეს საკითხი, რადგან, თუ საუბარია საბჭოთა კავშირისთვის მიყენებულ ზიანზე, სხვა რესპუბლიკებმაც უნდა მიიღონ კომპენსაცია. ექსპერტი თვლის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური შანტაჟი, პოლიტიკური ზეწოლის ერთგვარი ფორმა, რათა მერკელის მთავრობა აიძულოს, უფრო ლოიალური იყოს რუსეთის მიმართ.

„გერმანელები ასეთი საკითხის მიმართ სენსიტიურები არიან. ამით ისინი აღშფოთდებიან და შეუძლიათ, იქით წაუყენონ რუსეთის მთავრობას პრეტენზიები იმ დანაშაულების შესახებ, რაც ჩაიდინეს საბჭოთა არმიის მეომრებმა ოკუპაციის პერიოდში. მათ შორის, საუბარია მცირეწლოვანი ბავშვების გაუპატიურების ფაქტებზეც, ეროვნული განძეულობის, კულტურის შედევრების გატანაზე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ პრუსიის რეგიონის მხარის ოკუპაცია-ანექსიაზე, როცა ეს ტერიტორია მიუერთეს რუსეთის ფედერაციას. ასევე, გავიხსენოთ თუნდაც ბერლინის დემონსტრაციის სისხლიანი მეთოდით ჩახშობა, როცა საბჭოთა არმიამ მარშალ ბერიას მეთაურობით გამოიყენა საბრძოლო ტანკები, ბერლინის კედლის აგებას კი, სულ მცირე, 20 ათასი გერმანელის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც დასავლეთ ბერლინში გადასვლას კედლის მეშვეობით ცდილობდა და მათ ხვრეტდნენ. საბჭოთა რუსეთმა ეთნიკური რასის მიხედვით გერმანელები ციმბირის უღრან ტყეებში, სტეპებში გაასახლა, სადაც საშინელი პირობების გამო დაიღუპნენ. იმ დროს ჩემმა ოჯახმაც შეიფარა გერმანელი. საუბარია ქვემო ქართლის რეგიონზე (მარნეული, რუსთავი), სადაც იყო გერმანული კოლონიები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ, ცხადია, სახელმწიფო დუმის დეპუტატები გერმანიის წინააღმდეგ არცერთ განცხადებას არ გააკეთებდნენ, შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო პუტინთან. ამდენად, მერკელსა და პუტინს შორის ეს კიდევ უფრო გააუარესებს ურთიერთობას, რაც გასაოცარია, რადგან რუსეთი თავად აზიანებს საკუთარ ეროვნულ ინტერესს ისტორიული ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კუთხით. ეს უკვე გეოპოლიტიკურ მარაზმამდე მიდის და, ეტყობა, რუსები მიდიან პროვოკაციაზე დასავლეთის სახელმწიფოებთან.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დუმის დეპუტატების მიერ ოფიციალური ბერლინისგან ტრილიონების მოთხოვნის ფაქტი გეოპოლიტიკური თამაშების გამოხატულებაა. მაშინ, როცა არავინ იცის, საიდან მოიტანეს ეს ციფრი და ვინ დაითვალა ამ თანხის ოდენობა. პოლიტოლოგის აზრით, თავისუფლად შეიძლება, ტრილიონებში დაითვალონ თავად რუსეთისგან მიყენებული ზარალი ავღანეთში, საქართველოში და ა.შ.

„გერმანია ყოველთვის რუსეთის საყრდენად ითვლებოდა. ამას ადასტურებდა გერმანულ-რუსული მჭიდრო ეკონომიკური კავშირები. გერმანიის ელიტა იმედოვნებდა, რომ რუსეთი გახდებოდა დიდი ევროპული სახელმწიფო, მაგრამ როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, ეს ასე არ ხდება. ამან გამოიწვია გერმანული ელიტის აზრის უარყოფითად შეცვლა რუსეთის მიმართ. ბუნებრივია, ამან რეაქცია ჰპოვა თავად რუსეთშიც და ეს განცხადებაც ამის ანარეკლია. თუმცა ეს უფრო რუსული საზოგადოების ემოციური განცხადებაა. ჩვენ გვახსოვს მერკელის სიტყვები პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომ პუტინი აცდენილია რეალობას. ერთადერთი, რაც აკავებთ გერმანელებს ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული აღმოჩნდება საერთაშორისო თანამეგობრობისგან, შეიძლება, კიდევ უფრო ცუდი რამ გააკეთოს თავის სამეზობლოში. ამიტომ გერმანელებს იმედი არ დაუკარგავთ, რომ რუსეთი ისე გამოიყვანონ უკრაინის კრიზისიდან, მას სახე არ დაუკარგონ“,- აცხადებს კორნელი კაკაჩია.