ჯანელიძის საკადრო აღმოჩენები - ოპერაცია „ენვერი“ თავდაცვის სამინისტროში

ჯანელიძის საკადრო აღმოჩენები - ოპერაცია „ენვერი“ თავდაცვის სამინისტროში

სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, რობერტ გრიგალაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე,  ვალერი ზუმბაძე - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უწყებაში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ბრძანებით დაინიშნენ. ერთი შეხედვით, ამ საკადრო ცვლილებაში უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მაღალჩინოსნები შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებლები იყვნენ. თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ზუმბაძის და გრიგალაშვილის დანიშვნას.

აღსანიშნავია, რომ ვალერი ზუმბაძე „ჯაშუში“ ფოტოგრაფებისა და „ენვერის“ საქმის გამომძიებელი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება დაკავებულების აღნიშნული საქმეების გაყალბება. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის მაშნდელი უფროსი, ვალერი ზუმბაძე გახლდათ სამხედრო ექსპერტის, ნატოს აგენტად გამოცხადებული ვახტანგ მაისაიას საქმის გამომძიებელი.

მაისაია, რომელსაც საქართველოს პარალამენტმა ამ დანაშაულისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, კატეგორიულად მოითხოვს მის განთავისუფლებას თანამდებობიდან, ხოლო თავად თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. როგორც მაისაია ამბობს, ამ საკითხზე პოლიტპატიმრები საგანგებო განცხადებასაც გააკეთებენ.

„ეს ადამიანი არა მარტო საქმის გაყალბებაში მონაწილებდა, არამედ მონაწილეობდა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ წამებაში საკამოდ საშინელი ფორმით. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების დანიშვნა ასეთ თანამდებობაზე, ეს არის სახელმწიფო დანაშაული, რადგან მათ თავიანთი უკანონო მოქმედებებით ზიანი მიაყენეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობას. ესენი ჩვეულბერივი დამნაშავეები არ არიან, ესენი სახელმწიფო დამნაშავეების ტოლფასი პიროვნებები არიან, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ სჩადიოდნენ დანაშაულს“, - აცხადებს მაისაია.

მისივე თქმით, „ენვერის“ ოპერაციის გაყალბების გამო, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა საბრძოლო ავიაციის ორი ეკიპაჟი, რადგან დაკავებული იყვნენ მფრინავები, რომელთა მომზადება საქართველოს რამდენიმე ასი ათასი დოლარი დაუჯდა. ასევე, ზიანი მიადგა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან დაკავებული იყვნენ ბიზნესმენები.

„ზუმბაძემ ჩემს საქმეში დაიწერა, რომ მე ვიყავი ნატოს აგენტი, წარმოგიდგენიათ ვის წინსქვილზე ასხამდნენ წყალს? ვალერი ზუმბაძის გარდა, ამ საქმეში მონაწილეობდა ზვიად ღუნიაშვილი, რომელიც ახლა დავით ნარმანიას უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს. ეს ადამიანები, ასრულებდნენ ვანო მერაბიშვილის მითითებებს და აყალბებდნენ საქმეს. აქ იკვეთებოდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო გავლენა, მე ამის ფაქტები და მტკიცებულება გამჩნია. ვალერი ზუბმაძის წინააღმდეგ დოკუმენტალური მტკიცებულება მაქვს, რომელიც ჩემს წიგნში იქნება მოყვანილი.

ჩვენ, პოლიტპატიმრებს ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. რადგან, ეს არის სახელმწიფო დანაშაული. მე უკვე გითხარით ზუმბაძის მიერ შეკერილმა საქმემ რა ზიანი მიაყენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. თავს ვიკავებ გავსაჯაროვო რა დონის ბრალდება შეთხზა ამ ადამიანმა, ამას არ ვახმაურებ მხოლოდ იმიტომ, რომ „ბრალდებაში“ ისეთი რამ წერია, რომ ამან შეიძლება საქართველოს დიდი ზიანი მიაყენოს. მხოლოდ ამიტომ, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ ამის გახმოვანებისგან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მისივე განცხადებით, თუ თავდაცვის მინისტრმა არ იცოდა ზუმბაძის წარსული საქმიანობის შესახებ და ისე მოახდინა მისი დანიშვნა, ეს აუცილებლად უნდა გამოსწოდრეს, ხოლო თუ მინისტრმა შეგნებულად დანიშნა ვალერი ზუმბაძე, მაშინ ამას სახელმწიფო დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, რომელიც „ენვერის“ სპეცოპერაციის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილია დანაშაული ისე, რომ ფეხქვეშ გაითელა ადამიანების უფლებები, ამის ჩამდენები ნაცვლად იმისა, რომ პასუხისგებაში მიეცნენ, დღეს თანამდებობებზე ინიშნებიან.

„ძალაინ სახიფათო ტენდენციაა. მინისტრს უნდა ჰქონდა ალბათ წვდომა ამ ინფორმაციასთან. პროკურატურას არ უმსჯელია ამ დანაშაულის შესახებ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს პრეტენზია არ გამოუთქვამს ზუმბაძის მიმართ. ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ახლა ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე და ამ პროცესში უნდა გამოვლინდნენ ასეთი ადამიანები და პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბაკურ კიღურაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ჯანელიძე, ზუმბაძე, გრიგალაშვილი და არა მარტო ისინი, ერთი მტევნის მარცვლები არიან, რომელზეც წვდომა ჰქონდა, როგორც ყოფილ, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას.

„მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ბატონმა ივანიშვილმა რატომღაც უარი თქვა ლაფანყურის საქმის გამოძიებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გვარწმუნებდა ეს საქმე გაიხსნებოდა და ინფორმაცია იქნებოდა შოკისმომგვრელი. ინფორმაცია ნამდვილად შოკისმომგვრელია, მაგრამ დამოკიდებულება იმ დროინდელი შს მინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის და იმ დროინდელი პრემიერის, აბსოლუტურად არადეკვატური და შეუსაბამო საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის.

ის მაინც უნდა სცოდნოდა ჩვენს მოსახლეობას, რა შედეგი გამოიღო ბატონი ღარიბაშვილის მიერ სრულიად არასაფუძვლიანად მოთხოვნილმა ეგზჰუმაციამ. სხვა მოსაზრება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მათ აიძულეს დაემალათ მათი წინამორბედის მიერ ჩადენილი დანაშაული. ალბათ, დაავიწყდათ იმის გათვალისწინება, რომ დანაშაულის დაფარვა, თავად დანაშაულია“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი არ მოერიდა მისი მეგობრები აეყვანა ასეთ მაღალ თანამდებობაზე, ადასტურებს, რომ ნეპოტიზმი არ არის ყველაზე საშიში საკადრო რეალობა. მისი თქმით, საქმე გვაქვს კიდევ უარეს შემთხვევასთან, როცა დანაშაულთა ჩამდენი შსს ყოფილი მაღალჩინოსნები, კოლეგიალობის ნიშნით ინიშნებიან თავდაცვის უწყებაში.

„ბატონ ჯანელიძეს ამისკენ, ალბათ, იმ ფაქტმა  უბიძგა, რომ ზუმბაძე და ჯანელიძე ერთ საერთო საცხოვრებელში, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ალბათ, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. როდესაც გაჟღერდა ფაქტი, რომ კიდევ ერთი ზონდერი მერაბიშვილის დროიდან სისტემაში მყოფი ბატონი გრიგალაშვილი უკვე სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ნეპოტიზმი არ არის ყველაზე საშიში საკადრო რეალობა.

ბატონი ზუმბაძეს ჯერ ვანო მერაბიშვილის მიერ, შემდეგ უკვე ღარიბაშვილის მიერ  ევალებოდა გამოძიება ეწარმოებინა ლაფანყურის „ღონისძიებებზე“, მაშინ როდესაც, სარწმუნო წყაროები გვარწმუნებენ, რომ სწორედ, ზუმბაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც  ეს უდანაშაულო ჩრდილოკავკასიელები შემოიტყუა საქართველოში, დააბინავა, შეიარაღა და პირდებოდა, რომ ისინი უშფოთველად გადალახავდნენ კაკასიონის ქედს და შეძლებდნენ ჯიხადის განხორციელებას ჩრდილოკავკასიაში.

ცხადია,  წარმოუდგენელია, რომ ეს რუსული კონტროლის ქვეშ არ ყოფილიყო. სამარცხვონოა, რომ დღესაც ვიღაცის შიშით რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთში, დუმს ხელისუფლებაც. გაივლის ხანი და დანაშაულის დაფარვისთვის დამნაშვეებად გამოცხადდებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. ამის კიდევ ერთ საფუძველს მომავალ გამოძიებას მისცემს ახალი თავდაცვის მინისტრის საკადრო ცვლილებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.