„ჩვილების საქმის გაჭიანურებით პროკურატურა საფრთხეში აგდებს ჩემს სიცოცხლეს. მას შემდეგ, რაც უარი მითხრეს მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვაზე, ჩემმა მეუღლემ იმ გამოსავალს მიაგნო, რომ ორივეს გვყავს ერთი და იმავე მარკის, ფერის, ერთნაირი ნომრით ავტომობილები და არავინ იცის, მე რომელ მანქანაში ჩავჯდები დილით. ამით თავს ვიცავთ, გარკვეულწილად, ერთდროულად არ ვსხდებით მანქანაში, ვერიდები დილით დაქოქვამდე ბავშვების ჩასმას მანქანაში. გვიანამდე ვეღარ ვრჩები სამსახურში. ზოგს სასაცილოდ ეჩვენებოდა, როცა ვამბობდი, მეშინია, არ ამაფეთქონ-თქო, დღეს უკვე აღარ უკვირთ. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი მდგომარეობა?“ - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე.
სულ ახლახანს მან ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და პირადად მასაც აცნობა, რომ ყალბი საბუთებით ჩვილები საზღვარზე უცხოელ მამაკაცებს, გეიპირებს გააყვანინეს.
ჩვილების საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან ღია წერილში თქვენს შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობთ. ვინმე გემუქრებათ?
- იური ვაზაგაშვილსაც არავინ ემუქრებოდა, მაგრამ ააფეთქეს. ამიტომ, ნუ განვსაზღვრავთ საშიშროებას იმით, ემუქრებიან თუ არა კონკრეტულ ადამიანებს. რაც შეეხება მუქარას, ასეთი ჩემი მისამართით ნამდვილად იყო. ჯერ კიდევ 1 წლის წინ მივმართე პროკურატურას და დავწერე კიდეც, რა ტიპის მუქარას ჰქონდა ადგილი, მოვითხოვე მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, რაზეც მივიღე უარი. საქმე ისაა, რომ მე პროკურატურას წარვუდგინე მტკიცებულებები ჯგუფურად ჩადენილ ისეთ დანაშაულზე, რომელიც 15-წლიან სასჯელს ითვალისწინებს. ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართულნი, ძალიან გამდიდრებულნი არიან, არადა, ციხე ემუქრებათ ჩემს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამო. ამიტომ, ლოგიკურია, მათი მხრიდან ლიკვიდაცია მემუქრებოდეს. ამ ფონზე პროკურატურა არაფერს აკეთებს.
რაც შეეხება სიახლეს, რასაც ჯერ არცერთ ინტერვიუში არ შევხებივარ, ორი თვის წინ, როდესაც მქონდა გამომძიებელთან შეხვედრა, რასაც საია-ს ადვოკატი და ჩემი ადვოკატიც ესწრებოდნენ, კითხვა დავუსვი გამომძიებელ მალხაზ სამსონიშვილს - დამისახელეთ, რა მტკიცებულება დაგრჩათ მოსაპოვებელი-მეთქი, რადგან საქმე აღძრულია სსკ 344-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით გადაყვანას და რაზედაც არსებობს უკვე ყველა მტკიცებულება. გამომძიებელმა აბსოლუტურად ალოგიკური პასუხი გამცა, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებოდა ამ ბავშვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია საინტეროია და სწორედ ამ ბავშვების უფლებებზე ვზრუნავთ, მაგრამ 344-ე პრიმა მუხლით აღძრულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვების მდგომარეობაზე კარგი პასუხი მოვა თუ ცუდი, ის ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ისინი უკანონოდ გადაყვანილნი არიან საზღვარზე. გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკვე საზღვარგარეთ ამ ბავშვების მდგომარეობის მოკვლევაზე.
ჩემმა ადვოკატმა შეკითხვა დაუსვა გამომძიებელს, კი მაგრამ, რამდენი თვეა, რაც ელოდებით საზღვარგარეთიდან პასუხებსო. მან უპასუხა, ბრიტანეთში გავგზავნეთ შეკითხვები რამდენიმე თვეა, ჯერ არ მიგვიღია პასუხი, ახლა ხელახლა გავგზავნით, სხვა ქვეყნებში კი ჯერ არ გაგვიგზავნიაო. ვუთხარი - ერთდროულად რომ გაგეგზავნათ შეკითხვები ამ ქვეყნებში, არ შეიძლებოდა-თქო? ის, რომ ამათ ეს საქმე საერთოდ არ აინტერსებთ, აქედანაც ჩანს. სახალხო დამცველმა მომწერა წერილი დეკემბერში, სადაც იგივე წერია, რომ თურმე სახალხო დამცველისთვისაც უცნობებიათ, ბრიტანეთიდან ველოდებით პასუხებსო და სხვა ქვეყნებშიც გასაგზავნი გვაქვსო. როდესაც მიხვდა პროკურატურა, რომ გამოძიება დასრულებულია, ბრალის წაყენების დროა, საქმის გაჭიანურების მიზეზები ბოლომდე ამოიწურა და ჩიხში არიან მოქცეულნი, გადაწყვიტეს, 344-1 მუხლით აღძრული საქმე გადააკვალიფიცირონ და ტრეფიკინგის მუხლით გააგრძელონ გამოძიება, რადგან ტრეფიკინგის მუხლით ძალიან ძნელია მტკიცებულებების მოპოვება. ამ შემთხვევაში, უნდა დამტკიცდეს, რომ გაყვანილი ბავშვები მონურ მდგომარეობაში, ექსპლუატირებულები არიან და ა.შ.
ცნობილია, რომ ამ ჩვილების შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს კანონიერი დედა. როგორ ფიქრობთ, სუროგატი დედები გეიწყვილებს ემსახურებიან?
- ეს ბავშვები დონორული უჯრედებით არიან ჩასახულნი და სუროგატ დედის საშვილოსნოს მეშვეობით ხდება მათი გამოზრდა. საქართველოს კანონით, სუროგატ დედას არ აქვს მშობლად ცნობის უფლება, რადგან ის არ არის გენეტიკური დედა, ის მხოლოდ ასრულებს, ასე ვთქვათ, ინკუბატორის როლს, ატარებს სხვა ქალის კვერცხუჯრედისგან მიღებულ ემბრიონს. ეს ძალიან კარგი კანონია, რომ სუროგატი დედა არ ითვლება კანონიერ დედად, რადგან ეს იცავს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიებს გასაყიდი ბავშვების წარმოების ტექნოლოგიებად ქცევისგან. მაგრამ, სწორედ ამ კანონის დარღვევით მოქმედებენ დამნაშავეები. თუ სუროგატს დედად გააფორმებ, შეგიძლია, ის ბავშვი გააყიდინო ნებისმიერ პირზე, თუკი მას აიძულებ მამად დაასახელოს მყიდველი. სუროგატებს აიძულებდნენ, მოეტყუებინათ სამშობიარო, თითქოს, ჩვილის დედები იყვნენ, მამად ასახელებდნენ ამა თუ იმ პირს, ვიღაც უცხოელს, რომელსაც ბავშვი უნდა გაეყვანა. სავარაუდოდ, შეიძლება რეესტრიც მოტყუებულიყო და სამშობიაროც.
ეს სუროგატები არიან ღონღაძე, მუღალაშვილი, ჯავაშვილი. მხოლოდ ამ სამს ვასახელებ, დანარჩენებზე ჯერ თავს ვიკავებ, მაინტერესებს, პროკურატურა თუ დაასახელებს დანარჩენებს, თუ დაფარავს. ამ ადამიანებმა აღიარეს, რომ მათ ემუქრებოდნენ, ამიტომ იძულებულნი გახდნენ დედებად დასახელებულიყვნენ და მითითებული მამაკაცი მამად დაესახელებინათ.
კონკრეტულად ვინ ემუქრებოდა?
- იმ პერიოდში სუროგაციის სააგენტოს დირექტორი მაკა ლაბაური იყო (მანამდე ის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა), გენერალური დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი. თუმცა პროკურორის 2013 წლის 7 მაისის დადგენილებაში სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელია დასახელებული და მითითებულია, რომ მათ გააყალბეს ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები. დოკუმენტენტის გაყალბება ანუ სსკ 362 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წელს ამნისტირებული იყო, მაგრამ გაყალბებით არ დამთავრებულა დანაშაული. დანაშაული გაგრძელდა, ამ ყალბი დოკუმენტებით ბავშვები გააყვანინეს უცხოელ მამაკაცებს საზღვარგარეთ. ამიტომ ხელახლა აღიძრა საქმე, უკვე სსკ 344-ე პრიმა მუხლით, რაც საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით გადაყვანას გულისხმობს. ეს არ არის ამნისტირებული მუხლი და დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყველა მტკიცებულება საქმეში დევს, ყველაფერი გამოძიებულია, ჩვენ თვითონ დავულაგეთ ყველა მთავარი მტკიცებულება პროკურატურას, აქვთ საზღვრის, კლინიკების, სამოქალაქო რეესტის მონაცემები, მოწმეთა ჩვენებები და ამ სუროგაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ერთ-ერთ ჟურნალში მიცემული ინტერვიუც კი, სადაც ის აღიარებს, რომ ამ სქემით მარტო დიდ ბრიტანეთში 7 ბავშვი გაიყვანეს და ცდილობს, ეს გადააბრალოს ბრიტანეთის საელჩოს.
ბავშვები კიდევ ბევრ ქვეყანაშია გაყვანილი, მათ შორის, გერმანიაშიც, რომლის საკონსულოც სუროგატი ღონღაძის მიერ გაჩენილ ბავშვზე უკვე მიხვდა, რომ დოკუმენტები იყო ფალსიფიცირებული და უარი განაცხადა ბავშვის გაყვანისათვის საჭირო საბუთების გაცემაზე. ბავშვი შემდეგ სხვა გზით გაიყვანეს საქართველოდან. გერმანიის საკონსულოს მოსატყუებლად სუროგატ ღონღაძეს თავის კანონიერ ქმართან განქორწინებაც კი გააკეთებინეს.
სულ რამდენი ჩვილია გაყვანილი და რომელ წლებში?
- შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული საზღვრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასეთი ჩვილები 2010-დან 2012 წლებში 20-ზე მეტია გაყვანილი.
თქვენ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რა მდგომარეობაში არიან საზღვარგარეთ გაყვანილი ჩვილები, ან არიან თუ არა ისინი ცოცხლები?
- არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. პროკურატურას, ალბათ, იმაზე აქვს გათვლილი, რომ ჩვენ ამ ბავშვების მისამართები არ გაგვაჩნია, არც ის ვიცით, უცხოეთში რა მდგომარეობაში არიან, ვერასდროს მივაგნებთ. ამიტომაც უნდათ, მოახდინონ დანაშაულის პერეკვალიფიკაცია ტრეფიკინგის მუხლით. როდესაც დავუდეთ ფაქტი ერთი შემთხვევის შესახებ და ვუთხარით, რომ მარტო ამ ერთზე ნუ აწარმოებდნენ გამოძიებას, რადგან იყო სხვა შემთხვევებიც, გვითხრეს,თუ კიდევ არის ასეთი შემთხვევები, მოგვაწოდეთო. მე უნდა ვაწვდიდე? სხვა სუროგატთა გვარები და კოორდინატებიც მივაწოდეთ. თვეების განმავლობაში ამ სუროგატთა დაკითხვაც კი არ ხდებოდა.
თქვენ ახსენებთ გეიწყვილებს და იმ მამაკაცებს, რომელთაც საეჭვო მიზნებით გაჰყავთ დაუცველი ჩვილები. ხომ არ ფიქრობთ, რომ პარალელურად, ამ ბავშვების ორგანოების გამოყენება ხდება ძვირადღირებული ოპერაციების მიზნით?
- ამას მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ გამოსარცხი არაფერია, რადგან ჩვენ არ ვიცით, ეს ბავშვები რა მდგომარეობაში არიან. საერთოდ, ამ სააგენტოს ბევრ ქვეყანაში აქვს ფილიალები, ყველგან გეიწყვილებზე მუშაობს და თვითონვე არ მალავენ ამას. უბრალოდ, ამბობენ, რომ საქართველოში არ ვმუშაობთ გეიწყვილებზეო. არადა, წლების წინ არაერთი ინტერვიუ აქვთ ჩაწერილი, სადაც სუროგატი დედები თავად ამბობდნენ, ამა და ამ გეიწყვილის სუროგატი ვარო. ჩვენ რომ განგაში ავტეხეთ ამაზე (რადგან ეს საქართველოს კანონით დაუშვებელია), მერე უკვე დამალვა დაიწყეს.
ახლაც ხდება ჩვილების გადაყვანა?
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე ჩვილები კი არ გაჰყავთ ყალბი დოკუმენტებით, არამედ ხდება ორსული სუროგატების გაყვანა და ქალები იმავე სქემით ნებისმიერ ქვეყანაში მშობიარობენ.
უშუალოდ „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი გემუქრებოდათ? თქვენ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაც ახსენეთ, რატომ ფიქრობთ, რომ ისინი ბლოკავენ ამ საქმის გამოძიებას?
- არანაირი გვარი და სახელი არ ეწერა, ეს იყო ანონიმური მუქარის წერილი. რაც შეეხება გამოძიების დაბლოკვას, მე ფაქტებით ვსაუბრობ, რაზეც აუდიოჩანაწერი გამაჩნია. ამ საქმის ერთ-ერთი ყოფილი გამომძიებელი გამომიტყდა, რომ ანზორ ჩუბინიძემ შეაჩერებინა საქმის გამოძიება. ამ აუდიოჩანაწერით ვერანაირად ვერ დავაინტერესე პროკურატურა. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს რომ მივწერე ამ აუდიომასალის არსებობაზე, მეორე დღესვე თავად ჩუბინიძეს ჩაუვარდა ეს წერილი ხელში და დამირეკა. მერე ეს ზარი უარყო ჩუბინიძემ, თითქოს მე მოვიგონე. არადა, მაგთის დეტალური ამონაწერი ადასტურებს მის ზარს და იმასაც, რომ ეს იყო პირველი ზარი ჩვენს ტელეფონებს შორის. სწორედ ამაზე გაიმართება სასამართლო პროცესი 4 მარტს, 11 საათზე.
ჩუბინიძემ რომ დაგირეკათ, რა გითხრათ?
- პირველ რიგში, რაც მითხრა, იყო ის, რომ პრემიერის სახელზე შეტანილი ჩემი წერილი, რომელიც მას ეხებოდა, ხელში ეჭირა. ამას მოაყოლა დანარჩენი სათქმელი და ყველა მისი სიტყვა კანონის ფარგლებიდან ძალიან შორს იყო. შემდგომ მან ეს ზარი უარყო ჟურნალისტებთან. მიკვირს, კაცმა, რომელიც მუშაობს სახელმწიფო დაცვის უფროსად, როგორ უნდა მოიტყუოს ის, რაზეც დოკუმენტები არსებობს. „მაგთის“ ამონაწერებს სად გაექცევა? მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები სსკ 344-1 მუხლით ჩადენილ დანაშაულზე, დამნაშავეთა დაუსჯელობა უკვე გადასულია სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების დანაშაულებრივ ქმედებაში. 7 თვეა, სოციალური კლიპი „ჩვილების საქმე“ გადის საქართველოს მთავარი სატელევიზიო არხებით და ამ კლიპში გაჟღერებული ტექსტით შერცხვენასაც უხმოდ იტანს მთავრობა, ნუთუ ასე ძვირფასია ეს კრიმინალები მათთვის? თუ რაიმეს მართალს არ ვამბობ მაშინ მე შემედაონ.
For.ge დაუკავშირდა აღნიშნული საქმის გამომძიებელს მალხაზ სამსონიშვილს. მან აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, თუკი ბრალი გამოიკვეთება, კონკრეტული პირი მიეცემა პასუხისგებაში. მისი თქმით, გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ცდილობს საქმის გახსნას.