სპეცსამსახურები აქამდეც უნდა გადაეყვანათ განსაკუთრებულ რეჟიმში და ამას რეჟისორის მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს

სპეცსამსახურები აქამდეც უნდა გადაეყვანათ განსაკუთრებულ რეჟიმში და ამას რეჟისორის მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია შინაგან საქმეთა მინისტრს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, „ყველგან არის შემოსევა“ და ყარაფილაში განხორციელებულმა ტერაქტმა ახალი ათვლის წერტილი გააჩინა, ეს იყო დარტყმა ყოველი ჩვენგანისთვის, ამ ხელისუფლებისათვის. ამიტომ ამ ღონისძიებების დაწყება აუცილებელია.

„მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, ერთი მხრივ, ბატონი ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის, მეორე მხრივ, ძალოვანების მიმართ და ეს ბაცილები დროულად უნდა იყვნენ განეიტრალებულნი“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

უფრო ადრე მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე შს ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური ალაპარაკდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ დღესაც არსებობს და აღნიშნულის თაობაზე მისი წინამორბედის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაც ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციას აანონსებს ნინო ბურჯანაძეც. ამის თქმის უფლებას მას ნაციონალების აურაცხელი „შავი“ და „თეთრი“ ფული, ასევე, ძალზე დიდი შეიარაღება აძლევს. ამ კონტექსტში „დემოკრატიული მოძრაობის“ლიდერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომენტარს გამოყოფს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში დაბრუნდება და ამისთვის არჩევნები არ დასჭირდება.

დგას თუ არა ქვეყანაში ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების აუცილებლობა?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დასაზუსტებელია, რას გულისხმობდა ბატონი ქანთარია ანტიტერორისტული ღონისძიების დაწყებაში. თუკი შს სამინისტროს აქვს რაიმე სერიოზული ინფორმაცია, მან ასეთი პრევენციული ღონისძიებები ისედაც უნდა გაატაროს. ხოლო, როდესაც ისმის საპარლამენტო მოწოდება, ამას ყოველთვის პოლიტიკური ელფერი დაკრავს, ცუდი ტონალობისაა და საშიშია საზოგადოებისთვის და არა რომელიმე კონკრეტული ფიგურის ან პოლიტიკური ორგანიზაციისთვის.

„გაცილებით უფრო ზუსტი და მოზომილი უნდა იყოს პარლამენტის წევრი, როცა ასეთ მტკივნეულ საკითხს ეხება. არ ვთვლი, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კრიმინალური ფაქტი მოხდა. არც კრიმინალური და არც ტერორისტული თვალსაზრისით, ეს არ ნიშნავს, რომ შს სამინისტრო მხარ-თეძოზე წამოწოლილი უნდა იყოს, მაგრამ ზარების შემოკვრის დრო ნამდვილად არაა. თუ ნუკრი ქანთარია ვაზაგაშვილის ტერაქტს გულისხმობს, ეს არის ძალზე ცუდი, გახმაურებული საქმე, რომლის მსგავსიც ყველა დროში ხდებოდა.

ნუკრი ქანთარიას და ვახტანგ გომელაურის მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას ანელებს და ძაბავს სიტუაციას. როდესაც ამას აანალიზებ, ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება ხელისუფლებას სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა?! არა მგონია, ეს ნაციონალების წინააღმდეგ იყოს მიმართული. ნაციონალების წინააღმდეგ რა საქმეებიც არსებობს, ისიც კი არ არის გამოძიებული და დამთავრებული, ისინი ყველა არჩევნებში დამარცხდნენ, კიდევ რა უნდა გააკეთონ? სამხედრო დესანტს, ალბათ, არ გადმოსხამენ“, - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი -საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის ფსიქოლოგია ყველა ქვეყანაში ასეთია, რომ საკუთარ დევნაზე ალაპარაკდეს. ამ კონტექსტშია განსახილველი ნაციონალების შიშიც, რომ მათი მორიგი დევნა იწყება, თუმცა ბესიკ ალადაშვილი ანტიტერორისტულ და ანტიკრიმინალურ ღონისძიებებს ერთმანეთისგან მიჯნავს. მისი თქმით, ანტიკრიმინალური ღონისძიება ჩვენი კრიმინალური პოლიციის, ანუ შს სამინისტროს ყოველდღიური ამოცანაა და ამას ცალკე ღონისძიებები არ სჭირდება, უბრალოდ, უფრო მეტი პროფესიონალიზმი და მუშაობა სჭირდება, რასაც ხელმძღვანელობის მხრიდან მეტი მოთხოვნა უნდა ახლდეს.

„იმედი მაქვს, შს ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური უფრო მომთხოვნი იქნება. რაც შეეხება ანტიტერორისტულ ღონისძიებას, მინიმუმ, სამი დანაყოფი გვყავს ქვეყანაში, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობს: შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელსაც გარკვეულად ეხება ეს ფუნქცია, და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური, რომელსაც ცალკე დანაყოფი აქვს. აქაც განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. არადა, ეს გასაოცარია იმ ფონზე, როცა ჩვენ რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიმყოფებით. ამას ემატება ისლამური სახელმწიფო, სირიაში მიმდინარე მოვლენები. ამიტომ, საქართველოს სპეცსამსახურები აქამდეც უნდა გადაეყვანათ განსაკუთრებულ რეჟიმში. ამას პარლამენტარის, ღვაწლმოსილი რეჟისორის მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს.

ეს სასაცილოა. ნუკრი ქანთარიას მოწოდება არ არის სტარტის მიმცემი, რომ ამას შედეგი მოჰყვეს. სპეცსამსახური იმიტომ არსებობს, რომ ერთი კაცის მოწოდებაზე არ იყოს დამოკიდებული. სპეცსამსახურებმა წინმსწრები, პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

ამასთან, ისხსენებს, რომ ანტიტერორისტული მუშაობა ნაციონალების დროსაც ჩავარდნილი იყო. ამას რამდენიმე შემთხვევაც ადასტურებს, მათ შორის, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბევრი ქვეყნის ინტერესი იკვეთება, რომელთაც შეუძლიათ, სულაც ერთმანეთის წინააღმდეგ მოაწყონ ტერაქტი და ეს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს. ამიტომ პრობლემა მხოლოდ დღევანდელი არ არის და ეს ღონისძიებები აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

ბესიკ ალადაშვილის აზრით, პრობლემა ისაა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები კრიმინალს ისევ ძველი, საბჭოური მეთოდებით ებრძვიან. ამ დროს კი მთლიანად სპეცსამსახურების სისტემაა შესაცვლელი. მერიაში ჩაწერილმა ბოლოდროინდელმა კადრებმაც გვიჩვენა, რომ ნაციონალების სპეცსამსახურები ათით ნულს უგებენ დღევანდელი ხელისუფლების სპეცსამსახურებს.   

„მერიაში შეუგდეს საათი, რომლის მთავარი მიზანი გასაუბრების ჩაწერა კი არ იყო, არამედ ზუსტად ის მომენტი, როცა მერიის თანამშრომლები საათს დაიტოვებდნენ და რა საუბარი წავიდოდა ამ საათთან დაკავშირებით. ეს იყო პირდაპირი გადამცემი, მარტო ჩამწერი კი არ ყოფილა, მერიასთან ახლოს ხდებოდა ამის მიღება, ჩაწერა და აგერ, მოგვიანებით დადეს კიდეც კადრი“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში ნუკრი ქანთარიას განცხადებას „რეპრესიებისკენ მორცხვ მოწოდებას“ უწოდებს, რასაც ნაციონალების მორიგი დევნა უნდა მოჰყვეს. პარლამენტარი აცხადებს, რომ ქანთარიას ადრესატი პირდაპირ პოლიტიკური ოპონენტები, ანუ ნაციონალები არიან და ყველაფერ ანტისახელმწიფოებრივს სწორედ ნაციონალებს მიაწერენ.

„ეგ რომ სერიოზულად ფიქრობდეს კრიმინალური ვითარების გაუარესებაზე, მაშინ სულ სხვა დამოკიდებულება ექნებოდა და იტყოდა კიდეც, რომ კრიმინალი, დაყაჩაღებები მატულობს, შს სამინისტროს სტატისტიკა აშკარად აცდენილია რეალობას. რაც შეეხება ყარაფილას და იური ვაზაგაშვილის ტრაგედიას, ოდნავ კრიტიკულ აზროვნებას მიჩვეული ადამიანი დაფიქრდება, ვის აწყობდა ეს სცენარი და არცერთი ჩვენი მომხრის წინააღმდეგ არ გაიშვერდა ხელს. ველი, რომ ნაციონალებზე რეპრესიები გაძლიერდება, თორემ ისედაც გვითვალთვალებენ.

ის, რაც ხდება ბოლო დროს, პარლამენტში ჩვენდამი დამოკიდებულება, 10 ადამიანის დაპატიმრება და წინასწარი პატიმრობის მისჯა, - ყველაფერი ეს პოლიტიკური ჩანაფიქრია, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის ფონზე როგორმე შეაჩერონ ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა. ეს არ გამოუვათ, მაგრამ სხვა გზა არ იციან და ამ ხერხს მიმართავენ“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი და ქვეყნისთვის გამოსავალს ამ მთავრობის გადადგომაში ხედავს. მისი აზრით, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რადგან საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ხალხმა დასკვნები გამოიტანოს.